ვინ არის ,,ქართუ ჯგუფისა'' და ,,ქართუ ბანკის'' ახალი მმართველი ვლადიმერ უგულავა და რა უფლებები მიანიჭა მას ხელისუფლებამ

ვინ არის ,,ქართუ ჯგუფისა'' და ,,ქართუ ბანკის'' ახალი მმართველი ვლადიმერ უგულავა და რა უფლებები მიანიჭა მას ხელისუფლებამ

როგორც ვვარაუდობდით, ,,ქართუ ჯგუფისა'' და ,,ქართუ ბანკში'' ბიძინა ივანიშვილის აუქციონზე გატანილ აქციებს მყიდველი არ გამოუჩნდა. როგორც ჩანს, ეს არც იყო დაგეგმილი. ამის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ   ,,ქართუ ჯგუფსა'' და ,,ქართუ ბანკს'' ახალი მმართველი დაუნიშნა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფო დავალიანების ამოღება ევალება. მისია, რა თქმა უნდა, რთულია და უამრავ ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზზეა დამოკიდებული, თუმცა ახალი მმართველი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ვლადიმერ უგულავაა, რომელსაც  ,,ვარდების რევოლუციამდელ'' საქართველოში ყველა იცნობდა, რადგან ვლადიმერ (კახა) უგულავა - ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი და ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი გახლდათ. უფრო ადრე კი პრეზიდენტ შევარდნაძის ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის სამსახურის უფროსადაც მუშაობდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2012 წლის 12 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სს ,,ქართუ ჯგუფი''-ს აქციათა 100%-ისა და სს ,,პროგრეს ბანკი''-ს აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე. აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად, პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ვლადიმერ უგულავა დაინიშნა. ვლადიმერ უგულავას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მიღებული აქვს ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მაგისტრის ხარისხი. 

გასულ წლებში, ვლადიმერ უგულავა უშუალოდ მონაწილეობდა არაერთი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში, იყო სს ,,ალდაგი ბი სი აი''-ს საზედამხედველო საბჭოს წევრი, ხელმძღვანელობდა სს ,,ტაოპრივატბანკს''. 1994 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ვლადიმერ უგულავა ეკონომიკის სამინისტროში, 1998 წლამდე მუშაობდა. 1998-1999 წლებში, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ, ეკონომიკის მართვის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 1999 წელს, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში, კორეის დეპარტამენტის ექსპერტად მუშაობდა. 2000 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის სამსახურის უფროსი იყო. 2001-2002 წლებში, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე იყო, 2002 წლიდან კი ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი და ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. ამავე პერიოდში, ვლადიმერ უგულავა ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც იყო. 2000-2002 წლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციების კურსს კითხულობდა.  საინტერესოა, როგორ შეხვდა ამ ცვლილებას და რა გეგმები აქვს ,,ქართუ ბანკის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და გენერალურ დირექტორს, ნოდარ ჯავახიშვილს:   - ამ შემთხვევაში, არაფერს ვგეგმავ. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში, ყველა ნორმალური ადამიანი თვითონ არაფერს გეგმავს, ჯერ უნდა ვნახო, რა მოხდება. ნამდვილად არ ვარ იმისთვის მზად, რომ სამსახურებრივი პროტესტი გამოვთქვა, ჯერ უნდა დავინახო, რას მთავაზობენ. არ ვიცი, რა უფლებები აქვს, ან რა მიმართულებები მისცა ქონების მმართველს სასამართლომ, რადგან ეს სასამართლოს უნდა განესაზღვრა, მაგრამ თუ დღევანდელი, ქართული კანონმდებლობით, მას ჩემი განთავისუფლების უფლება აქვს, შეუძლია გამათავისუფლოს და ამასაც მშვიდად მივიღებ. ახლა არაფერს ვგეგმავ.  

- ვლადიმერ უგულავა ბანკში უკვე მოვიდა?

- არა, არ მოსულა, ჯერ არ მინახავს. 

- ზოგადად, როგორ ხდება ხოლმე, ანუ როდის უნდა მოვიდეს ბანკში ოფიციალურად?

- ასეთი რამ არსად არ ხდება ხოლმე. ამ 9 თვის განმავლობაში, ჩვენ უპრეცედენტო მოვლენების მომსწრენი ვართ. 

- ბატონო ნოდარ, იცნობთ უგულავას? 

- ვერ ვიხსენებ, მაგრამ ინტერნეტში მისი განვლილი ცხოვრება ვნახე და გამორიცხული არ არის, რომ შევხვედრივართ კიდეც ერთმანეთს. სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ. 

- ,,ქართუ ჯგუფის'' მმართველი ,,ტაოპრივატბანკის'' დამფუძნებელიც იყო, როგორ ფიქრობთ, ,,ტაოპრივატბანკი'' იქნება ის ორგანიზაცია, რომელსაც ,,ქართუ ბანკისა'' და ,,ქართუ ჯგუფის'' აქციებს გადასცემენ? 

- არა, ეს გამორიცხულია. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პიროვნული თვისებების გამო შესთავაზა სასამართლოს ვლადიმერ უგულავას კანდიდატურა, რათა ,,ქართუ ბანკისა'' და ,,ქართუ ჯგუფის'' ქონების მმართველად დანიშნულიყო. 

- ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკა ხვედელიძის მიერ, თქვენ ანგარიშზე ჩარიცხული 6 000 000 ლარი რას ნიშნავს?

- მილიონჯერ ავხსენი და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის პირადი ანგარიშები, რომელსაც მათთან ერთად, მათი თხოვნითა და დავალებით ვმართავ. როგორც წესი, მილიარდერები არ დადიან ბანკში ფულის ასაღებად. მათი ანგარიშების მართვას თანამდებობა არ მავალებდა, მაგრამ ამას ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე ვაკეთებდი. ეს არ არის ჩემი პირადი ანგარიში, ქალბატონ მოგელაძეს ჩემს ყველა პირად ანგარიშს აუცილებლად გავუგზავნი და ნახავს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს მის განცხადებას ჩემს პირად ანგარიშებთან. 

- არის თუ არა ეს 6 000 000 იმის საფუძველი, რომ თქვენ ოფიციალურად მოგთხოვონ თანამდებობის დატოვება?

- როგორ? ისეთ შეკითხვას მისვამთ, რომელიც მოგელაძეს უნდა დაუსვათ, ამას ვერ ეკითხებით მას და ქვეყანაში, სადაც კანონის შესაბამისად არაფერი არ ხდება, მე მეკითხებით, შეიძლება, თუ არა. გპასუხობთ, რომ უკანონო იქნება. რამდენიმე წლის წინ, აბსოლუტურად გაუგებარ სიტუაციაში დამაპატიმრეს და 6 თვე, უდანაშაულო ადამიანი ციხეში ვიჯექი. როგორ ვთქვა, რომ ხვალ არ დამიჭერენ, თუ ასეთი სურვილი გაუჩნდებათ?  საინტერესოა, კონკრეტულად, რა უფლება აქვს ,,ქართუ ჯგუფისა'' და ,,ქართუ ბანკის'' ქონების მმართველს, ვლადიმერ უგულავას ან შეუძლია თუ არა, ბანკის თანამშრომლები - სტაფი და უმაღლესი მენეჯმენტი - სამსახურიდან დაითხოვოს? აღსრულების ეროვნულ ბიუროში ,,ვერსიას'' განუმარტეს, რომ  ,,იძულებით მმართველს აქვს მესაკუთრის ყველა უფლება, გასხვისებისა და გაყიდვის უფლების გარდა. ეს არის მთავარი იმიტომ, რომ თანხის გადახდა უნდა მოხდეს მოგებიდან, ანუ მოგებიდან ამოღებული თანხებით უნდა დაიფაროს დავალიანება. მას შემდეგ, რაც ვალის ამოღება დასრულდება, წყდება იძულებითი მმართველობის ფორმა და ქონება მმართველობაში უბრუნდება მფლობელს. რაც შეეხება თანამშრომლების გათავისუფლებას, როგორც გითხარით, ქონების მმართველს მესაკუთრის ყველა უფლება აქვს, გარდა გაყიდვა-გასხვისებისა''. 

,,ვერსია'' საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც (ყოფილი კონტროლის პალატა) დაუკავშირდა. ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, იცოდნენ თუ არა ლევან ბეჟაშვილის უწყებაში, რომ მილიარდერისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებს მმართველი ჰყავდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ,,ვერსიას'' დაუზუსტეს, რომ ამ ანგარიშით დაინტერესება ნოდარ ჯავახიშვილის, ან ბიძინა ივანიშვილის მიმართ ოფიციალური ბრალდება კი არა, მხოლოდ ვარაუდია:  ,,რადგან ბიძინა ივანიშვილი, მისი საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, ამავდროულად, უკვე არაერთხელ აქვს დარღვეული პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციები, შესაძლოა, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს და ნოდარ ჯავახიშვილის მიერ განაღდებული მილიონობით ლარი ორგანული კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს''. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე მან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა:  ,,ქართუ ჯგუფის'' აქციები იძულებითი მართვის რეჟიმში გადავიდა და მის მმართველად სახელმწიფომ დანიშნა პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას აღნიშნული ქონება უბრალოდ, მიაქვს. ხელისუფლებას  „ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჯგუფის“ დაქცევა ჯერ კიდევ პოლიტიკაში მისი შემოსვლის დღიდან სურს, რისი დამადასტურებელიც არის საინკასაციო მანქანის დაპატიმრება, ფულის გათეთრების ბრალდებით საქმის აღძვრა, კანონის მხოლოდ ერთი ბანკის წინააღმდეგ შეცვლა და სასამართლოს მიერ უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის ბანკზე მიბმა. „ჯავახიშვილზე აქვთ ძალიან დიდი აგრესია, რომელიც კარგი ბანკირი და  გამოცდილია. იგი თავის დროზე „ეროვნულ ბანკსაც“ ხელმძღვანელობდა. თუ ადრე რაღაც კანონებს ცვლიდნენ და ამას იყენებდნენ ბანკის დაქცევისათვის, ახლა საფუძველი აღარ აქვთ. ეს არის ამათი დემოკრატია, მმართველობის ფორმა და რეფორმები. არ არსებობს არანაირი საფუძველი, უბრალოდ, მიაქვთ. აქ იურიდიული კითხვები არ ისმის. ჯერ დამაჯარიმეს აბსოლუტურად გაუგებრად და ეს ჯარიმა მიაბეს ჯერ კიდევ 30 აპრილს გასხვისებულ ბანკს. სააკაშვილი კვლავ ახერხებს და იყენებს თავის საყვარელ ტერმინებს, თითქოს ის აოცებს ევროპას, მაგრამ ის აოცებს არა სისულელეებით, რომლისაც მხოლოდ მას სჯერა, არამედ აოცებს ასეთი კონსტიტუციური ცვლილებებით და იმ უკანონობით, რომელსაც ბანკთან მიმართებაში ახორციელებენ. მოკლედ, საოცრების ოსტატები არიან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.