გორის სამხედრო ნაწილში 11 ივლისს 19 წლის ჯარისკაცი კობა მახარაშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მახარაშვილმა მშობლებს სხვა სამხედრო ნაწილში გადაყვანა სთხოვა. ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელსაც სამხედრო პოლიცია იძიებს. დაკრძალვის ხარჯებს და მატერიალურ დახმარებას გარდაცვლილის ოჯახს თავდაცვის სამინისტრო გაუწევს.
"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, მახარაშვილს ტყვია პირში აქვს ნასროლი. "ზოგი ამბობს მოკლესო, ზოგი ამბობს თავი მოიკლაო, რა მოხდა არავინ იცის", - აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.
მათივე თქმით, ოჯახზე სამხედრო პოლიცია ზეწოლას ახორციელებს, რომ მათ გარდაცვალების გარემოებებზე არ ისაუბრონ.
გარდაცვლილი ჯარისკაცის მამის შალვა მახარაშვილის განცხადებით: "ეს ამბავი გუშინწინ 21:30 საათზე მოხდა, სხვა არაფერი ვიცი. რა მოხდა, არავინ იცის, ვერ გეტყვით თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე შვილი, აქ იყო ჩამოსული, არაფერი უთქვამს, თუ ვინმესთან კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჯარში. ექსპერტიზა ჩაუტარდა უკვე და ალბათ გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ეს არის, რაც ვიცი".
სამხედრო ექსპერტები და ანალიტიკოსები მომხდარს სამხედრო ნაწილში გამკაცრებულ დისციპლინას უკავშირებენ. თუმცა პოლიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს თავდაცვის სამინისტროს შეცდომებზე და სამხედრო ბაზებზე არასათანადო მდგომარეობაზე მიუთითებს.
როგორც "რეზონანსს" სამხედრო ანალიტიკური კვლევების ცენტრ "ჰერის" წარმომადგენელმა გიორგი მელითაურმა უთხრა, თავდაცვის სამინისტრომ პირად შემადგენლობასთან მუშაობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ჯარისკაცებს ფსიქოლოგიური მომზადება უნდა უტარდებოდეთ.
"რა მოხდა გორის სამხედრო ნაწილში, ჯერჯერობით ინფორმაცია არა მაქვს. გავრცელებული ინფორმაციით კი თვითმკვლელობის ვერსიისკენ ვიხრები.
"ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული მეთოდი, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირში იარაღის ლულის ჩადება და სასხლეტის გამოკვრაა, რასაც, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში აქვს ადგილი. შესაძლოა ეს ფსიქოლოგიური მომენტითაც იყოს განპირობებული.
"როდესაც საქმე სამხედრო ნაწილს ეხება, რომელიც დახურული კოლექტივია და ურთიერთობა პირად შემადგენლობაში დისციპლინის მოთხოვნებზეა აწყობილი, რა თქმა უნდა, დაძაბულობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ სამოქალაქო კოლექტივში. ვფიქრობ, შედეგი ამ მოთხოვნების სიმკაცრემაც გამოიწვია", - აცხადებს მელითაური.
რაც შეეხება ჯარისკაცის გარდაცვალების ვერსიებს, მელითაური ფიქრობს, რომ შესაძლოა, მახარაშვილს ამხანაგებთან ჰქონდა კონფლიქტი. თუმცა მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებს თავდაცვის უწყება მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს, რათა მსგავსი ფაქტები არ მოხდეს.
"ბევრ ვერსიაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ეს გამოძიების პრეროგატივაა და კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებ. არ არის გამორიცხული, ამ პიროვნებას კონფლიქტი ჰქონოდა თავის ამხანაგებთან, ან თავი პირადი მოტივით მოეკლა.
"რამდენიმე წლის წინ გვქონდა შემთხვევა, როცა ჯარისკაცმა თავი მოიკლა შეყვარებულის გამო. მან წერილი დატოვა და შეყვარებულს აბრალებდა თავის სიკვდილს.
"ვფიქრობ, თავდაცვის უწყებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს პირად შემადგენლობასთან მუშაობას, ანუ ურთიერთობა არამარტო დისციპლინაზე უნდა იყოს დამყარებული, არამედ უნდა ტარდებოდეს შესაბამისი ფსიქოლოგიური თრენინგები, რათა მსგავსი ფაქტების არიდება მოხდეს", - აცხადებს მელითაური.
მისივე თქმით, ის დაძაბულობა, რომელიც სამხედრო სამსახურისათვის ნორმალურია თავისი სირთულეებიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიური მუშაობის შედეგად უნდა შემცირდეს."
მელითაური ამბობს, რომ შესაძლოა ფაქტი დაუდევრობითაც მოხდა, რაც დაქვეითებული დისციპლინის შედეგია.
"როცა უბედური შემთხვევა გაუფრთხილებლობით ხდება, ამ დროს არამარტო დისციპლინარული, არამედ სისხლის სამართლის საქმეც დგება. რაც იმის მანიშნებელია, რომ სამხედრო ნაწილში სათანადო სამუშაო ოფიცრების და ხელმძღვანელების მხრიდან არ ტარდება. დაუდევრობა დაქვეითებული დისციპლინის შედეგად ხდება. ეს კი მეთაურების პრობლემაა, ისინი არიან არასათანადო დონეზე", - აცხადებს მელითაური.
"თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი ჯარისკაცის გარდაცვალებას სამხედრო ბაზებზე ბოლო პერიოდში გამკაცრებულ ზეწოლებს უკავშირებს და ამბობს, რომ ჯარისკაცებზე სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ტერორს და შანტაჟს ახორციელებენ.
"თითქმის ყველა სამხედრო ბაზასთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი, რომ იქ შესულები არიან სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც კონკრეტული დავალებები აქვთ მიცემული.
"ზომების გამკაცრება თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცვლილებამ გამოიწვია. თქვენ იცით რომ სერიოზული სამხედრო ბაზებია თელავში, პალდოში და ვაზიანში. აქედან რა ინფორმაციაც გამოდის არის ის, რომ სერიოზული ტერორი და შანტაჟი დაიწყო როგორც ჯარისკაცებზე, ასევე საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირებზეც", - აცხადებს მოსიაშვილი.
მისივე თქმით, უმცროს მეთაურთა შემადგენლობაში ისეთი სერჟანტები დააწინაურეს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული.
"ამ პირებს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმები ჩამოაწერეს და სამხედრო ნაწილებში დააბრუნეს. მათი მთავარი დავალება საკონტრაქტო სამსახურში მყოფი ჯარისკაცებზე ზეწოლის მოხდენაა. ცდილობენ ისინი ტერორით და წნეხით ჰყავდეთ ფორმაში, რათა მათ ხელისუფლების მიმართ სხვა შეხედულებები არ გამოხატონ.
"ის, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცი ამ შემთხვევამდე სხვა ნაწილში გადაყვანას სთხოვდა მშობლებს, ირიბად ადასტურებს იმას, რომ სამხედრო ნაწილში არ იყო ის სიტუაცია, რაც უნდა ყოფილიყო. არ მიკვირს, რომ მშობლებმა და ოჯახმა ამ საქმის გამოკვლევის თავისი სტრატეგია შეცვალა. ვფიქრობ, მათზეც განახორციელეს ზეწოლა", - აცხადებს მოსიაშვილი.
მისივე თქმით, როდესაც ჯარში არ არის პროფესიონალი კადრები, ამ ყველაფერს შემდეგ გაგრძელებები მოსდევს და მსგავს შედეგებამდე მივყავართ.
"შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული ადამიანი მიიყვანო სამხედრო ნაწილში, მაგრამ ის პროფესიონალი არ იყოს. ასეულობით პროფესიონალი მოსამსახურეა დათხოვილი თავდაცვის უწყებიდან სწორედ იმიტომ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს არ უჭერდა. თავდაცვის უწყება რომ პოლიტიზებულია ყველამ ვიცით.
"იმის მტკიცება, რომ ვიღაცამ ეს განზრახ ჩაიდინა, არ შეიძლება, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა, რომ უზრუნველყოს ყველა საჯარისო თუ არასაჯარისო ფორმირებების სამუშაო გარემოს უსაფრთხოება, რასაც აშკარაა, რომ ვერ ახერხებს", - აცხადებს მოსიაშვილი.
"რეზონანსი" საქართველოს სახალხო დამცველის ოფისსაც დაუკავშირდა, თუმცა როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებამდე კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს ქუთაისის მე-3 ბრიგადაში ლევან სონღულაშვილი გარდაიცვალა, სამხედრო პოლიციის ვერსიით ჯარისკაცმა თავი მოიკლა, თუმცა ოჯახი ამბობდა, რომ სონღულაშვილი გარდაცვალებამდე სასტიკად იყო ნაცემი და ტყვიით იყო მოკლული. ამავე წლის 13 ივლისს ზემო აფხაზეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაწვეული 21 წლის ჯარისკაცი ლევან ნათათრალიშვილი გარდაიცვალა. მანამდე კი, თავდაცვის სამინისტროს უფლისციხის სამხედრო ნაწილში გაუფრთხილებლობით იქნა მოკლული 19 წლის გიორგი მუმლაძე.