ხელისუფლება სატელიტურ თეფშებს ბაზრობებსა და სახლებშიც დაერია?!

ხელისუფლება სატელიტურ თეფშებს ბაზრობებსა და სახლებშიც დაერია?!

"ლილოს ბაზრობაზე ყველა მაღაზია, რომელიც სატელიტური ანტენებით ვაჭრობს, დახურულია. იქ მომუშავე ადამიანები აცხადებენ, რომ მცირე მეწარმეებს თეფშები ჩამოართვეს და განუცხადეს, რომ არჩევნების შემდეგ დაუბრუნებენ. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხევსურეთში პოლიციის თანაშრომლებმა ყველა ოჯახს, რომლებსაც სატელიტური ანტენა აქვს, პროგრამიდან "მაესტრო", "მეცხრე არხი" და "25-ე არხი" ამოაშლევინეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "თითოეულ მოქალაქეს კონსტიტუციურად აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია" / ხელისუფლება სატელიტურ თეფშებს ბაზრობებსა და სახლებშიც დაერია.

"მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აცხადებს, - "ირანში ვცხოვრობ და ბაზრობებზე მაღაზიების დახურვასა და ოჯახებში შევარდნაზე კომენტარი როგორც გავაკეთო?!" ღლონტი ხუმრობანარევი ირონიით ამბობს, რომ "ეტყობა ლილოში თეფშების გამყიდველებს, ისე როგორც ხევსურეთის მოსახლეობას, ფარული, თვალთმაქცური გარიგება ჰქონდათ "ელიტა ბურჯთან" და სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს". მისი თქმით, "მაესტრო" არ გაჩერდება და თავისუფალი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის გამო, აქციებსაც გააგრძელებენ და სასამართლოშიც ივლიან. "მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა!", "მოხსენით ყადაღა!", "დაუშვით "მაესტრო" ყველა ოჯახში!", "ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ!" - ამ სლოგანებით გუშინ "მაესტროს" ჟურნალისტებმა ტელეკომპანიის კუთვნილი ანტენების დაყადაღება და ტელეკომპანიის ირგვლივ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები პარლამენტის წინ გააპროტესტეს. აქციაში "მაესტროს" ჟურნალისტების გარდა, სხვადასხვა მედიასაშუალებების რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მონაწილეობდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"აქციაზე საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია, აქვთ უფლება მოისმინონ განსხვავებული აზრი. აქციაზე "გლობალ ტივის" განვითარების დირექტორი ზურაბ ბაზლიძეც იმყოფებოდა, რომელმაც დაადასტურა, რომ მუშაობა შეჩერებული აქვს ყველა იმ სავაჭრო ობიექტს, სადაც სატელიტური თეფშები იყიდება. შესაბამისი მაღაზიები დაკეტილია ლილოშიც და ჟურნალისტებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა - "ვინც სატელიტური თეფშებით ვაჭრობდა, ყველა მაღაზია დაკეტეს და ჟალუზებიც ჩამოწიეს", - აცხადებს ბაზლიძე და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა კონკრეტულად "მაესტროს", "მეცხრე არხს", თუ "გლობალ ტივის", არამედ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობამ სატელიტური თეფშები არ შეიძინოს და არ დაიწყოს მათი გამოყენება", - დასძენს გამოცემა.

"ლილო-მოლში სატელიტური ანტენებით მოვაჭრე მაღაზიების დახურვის ცნობა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა და "მაესტრომ" გაავრცელეს. იქ მომუშავე ადამიანები აცხადებენ, რომ მცირე მეწარმეებს თეფშები ჩამოართვეს - "არაფერი უთქვამთ, 67 ანტენა მქონდა და ყველა წაიღეს. თან ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და დაცვის პოლიციის თანამშრომელი ახლდათ. მითხრეს, რომ ქირაში გამიქვითავენ ანტენების და "რესივერების" თანხას", - აცხადებს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ერთ-ერთი გამყიდველი. მართალია, ლილოს ბაზრობის ადმინისტრაციაში არც ანტენების ჩამორთმევის და არც მაღაზიების დაკეტვის ინფომაცია არ დაადასტურეს - მათი განცხადებით, შესაძლოა ანტენებზე დიდი მოთხოვნა იყო და მარაგი ამოიწურაო, მაგრამ ბოქლომდადებული მაღაზიების ვიდეოკადრები "მაესტროს" გადამღებმა ჯგუფმაც დააფიქსირა", - წერს სტატიის ავტორი.

"როგორც მცხეთა- მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი წერს, ხევსურეთში "მაესტროს" და "მეცხრე არხის" ყურება აკრძალეს. ბარისახოს მცხოვრებთა თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა სოფელში ჩამოიარეს და მოსახლეობას ოპოზიციური არხების გამორთვა მოსთხოვეს - "პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მოსულები 2 დღის წინ - ყველა ოჯახში მივიდნენ, ვისაც სატელიტური ანტენა აქვს. ოთახში შემოვიდნენ, ტელევიზორი ჩართეს და ნახეს, რომელიც არხები გვაქვს ჩართული. "მაესტრო", "მეცხრე არხი" და "25-ე არხიც" გვქონდა. მოგვთხოვეს, რომ "მაესტრო" და "მეცხრე არხი" პროგრამიდან ამოვშალოთ... "მაესტრო" და "მეცხრე არხი" სიხშირეებიდან ამოშალეს. დაგვიბარეს, რომ პერიოდულად შეგვამოწმებენ, ეგ რა საქციელია, ბარემ ტელევიზორები ჩამოგვართვან და წაიღონ"! - აცხადებს ბარისახოს მცხოვრები ერთ-ერთი რესპონდენტი. მისივე თქმით, პოლიციის ტანამშრომლებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ. უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ, დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენიათ და შესაბამისად, მათი ვინაობა არ იცის..", - დასძენს სტატიის ავტორი.