კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია ავტორია კინოკლასიკადქცეული ფილმებისა: "ფიროსმანი", "ალავერდობა" "ვერისუბნის მელოდიები", "სიყვარული ყველას უნდა", "ხარება და გოგია" და სხვ. დღეს გიორგი შენგელაია ქართულ კინოსა და საზოგადოებაში შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება.
- კრიტიკოსები ხშირად ამბობენ: ელიტური კინო, კომერციული, მაყურებელზე გათვლილი კინო... თქვენ რას მიიჩნევთ "კარგ ფილმად"?
- კინემატოგრაფი შექმნისთანავე ხელოვნებასა და სანახაობას შორის აღმოჩნდა. დასაწყისში ის უფრო სანახაობაზე, ეფექტებზე იყო ორიენტირებული, შემდეგ, 1930-იანი წლებიდან, ვითარება შეიცვალა, კინოში გაჩნდა რეჟისორის, როგორც ავტორის ფიგურა, წინ წამოიწია შინაარსიანმა, პრობლემურმა ფილმებმა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომამდე და მის შემდეგ შექმნილმა კლასიკურმა ფილმებმა კაცობრიობის ცხოვრება შეცვალა. მაგრამ კინოს "უბედურება" ის არის, რომ ძვირად ღირებული პროდუქტია, ამიტომ სანახაობაზე დიდი რეჟისორებიც ვერ ამბობდნენ და ამბობენ უარს. ხელოვნებას უჭირს განვითარება შეძლებული ადამიანების გარეშე, რომლებსაც აქვთ ფუფუნება, მხოლოდ სულიერებაზე იზრუნონ: როდესაც ლევ ტოლსტოის ჰკითხეს, მიგაჩნიათ თუ არა დოსტოევსკი გენიოსადო, მან უპასუხა: ის ისეთივე გენიოსი იქნებოდა, როგორიც მე ვარ, ჩემი შემოსავლის ნახევარი მაინც რომ ჰქონოდაო"...
- მაგრამ, ხელოვანი არ ხდება დამოკიდებული იმაზე, ვინც აფინანსებს?
- რა თქმა უნდა, ხდება. და ამიტომაც გადავიდა დღევანდელი კინო, და არა მარტო საქართველოში, სანახაობაზე, დღეს რთული სიუჟეტი არავის სჭირდება. ფილმი "ფიროსმანი" 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირში გადავიღე და როცა ეს სურათი ინგლისში ჩავიტანე, ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა: მაჩვენე პროდიუსერი, ვინც გარისკა და ამ ბრწყინვალე ფილმში ფული ჩადოო. დღეს ყველაფერი კომერციის პრინციპს ემორჩილება, ამასთანავე, კინო იძულებულია, მიბაძოს ტელევიზიას, რომელმაც მაყურებლის გემოვნება კიდევ უფრო დაამდაბლა...
- როგორ შეაფასებთ დღეს ქართულ კინოში შექმნილ ვითარებას? არაერთი რეჟისორი ცდილობს, სხვა ქვეყნებიდან მოიზიდოს ფინანსები, ერთობლივი ფილმები გადაიღოს...
- მთელი შემოქმედების განმავლობაში, ისეთ რეჟისორებს, როგორიც არიან: ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ესაძე, ოთარ იოსელიანი, ისევე როგორც მე, დაფინანსების პრობლემა არ შეგვქმნია, ცენზურაც შესუსტებული იყო. სურდათ, დასავლური ფილმების მსგავსი ფილმები გადაგვეღო. საბაზრო ეკონომიკის პირობებში კი ყველაფერი დაეფუძნა თავისუფალ ეკონომიკას, რომელიც მუცლის ამოვსების პრობლემაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე სულიერებაზე, ამან მოიტანა ის, რომ დღეს ერთ სერიოზულ ამერიკელ რეჟისორსაც ვერ დაგისახელებთ. ევროპაში ტრადიციები გარკვეულწილად შენარჩუნებულია, მაგრამ ვერც ერთი ორგანიზაცია, ფონდი, ფილმს მთლიანად ვერ დაგიფინანსებთ. ჩემს საუკეთესო მეგობარს, თანაკურსელ ოთარ იოსელიანს, რომელიც საფრანგეთშია, პირველი 3-4 ფილმის დაფინანსება არ გასჭირვებია, დღეს კი დიდი პრობლემების წინაშეა, - პროდიუსერი ეუბნება, დღეს საავტორო ფილმი აღარავის აინტერესებს, სიუჟეტში სექსი, სროლა უნდა იყოსო. უდიდესი ტრადიციების მქონე კინოსტუდია "ქართული ფილმი" სასწრაფოდ გაყიდეს, სააქციო საზოგადოებად გადააქციეს, აქციების 2/3-ის მფლობელი სახელმწიფოა. დღემდე ამგვარი მიდგომაა - ჩვენთან ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ამერიკაშია, ანუ კინო კომერციული უნდა იყოს. კომერციულ კინოს კი დიდი ბაზარი სჭირდება. და ეს იმ დროს, როცა ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში - უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში კინოსტუდიები არ დაუშლიათ და არც აუქციონზე გაუტანიათ გასაყიდად. მათ შეძლებისდაგვარად, მთავრობა ინახავს, წელიწადში 3-4 ფილმს მაინც იღებენ მაშინ, როცა ქართული კინო მხატვრული თვალსაზრისით, გაცილებით მაღლა იდგა და დგას. ეს არის ჩვენი მეტიჩრობა და უსინდისობა! ქართული კინო, ფაქტობრივად, მოკლეს. კოლაფსში ვართ, ფილმებს ვერ ვიღებთ: ელდარ შენგელაია, მიხეილ კობახიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, მე, ისევე როგორც ჩვენი მომდევნო თაობის რეჟისორები.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ ახალ ფილმზე მუშაობთ...
- მინდოდა, გადამეღო, მაგრამ... არ შემიძლია ხმა არ ამოვიღო ჩემ გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე; სააკაშვილის ხელისუფლების შემყურე, გადავწყვიტე დღევანდელ ვითარებაზე მხატვრული ფილმი გადამეღო. შევქმენი სცენარი ლტოლვილების თემატიკაზე, რეალურ ამბავზე, ფაქტებზე აგებული. ეს ისტორია სამაჩაბლოდან, კეხვიდან დევნილი მეთუნუქეებისგან მოვისმინე, რომლებიც ჩემს სახლში მუშაობდნენ. ეს წეროვანში, ამ ხელისუფლების მიერ აშენებულ დევნილთა დასახლებაში მოხდა: ამ დასახლების მშენებლობისას ერთ-ერთმა ფუნქციონერმა მაღალჩინოსანმა გაიცნო და შემდეგ მოტყუებით, ათასგვარი ხერხით ხელში ჩაიგდო და შუაღამისას ძალის გამოყენებით გააუპატიურა ქვრივი... ქვრივს ჰყავს 15 წლის ვაჟი, რომელიც დედის შეურაცხყოფის გამო შურისძიებას ჩაიდებს გულში... სოფელმა ყველაფერი შეიტყო, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს... ბიჭს გადაწყვეტილი აქვს, ამ დასახლების გახსნის ცერემონიაზე იძიოს შური. აი, ამ ტრაგედიის ფონზე ვითარდება ამაღლებული, დამაინტრიგებელი სიყვარულის ისტორია, შეგნებულად წავედი მელოდრამისკენ... სცენარი ამ ფილმისა, რომლის სამუშაო სათაური იყო "ლტოლვილები და მათი მესვეურები", ეროვნულ კინოცენტრში შევიტანე, მათ შეუძლიათ, ფილმებისთვის მცირეოდენი თანხა გამოჰყონ, მაგრამ ახლა ვნანობ, - მე ხომ "შავ სიაში" ვარ, ისევე, როგორც რობერტ სტურუა და სხვები. ჩემი ფილმის სცენარი ჩააგდეს, დაიწუნეს, ისევე, როგორც მიშა კობახიძისა. როგორც ჩანს, საბოლოოდ "ჩაგვრეცხეს", არც კი ვიცი, როდის ყოფილა ბოროტება ასე აღზევებული საქართველოში.
- დღეს გახშირდა მიუზიკლების დადგმა დრამატული თეატრების სცენაზე...
- ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ყველაფერი სანახაობაზე გადავიდა, მაგრამ სანახაობაც შეიძლება კარგი გემოვნებით გადაიღო, და რაც მთავარია, სათქმელი თქვა! ან რა არის ეს თამარ კვესიტაძის უგემოვნებო, პროვინციული კოსტიუმები? ჰგონია, რაც დასავლეთშია, ყველაფერს ბრმად უნდა მიჰბაძოს? რუსთაველის თეატრიდან რობერტ სტურუას სპექტაკლები გააძევეს და მასკულტურით ჩაანაცვლეს! ან რას ჰგავს ჩვენი ტელევიზიები, რომელთა ეკრანებზე მხოლოდ განდიდების მანიით შეპყრობილი სააკაშვილი დარბის აქეთ-იქით და ჰგონია, რომ მხოლოდ მას უნდა უსმინოს ხალხმა, არადა, პირიქით არის - სახელმწიფოს მეთაურს სწორედ ხალხის აზრი უნდა აინტერესებდეს! ან რა შოუებზე იზრდება ახალგაზრდობა? მიხეილ სააკაშვილმა, ფართო გაგებით, კულტურა მოკლა საქართველოში! არადა, ეს პატარა ქვეყანა არავის ჩამოუვარდება კულტურით: არქიტექტურიდან დაწყებული, ლიტერატურით დამთავრებული... ჩემს ფილმებს "იმედსა" და "რუსთავი 2"-ზე მაინც უშვებენ, იმის გამო, რომ რეიტინგულია და რეკლამას იზიდავს. თითო ფილმის ჩვენებაზე 150 დოლარს გვიხდიან, ბოლო 3 წელია, ტელეეთერის ყველაზე რეიტინგული ფილმი არის "სიყვარული ყველას უნდა".
- რას იტყვით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე?
- ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, რამდენიმე ინტელექტუალს მოვუყარე თავი (რადგან პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ გაამართლეს) და "მეცნიერთა და ხელოვანთა დარბაზი" შევქმენი ვანო კიღურაძესთან ერთად, 26 მაისს მოკლული ორი ახალგაზრდის საქმის შესწავლა დავიწყეთ და ევროკავშირამდე ვაპირებდით მისვლას.
ახლა, თითქმის მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ბიძინა ივანიშვილის გარშემო მოიყარა თავი და ძალზე სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა. ბიძინა ივანიშვილს უპირობოდ ვუჭერ მხარს, თუნდაც მისი ფილანტროპობის გამო, მაგრამ არ ვეთანხმები, რომ ყველაფერში ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე და რომ ამ ერთ კაცშია ბოროტება, ბოროტი კაცი თავის გარშემო ბოროტებსა და მლიქვნელებს იკრებს.
სააკაშვილისა და ივანიშვილის ბრძოლა, ჩემი წარმოდგენით, დავითისა და გოლიათის ბრძოლაა, რომელშიც აუცილებლად გაიმარჯვებს დავითი, მიუხედავად უთანასწორო ბრძოლისა.
მჯერა ქართველი ხალხის, მისი გენეტიკური მორალის, რომელიც შრომას, ინტელექტს ეფუძნება... სააკაშვილს ვერც მერაბიშვილის გაპრემიერება უშველის, მაგრამ ამ კომბინაციაში მთავარი ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად გადაყვანაა, ყველამ იცის, რა დგას მის უკან! როცა თბილისში ჰილარი კლინტონის თანაშემწე თინა ქეიდენაუ იყო ჩამოსული, მან პირდაპირ უთხრა სააკაშვილს, ბაჩო ახალაია არ შეიძლება თავდაცვის მინისტრი იყოსო. მიზეზად კი სასჯელაღსრულების სისტემაში ახალაიას მუშაობისას ადამიანის უფლებების დარღვევას ასახელებდა. ახლა სააკაშვილი კურსს ამკაცრებს და რაც მერეთში გააკეთა, სხვა რაიონებშიც იმავეს აკეთებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს ეუბნებიან: საერთოდ არ წახვიდეთ არჩევნებზეო, რადგან იმედი არა აქვთ, რომ ვინც წავა, მათ მისცემს ხმას! თუმცა დარწმუნებული ვარ ხალხის სწორ არჩევანში.