ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს რომ ევროპა გამადიდებელი ლუპით აკვირდება, ეს კარგად გამოჩნდა თუნდაც სტრასბურგში, ევროპარლამენტის დეპუტატებს შორის საქართველოს საკითხზე გამართული ცხარე დებატების დროს. საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ევროპარლამენტის დეპუტატები ერთსულოვანნი იყვნენ იმაში, რომ არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. 4 ივლისს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იქნება საქართველოს პროგრესის "მნიშვნელოვანი ინდიკატორი". თუმცა იქვე განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთა და საქართველო მოიხსენია „ძალიან კარგ მაგალითად" რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით (?!).
ჩვენი საზოგადოებისათვის დღემდე გამოცანად რჩება თუ რა სტანდარტებით ზომავენ ევროპელები საქართველოში დემოკრატიის ხარისხს და არჩევნების სამართლიანობასა და დემოკრატიულობას. თუკი პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტულ საერთაშორისო კვლევებში საქართველო განიხილება როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი" და „ჰიბრიდული რეჟიმის" მქონე ქვეყანა, რა კრიტერიუმებით არის იგი მაგალითი სხვებისათვის? თუმცა როგორც ჩანს, გარკვეული წრეებისათვის ამ ეტაპზე საქართველოში „ჰიბრიდული რეჟიმის" და ფასადური დემოკრატიის არსებობა მოცემულობად მიიჩნევა, და სხვა რისკების ფონზე ნაკლებად პრიორიტეტულ პრობლემად.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ყველაზე და დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ 1990 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ჭეშმარიტად სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარებულა, მაგრამ ეუთომ და ევროსაბჭომ ეს არჩევნები აღიარეს. გამონაკლისი 2003 წლის ნოემბრის არჩევნები იყო, რომლებიც დარღვევების ხარისხითა და მასშტაბით დიდად არ განსხვავდებოდა წინა არჩევნებისგან, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობამ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია და ამით „ვარდების რევოლუციას" მწვანე შუქი აუნთო.
საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიშში, რომელიც სხვათა შორის აშშ-ს ფინანსური დახმარებით განხორციელდა, საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ ძირითად ტენდენციებზე. ამ ტენდენციებიდან „სამართლიანი არჩევნები" განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს „პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის გახშირებულ ფაქტებს."
„ეს ქმედებები გამოიხატება -სამსახურიდან გათავისუფლების, მუქარის, ბიზნესზე/კერძო მესაკუთრეებზე ზეწოლის შემთხვევებში", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში მაისის ბოლოს გამოქვეყნდა და ყველა საერთაშორისო ორგანზიაციას დაეგზავნა. თუმცა შედეგი ჯერჯერობით უმნიშვნელოა. აშშ-დან და ევროპიდან გვესმის ერთიდაიგივე განცხადებები, რომ საქართველომ უნდა „დაიცვას და გააძლიეროს ქვეყნის მყიფე დემოკრატია," ხელი შეუწყოს „გამჭვირვალე დემოკრატიული კონკურენტული გარემოს", თუმცა ამის იქით საქმე არ მიდის.
ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი გვარწმუნებს რომ სააკაშვილს და მის გუნდს დასავლეთში მხარდაჭერა საბოლოოდ დაკარგული აქვთ, საქმით კი ჩანს რომ ეს მხარდაჭერა არათუ დაკარგულია, არჩევნების მოახლოების კვალობაზე კიდევ უფრო ძლიერდება, რაც გამოიხატება ხელისუფლების ქმედებებისადმი აშკარა წაყრუებაში. ამაზე მეტ მხარდაჭერას ხელისუფლება დასავლეთიდან არც მოელის და არც სურს, რადგან შედეგად შეიძლება მიიღოს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება, რაც ბუნებრივია არც დასავლეთს უნდა აწყობდეს. ამიტომაც რიტორიკაში ბალანსი რომ იტყვიან შენარჩუნებულია.
9 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სააკაშვილის ხელისუფლების ლობისტთა ჯგუფის მიერ ინიცირებული "საქართველოს შესახებ" რეზოლუცია მიიღო. ყველაზე ნიშანდობლივი რეზოლუციის ის ნაწილია, რომელიც მომავალ არჩევნებს და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას უკავშირდება. საქართველოს ის მოქალაქეეები, რომლებმაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებეის გამო, ბოლო წლებში საკუთარ თავზე სრულად გამოსცადეს ხელისუფლების რეპრესიული მანქანის წნეხი, გაოცებული დარჩებიან რეზოლუციის ტექსტის იმ ნაწილით, სადაც ნათქვამია, რომ „რეზოლუცია მიესალმება საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ დემოკრატიზაციას."
მართალია, შემდეგ რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას „უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილესთვის თანაბარი პირობები და მედიის თავისუფალი და დამოუკიდებელი ფუნქციონირება," მაგრამ ამგვარი ტრაფარეტული მოწოდებები ეუთოს რეზოლუციებში საქართველოშ შესახებ ყოველი არჩევნების წინ იწერება. თუ როგორ სრულდება ისინი ხელისუფლების მიერ კარგად არის ცნობილი მათთვის, ვინც ყოველდღიურად აკვირდება ადგილობრივ სინამდვილეს.
თუმცა, ევროპაში და აშშ-ში ამ ყოველივეს რატომღაც ვარდისფერი სათვალეებით უყურებენ. როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტები განმარტავენ, ევროპა და აშშ საქართველოს დემოკრატიას შუა აზიის, რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის დემოკრატიებს ადარებენ.
5 ივლისს საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ „საქართველოში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ყველაზე კონკურენტული სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც საქართველოს ოდესმე ჰქონია."
ელჩი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამართლიანი არჩვენების ჩასატარებლად პირობები შექმნილი არ არის და არჩევნები გაყალბდება. მან არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს სათანადო პირობებში კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდა (?!). აშშ-ს ელჩის ეს განცხადება ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ლეგიტიმურად მიაჩნია ბოლო ორი კვირის მანძილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სასამართლოსა და პროკურატურის მიერ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ განხორციელებული ყველა სადამსჯელო სანქცია, რაც სწორედ იმ სამართლებრივ ჩარჩოს და იმ კანონმდებლობის ფარგლებში მოხდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დომინირებულმა ფაქტიურად ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო.
დიდი იყო ალბათობა, რომ ელჩის ამგვარ განცხადებას ხელისუფლება ვაშინგტონიდან მორიგი მხარდაჭერის სიგნალად აღიქვამდა და მათ მიერ მოწონებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში მთავარი ოპონენტის წინააღმდეგ რეპრესიული ზომები კიდევ უფრო გაამკაცრებდა.
ალბათობა რეალობად სულ რაღაც 6 დღეში იქცა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებული პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დააყადაღა ტელეკომპანია „მაესტროს" 10,000 სატელიტური ანტენა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ამომრჩეველს საშუალება მიეცემოდა მიეღო ალტერნატიული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და არჩევნების დროს შედარებით ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინა.
მაშინ როდესაც NDI-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად რესპოდენტთა 86- 86 პროცენტი საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური" ტელეკომპანიებიდან "რუსთავი 2" და "იმედი" და "პირველ არხი" იღებს, ხოლო ალტერნატიულ მაუწყებლებს ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო მოსახლეობამდე თავიანთი ინფორმაცია ვერ მიაქვთ, საუბარი სამართლიან წინასაარჩევნო გარემოზე სირაქლემის პოზის ტოლფასია.