მიხეილ მაჭავარიანი:

მიხეილ მაჭავარიანი: "მომავალ პარლამენტში ვიქნებით ჩვენ, "ოცნება" და ქდმ!"

რეალურად, რა გახდა ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნის მიზეზი და რატომ დაევალა ყოფილ შს მინისტრს მმართველი გუნდის შეკვრა, როდის გამოქვეყნდება ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარების სია და რატომ გადაწყდა თბილისში კანდიდატებად, ძირითადად, ახალი სახეების წარდგენა, ამასთან, რა საკითხებს ათანხმებს წინასაარჩევნოდ გიგა ბოკერიასთან და იგეგმება თუ არა კობა სუბელიანის დაკავება, "ვერსიის" კითხვებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი პასუხობს:

- ბატონო მიხეილ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს შეგახსენებთ - მაჭავარიანი უნიჭო ჩინოვნიკია. მისი ამ შეფასებისთვის პასუხი ჯერ არ გაგიციათ...
- ცუდია, როცა პოლიტიკაში პიროვნულ დონეზე დადიხარ, ამიტომ თავს ვალდებულად არ მივიჩნევ, ბიძინა ივანიშვილის მსგავს შეფასებას ვუპასუხო. დიახ, ჩვენ მართლაც დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ პირადად მას ჰკითხავთ, რატომ შეექმნა ჩემზე მსგავსი შთაბეჭდილება. პირადად მე, პოლიტიკაში იმ ასაკში მოვედი, როცა ოპონენტებთან საუბრისას პიროვნულ დონეზე დავდიოდი, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ ასაკიდან დიდი ხანია გამოსული ვარ. იგივეს ვურჩევ სხვებსაც. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია ჩემ "უნიჭო ჩინოვნიკობასთან" დაკავშირებით.

- თქვენგან განსხვავებით, კოალიციის ლიდერი მოაზროვნე პოლიტიკოსად ვანო მერაბიშვილს მიიჩნევს. შეგიძლიათ, გუნდის სტრატეგია გაგვიშიფროთ, ბიძინა ივანიშვილის ღია სიმპათიების ფონზე, რატომ დაინიშნა შს მინისტრი პრემიერად?
- დღეს ჩვენ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნა ყველაზე ლოგიკურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. თითქოს ციფრებში ყველაფერი კარგად გვაქვს, ქვეყანა წინ მიდის, კორუფცია და კრიმინალი დამარცხდა, გზებიც კეთდება მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, ანუ კონკრეტული წარმატებები გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ჩვენი თანამოქალაქეები სათანადოდ ვერ გრძნობენ. უბრალოდ, ლაპარაკი და ციფრები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღოს.

- და 8-წლიანი მმართველობის შემდეგ, მხოლოდ ახლა, არჩევნებამდე სამი თვით ადრე მიხვდით, რომ ხელისუფლება საზოგადოებას აბსტრაქტული ციფრებით ელაპარაკებოდა?
- კი, მაგრამ ადრე ხომ ეს ციფრებიც არ გვქონდა?! გაიხსენეთ, 14 ლარიანი პენსია, რომელსაც რეალურად ვერავინ იღებდა. თუ ჩვენ არ გვექნებოდა გზები, არაკორუფციული სახელმწიფო, არაკორუმპირებული პოლიცია, საზოგადოების სარგებელზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტი იქნებოდა?! საკმაოდ ხშირად დავდივარ სამგორის რაიონში და მინდა გითხრათ, რომ დღეს ადგილობრივებთან აბსოლუტურად სხვა საკითხებზე ვსაუბრობ, ვიდრე რვა წლის წინ.
თუ ადრე ადამიანები ლიფტებში ხშირი ძარცვით იყვნენ შეწუხებული, ახლა საზოგადოება სხვა საფეხურზე გადავიდა. საბედნიეროდ, ჩვენი ოპონენტებიც აღიარებენ, რომ ვანო მერაბიშვილი კარგი მენეჯერია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს ჩვენი გუნდის შეკვრას და საბოლოოდ, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ხალხი მეტ სარგებელს მიიღებს.

- გუნდის შეკვრაში რა იგულისხმეთ, ამ მხრივ, შიგნით პრობლემები გქონდათ? პარალელურად, გაჩნდა მოსაზრება, რომ მერაბიშვილი, როგორც ნაკლებად პროგნოზირებადი მინისტრი, უბრალოდ, ძალოვან სტრუქტურებს ჩამოშორდა...
- ვანო საკმაოდ პროგნოზირებადი მინისტრი იყო როგორც ჩემთვის, ასევე პრეზიდენტისთვის. მეტიც, ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ის ჩვენ წრეში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია. საერთოდ, ჩემი საყვარელი საქმიანობაა ექსპერტების მოსაზრებებზე კომენტარი არ გავაკეთო. თუ ვინმე ასე ფიქრობს, იფიქროს, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა. ფაქტია, რომ გუნდშიც და მოქალაქეებისთვისაც მერაბიშვილი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. მის სახელს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან ერთად, კონკრეტული საკითხების მოგვარება უკავშირდება. ვანო წარმატებით შეძლებს უმუშევრობის დამარცხებასაც, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველ პრობლემად იქცა.

- სამთავრობო ცვლილებების ფონზე, ამბობენ, რომ გიგა ბოკერია განაწყენდა, რადგან მისი კანდიდატი ბათუ ქუთელია თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაიბლოკა. რეალური ინფორმაციაა?
- მსგავს ჭორებს ჩვენი ოპონენტები ავრცელებენ, რადგან როცა ძლიერი გუნდი არ გყავს, პრობლემას სხვებში ეძებ. გიგა ბოკერიას ცოტა ხნის წინ ვესაუბრე და შევთანხმდით, თუ ვინ წარუდგენს ჩვენ პროგრამას უცხოელებს. ეს ბუნებრივიცაა, მე როგორც პარტიის გენერალურ მდივანს, ურთიერთობა მაქვს როგორც გიგა ბოკერიასთან, ისე გუნდის დანარჩენ წევრებთანაც.

- ისიც ჭორია, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სამიზნე მერია და დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი იქნება? ამბობენ, რომ მმართველი გუნდი არაპოპულარულ სახეებსაც მოიცილებს, პირველ ეტაპზე კი, კობა სუბელიანის დაკავება იგეგმება.
- ვიცი, რომ სუბელიანი საზოგადოებისთვის არაპოპულარი ფიგურაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მინისტრად საკმაოდ რთულ პერიოდში დაინიშნა. კობა სუბელიანი ნამდვილად არ ყოფილა იმ უწყების მინისტრი, ზოგიერთს ეფიქრა, რა მაგარი თანამდებობა აქვსო. ნაგვის გადასახადთან დაკავშირებით კი პასუხისმგებლობა ქალაქის ხელმძღვანელობამ საკუთარ თავზე აიღო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო დამისამართების პროგრამას ახორციელებს, რომლის დასრულების შემდეგ, არ გამოვრიცხავ, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედოს. კარგად ვიცი, რომ ჩემ თანამოქალაქეებს ნაგვის გადასახადი არ მოსწონს, ეს სამგორის მოსახლეობისგანაც მოვისმინე, თუმცა მათ მოსწონთ ის, რომ ქალაქში ნაგავი აღარ არის. ერთი სიტყვით, ჩვენ შუალედურ გადაწყვეტილებას ვეძებთ და თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, ცვლილებებიც განხორციელდეს.

- გვიდასტურებთ, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება გიგი უგულავას შეცდომის გამოსწორებასაც შეეცდება. აქვე, რამდენჯერმე მიანიშნეთ სამგორის რაიონში თქვენი შეხვედრების შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარ კანდიდატად გიხილავთ?
- ჩვენ, უბრალოდ, ვცდილობთ, მოქალაქეებს სამართლიანი კომუნალური გადასახადები დაეკისროთ. ამაზე მეტს, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. სხვათა შორის, ქალაქის მერს საკმაოდ საინტერესო იდეები აქვს ტრანსპორტის ტარიფებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, კარგი იდეები შემცირებასთან ასოცირდება, თუმცა დანარჩენი უგულავას უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება სამგორში ჩემ შეხვედრებს, საერთოდ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში დავდივარ, ჯერჯერობით, მხოლოდ ლენტეხში არ ვყოფილვარ. თუმცა, დიახ, გეტყვით, რომ ძირითადად, სამგორის რაიონს ვსტუმრობ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, თუმცა ნამდვილად მინდა ჩემი ძალები მოვსინჯო, მაქვს თუ არა რესურსი კვლავ ჩემი სამგორელების გვერდით დავდგე. მოგეხსენებათ, ამ ადამიანებმა საკმაოდ მძიმე პერიოდში დეპუტატად ორჯერ ამირჩიეს.

- და პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა არ შეგიშლით ხელს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში და საერთოდ, საინტერესოა, როდის შემოგვთავაზებთ მმართველი გუნდის მაჟორიტარების სიას?
- მოგეხსენებათ, პარტიის მთავარი ოფისი სამგორშია. ასე რომ, თუ სამგორელებს დავჭირდები, აქვე ვიქნები. გეთანხმებით, მაჟორიტარობა საკმაოდ რთული მისიაა. მინიმუმ, კვირაში ორი დღე, რაიონში უნდა გაატარო და დღეში მინიმუმ, ორ ამომრჩეველს შეხვდე. ვფიქრობ, ახლა ამ ყველაფერს მოვახერხებ. რაც შეეხება სიას, რაიონების უმრავლესობაში კანდიდატებზე უკვე ჩამოვყალიბდით, თუმცა ჯერ კიდევ საზოგადოების პულსზე ხელი გვიდევს და სხვადასხვა კვლევებს ვატარებთ.

- სიაში ბიზნესმენებსაც მრავლად ვიხილავთ? ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი ქუთაისში სოსო ფხაკაძეს, ხოლო ქობულეთში მაჟორიტარ კანდიდატად თემურ ჭყონიას დაასახელებს.
- არც ერთ მათგანზე ინფორმაციას არ გიდასტურებთ. თავდაპირველად, გავრცელდა ხმები, რომ სოსო სამტრედიაში დასახლდებოდა, თუმცა პირდაპირ გეტყვით, მაჟორიტარობასთან დაკავშირებით მასთან საუბარი საერთოდ არ გვქონია. ის ბიზნესმენის რანგში გააგრძელებს მუშაობას, იგივე შემიძლია ვთქვა თემურ ჭყონიაზეც.

- არც ის სიაა რეალური, რომელიც "ნაციონალების" სავარაუდო მაჟორიტარებთან დაკავშირებით დიდი ხანია ვრცელდება - არჩილ გეგენავა, მერაბ სამადაშვილი, გიორგი ბარამიძე, კაკო ბობოხიძე...?
- თბილისში ძირითადად ახალი სახეები გვეყოლება, მაგრამ ახლა მეტი ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ, ჩვენი რეალური სიის მიმართ ინტერესი დაიკარგება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იმერეთში რამდენიმე მაჟორიტარი დარჩება, მათ შორის, დაგიდასტურებთ, რომ კაკო ბობოხიძის კანდიდატურა ხონში განიხილება. მოკლედ, იმ მაჟორიტარებს, რომლებმაც კარგად იმუშავეს და ჯერ კიდევ აქვთ რესურსი ხალხს სარგებელი მოუტანონ, სიაში დარჩებიან. ვინც ეს რესურსი ამოწურა, ადგილს სხვაგან მოძებნიან. სხვათა შორის, ახლა დაახლოებით ვხედავ, როგორი იქნება მომავალი პარლამენტის კონფიგურაცია.

- საინტერესოა, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ვის ხედავს პარლამენტში და რა კონფიგურაციით? თქვენ გუნდს ოპოზიციაში არ მოიაზრებთ?
- მიმაჩნია, რომ ჩვენ პარტიას სერიოზული მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს, ასე რომ, ჩემი აზრით, მომავალ პარლამენტში ვიქნებით ჩვენ, "ოცნება" და ქდმ. მესმის, რომ ამ სიტყვების შემდეგ დანარჩენი პარტიის ლიდერები დამცხებენ, მაგრამ მე ღიად გეუბნებით იმას, რასაც ახლა ვხედავ. ალბათ, ამას მოყვება საუბრები, აი "ნაციონალებს" ყველაფერი წინასწარ უკვე გაწერილი აქვთო, მაგრამ ხომ გეუბნებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ჯერჯერობით, ამას აჩვენებს. ჩვენი ოპონენტებისაგან განსხვავებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ვენდობით. საერთოდ, ჩვენთვის იდეალური სცენარია ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები და ჩვენი ოპონენტებიც აღიარებენ, როგორც ეს 2010 წელს მოხდა. ეს ნამდვილად იქნება ქვეყნის განვითარების გარანტი. ჩვენ, როგორც ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პროცესი ბოლომდე მშვიდობიანად წარიმართოს, ხოლო არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

- სამართლიან საარჩევნო გარემოზე საუბარი ოპონენტების მიმართ დაკისრებული კოლოსალური ჯარიმებისა და ყადაღების ფონზე გამართლებულია? ამასთან, საინტერესოა, დამარცხების შემთხვევაში, კოალიციას გამარჯვებას თქვენ თუ მიულოცავთ?
- მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან საბოლოოდ, არჩევანს ქართველი ხალხი გააკეთებს. ყველა ქვეყანაში ფულის ხარჯვას გარკვეული რეგულაციები აქვს, რადგან პოლიტიკა და საზოგადოება ფულზე არ იყიდება. არაპატიოსანი გზით მოგებული არჩევნები ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება. შესაძლოა, ბევრი რამ მეც არ მომწონს, მაგრამ კანონის წინაშე მიხეილ მაჭავარიანიც და ბიძინა ივანიშვილიც თანასწორია. ასე, რომ წინასაარჩევნოდ საკმაოდ მშვიდად ვარ და სიმშვიდე რისი ნიშანია, თავად გადაწყვიტეთ.