პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" საქართველოს 18 რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ არჩეული სტრატეგიით ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი ისეთ ადამიანებზე გააკეთა, რომლებსაც უფრო მეტი კავშირი აქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და მეტნაკლებად მათთვის ცნობილია რაიონების პრობლემები.
კოალიციის გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სიღნაღში გელა გელაშვილი იბრძოლებს, დედოფლისწყაროში - ალექსანდრე თამაზაშვილი, ლაგოდეხში - ლუკა კურტანიძე, ყვარელში - დავით ქევხიშვილი, ახმეტაში - ზურაბ ზვიადაური, ბორჯომში - გედევან ფოფხაძე, ახალციხეში - გურამ კუტალაძე, ადიგენში - ბიძინა გუჯაბიძე, ასპინძაში - თემურ მაისურაძე, ონში - თამაზ (გია) ჯაფარიძე, მესტიაში - ვიქტორ ჯაფარიძე, თერჯოლაში - ომარ ნიშნიანიძე, საჩხერეში - მანანა კობახიძე, ვანში - გოდერძი ტყეშელაშვილი, წყალტუბოში - პაატა ზაქარეიშვილი, ხობში - გიგა ბუკია, ჩხოროწყუში - ლევან იზორია, ხოლო ბათუმში - მურმან დუმბაძე. მცხეთაში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი დიმიტრი ხუნდაძე იქნება, სტეფანწმინდაში-მირიან წიკლაური, დუშეთში - ირაკლი ტრიპოლსკი, ხოლო თიანეთში - იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად არაპოლიტიკოსების დასახელება "ქართული ოცნების" სტრატეგიის უქონლობაზე მიანიშნებს.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი პატიოსნებასა და პროფესიონალიზმზე გააკეთა.
"დასახელებული მაჟორიტარებიდან რამდენიმე სახე მეცნო, მაგრამ ზოგადად "ქართული ოცნების" სტრატეგია უდაოდ არის საერთო ცნობადობის მქონე სახეების გარდა ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებსაც რეგიონებში იცნობენ და ავტორიტეტული პიროვნებები არიან.
"როგორც ივანიშვილი ხშირად აღნიშნავს, პარტია არჩევანს პატიოსნებასა და პროფესიონალიზმზე აკეთებს. ეს ხალხი აშკარად იკითხება იმ ტენდენციაში, რომელსაც პარტია მაჟორიტარების არჩევისას აკეთებს", - აცხადებს საყვარელიძე.
თუმცა მისივე თქმით, ძნელი სათქმელია, გაუწევენ თუ არა კონკურენციას დასახელებული კანდიდატები "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს.
"ძნელი სათქმელია, რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებიან ისინი, რადგან ჯერ ცნობილი არ არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები.
"ქართული ოცნების" გამოცხადებული სტრატეგია - პატიოსნება და პროფესიონალიზმი ისეთი თვისებებია, რომელიც ყველა პარტიის პრიორიტეტი უნდა იყოს. გასაგებია, რომ ამაზე გააკეთა ივანიშვილმა აქცენტი. ვფიქრობ, ხელისუფლება ისეთ კანდიდატებზე გააკეთებს არჩევანს, რომლებსაც ადგილობრივი ადმინისტრაციული რესურსების მხარდაჭერის მეტი შანსი ექნება", - ამბობს საყვარელიძე.
"არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" სტრატეგია ადგილობრივ კადრებზე აქცენტის გაკეთებაა.
"მაჟორიტარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში საკმაოდ მძიმე თემაა. ამ დროს ყველა ცდილობს, რომ ის ადგილობრივი კადრი იყოს, ვინაიდან უფრო ახლო კონტაქტშია რაიონის მოსახლეობასთან და ავტორიტეტით სარგებლობენ. თვალშისაცემია ის, რომ ივანიშვილი, ფაქტობრივად, თავის თამაშს თამაშობს.
"კოალიციიდან ხდება იმ მაჟორიტარების წარდგენა, რომლებიც არცერთ მასში შემავალ პარტიას არ უკავშირდებიან. ამაში "რესპუბლიკელებს", ალასანიას პარტიას და სხვებს ვგულისხმობ. ჯერჯერობით წარდგენილი მაჟორიტარები "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრებს წარმოადგენენ. თუმცა რა პრინციპით აირჩა ეს ხალხი, არ ვიცი.
"ერთი საკითხია, რომ წარდგენილ მაჟორიტარებს საქართველოს მასშტაბით იცნობენ, მეორე - როგორი კონტაქტი ჰქონდათ მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლოა, ივანიშვილის არჩეულმა ტაქტიკამაც გაამართლოს", - ამბობს კახიშვილი.
რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებიან ეს მაჟორიტარები "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებისთვის, პოლიტოლოგი ჯერჯერობით პროგნოზებს ვერ აკეთებს.
"ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, არ ვიცით, მმართველი პარტია ვის წარადგენს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის აქცენტს იმ ადამიანებზე გააკეთებს, რომლებიც წლების განმავლობაში მაჟორიტარები იყვნენ კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში და მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
"ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, ვიღაცები შეცვალონ, მაგრამ, ძირითადად, მაინც გამოცდილ კადრებზე გაკეთდება არჩევანი. მათ წლების განმავლობაში აქვთ აწყობილი პარტიული სტრუქტურა. ამავდროულად, ძალიან აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები მოსახლეობაშიც".
"როდესაც ერთ-ერთი გადამწყვეტი პირი ხარ რაიონში და იქ მცხოვრებ ადამიანს პრობლემა ექმნება, მას არა აქვს საშუალება ვინმეს თბილისში მიმართოს და "მაესტროთი" ან "კავკასიით" გააკეთოს განცხადება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ვისი იმედიც ამ წლების განმავლობაში ჰქონდა, მაჟორიტარი დეპუტატი იყო, რომელთანაც მიდიოდა და ასე თუ ისე პრობლემას აგვარებდა", - ამბობს კახიშვილი.
მისივე თქმით, რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარებს ადგილობრივი ბიზნესმენებიდან საკმაოდ დიდი ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდათ და შესაძლოა, მოსახლეობის არჩევანზე ამანაც იმოქმედოს.
"ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიციის პრობლემა სწორედ რეგიონები იყო. არ ჰყავდათ ისეთი კანდიდატები, საქართველო მთლიანად რომ დაეფარათ. "ნაციონალები" კი რეგიონებში უალტერნატივო ლიდერებად ითვლებოდნენ. წინასწარ არ ვიცი, შეიცვლება თუ არა სიტუაცია, ჩემთვის რთულია პარტიის ლიდერის მოქმედება შევაფასო, რადგან გაცხადებული აქვს, რომ არჩევნების მოგებას აპირებს.
"მეორე მხრივ კი არ მესმის, რა პრინციპით არჩევს ის მაჟორიტარობის კანდიდატებს. იმედია, იმ მიზანს არ ეწინააღმდეგება, რაც პარტიას აქვს გაცხადებული", - ამბობს კახიშვილი.
"ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის" პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარების წარდგენით ივანიშვილმა გაამჟღავნა, რომ მის პარტიას სტრატეგია არა აქვს.
"წარმოდგენილი კანდიდატები პოლიტიკოსები არ არიან. ჩემი აზრით, ეს წინასაარჩევნო სტრატეგია კი არ არის, არამედ სტრატეგიის უქონლობაა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა აქცენტი არაპოლიტიკოსებზე გააკეთა.
"ის ვერ ახერხებს საკადრო სტრატეგიის შემუშავებას და ინერციით მიჰყვება ცნობილი სპორტსმენების, ექიმების თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წარმოჩენას. ჩემი აზრით, ეს უფრო კრიზისის მაჩვენებელია, ვიდრე რამე სტრატეგიის", - აცხადებს ჭყოიძე.
მისივე თქმით, წარმოდგენილი მაჟორიტარებიდან უმრავლესობას კონკურენცია ნებისმიერ პოლიტიკოსთან გაუჭირდება.
"მათ კონკურენცია უნდა გაუწიონ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ასევე სხვა პარტიების წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ნებისმიერ მათგანს გაუჭირდება ოპონენტებისთვის კონკურენციის გაწევა, თუ მათ პოლიტიკოსები დაუპირისპირდებიან.
აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, არჩევნების შემდეგ ამ მიმართულებით არცთუ წარმატებული შედეგები ექნებათ. ვფიქრობ, არჩევნების დროს პოლიტიკოსებს მეტი შანსი ექნებოდათ, ვიდრე ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს", - უთხრა "რეზონანსს" ჭყოიძემ.