რის გამო დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად ექსპერტი მამუკა არეშიძე

რის გამო დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად ექსპერტი მამუკა არეშიძე

"ქართულ ოცნებაში" რეგიონული პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების საკითხთა თემატურ ჯგუფს ვხელმძღვანელობ. აქედან გამომდინარე, კოალიციის გეზი გარდაბანში ჩემი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით გასაგებიც ხდება. ისიც მოგეხსენებათ, რომ გარდაბანი სასაზღვრო რეგიონია და ეს მიმართულებაც ჩემ სამუშაო გამოცდილებასთან საკმაოდ ახლოსაა. ამ კონტექსტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სოფელი ქესალოა. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, სადაც სამ თვეში ერთხელ ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი პოლიტოლოგები იკრიბებიან და კავკასიის სამშვიდობო პროცესებზე მსჯელობენ. მსოფლიოს ვერც ერთ სხვა წერტილში ერტად მსხდომ სომეხ და აზერბაიჯანელ ექსპერტს ვერ შეხვდებით. ამ ტრადიციული შეხვედრების მონაწილე მეც ვარ. ერთი სიტყვით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ნათლად პასუხობს კითხვას - რატომ დამასახელა ბიძინა ივანიშვილმა გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ"ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ექსპერტი მამუკა არეშიძე ბიძინა ივანიშვილმა გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

"მთაწმინდის რაიონში ორჯერ ვიყარე კენჭი, ერთხელ მოვიგე, მეორედ კი წამაგებინეს, პოლიტიკურ მოძრაობა "კავკასიასაც" ვხელმძღვანელობდი და ერთ-ერთ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიღებდი მონაწილეობას. ერთი სიტყვით არჩევნებში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის აქტივობით გამოვირჩეოდი - ხან ჟურნალისტი ვიყავი, ხან დამკვირვებელი, ხან მხარდამჭერი და ხანაც კანდიდატი. თბილისში უფრო მეტ ადამიანს აქვს ჩემს შესახებ ინფორმაცია, თუმცა ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვი, გარდაბანშიც საკმაოდ ცნობადი ფიგურა ვარ. საერთოდ, როცა კოალიციაში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად დამასახელეს, არჩევანის საშუალება მქონდა - თუმცა არა მთაწმინდის რაიონში, გარდაბანთან ერთად სხვა რაიონებიც განიხილებოდა. კოალიციას რაიონში პრაიმერი ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" აზერბაიჯანული მოსახლეობის აზრი მიახლოებით მაინც იცოდა, უკვე გარკვეული იყო, რომ ადგილობრივები ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგნი არ იქნებოდნენ", - აღიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "მიუხედავად თქვენი ოპტიმიზმისა, კოალიციის მიმართ აზერბაიჯანული მოსახლეობა კეთილგანწყობით არ გამოირჩევა" - პასუხობს:

"დიახ, ამის შესახებ ინფორმირებული ვარ, მაგრამ ყველგან ასე არ არის. მთავარია, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგილობრივ მოსახლეობას განსხვავებულად მივუდგეთ. შესაძლოა, ხალხმრავალი შეხვედრების ორგანიზება ვერ შევძლოთ, მაგრამ პირადად მე ჩემი სპეციფიკა და მეთოდოლოგია მაქვს, რომელსაც წინასაარჩევნოდ აუცილებლად გამოვიყენებ. მერწმუნეთ, ვითარების გარდატეხა ჩვენთვის რთული არ არის. ჯერ გარდაბანში არ ჩავსულვარ, არც მოსახლეობას შევხვედრივარ. ამიტომ როცა შექმნილ ვითარებას თვალს გადავავლებ, დეტალურად საუბარს შემდეგ შევძლებ. ცოტა ხნის წინ ეკონომიკურ ექსპერტთან კონსულტაციების გავიარე, რომელიც ჩემი დავალებით ამ მიმართულებით მუშაობს - სოციალური ვითარების მხრივ, გარდაბნის რაიონში ისეთივე მძიმე მდგომარეობაა, როგორც დანარჩენ საქართველოში. ეს პროგრამის დამუშავების გარეშეც ვიცით". 

"დიდი ხანია, ჩემს გარშემო უამრავი აზერბაიჯანელი ტრიალებს, რომლებიც მშობლიურ ენასაც კარგად ფლობენ და მრავალრიცხოვანი სანათესაო ჰყავთ როგორც გარდაბანში, ასევე მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონში. ეროვნული უმცირესობების სპეციალისტი ვარ, რელიგიურ უმცირესობებშიც კარგად ვერკვევი. ვიცი, რა არის ისლამის ძირითადი პრინციპები. ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად წონიანი ფიგურა დამიდგება ოპონენტად ან რა წვლილი აქვს მას დანარჩენი "ნაციონალებივით" ქვეყნისა და კონკრეტულად ქვემო ქართლის დაქცევაში. გარდაბანში ალბათ მუდმივად არ ვიქნები, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, რა მიმართულებით ვიმუშავებ. რაიონში უკვე გახსნილია კოალიციის შტაბი, სადაც ადგილობრივი წევრები იმუშავებენ და მათთან მუდმივი კონტაქტის რეჟიმში ვიქნები”, - დასძენს მამუკა არეშიძე.