"ოპოზიციის მტკიცებით ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოსაწყობად ემზადება. ამის თქმის საფუძველს მათ რეგიონებში შსს სამმართველოს ქვედანაყოფების საგანგებო რეჟიმზე გადასვლა აძლევს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მიტინგების დარბევისთვის ამზადებენ. პოლიციელები მომზადებას თელავის სამხედრო ბაზააე გადიან. "ასწავლიან, როგორ უნდა დაარბიონ ხალხი. ამის პარალელურად კი პოლიციის აკადემიაში ორის დღის მანძილზე დარბევებზე ლექციებს უკითხავდნენ"- განუცხადა სააგენტო "ივერონს" რესპონდენტმა. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, შსს ბათუმის ქვედანაყოფებს დაურიგდათ სპეციალური ეკიპირება, რომელშიც სხვა აღჭურვილობასთან ერტად ხელკეტები, რეზინის და კაუჩუკის ტყვიები იყო. ამ ინფორმაციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მთავრობა დიდი პროვოკაციისთვის ემზადება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ხელისუფლება რეგიონებში ძალოვნებს ამზადებს / "სამინისტროებთან ერთად, "ყაზარმულზე" განათლების სამინისტროც გადავიდა".
"თავისუფალის საქართველოს" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი მოსიაშვილის ინფორმაციით, სამეგრელოს მსგავსად საქართველოს ხელისუფლებამ შეიარაღებული დაჯგუფება კახეთშიც შექმნა და სამხედრო ფორმებთან ერთად მათ დანებიც დაურიგა - მისი თქმით, ეს დაჯგუფება ნდობადაკარგულ რწმუნებულებსა და თვითმმართველობებს გაუწევს კონტროლს. "საფუძვლიანი ვარაუდია, რომ ამ დანებს გამოიყენებენ სამოქალაქო დაპირისპირებისას, თუ მმართველი პარტია ვერ მიირებს სასურველ შედეგებს არჩევნების შემდგომ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან 5-დღიან რეზერვში და უკან დაბრუნებულებს სამხედრო ფორმებთან ერთად აძლევენ ცივ იარაღს. 45-დღიანმა რეზერვმა ვერ აჩვენა აგვისტოს ომში შედეგი და 5-დღიანმა რა უნდა გვიშველოს?!", - ამბობს გიორგი მოსიაშვილი, რომლის თქმით, კახეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე წვრთნებს თავდაცვის სამინისტროს შემდეგ ახლა უკვე ახალაიას უწყებაც ატარებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"კახეთში არის ერთი დიდი სამხედრო ბაზა, რომელსაც აეროდრომიც კი აქვს, სადაც შესაძლებელია წვრთნების ჩატარება. ცოტა ხნის წინ პოლიციის ყველა განყოფილების უფროსები დაიბარეს და გადამზადებისთვის რაღაც დავალებებს აძლევენ. ალბათ უკვე ყველასთვის ცნობილია, ამას რისთვის გამოიყენებენ. პირველ რიგში მათ ევალებათ 5-10 კაციანი დაჯგუფებების შექმნა და დავალება აქვთ ასეთი - თუ როგორ უნდა მოიქცნენ განგაშის პერიოდში. თანაც, როცა გამოიძახებენ, უეჭველად უნდა გამოცხადდნენ დისლოკაციის ადგილას, რადგან, როგორც სამხედრო პირებს ხელი აქვთ მოწერილი. ეს ყველაფერი აშკარად კეთდება და უცხო არავისთვის არ არის. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, სამინისტროებთან ერთად, "ყაზარმულზე" განათლების სამინისტროც გადავიდა. მაქვს ინფორმაცია რომ ცოტა ხნის განათლების ახალმა მინისტრმა დაიბარა ყველა სკოლის დირექტორი და მასწავლებლების შვებულებაში გაშვება აუკრძალა, არადა კანონმდებლობით პედაგოგები შვებულებაში 5 ივლისიდან უნდა გასულიყვნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მოსიაშვილი.
"პოლიციელების შეიარაღება მოხდა არა ახლა, არამედ მაისის დასაწყისში. ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც ბატონმა ალასანიამ გააკეთა განცხადება სამეგრელოში ბანდფორმირებების ჩამოყალიბების შესახებ. ეს ინფორმაცია მაშინვე მქონდა, თუმცა მისი გახმაურება საჭიროს არ ჩავთვალე. ჯერჯერობით, როგორც ვიცი, საგანგებო რეჟიმზე მხოლოდ პოლიციაა გადასული და რამე ბანდფორმირებების ჩამოყალიბება არ მიმდინარეობს. სხვათა შორის, აბაშიძის ხელისუფლებიდან წასვლის დროს ამოღებული იარაღები ახლა ამ პოლიციელებს დაურიგეს. ჩემი აზრით ყველაფერი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. მით უფრო, რომ როგორც ცნობილია, შს მინისტრი ბაჩო ახალაია გახდა, ვფიქრობ, იგი ხალხს არ დაინდობს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ხალხის პარტიის" აჭარის რეგიონელი ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე.
"ასევე, როგორ "რეზონანსს" გორის რაიონის სოფელ ვარიანის ერთ-ერთმა მკვიდრმა განუცხადა, "ქართული ოცნების" 15 ივლისის აქციასტან დაკავშირებით სოფელში დადის ხმები, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეცრაზმის მობილზებას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაციების გადამოწმება გუშინ შს სამინსიტროში ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ - ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, წერს სტატიის ავტორი.