თავისუფალ დემოკრატ ლევან იზორიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლიციის რეფორმის მთავარი შემოქმედი არა ვანო მერაბიშვილი, არამედ ლევან იზორიაა, ცნობილი ფაქტებიდან გამომდინარე გააკეთა.
იზორიას თქმით, მერაბიშვილი შს მინისტრად მაშინ დაინიშნა, როცა საპატრულო პოლიცია უკვე რვა თვის შექმნილი იყო.
„ჯერ კიდევ 2002 წლიდან მე გახლდით სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმების კუთხით მომუშავე კომისიის წევრი. იქ მე მქონდა უფლებამოსილება, რომ პოლიციის რეფორმებზე მემუშავა. 2003 წლიდან სამხრეთ კავკასიაში ადენაუერის ფონდის წარმომადგენელი გახლდით. როდესაც 2003 წლის ცნობილი მოვლენები მოხდა, ახალი ხელისუფლება დაინტერესდა ამ კონცეფციით, თუმცა მე არ ვყოფილვარ არასდროს პოლიტიკური გუნდის წევრი, „ ნაციონალურ მოძრაობაზეა“ საუბარი. მათ შემდეგ გაუჩნდათ ჩემთან თანამშრომლობის და იმ იდეების განხორცილების სურვილი, რაც პოლიციის რეფორმასთან არის დაკავშირებული. სახელისუფლო არხები ხშირად ამბობენ, რომ მერაბიშვილია საპატრულო პოლიციის შემქმნელი ამას ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტებიც ეთანხმებიან. მოდი ფაქტებით ვისაუბროთ... საუბარია იმაზე არ არის, რომ ერთადერთი მე ვიყავი... მე ვიყავი პოლიციის აკადემიის რექტორი, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო. სწორედ ამაზე საუბრობს ბატონი ბიძინა, როცა ამ რეფორმების ერთ–ერთ მთავარ მონაწილედ მთვლის მე. რაც შეეხება მერაბიშვილს, იგი პოლიციაში მოვიდა მაშინ, როცა საპატრულო პოლიცია უკვე რვა თვის წინ იყო შექმნილი. ახლა თქვენ გამოიტანეთ დასკვნა არის თუ არა მერაბიშვილი საპატრულო პოლიციის შემქმნელი“, – განაცხადა იზორიამ და დასძინა, რომ საპატრულო პოლიციის შექმნა ზემოხსენებული კონცეფციისა და პროექტის მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო.
„2005 წლის მიწურულს პოლიციაში უნდა განხორციელებულიყო სხვა რეფორმებიც, მინისტრი უნდა გამიჯნულიყო პოლიციას, შექმნილიყო პოლიციის დეპარტამენტი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი არ გაკეთდა“, – აღნიშნა იზორიამ და დასძინა, რომ ამ კონცეფციას მხარს ეუთოც უჭერდა და შესაბამის რეკომენდაციებსაც გასცემდა.
„თუმცა ხელისუფლებამ იმ 100–გვერდიანი დოკუმენტიდან სხვა აღარაფერი გააკეთა“, – აღნიშნა იზორიამ.
ცნობისთვის: კოალიცია ,,ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიციის რეფორმის განხორციელებაში ლომის წვლილი თავისუფალ-დემოკრატ, ჩხოროწყუში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს ლევან იზორიას მიუძღვის.
,,იგი სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების სახელმწიფო კომისიის კოორდინატორი გახლდათ. ასევე იყო შსს აკადემიის რექტორი, მის სახელს უკავშირდება პოლიციის რეფორმა, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლება. სწორედ მისი შედეგია პოლიციის წარმატებული რეფორმა და არა ის, რომ ამას ვიღაც ჩინოვნიკები მიიწერენ. ეს რეფორმა რეალურად ამ კაცმა განახორციელა. ხოლო იმის შემდეგ რაც ლევანი იქიდან წამოვიდა, ყველამ ვნახეთ, რა პოლიციაც მივიღეთ, მთლიანად პოლიტიზებული. მერაბიშვილმა და სააკაშვილმა მოახერხეს ეს ყველაფერი,”- განაცხადა იავანიშვილმა კოალიციის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრეზიენტაციაზე, სადაც ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარების ნაწილი დასახელდა.