ვახტანგ ხმალაძე - დიდი ალბათობაა, რომ ხელისუფლება გორში

ვახტანგ ხმალაძე - დიდი ალბათობაა, რომ ხელისუფლება გორში "ქართული ოცნების" აქციაზე პროვოკაციის მოწყობას შეეცდება

კარალეთში მომხდარ ინციდენტსა და მომავლაში მოვლენათა განვითრების სავარაუდო სცენარებზე "ინტერპრესნიუსი" საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის თანათავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებდით კარალეთის ინციდენტს? თქვენი აზრით, ეს იყო მერეთისა და ახალდაბის ინციდენტების გაგრძელება თუ რაიმე სხვა? ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთსა და მცხეთაში ჩატარებული "ქართული ოცნების" აქციების შემდეგ ხელისუფლებამ ახალი სტრატეგია აირჩია...

- ჩემი აზრით, ეს ინციდენტი კი არა, არამედ "ქართული ოცნებისათვის" წინააღმდეგობის ორგანიზებულად გაწევის მცდელობა იყო. ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც გააკეთა, თუმცა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, თითქოს ფორმალურად არც არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ ეს მოქმედებები ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული. ის პირები, ვინც ხელს უშლიან ნებისმიერი ფორმით შეხვედრის ჩატარებას, მოქალაქეებთან ურთიერთობას, სისხლის სამართლის დამღვევები არიან და მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ და მოეთხოვოთ პასუხი. იზამს კი ამას ხელისუფლება?! საქმე უნდა აღძრას პროკურატურამ, საქმე უნდა განიხილოს სასამართლომ.

თუ ჩვენ დავიჯერებთ იმას, რომ სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალურია, მაშინ ხელისუფლების მხრიდან ქმედით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ. მაგრამ საქმეც ისაა, რომ არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ ორგანიზაციებში არანაირი პოლიტიკური ნეიტრალობა არ არსებობს და, შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც კარალეთში შეხვედრების ჩატარებას ხელი შეუშალა, არ დაისჯებიან.

- კარალეთის ინციდენტის შემდეგ რამდენად სავარაუდოა რეპრესიული მანქანის გაძლიერება? მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლების მონაწილეობით გორში დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციაზე არა ინციდენტი, არამედ ხელისუფლების ინიციატივით დიდი სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება?

- ფორმალურად, ეს არ იქნება ინიცირებული ხელისუფლების მიერ, მაგრამ სავსებით რეალურია, რომ ხელისუფლება თავის მიერ ორგანიზებული ჯგუფებით შეეცადოს ჩაშალოს შეხვედრა, რომელიც გორშია დაგეგმილი. არ მგონია, რომ მათ ამის გაკეთება შეძლონ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რაც ამ თვალსაზრისით ქვეყანაში ხდება, ასეთი სურვილი მათ შეიძლება ჰქონდეთ და დიდია ალბათობა, რომ ხელისუფლება ამის გაკეთებას შეეცდება. ხელისუფლება შეეცდება თავი წარმოაჩინოს კონსტიტუციისა და კანონის დამცველად, ხოლო რეალურად დაარღვიოს კონსტიტუცია და კანონით დაცული უფლებები.

- თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა, შეიძლება ეს პირდაპირ უკავშირდებოდეს შს მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნას? მხედველობაში მაქვს ის, რომ ყველა წინა აქციის ჩატარებისთვის პოლიციას "ქართული ოცნებისთვის" ხელი არ შეუშლია...

- მაგრამ არც დაუცავს! არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს მერაბიშვილის გაპრემიერ-მისტრება და შსს-ში ახალაიას დანიშვნა ივანიშვილის პოზიციების შესუსტებას უკავშირდება. ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, ვინაიდან ხელისუფლების ყველა ეს ნაწილი ერთი მიმართულებით მოქმედებს და მისი მიზანია, როგორმე შეუშალონ ხელი "ქართულ ოცნებას" გააკეთოს ის, რის გარანტიასაც იძლევა კონსტიტუცია. იმ შემთხვევაშიც კი, ხელისუფლებაში რომ დაპირისპირებული ჯგუფები არსებობდეს, ყველა მათგანი ერთი სტრატეგიით მოქმედებს და მათი მიზანია, ხელი შეუშალონ ოპოზიციის გააქტიურებას.

- "მაესტროს" ანტენების დაპატიმრებამ დაგვანახა, რომ ხელისუფლება "პირველ ჩვენებას" არ ღალატობს და აცხადებს, რომ "არსებობს გონივრული ეჭვი", რომ ანტენების შემოტანით "მაესტრო" "გლობალ-ტვ"-სა და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქმედებდა, რომელიც ამომრჩევლის ანტენებით მოსყიდვას ცდილობს. ერთი მხრივ ხელისუფლებამ "მასტ ქერი" მიიღო, მაგრამ მეორე მხრივ არანაირად არ სურს ხელისუფლებისაგან თავისუფალი მედიის არეალის გავრცელების გაზრდა.

- ანტენებთან დაკავშირებული დაყადაღებები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლების მიერ "მასტ ქერის" მიღება საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. იმას, რასაც ხელისუფლება ანტენებთან დაკავშირებით აკეთებს, სამართალთან ისეთივე კავშირი აქვს, როგორი კავშირიც მაქვს მე ვთქვათ, კოხინხიმის იმპერატორთან. ყველაფერი შეიძლება აკეთოს ვინმემ, მაგრამ ჩვენ საკმარისი ჭკუა გვაქვს საიმისოდ, რომ ის, რაც ხდება, ობიექტურად შევაფასოთ. გული მტკივა იმის გამო, რომ კონტროლის პალატა, სასამართლო და პროკურატურა ასე ურცხვად იყენებს ფორმულას "გონივრული ეჭვის" შესახებ. რასაც მე ვხედავ და რასაც ხელისუფლება "გონივრულ ეჭვს" უწოდებს, გონივრულობასთან საერთო არაფერი აქვს და ფრიად სახიფათოა, როცა სამართალდამცავი ორგანოები მცნებებით აპელირებას იწყებენ. როცა სასამართლო გადაწყვეტილებას არა უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ კონტროლის პალატის "გონივრული ეჭვის" საფუძველზე იღებს, ეს სახელმწიფოსთვის უაღრესად სახიფათოა.

- "გლობალ-ტვ"-სა და "მაესტროს" ანტენების დაყადაღებაზე საუბრისას ანტიამერიკელებისაგან ხშირად გაიგონებთ - როცა ჰუსეინმა თეფშები მოახსნევინა, აშშ პროტესტს გამოთქვამდა და ახლა სადაა ამერიკა? თქვენი აზრით, ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებზე ადეკვატური რეაქცია ექნება თუ არა იგივე ვაშინგტონს ან ბრიუსელს?

- მოხარული ვიქნებოდი, თუ ამაზე ჩვენს პარტნიორებს ადეკვატური რეაქცია ექნებოდათ. იმედია, ისინი თავის პოზიციას დააფიქსირებენ, მაგრამ აქვე ვიტყვი - ჩემთვის განმსაზღვრელი და მთავარია საქართველოს საზოგადოების რეაქცია. მიმაჩნია, რომ ჩვენს პრობლემებს თავად ჩვენ უნდა მოუაროთ. რამეთუ, ჩვენ ვართ ვალდებული გავწმინდოთ ჩვენი ქვეყანა იმ ნაგვისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაგროვდა. ნუ ვიქნებით სხვის იმედად! ჩვენს სადარბაზოებსა და ბინებს ნაგვისგან სხვა არ გაწმენდს. ეს ჩვენი ვალდებულებაა და სანამ ამას ჩვენ კარგად არ გავაცნობიერებთ, მანამდე არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ დავძლევთ იმ პრობლემებს, რომელიც საქართველოშია.

- პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას პოლიტიკოსებს მოუწოდა არ ესროლონ ერთმანეთს ტალახი. როგორც ვნახეთ, ერთმა მხარემ მეორეს კარალეთში ქვები დაუშინა. შეიძლება იმის იმედი გვქონდეს, რომ პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ხელისუფლება პატრიარქის მოწოდებას შეისმენს?

- ეკლესიის წინამძღვრის მოწოდებას მაშინ მოაქვს შედეგი, როცა მოწოდების გამგები არსებობს, ანუ, მორწმუნე ადამიანი, ვინც ამას შეისმენს, ადამიანი, რომელიც აანალიზებს და დასკვნები გამოაქვს. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია შეისმინოს და შეასრულოს ეს მოწოდება. მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს მათ შეასრულონ, მაგრამ ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება.