"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაპირებებზე პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გვესაუბრება:
- "ნაციონალური მოძრაობა" ელექტორატს ახლა 1.000-ლარიანი ვაუჩერის დარიგებას, სოფლის მეურნეობაში 4 მილიარდი ლარის ჩადებას, პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას, უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას ჰპირდება, მაგრამ სად იყო მმართველი გუნდი აქამდე? ბოლო 9 წელიწადში ქვეყანაში 6 არჩევნები ჩატარდა: ორი საპარლამენტო, ორო საპრეზიდენტო, ორიც - თვითმმართველობის, მაგრამ უხვად ჩამორიგებული დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა არ შესრულებულა.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცემული ჟურნალი, მრავლისმეტყველი სახელწოდებით "გზა გამარჯვებიკენ", წინასაარჩევნო დაპირებების მორიგი სკივრია, ის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოიცა... "ნაციონალური მოძრაობა" სადღაც, საოცრებათა ქვეყანაში გვეპატიჟება, რომელსაც დღევანდელ საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს. ჟურნალის გარეკანზე ჩამოწერილია 5 მიმზიდველი სოციალური ინიციატივა - 100-დოლარიანი პენსიით დაწყებული (უკვე 2008 წლიდან!), ნაკლებშემოსავლიანი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყველა მეორე შვილზე 1.000-ლარიანი დახმარების დაპირებით დამთავრდა. ილუსტრირებული ჟურნალის ფურცლებზე არანაკლები სიუხვით ჩამორიგებული აბსურდული მოწოდება - ლოზუნგები გვხვდება: "მატარებელი: პეკინი-თბილისი-ლონდონი", "დაიძინე ახალქალაქში - გაიღვიძე შუაგულ ევროპაში", "ჩვენს შვილებს შვეიცარიაზე ოცნება აღარ დასჭირდებათ", "ნუ წახვალ შვეიცარიაში, დაისვენე შაორზე", "კოდორიდან სოხუმი ხელისგულზე ჩანს, მალე სოხუმში ვიქნებით", "კოკოითი ფანდარასტ!", "ბოლო რუსულმა ტანკმა საქართველოს მიწა-წყალი 2007 წლის 15 ნოემბერს დატოვა" და ა.შ. სად არის მატარებელი, რომელსაც ლონდონში უნდა ჩავეყვანეთ?! აფხაზეთი არათუ დავიბრუნეთ, კოდორის ხეობაც სამარცხვინოდ დავკარგეთ, არც რუსულ ტანკს დაუტოვებია საქართველო და თბილისიდან 40 კილომეტრში დგას.
ერთადერთი, რაც ამ ჟურნალში მოცემული დაპირებებიდან შესრულდა, გასართობი კომპლექსი "ციცინათელაა" შავიზღვისპირეთში, რომლის მშენებლობაც სააკაშვილმა საკუთარ დამსახურებათა ნუსხაში შეიტანა, მაგრამ სიმართლე მაინც არ დაიმალა. ეს კომპლექსი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით აშენდა და ახლახან მის კომპანიას "ციცინათელას" მართვის უფლება ჩამოართვეს. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ ჰპირდებოდა ჯერ კიდევ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ წითელროლინგიანი მიხეილ სააკაშვილი მინისტრობიდან აწ გათავისუფლებულ კობა სუბელიანთან ერთად, საკრებულოს დარბაზში შეკრებილ დევნილებს, მომავალ ახალ წელს სოხუმში შევხვდებითო... ან ეგებ კოკოითი "ფანდარასტის" შემდეგ დავიბრუნეთ ცხინვალი? ან სად არის დანაპირები ყბადაღებული 2000 ტრაქტორი? მერაბიშვილის მთავრობის ახალ პროგრამაში ისევ 2000 ტრაქტორზეა ლაპარაკი! ასე გადადის მათი საარჩევნო დაპირებები სადღეგრძელოსავით, ერთი სამთავრობო პროგრამიდან მეორეში.. ახლა, ხელახლა იწყებენ ლაპარაკს სოფლის მეურნეობის აყვავებაზე, ხალხის დასაქმებაზე, სკოლების გარემონტებაზე, მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ სოფელ ხრეითში მთავრობის ექსკურსიის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ზემო იმერეთში მთელი თაობა გაიზარდა სკოლაში გათბობისა და ელემენტარული ადამიანური პირობების გარეშე... და ეს მაშინ, როცა განათლების ყოფილი მინისტრი, ჟანდარმი შაშკინი დააწინაურეს და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა, ქვეყნის ბედი ანდეს. ახლა ახალი წინასაარჩევნო პროგრამა, ლოზუნგი ააფრიალეს "მეტი სარგებელი ხალხს". ფიქრობენ, რომ ამომრჩეველს კოლექტიური სკლეროზი შეეყარა და აღარ ახსოვს, როგორ შეუსრულეს მათი მმართველობის 9 წლის მანძილზე სატყუარასავით ჩამორიგებული დაპირებები".