ტელეკომპანია ”მაესტროს” კუთვნილი დაახლოებით 10 ათასი სატელიტური ანტენა დაყადაღებულია. ამ ფაქტს 12 ივლისს არაერთი არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაცია გამოეხმაურა და დაგმო საქართველოს პროკურატურისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ანტენების დაყადაღების ფაქტთან დაკავშირებით. არაერთი მოწოდების შემდეგ საქართველოს პროკურატურა შეეცადა შედარებით დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისათვის, თუ რატომ გაჩნდა ეჭვი ტელეკომპანია ”მაესტროსა” და კოალიცია ”ქართული ოცნების” ფარული კავშირის შესახებ. რატომ მიიღო პროკურატურამ ”მაესტროს” კუთვნილი სატელიტური თეფშების დაყადაღების გადაწყვეტილება და როგორ აფასებენ ამ ფაქტს ”მაესტროს” დამფუძნებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები?
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების მოთხოვნასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა 11 ივლისს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა კიდეც. იმავე დღეს ტელეკომპანია ”მაესტრომ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან კოალიცია ”ქართულ ოცნებასა” და ფონდ ”ქომაგთან” გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებებისა და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. პროკურატურის მიერ 11 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ”მაესტრო" მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებდა. როგორც განცხადებაშია მითითებული, "სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ, პოლიტიკურ ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია "ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია "მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები“.
მას შემდეგ, რაც 12 ივლისს არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციებმა გაავრცელეს არაერთი მიმართვა საქართველოს პროკურატურისადმი, გამოექვეყნებინათ ტელეკომპანია ”მაესტროსა” და ”ქართული ოცნების” ფარული კავშირის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, 12 ივლისს საღამოს პროკურატურამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც შეეცადა უფრო დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისათვის ”მაესტროსა” და ”ქართული ოცნების” ფარული კავშირის შესახებ. განცხადებაში ვკითხულობთ:
მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" სატელიტური ანტენების იმპორტს თვალთმაქცური გარიგებების მეშვეობით ახორციელებს შპს "მაესტრო", რომელმაც ჩაანაცვლა შპს "ელიტა ბურჯი" და სხვა კომპანიები. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის დაფარვის მიზნით შპს "ელიტა ბურჯი" მზად იყო ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად გადაეხადა რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი, რათა არ გამჟღავნებულიყო რეალური მესაკუთრის - "ელიტა ბურჯისა" და "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" - მონაცემები.
გამოძიების მიხედვით ასევე დასტურდება, რომ განბაჟების პროცესს ახორციელებდა შპს "ელიტა ბურჯის" რამდენიმე წარმომადგენელი და არა შპს "მაესტროს" შესაბამისი პირი, რაც დამატებით ადასტურებს გარიგებების თვალთმაქცობას.
ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელი მამუკა ღლონტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აბსურდულს უწოდებს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ტელეკომპანია ”მაესტროსა” და ”ქართული ოცნების” ფარულ კავშირზე:
”არ ვიცი, შეიძლება რაიმე საიდუმლო ორგანიზაცია მუშაობს ”მაესტროში” ისე, რომ მე არ ვიცი. აბსურდულია ეს განცხადება, რადგან როგორ შეიძლება ერთმა შპს-მ მეორეს შპს-ს რაიმე დავალება მისცეს ხელშეკრულების არარსებობის პირობებში. შესაბამისად, სრულიად აბსურდულად მიმაჩნია ეს განცხადება”, - ამბობს მამუკა ღლონტი.
ტელეკომპანია ”მაესტრომ” პრომოაქცია ”მაესტრო ყველა ოჯახში” ზუსტად ერთი კვირის წინ დაიწყო, პირველი სიმბოლური სატელიტური ანტენა კი 3 ივლისს სოფელ ხანდაკში დაამონტაჟა. რაც შეეხება დაახლოებით 10 ათას სატელიტურ ანტენას, ისინი ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 11 ივლისს დააყადაღეს. „მაესტროს“ დამფუძნებელთა განცხადებით, პროექტის ძირითადი დამფინანსებლები ტელეკომპანიის პარტნიორები არიან, ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი კი „მაესტროს“დამფუძნებელი მაკა ასათიანია. როგორც მაკა ასათიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ რადიო თავისუფლებას გასულ კვირას უთხრა, დაფინანსების სისტემა სრულიად გამჭვირვალე იქნება. მართალია, მან პრომოაქციის ღირებულების ზუსტი ციფრი ვერ დაასახელა, მაგრამ აღნიშნა, რომ პროექტი საკმაოდ ძვირად ღირებულია. მისივე თქმით, პირველი ეტაპისათვის ტელეკომპანია ”მაესტრომ” დაახლოებით 100-120 ათასი სატელიტური ანტენა უკვე შეიძინა.
ასევე ერთი კვირის წინ ”მაესტროს” ხელმძღვანელები და იურისტები დარწმუნებით საუბრობდნენ რადიო თავისუფლებასთან, რომ მათ მიერ რეგიონების მოსახლეობისათვის დამონტაჟებული ანტენები ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ანტენების ბედს არ გაიზიარებდა და არ დააყადაღებდნენ. მათი მტკიცებით, ტელეკომპანიის გადაწყვეტილება ბიზნესმოგებაზე იყო გათვლილი და, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ სატელიტურ თეფშებს რაიმე სახის პრობლემები შეჰქმნოდა. ამასვე ადასტურებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მამუკა ღლონტი:
”ჩვენ ვაპირებდით ამ ანტენების გაყიდვას, მოსახლეობისათვის განვადებით მიცემას, რასაც, საბოლოოდ, ჩვენთვის საკმაო რაოდენობის სარგებელი უნდა მოეტანა”, - ამბობს მამუკა ღლონტი.
გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში თავად ღებულობდა მონაწილეობას სოფელ ხანდაკში სიმბოლური ანტენის დამონტაჟებაში. „მაესტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ახალ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს აკისრებს:
”ეს არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ასეთი ნაბიჯები ძალიან უკან სწევს სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფოს”, - მიაჩნია ლაშა ტუღუშს.
არაერთი მიმართვა გავრცელდა 12 ივლისს ”მაესტროს” კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი მიმართვის ხელმომწერია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრი, პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში მიუთითებს, რომ ხელისუფლება არაკონტროლირებად ტელეკომპანიებზე ანგარიშსწორების მეთოდებს ახორციელებს.
”განსაკუთრებით საარჩევნო წელს ასეთი ნაბიჯის გადადგმა არის აბსოლუტური პოლიტიკური ზეწოლისა და პოლიტიკური ტერორის მაგალითი. ჩვენ შეგვიძლია განგაშის ატეხა და ამას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენ ვტეხთ განგაშს. თუ გვინდა, რომ გევრქვას ნორმალური სახელმწიფო, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს”, - ამბობს გოგი ხუციშვილი.
რაც შეეხება აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას ფონდ ”ქომაგსა” და კოალიცია ”ქართულ ოცნებასთან” დადებულ სარეკლამო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, მამუკა ღლონტის განცხადებით, ამ მიმართულებით ტელეკომპანიაში რაიმე უკანონობა გამორიცხულია და დოკუმენტაციას ისინი აუდიტის სამსახურს უახლოეს დღეებში გადასცემენ.
12 ივლისს გავრცელდა ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელთა მიმართვა, რომლის ადრესატები არიან მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო დამკვირვებლები. როგორც განცხადებაშია მითითებული, მთავარი პროკურატურა და სასამართლო ხელს უშლის "მაესტროს", როგორც თავისუფალი მედიასაშუალების, ზრდა-განვითარებას და, შესაბამისად, ზღუდავს საზოგადოების უფლებას მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, რაც, მათი განცხადებით, არჩევნებამდე 2 თვით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.