”სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია ”ელიტა ბურჯის” ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია ”მაესტრომ” საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები. გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ”, - ეს არის ამონარიდი პროკურატურის განცხადებიდან, რომლითაც მან სასამართლოსთვის ”მაესტროს” ანტენების დაყადაღების მოთხოვნა განმარტა. დღეს ანტენები უკვე დაყადაღებულია. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ ტელეკომპანიას მიმართა სარეკლამო ხელშეკრულებებზე ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით. ”მაესტროს” დამფუძნებლებმა ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელეს, რომლის ადრესატები არიან მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო დამკვირვებლები: ”ტელეკომპანია ”მაესტრო” აცხადებს, რომ არის დამოუკიდებელი კერძო კომპანია, რომლის ერთადერთი ინტერესი განვითარება და აუდიტორიის გაზრდაა. სატელიტური თეფშების მონტაჟის გადაწყვეტილებაც ტელეკომპანიის ბიზნესგეგმაა და ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მისი შეფერხებით მთავარი პროკურატურა და სასამართლო ხელს უშლის ”მაესტროს”, როგორც თავისუფალი მედიასაშუალების ზრდა-განვითარებას და შესაბამისად, საზოგადოების უფლებას ზღუდავს, მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, რაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემად გვესახება”, - ნათქვამია მიმართვაში.გთავაზობთ ინტერვიუს ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთ დამფუძნებელ მამუკა ღლონტთან:
- ბატონო მამუკა, ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” გარშემო განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თუ ელოდით პროცესების ასეთ განვითარებას და რამდენად მზად აღმოჩნდით პროკურატურის ამგვარი გადაწყვეტილებისთვის?
- დიახ, შეუძლებელია, არ გვქონოდა პროცესების ამგვარი განვითარება გათვლილი. მეტსაც გეტყვით, ჩვენ უფრო რთული პროცესებისთვისაც ვართ მზად. ვაპირებთ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი კანონიერი უფლებები. ტელევიზიისთვის ანტენების დაყადაღება ისეთივე აბსურდული რამაა, როგორც გაზეთისთვის ქაღალდის შემოტანის აკრძალვა.
- თქვენ განაცხადეთ, რომ დაჯარიმების შემთხვევაში არ აპირებთ ჯარიმის გადახდას, ასეთ შემთხვევაში ხომ არ დაემუქრება გაჩერება ”მაესტროს” ან თუ წავა ვითარების ამგვარ გამწვავებაზე ხელისუფლება? როგორც წესი, საერთაშორისო საზოგადოებრიობა განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს ხოლმე მედიასაშუალებების შეზღუდვაზე?
- კიდევ ვიმეორებ, დაჯარიმების შემთხვევაში უკანონო ჯარიმის არც ერთ კაპიკს არ გადავიხდით, არ შევუწყობთ ხელისუფლებას ამ უკანონო პროცესებში ხელს. რამდენადაც თავს დაუხრი ადამიანი ამათ უკანონო და უსამართლო ქმედებებს, მით უფრო უარესს იზამენ. დიახ, გაჩერების საფრთხე არსებობს, თუმცა, დღეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მართლაც ძალიან ფართომასშტაბიანი საერთაშორისო მონიტორინგი ხორციელდება, დასკვნებიც ინტენსიურად და საკმაოდ მკაცრი კეთდება. დღევანდელი სიტუაცია ამ თვალსაზრისით გაცილებით განსხვავდება 2007 წლის ვითარებისგან, როდესაც ”იმედი” დაარბიეს, თუმცა, იმჟამადაც ამას საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ვნახოთ, რა იქნებ ამჯერად. ბრძოლას ყველა სამართლებრივი გზით გავაგრძელებთ და აუცილებლად დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს.
- პროკურატურის განმარტებით, თქვენ გეგმავდით სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემას, რის გამოც გაუჩნდათ ეჭვი, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა ამომრჩევლის მოსყიდვას.
- არ ვიცი, რა გითხრათ, ეს ისეთი აბსურდია... ერთი ამერიკული ფილმი მახსენდება, სადაც კომპიუტერი წინასწარ იკვლევს ჯერ ჩაუდენელ დანაშაულს, ეცლიათ, ბატონო, დაგვერიგებინა ეს ანტენები და ხომ ნახავდნენ, რა ხელშეკრულებით ვარიგებდით. ჯერ ერთი, უსასყიდლოდაც რომ გადაგვეცა, ეს ჩვენთვის შეიძლება მაინც მომგებიანი ყოფილიყო, რადგან ამით გავაფართოებდით ჩვენი მაუწყებლობის არეალს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახებოდა ჩვენთან რეკლამის ოდენობის გაზრდაზე, რაზეც წესით ორიენტირებული უნდა იყოს ყველა ტელევიზია, თუმცა, ჩვენ ასეთი გეგმა არ გვქონია. ჩვენი იურისტები კარგა ხანს მუშაობდნენ ამ ხელშეკრულებებზე, ეს არის კარგად გათვლილი ბიზნესგეგმა. თანაც, წარმოუდგენელ რამეს ამბობს პროკურატურა, რომ თურმე ერთმა შპს-მ მეორე შპს-ს დაავალა რაღაცის გაკეთება, ყოველგვარი ხელშეკრულებისა და მოლაპარაკების გარეშე.
- რადგან პოლიტიკური მოსყიდვაა ნახსენები პროკურატურის განცხადებაში, გამოდის, გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს მიაწერენ ”მაესტროს”. ამისთვის არსებობს რაიმე საფუძველი?
- არანაირი, ვერაფრით მოახერხებენ ჩვენთვის პოლიტიკური მიზნების მოწერას, ამისი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. გარდა ამისა, არის ბოლოდროინდელი უამრავი კვლევა, რომლის მიხედვითაც ჩვენი ტელევიზია საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ ტელევიზიად არის მიჩნეული. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშიც, როგორიცაა ეუთო. ისე, პოლიტიკურ მიზნებს თუ ეძებენ, მოძებნონ პოლიტიკოსისა და ხელისუფლების ერთ-ერთი ჩინოსნის, გიგა ბოკერიას მეუღლის ჟურნალში, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია და ერთადერთი მედიაგამოცემაა ქვეყანაში, რომელიც უფასოდ ვრცელდება.
- ამ პროცესების პარალელურად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თქვენგან სარეკლამო ხელშეკრულებების თაობაზე ინფორმაცია მითხოვა, როგორ ფიქრობთ, ეს დამთხვევა შემთხვევითობაა?
- არა, მე ასე არ ვფიქრობ. საქმე ის არს, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ჩვენი ტელევიზიის მისამართით არაერთი რეპრესიული ხერხის გამოყენება სცადა ამ ხელისუფლებამ, არაერთი საქმეა აღძრული, სადაც ”მაესტრო” ფიგურირებს და არც ერთი მათგანი გამოძიებული არ არის. ამიტომ ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ეს შეტევა მიზანმიმართულად არის განხორციელებული. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას ეძებს ჩვენთან მოგელაძის უწყება. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ყველა იმ წესს, რაც სარეკლამო ხელშეკრულებებისთვის არის დადგენილი, მასალები მზადდება და გადაეცემა მოგელაძეს, დასამალი არაფერი გვაქვს.