ელექტრონული ანგარიშსწორების გიგანტი CheckFree

ელექტრონული ანგარიშსწორების გიგანტი CheckFree

კომპანია CheckFree ელექტრონული გადახდების სფეროს ლიდერი გახლავთ, რომელიც მსოფლიო ბაზრის 60 პროცენტს აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ძალზე მოკლე დროში, სწორი ბიზნეს-გათვლების წყალობით ეგზომ წარმატებული გახდა.

 

ბებიის სარდაფში

27 წლის წინ პიტ კაიტმა ინსტიტუტი ვერ დაამთავრა, სამაგიეროდ, მან შექმნა თავისი სფეროს ლიდერი კომპანია. მოკლედ, ყველაფერი ისე როდი დაიწყო, როგორც საერთოდ, დიდი ბიზნეს-ისტორიები იწყება ხოლმე, თუმცა, ეს ბიზნესი მაინც ძალზე წარმატებული აღმოჩნდა.

 

მაშ ასე, 1981 წელს 23 წლის კაიტი ინსტიტუტიდან გარიცხეს. იგი ბებიასთან გადასახლდა და ცხოვრებაზე დაფიქრდა. ჯიბეში მხოლოდ 777 დოლარი ედო, თავში კი იდეა უტრიალებდა. მის განსახორციელებლად ბებიამ სარდაფი დაუთმო, სადაც განსვენებული მეუღლის სათევზაო მოწყობილობა და ათასგვარი ხარა-ხურა ინახებოდა.

 

კაიტმა მუშაობა ფიტნეს-ცენტრში მენეჯერად დაიწყო. მან მალე შენიშნა, რომ კლიენტებს სეზონური აბონემენტის ღირებულების ერთიანად გადახდა აფრთხობდა. ამიტომაც, ცენტრის მფლობელებს შესთავაზა წლიური გადასახადი 12 თანაბარ ნაწილად დაეყოთ და კლიენტებისათვის ყოველთვიურად ანგარიში წარედგინათ.

 

ეს სიახლე კლიენტებს ძალიან მოეწონათ და ფიტნეს-ცენტრის შემოსავალმა გვარიანად იმატა. ანგარიშსწორების თვალყურის დევნების გასაადვილებლად კაიტმა კომპიუტერული პროგრამა დაწერა, რომლის გამოყენებაც, როგორც მოგვიანებით მიხვდა, სხვა სფეროებშიც იყო შესაძლებელი.

 

80-იანი წლების დასაწყისში სხვადასხვა მომსახურების, მაგალითად, ელექტოენერგიის, ან ბუნებრივი აირის დანახარჯის ანაზღაურება აშშ-ში საბანკო ჩეკების საშუალებით ხდებოდა. ყველა ამერიკული ოჯახი ყოველთვიურად ათობით ანგარიშს იღებდა და საჭირო დოკუმენტებისა და ჩეკების შესავსებად დიდძალ დროს ხარჯავდა. ჰოდა, კაიტმა მოიფიქრა, როგორ მოეხდინა ამ პროცესების კომპიუტერიზაცია და ამერიკული ოჯახები ზედმეტი წვალებისაგან გაენთავისუფლებინა.

 

ამისათვის მას, ცხადია, კომპიუტერი სჭირდებოდა, რაც მისთვის მიუწვდომელი ფუფუნება იყო. იგი ფიტნეს-ცენტრის ხელმძღვანელობას მოელაპარაკა და მათაც ღამ-ღამობით კომპიუტერით სარგებლობის და მუშაობის ნება დართეს. კაიტი პროგრამას გულმოდგინედ წერდა, საკუთარი კომპანია CheckFree დაარეგისტრირა და რამდენიმე ნაცნობს მომსახურება შესთავაზა.

 

მსოფლიო ლიდერი

მოკლედ, საქმე ნელ-ნელა დაიძრა. კაიტს კლიენტები მოუმრავლდა და მას სხვისი კომპიუტერი და ბებიის სარდაფი უკვე აღარ ჰყოფნიდა. მან დასახმარებლად ვენჩურულ კაპიტალისტებს მიმართა, მაგრამ 90-იანი წლების ტექნოლოგიურ ბუმამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი და დაფინანსებაზე უარი მიიღო. თუმცა, მათზე უფრო შორსმჭვრეტელი მზღვეველთა კონსორციუმი აღმოჩნდა, რომელმაც კაიტის ბიზნესში 3 მილიონი დოლარი ჩადო.

 

ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ერთ-ერთ პირველ ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანია CompuServe-სთან თანამშრომლობის დაწყება, რომელიც CheckFree-ის პარტნიორი გახდა და მისმა თანამშრომლებმა ახალი სერვისით სარგებლობა დაიწყეს. თუმცა, ამის შემდეგაც ელექტრონული გადახდების სისტემა საყოველთაო მაინც ვერ გახდა, რადგან კონსერვატიულად მოაზროვნე ბანკირებს არაფრის შეცვლა არ უნდოდათ.

 

სკეპტიკოსები რომ დაერწმუნებინათ, CheckFree-მ საკუთარი საიტი გახსნა, რომლითაც ყველას შეეძლო კომუნალური გადასახადების გადახდა. კომპანიის მომხმარებელთა რიცხვი იზრდებოდა, რასთან ერთადაც ბანკები იძულებული იყვნენ თავიანთი დამოკიდებულებისათვის გადაეხედათ.

 

90-იანი წლების დასაწყისის ინტერნეტ-ბუმს CheckFree-ის კლიენტურის სწრაფი ზრდა მოჰყვა. მისი ძირითადი მომხმარებლები უკვე არა ფიზიკური, არამედ იურიდიული პირები იყვნენ. შესაბამისად, განხორციელდა კომპანიის ბიზნეს-მოდელის გარკვეული ცვლილება. ამასთან, თანდათანობით დაიწყო უცხოური ბაზრების ათვისება.

 

დღეს, დაარსებიდან 27 წლის შემდეგ კომპანია CheckFree ელექტრონული გადახდების სფეროს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა. მისი წლიური ბრუნვა 1,5 მილიარდ დოლარს, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 5,3 მილიარდ დოლარს აღწევს.