ვინ იგებს ომს ევროპის გულის მოსაგებად

ვინ იგებს ომს ევროპის გულის მოსაგებად

ნოდია: ივანიშვილის საგარეო გააქტიურებას უფრო ნეგატიური ეფექტი ჰქონდა, ვიდრე - პოზიტიური

"...სააკაშვილი არის პროფესიონალი მატყუარა და მარტენსი მისი სიცრუის ტყვეობაშია. მოვახერხებთ, მას რეალობა ვაჩვენოთ... ეს ჩემი დიდი სურვილია. ლამის სააკაშვილის სიტყვებს ხმარობს - წარსულის დაბრუნებას და კომუნისტებს", - ეს განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში ევროპის სახალხო პარტიის (უზზ) პრეზიდენტ ვილფრედ მარტენსთან შეხვდრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

4 ივლისს სტრასბურგში ევროპარლამენტში გამართული დებატებიდან ერთი კვირაა გასული, მაგრამ ვინ მოიგო ევროპარლამენტში დებატები - ხელისუფლებამ თუ "ქართულმა ოცნებამ", ამის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მსგავსად "პირწმინდად მოგებაზე" საუბრობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, აქტიურად მიმდინარეობს კამათი - წააგო თუ მოიგო საგარეო პოლიტიკის ფრონტზე "ქართულმა ოცნებამ" ლობისტური ომი?!

პროსახელისუფლებო თუ ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები თანხმდებიან იმაში, რომ დასავლეთის ფრონტზე ჯერჯერობით "პირწმინდად" არავის მოუგია და ლობისტების ომი გრძელდება.

4 ივლისს გამართულ დებატებზე კომენტარი გუშინ ბათუმში გამართულ მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზეც გრძელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის დებატებში საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერ პარლამენტართა რიგებში ვილფრედ მარტინესი გამოირჩეოდა და მან ივანიშვილის მიმართ კრიტიკული სტატია ფრანგულ "ლე მონდშიც" გამოაქვეყნა. "ვხედავ ზეწოლას.

კომუნისტური რეჟიმიდან გამომდინარე არის პოლიტიკური შეტევები" - ეს შეფასება მარტენსმა გუშინ ბათუმში გამართულ მე-9 საერთაშორისო კონფერენციის, ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც გააკეთა.

სააკაშვილიც კიდევ ერთხელ შეეხო ამ ფაქტს, კიდევ ერთხელ აღიარა, რომ დებატები მათ მოიგეს და ყველა ფრაქციის წარმომადგენლისგან ძალიან ნათელი გზავნილი წამოვიდა, რომ "ევროპა არ იყიდება".

კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორი გია ნოდია აცხადებს, რომ 4 ივლისის დებატებისას პირწმინდად არც ერ მხარეს არ წაუგია. "უბრალოდ პოლიტიკოსებისთვის არის დამახასიათებელი რადიკალური განცხადებების გაკეთება, ამიტომაც საკვირველი არ არის, როცა სააკაშვილი იტყვის ივანიშილზე რომ პირწმინდად წააგო, ივანიშვილის მხარე - იტყვის, რომ პირწმინდად მოიგო, ისე როგორც ეს თქვა ხიდაშელმა".

ნოდია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ინტერესში არ შედის, რომ დასავლეთი ჩართოს შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ეს უფრო ივანიშვილის სურვილია და ამის გათვალისწინებით ივანიშვილს არაფერი მიუღწევია.

"საქართველო ხელიუფლების მიმარ კრიტიკულად განწყობილი ხალხი ივანიშვლის გარეშეც არის დასავლეთში. ის ხალხი, ვინც ხელისუფლების მიმართ დადებითად იყო განწყობილი, ივანიშვილმა რამდენად გადაარწმუნა, ამის ნიშნები არ შემიმჩევია," - ამბობს ნოდია და დასძენს, რომ - უფრო მეტიც, ივანიშვილის მხრიდან საგარეო გააქტიურებას უფრო მეტად ნეგატიური ეფექტიც ჰქონდა, ვიდრე - პოზიტიური.

"ივანიშვლის მხრიდან დასავლეთზე განსაკუთრებით დიდი ყურადღების მიქცევა ემყარება იმის დაშვებას, რომ საქართველოს ბედი საქართველოში, ქარველი ხალხის მიერ კი არ წყდება, არამედ ვაშინგტონში ან ევროპაში. ეს კი, ჩემი აზრით, არასწორია და ეს პოზიტიურად არ განაწყობს დასავლეთში ხალხს," - აკონკრეტებს ნოდია.

ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მართალია, დასავლეთის ფრონტზე "ქართული ოცნება" ვერ იგებს, მაგრამ არც აგებს და ევროპარლამენტში იყო დისკუსია, სადაც მხარდამჭერი პოზიციაც მოვისმინეთ და პირიქითაც.

თვლის, რომ რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო ინტენსიური მუშაობა ევროპაშიც, მაგრამ ძალიან რთული იქნებოდა 8-წლიანი სტაჟის მქონე "ნაციონალური მოძრაობის" გაჯიბრება".

თუმცა საყვარელიძე მიიჩნევს, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე ინფორმირებულია და ივანიშვილის დიდი ძალისხმევის გარეშეც აპირებს მომავალ არჩევნებს დიდი გულისყურით და ობიექტურად დააკვირლეს.

რამაზ საყვარელიძე: "გაზაფხულზე აშშ-ს სენატში აშშ-ს ახალი ელჩის ნორლანდის კანდიდანტურის განხილვის პროცესები გავიხსენოთ. ეს პროცედურა ქართული აუდიტორიისთვის არ იყო განკუთვნილი, მაგრამ ითქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემებია, მოსწორებული საარჩევნო ველია, ასევე ის, რომ კონტროლის პალატის მიერ წარმოებული ოპერაციები თვალშისაცემია, როგორც არასიმეტრიული და ა.შ.

"ამის შემდეგ მართალია ჩვენ ვხდავთ ენ-დი-აი-ს კვლევებსაც, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მკაფიოდ იკავებს ერთ-ერთი მოთამაშის მხარეს და სოციოლოგიურ კვლევაშიც კი ტყუილის შემოთავაზება უნდათ. თუ აშშ-ს ადინისტაციის ჩანაწერების მიხედვით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ენ-დი-აი უფრო ანტიამერიკულ საქმეს აკეთებს, ვიდრე იმას, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ცდილობს რაიმეზე თვალი დახუჭოს."

საყვარელიძე ამბობს, რომ ევროპის პოლიტიკური სპექტრი გაცილებით ჭრელია, ვიდრე ჩვენ ქვეყნის შიგნით გვაქვს. ჩვენთან არ გვაქვს რეაქცია, როცა ქართული პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენლები განსხვავებულ პოზიციებს იკავებენ და ანალოგიურად არც იმათი თითოეული ნათქვამის გადაფასება ღირს ასე ზედმიწევნით.

"ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორი ქეთი ციხელაშვილი ამბობს, რომ "ევროპარლამენტს ცხადია, გარკვეული დატვირთვა აქვს, მაგრამ მას ისეთი წონა არ გააჩნია, როგორც ჩვენთან გაშუქდა. მეორეც, ძალიან მკვეთრად განსხვავებული რეალობები დაიხატა ევროკავშირის ამ დებატებზე და ეს ბათუმის ფორუმზეც აღინიშნა, სადაც ევროპარლამენტარები იმყოფებიან.

ქეთი ციხელაშვილი: "დებატებისას იყო განხილვები - რამდენად ადეკვატურად არის პლურალიზმი წარმოდგენილი და როგორია საქართველოს პოლიტიკური სისტემა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც კარგად არ არის... ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ გამარჯვებულად ცალსახად ვერავის დავსახავთ. ასეთი ტიპის დებატები ქვეყნისთვის მომგებიანი ნამდვილად არ არის. აქ, ბათუმშიც კი აღნიშნეს, რომ იმდენად მკვეთრი შეფასებები გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით, ისეთი განცდა გაგვიჩნდა, სხვა ქვეყანაზე ხომ არ ვსაუბრობთო."

ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დებატებზე დაყრდნობით საგარეო ფრონტზე ვინმეს მოგება-წაგებაზე საუბარი არაკორექტულია.

"მარტენსი ევროპის სახალხო პარტიიდანაა, ამავე დროს ევროპარლამენტში იდეოლოგიური ნიშნით გაერთიანებულია სხვა ჯგუფებიც, იგივე სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები, მწვანეები და მათ სხვადასხვა პოზიციები აქვთ და ასე იყო ევროპარლამენტის დებატების დროსაც. ევროპარლამენტის სხვა ჯგუფს სხვა მოსაზრებები აქვს და ეს თავის მხრივ ცუდი არ არის.

"ევროკავშირის დებატებზე დაყრდნობით წაგება-მოგებაზე საუბარი არაკორექტულად მიმაჩნია. შეიძლება რაღაც პერიოდში ვიღაცამ გაიძლიეროს პოზიციები, ვიღაცას მეტი მომხრე ჰყავდეს, მაგრამ ისე არ დგას საკითხი, რომ ვიღაცამ წააგო ან ვიღაცამ მოიგო. ევროკავშირში ერთი გაზიარებული პოზიცია არსებობს, პირველი, მათთვის მთვარია ეს პროცესები ლეგიტიმურ ჩარჩოებში წარიმართოს და მთელი ძალისხმევა საარჩევნო გარემოზე აქვთ მიმართული. მათი პრიორიტეტი ისაა, რომ ეს თამაშები წესების დაცვით მიდიოდეს," - ამბობს ციხელაშვილი და მიაჩნია, რომ "ორივე მხარეს აქცენტი იმაზე აქვს აღებული, დასავლეთში რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი მოიპოვონ. პოლიტიკური პარტიების ამოცანა კი ის უნდა იყოს, წესებით ითამაშონ და ქვეყნის შიგნით ამომრჩევლის ხმა მოიგონ."

გია ნოდია აცხადებს, რომ თავად დებატების დანიშვნა იყო ის, რაც უნდოდა ივანიშვილს და ნაკლებად სურდა სააკაშვილს: "ევროპარლამენტში დებატების გამართვა "ქართული ოცნების" სურვილი და ინიციატივა იყო. რესპუბლიკელებს თავის გამოჩენა უნდოდათ, რომ ისინი გავლენიანები არიან და ამით "ქართული ოცნების" შიგნით პოზიციები გაიმყარეს."

ის მიჩნევს, რომ "ქართული ოცნებისთვის" დებატები მიღწევა იყო, მაგრამ ის, რომ ევროპარლამენტში საქართველოს არჩევნების საკითხი წინასწარ სპეციალურად განიხილება, საქართველოსთვის ეს მიღწევა ნამდვილად არ არის.

გია ნოდია: "განვითარებულ დემოკრატიებზე მსგავსი დებატები ნაკლებად მოსალოდნელია. საფრანგეთზე არავინ იკამათებდა, არის თუ რა დემოკრატია. საქართველო გარდამავალი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიის პრობლემები აქვს და როცა საქართველოს ოპოზიცია არბიტრად უხმობს ევროპას, ნებისმიერი ევროპელი იტყვის იმას, რასა სწამს და შეიძლება ის არ მოგეწონოს.

"შეფასებების შემდეგ ხიდაშელმა თქვა, რომ ლანდსბერგისის გარდა ჩვენი კოალიციისთვის ყველა კარგი კომენტარი იყო, თუმცა ვნახეთ, რომ სხვებიც იყვნენ, ვინც ივანიშვილი გააკრიტიკა. მეორე შეფასება ივანიშვილის მხრიდან იყო და მან თქვა, რომ უკვე წარმატებაა, როცა საქართველოს საკითხი დადგა ევროპაშიო. ანუ, ეს ფაქტი მათი პარტიისთვის უკვე წარმატებაა. თუმცა როცა ევროპაში საქართველოს დემოკრატიის დონეზე და არჩევნები როგორი იქნება, ამაზე მიდის დებატები და თან ამის ინიციატორი შენ არ ხარ, არ უნდა გეწყინოს ის, რომ ვიღაც შემოგიბრუნდეს და შენზე თქვას ცუდი. სადაც ხელისუფლების კრიტიკა შეიძლება, იქ ოპოზიციის კრიტიკაც მისაღებია და ეს დღევანდელ სამყაროში არავის უკვირს," - განმარტავს ნოდია.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ დებატებიდან არც ხელისუფლება დარჩა წაგებული - ხელისუფლებამ მოიგო ის, რომ ეს დებატები ივანიშვილის პარტიის ინიციატივით გაიმართა, მაგრამ იქ ივანიშვილი არანაკლებ გააკრიტიკეს.

"ძალაუფლებაში ფულის მეშვეობით მოსვლის მცდელობა და რუსეთთან კავშირები არის შეშფოთების საგანი - ეს არ არის მიშისტური პროპაგანდა, არამედ ეს ვარაუდები ევროპაში მოაზროვნე ადამიანებსაც უჩნდება," - ამბობს ნოდია და დასძენს, რომ საგარე ფროტზე ივანიშვილი ბევრს იღწვის და მიაჩნია, რომ ქვეყნის შიგნით არჩევნების მოგებაზე მეტად დასავლეთში კეთილგანწყობის მოპოვებაა გამარჯვების მთავარი ფორმულა, რეალურად კი ასეთი მიდგომა თვით დასავლეთშიც კი შეიძლება ნეგატიურად იქნას შეფასებული.