"მაესტროს" დააყადაღებენ, გამოირთვება ტელევიზია და მერე ვნახოთ.

"იმ სინდრომს, რასაც საქართველოში აქვს ადგილი თავისუფლად დაერქმეოდა "დაყადაღებული სატელიტური თეფშების სინდრომი". დევიზიც მოვიგონეთ: "არც ერთი თეფში ჩვენს გვერდით თუ ზევით!" მოკლედ, "ესე ამბავი ახალი თეფშებისა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით მამუკა ღლონტი: "მაესტროს" დააყადაღებენ, გამოირთვება ტელევიზია და მერე ვნახოთ.

"სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია "ელიტა-ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია "მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები. გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას", -აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. "ალია" კომენტარისთვის "მაესტროს" დამფუძნებელ მამუკა ღლონტს დაუკავშირდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"რა ღირებულებისაა ეს სატელიტური თეფშები მე ასეთი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ბაზარზე მასეთი თეფში ალბათ 50 ლარი ღირს. როცა პროდუქცია ქარხნიდან მოდის, ეს ფასი კიდევ უფრო მცირდება. მთლიანად ეს ანტენები, სავარაუდოდ, 200 000 ლარისაა. ფრაზა, რომ "ელიტა ბურჯის" დავალებით "მაესტრომ" შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები" ნიშნავს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. იმიტომ, რომ დაყადაღებულია 10 000 თეფში და ეს არ არის დიდი რაოდენობა საქართველოსთვის. რაც შეეხება "ელიტა ბურჯის" დავალებას - ეს სრული აბსურდია. დავალება შეიძლება მისცეს უფროსმა უმცროსს და ეს ფირმა არ არის არც ჩვენი ხელმძღვანელი და არც არაფერი. შესაბამისად, ეს კომპანია ვერავითარ დავალებას ვერ მოგვცემდა. სრული აბსურდია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ღლონტი.

"ჩვენი ძირითადი საქმიანობა "მაესტროს" სიგნალის გავრცელებაა, ვიმეორებ, ძირითადი. თუმცა არა მარტო საქმიანობა, არამედ მოვალეობაც. ბუნებრივია, ყველა საკაბელო ტელევიზია ცდილობს გააფართოვოს თავისი გავრცელების არეალი. მით უმეტეს რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო "მაესტროში". 50-ლარიანი თეფშების გავრცელება, არ მგონია, გასაკვირი იყოს. ამის განვადებით მიცემას ვაპირებდით მოსახლეობისთვის და ამაში 20% მოგებას პოულობდა "მაესტრო". ეს იგივეა, გაზეთს რომ აუკრძალონ ქაღალდის შემოტანა - რაც თქვენთვის ქაღალდია, ის არის ჩვენთვის ანტენა", - დასძენს მამუკა ღლონტი და შეკითხვას - "სავარაუდოდ, დაგაჯარიმებენ?" - პასუხობს:

"სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სავარაუდოდ, შეიძლება დაგვაჯარიმონ, შეიძლება ვინმე დაიჭირონ. ჩემი გეგმა ასეთია: არც ერთი კაპიკი არ უნდა გადავიხადოთ. თუ "მაესტროს" დააყადაღებენ, გამოირთვება ტელევიზია და მერე ვნახოთ, რა დასკვნას დაუდებენ ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციები. მილიონი სისულელე გააკეთა ხელისუფლებამ და ეს არის ყველაზე დიდი სისულელე. ეს ნამდვილად არ ასხამს წყალს მის წისქვილზე. "მაესტროს" გამორთვა შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას და ის, რომ კომპანია მაყურებელს იზიდავს და დააბრალო, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვსო, სრული აბსურდია.

"პროკურატურა მხოლოდ ეჭვების საფუძველზე თუ მოქმედებს, მაშინ მეც მაქვს ეჭვი, რომ "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" ძირითადი შემოსავლები მიბმულია მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე და პოლიტიკურად არის დაკავშირებული მასთან - რა ვთქვათ, გავუუქმოთ ამ მაუწყებლებს ლიცენზია?", ამბობს მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე და თვლის, რომ თუ პროკურატურამ "მაესტროს"მ პოლიტიკური ოპოზიციასთან კკავშირზე კონკრეტული ფაქტები არ წაუყენა, ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაცია გარდაუვალი იქნება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მაესტროს" ანტენები დაუყადაღეს / მმართველმა გუნდმა გონს უნდა მოუხმოს და ასეთ ნაბიჯებზე არ უნდა წავიდნენ".

"მე არ ვარ პოლიტიკური ორგანიზაცია, არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას და საერთოდ არ მაინტერესებს ამომრჩევლის ხმა. ამიტომაც ჩემთვის პროკურატურის მხრიდან ამგვარი ქმედება გაუგებარია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რაში დასჭირდათ ამის გაკეთება", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "მაესტროს" გენდირექტორი ბაჩო კიკაბიძე, რომლის თქმით ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მამუკა ღლონტი კი "ფორ.გე"- სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა თეფშების ამოღება კაფეებიდან და რესტორნებიდანაც კი დაიწყოს, რადგან ყველანაირი თეფშების ეშინია", - აღნიშნავს გამოცემა.

"არანაირი სამართლებრივი საფუძველი აქ ჯერ არ იკვეთება, პროკურატურის გონივრული ეჭვი ჩვენ არაფერში არ გამოგვადგება. მათ კონკრეტული ფაქტები უნდა დადონ იმის შესახებ, რომ ნამდვილად არის კავშირი პოლიტიკურ ოპოზიციასა და ტელეკომპანია "მაესტროს" შორის და დაასაბუთონ, რომ სწორედ ეს კონკრეტული ფაქტი არის ანტენების დაყადარების საფუძველი. ანუ თუ არ იქნება კონკრეტულად, არგუმენტირებულად დასაბუთებული და სატანადო პროცედურები ჩატარებული, მიმაჩნია, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება იქნება ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ სერიოზული ესკალაცია და ვთვლი, რომ წარმოშობს დაძაბულობას. მმართველმა გუნდმა გონს უნდა მოუხმოს და ასეთ ნაბიჯებზე არ უნდა წავიდნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ქორიძე.