ყველა შრომისუნარიანი ადამიანის დასაქმება, ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაზღვევა, სოფლის მეურნეობის აღორძინება! _ სააკაშვილმა ეს პრიორიტეტები გამოყო და მათი უზრუნველყოფა ვანო მერაბიშვილს დაავალა. შინაგან საქმეთა ექსმინისტრი და მოქმედი პრემიერი ახალ ამპლუას სწრაფად მოერგო და მეორე კვირაა, მხოლოდ საჯარო გამოსვლებით კი არაა დაკავებული, არამედ, კონკრეტული საქმეც დაიწყო _ ვაზისუბანში საფუძველი ახალ, მსხვილმასშტაბიან “სითიცენტრის” მშენებლობას ჩაუყარა... არჩევნებამდე რანდენიმე თვეა დარჩენილი და თუ მერაბიშვილმა ყოველ კვირას ახალი ფართომასშტაბიანი და მსხვილინვესტიციანი პროექტების განხორციელება დაიწყო, მაშინ არჩევნებამდე... მაინც, და რა მოხდება არჩევნებამდე? “ქართული სიტყვა” “ქართული კოალიციისა” და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ სახეს, დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.
- ბატონო დავით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ვანო მერაბიშვილი ყველაზე გავლენიან და პროდუქტიულ მინისტრად ითვლებოდა. პირველ რიგში, მაინტერსებს, გავლენას ახალ პოსტზეც შეინარჩუნებს?
- ჩვენთან პრემიერობა, რეალურად, არანაირი პოსტი არაა. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეულ მიმართულებას... შს მინისტრს, რომელიც პრემიერს არ ექვემდებარება, გაცილებით მეტი უფლებები აქვს. ამიტომ, იმის თქმა, რომ ვანო მერაბიშვილის მეტი უფლებები მიენიჭა, სწორი არაა, მით უმეტეს, მაშინ, როცა შს მინისტრად ბაჩო ახალია დაინიშნა, თავდაცვის მინისტრად კი, _ შაშკინი. ამ შემთხვევაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერაბიშვილი დაქვეითდა.
- ანუ, სააკაშვილმა თავისი ყველაზე საამაყო მინისტრი დააქვეითა?
- რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, ვანო მერაბიშვილი ძალოვან სტრუქტურას ვერ გააკონტროლებს, რაც მიშას ინტერესებში შედის. ბაჩო ახალაია კი, პირადად მიშა სააკაშვილის კაცია.
- სააკაშვილი მერაბიშვილს აღარ ენდობა?
- საქმე ნდობაზე არაა. არ მგონია, ვანოს ის, რასაც მიშა უბრძანებდა, არ შეესრულებინა, მაგრამ სააკაშვილი ახალაიას უფრო ენდობა.
- ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ ივანიშვილმა თავის დროზე მერაბიშვილის მიმართ სიმპათია გამოხატა?
- პირდაპირი გაგებით სიმპათია არ გამოუხატავს, მაგრამ ივანიშვილმა თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი კარგი მენეჯერია. ვფიქრობ, სააკაშვილმა ჩათვალა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მერაბიშვილი შესაძლოა, სანდო არ იყოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ამიტომ მოაშორა. ბაჩო ახალაია კი, უფსკრულში გადაყვება სააკაშვილს, ეს მიშამ იცის და ამიტომ აწყობს, თუმცა მიუხედავდ ასეთი ცვლილებებისა, მიშა მაინც ვერაფრს გააკეთებს და მისი კრახი გარადუვალია.
- ვანო მერაბიშვილი აქტიურად შეუდგა მუშაობას და იქნებ, არჩევნებამდე შედეგიც დადოს?
- გამორიცხულია, რა უნდა გააკეთოს?! _ პოპულისტური გამოსვლები, ცრუ დაპირებები, რეალურად კი, არაფერი იქნება. რასაც ახლა მერაბიშვილი ქადაგებს, ყველაფერი “ქართული ოცნების” პროგრამიდანაა. ჩვენ ვქვით, რომ მილიარდიანი ინვესიტიცია უნდა ჩაიდოს სოფლის მეურნეობაში, მერაბიშვილი ამბობს, სამი მილიარდი უნდა ჩაიდოსო. ხელისუფლების სიტყვას ფასი არ აქვს. ამ ხელისუფლების დაპირებებს ათი წელია, ვუსმენთ და ძალიან კარგად ვიცით, რომ რასაც არჩევნების დროს გვპირდება, არჩევნების შემდეგ აღარ აკეთებს. ვანო მერაბიშვილმა რაც არ უნდა მოინდომოს, ვერაფერს გააკეთებს!
- ფიქრობთ, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილი გაწირა?
- სააკაშვილმა საკუთარი თავი უკან გადასწია და ვანოს უთხრა, აბა, მიდი, რამე გააკეთეო. ახლა პასუხისმგებლობამ ნახევარწილად მერაბიშვილზეც გადაინაცვლა. თუ ადრე მერაბიშვილის ხელით ხორციელდებოდა დაშინება და ტერორი,Aახლა მერაბიშვილი გახდა ის ადამიანი, რომელიც ხალხს “ფოჩიან კანფეტებს” ჰპირდება, მაგრამ ასეთი ხრიკები აღარ მუშაობს, ხელისუფლებისადმი ნდობა ნულის ტოლია და არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება.
- ადამიანებს, რომლებიც შს სამინისტროში მუშაობენ, ვანო მერაბიშვილის მიმართ შიში, რიდი და პატივისცემაც ჰქონდათ. როგორი იქნება ბაჩო ახალია, როგორც შს მინისტრი, მისგან რას უნდა ველოდოთ?
- გვახსოვს 7 ნოემბერი, 26 მაისი და ვიცით ძალოვანი სტრუქტურების მეთოდები. ბაჩო ახალაია თავის უწყებაში ცნობილი იყო განსაკუთრებული სიმკაცრით, რომელიც სისასტიკეში გადადიოდა. იგი არ უყვარდათ თავის თანამშრომლებს, მისი ეშინოდათ. მისგან განსხვავებით, ვანო მერაბიშვილს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა თავის უწყებაში. იგი მამა-პატრონად მოიაზრებოდა. ყურადღებიანი იყო თანამშრომლების მიმართ _ დაბადების დღეებს ულოცავდა, სამძიმარზე დადიოდა, თუ ვინმეს რამე უჭირდა, ესხმარებოდა. სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილის წასვლის შემდეგ, მისი გუნდის მაღალჩინოსნებმა სამსახური დატოვეს _ არ ისურვეს ახალაიას ქვეშევრდომობა.
- ბატონო დავით, დასაქმების მინისტრ პაატა ტრაპაიძეზე რას იტყვით?
- ვერაფერს... ეს პოსტია სასაცილო, კომიკურია და ძალიან მაგონებს ქართულ მულტფილმ “სიზმარას”. გახსოვთ, ალბათ, ამ მულტფილმის პერსონაჟები; ჭამა-სმის მინისტრი, სიზმრების მინისტრი და ა.შ. ასეთივე კომიკურია დასაქმების სამინისტროც. საერთოდ, სააკაშვილის ხელში საქართველო ტრაგი-კომიკურ ქვეყანად გადაიქცა!