ენ-დი-აის მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევები, რომელიც მართალია პარტიულ რეიტინგებს არ შეიცავს, და მხოლოდ შიდა პოლიტიკურ სურათს მიმოიხილავს, უკვე გააჩინა კითხვის ნიშნები იმაზე, რამდენად ადეკვატური იქნება მომავალ კვირას გამოქვეყნებული პარტიების რეიტინგები?!
საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ პოლარიზებულია, - ამის შესახებ საქართველოში ტვშ-ს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ კვლევის შედეგების გაცნობისას გუშინდელ პრესკონფრენციაზე განაცხადა და ამის დასადასტურებლად სპეციალისტების შეფასებებიც საკმარისია. ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სოციოლოგები კვლევას ეთანხმებიან, ოპონენტი ექსპერტები კი - არა.
ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ არ მიეკუთვნება იმ პირთა რიცხვს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ კვლევის სანდოობას. მარინე ჩიტაშვილი და რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევენ, რომ საქართველოში, სადაც შიშის ფაქტორი დიდია, კვლევა სინამდვილის ადეკვატური ვერ იქნება და საქართველოში კვლევა არაფრის გარანტიას არ იძლევა.
"ახლად გამოქვეყნებული პარტიული რეიტინგები უფრო დაშორდება იმ ზოგად მოლოდინს, რაც საზოგადოებაში არსებობს. ამას მაფიქრებინებს ისიც, რომ უკვე გამოქვეყნებულ კვლევაში კონტროლის პალატის თაობაზე კითხვა დასმული არ ყოფილა, არადა ეს ქმედებები არაერთგზის აღინიშნა დასავლეთის მხრიდან და ასეთი თემა რატომ არ პოულობს ასახვას კვლევის კითხვარში, გაუგებარია. ასეთი ასიმეტრია როცა კეთდება, მაფიქრებინებს, რომ კითხვარი ობიექტურ საფუძვლებზე დაყრდნობილი არ არის და იგი მეტ-ნაკლებად ტენდენციურია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.ენ-დი-აის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავაროს განცხადებით, მსგავსი კვლევა არჩევნებამდე ერთხელ კიდევ ჩატარდება. დღევანდელმა კვლევამ კი აჩვენა, რომ თებერვლის კვლევასთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეების აზრი დემოკრატიისა და მათი ოჯახების მდგომარეობის შესახებ უარესობისკენ შეიცვალა, ხოლო საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის მთავარ დაბრკოლებებს შორის ამომრჩეველთა მოსყიდვამ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები ჩაანაცვლა.
რაც შეეხება იმას, რატომ არ მოხდა კვლევაში კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებები, ნავაროს განმარტებით, კითხვარი ამ მოვლენებამდე უფრო ადრე შედგა და ეს "დროში დამთხვევის გამო ვერ მოხერხდა."
"ჩვენ გაცილებით ადრე ვამზადებთ კითხვარებს, ასე რომ როცა კითხვარი მოვამზადეთ, მაშინ "გლობალ ტვ"-სთან დაკავშირებით მოვლენები დაწყებული არ იყო. შესაბამისად, ეს საკითხი ჩვენს გამოკვლევაში ვერ მოხვდა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ მას აუცილებლად ჩავსვამთ შემდეგ კვლევაში", - განაცხადა ნავარომ და დასძინა, მომავალ კვლევაში კონტროლის პალატის ქმედებებთან ერთად აუცილებლად მოხვდება ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისა და "მასთ ქერის" საკითხებიც.
"ტვშ-ის კვლევის შედეგები რეალისტურია. ეს მოსალოდნელი იყო, ამაში ტრაგედიას ვერაფერს ვხედავ," - განაცხადა "ტრიბუნასთან" საუბრისას სოციოლოგმა, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა.
"თუ რამდენიმე ცვლილებას არ გავითვალისწინებთ, ყველაფერი ძველი შედეგების მსგავსია. შესაბამისად, მე რეალისტურად მიმაჩნია ეს შედეგები. არავითარი დრამატული ცვლილება არ არის გამოკვეთილი ამ კონკრეტულ შედეგებში," - განმარტავს თარხნიშვილი.
ის ამბობს, რომ არ მიეკუთვნება იმ პირთა რიცხვს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ კვლევის სანდოობას, თან ისე, რომ ამის არავითარი ხელმოსაკიდი საბუთი არ აქვთ.
ლევან თარხნიშვილი: "ის აბსტრაქტული დაშვება ტოტალურ შიშზე, რომლის მიხედვითაც თითქოს მოსახლეობას ეშინია რამეზე პასუხის გაცემა, ცოტა არ იყოს ავადმყოფობად მეჩვენება. როგორც წესი მათ ეჭვი შეაქვთ ხოლმე იმ ნაწილში, რომელიც მათ არ მოსწონთ. წინა კვლევა რომ გავიხსენოთ, კრიტიკოსებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს პარტიული რეიტინგები, მაგრამ არ გაუპროტესტებიათ ის შედეგები, რომელიც ეხებოდა, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევას. დარწმუნებული ვარ, ამ კვლევაშიც ნაწილი მოეწონებათ და ნაწილი - არა. განსაკუთრებით ალბათ ის ნაწილი არ მოეწონებათ, რომელიც მომავალში გახდება ცნობილი და რომელიც რეიტინგებს შეეხება."
თარხნიშვილისაგან განსხვავებით რამაზ საყვარელიძეს არ რჩება შთაბეჭდილება, რომ კვლევა ისეა ჩატარებული, მაქსიმალურად ობიექტური სურათი მოგვცეს და უნდობლობის გაჩენის რამოდენიმე არგუმენტიც მოჰყავს.
საყვარელიძის თვალსაზრისით კვლევა პროპაგანდისტულია. მისი ვერსიით - კითხვა ისე იყო დასმული, რომ ის შედეგი მიღებულიყო, რაც მათ სურდათ.
რამაზ საყვარელიძე: "სრულიად გაუგებარი იყო შეკითხვა - დამარცხების შემთხვევაში ივანიშვილი ხალხის ქუჩაში გამოყვანას აპირებს და გაყვებით თუ არაო. ივანიშვილმა თქვა, ჩვენ ხმებს დავიცავთო და ამის კითხვად ქცევა გაუგებარია, რადგან - დავიცვათ ხმები, ამას ყველა პარტია ამბობს და ვეთანხმები იმ ანალიტიკოსებს, რომელთა შეფასებებიც უკვე გამოჩნდა - თუკი კვლევის ავტორს ობიექტური სურათი აინტერესებდა, ხალხის ქუჩაში გამოყვანაზე შეიძლებოდა ეკითხა "ნაციონალურ მოძრაობაზეც" ან იგივე ბურჯანაძეზეც. ივანიშვილზე აქცენტის გაკეთება მაინც სავარაუდოს ხდის, რომ ეს პროპაგანდისთვის გამიზნული კითხვარია და არა სურათის შესწავლისთვის.
"გარდა ამისა, როცა ძალიან სერიოზული პროცესები მიდის საქართველოში, რომელიც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უკვე აღნიშნეს და ეს პარტიების გაკონტროლების მიმართულებით კონტროლის პალატის მოღვაწეობას ეხება, ეს თემა რატომ არ პოულობს ასახვას კვლევის კითხვარში?!"
საყვარელიძე ამბობს, რომ კვლევებში ამ ნაწილზე მეტად საინტერესო პარტიების რეიტინგია და როცა ეს ცნობები გამოქვეყნდება, შემდეგ იქნება შესაძლებელი შედარებებზე საუბარი.
მისი თქმით, როცა წინა კვლევაში ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენას 71% უჭერდა მხარს, მაგრამ პირადად მისი მხარდამჭერი მხოლოდ 19% იყო, მსგავსი "არალოგიკურობა ახლაც განმეორდება".
"მოლოდინი მაქვს, რომ ის არალოგიკურობა, რაც ამის წინა გამოკვლევაში იყო, ახლაც განმეორდება. მგონია, რომ ამ შემთხვევაში მეტი უნდობლობა იქნება. ასეთი მოლოდინი მაქვს და ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე, ახლა გამოქვეყნებული შედეგები უფრო დაშორდება იმ ზოგად მოლოდინს, რაც საზოგადოებაში არის. ამას მაფიქრებინებს ის რაზედაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ნავაროს და რაც ჩვენი საუბრის თემაც იყო. კონტროლის პალატის თაობაზე კითხვის დაუსმელობა უკვე სავარაუდოს ხდის, რა მიმართულებას მიიღებს ნავაროს კვლევები. არ მოველი სხვაობას საზოგადოების ინტუიციასთან დამოკიდებულებაში. საზოგადობას აქვს თავისი ინტუიტური მონაცემი - თვლის, რომ რაღაც სიდიდის იქნება ერთის, მეორის, მესამის შედეგი. როდესაც ინტუიტურსა და ემპირიულ შედეგს შორის განსხვავება საგრძნობლად დაცილებულია, მაშინ ჩნდება ეჭვი. ასეთი განსხვავება დიდი იყო თებერვალში და მგონია, რომ ახლაც იქნება," - დასძენს საყვარელიძე.
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი ამბობს, რომ მოლოდინზე პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პარტიებს მაღალი რეიტინგი კვლევაში არ ექნებათ. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს რეალობას ასახავს.
ის მიიჩნევს, რომ თუკი იმ 75%-იდან, ვინც არჩევნებში მისვლას აპრებს, 25-30% იტყვის, რომ არ ვიცი ვის მივცემ ხმას ან ჯერ არ გადამიწყვეტია, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი არის კრიტიკული მასა და რეიტინგის კვალობაზე პასუხი არ აქვს.
"წინა კვლევისას პასუხი ჯერ არ გადამიწყვეტია ან პასუხი არ მაქვს - 40% იყო. რატომ არ ამბობენ ეს ადამიანები გადაწყვეტილი აქვთ თუ არა ვის მისცენ ხმა და ა.შ. ჩვენ მხოლოდ ინტერპრეტაცია შეგვიძლია გავაკეთოთ და მეტი არაფერი. პოლიტიკური რეიტინგების კვალობაზე ძალიან დიდ ცვლილებას არ ველოდები. შეიძლება ივანიშვილს 19%-ის ნაცლად 24% ჰქონდეს, მაგრამ უფრო მეტს არ ველოდები. თუმცა ამ 24%-საც ნაკლებად ველოდები," - ამბობს ჩიტაშვილი.
მისი თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა 36% ამბობს, რომ სააკაშვილი არ უნდა იყო პრემიერი. ამის ყველაზე რაციონალური ახსნა ისაა, რომ გამოკითხულთა 1/3-ის აზრით, როცა პოლიტიკოსს ვადა ეწურება ის პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. მოსახლეობას სამუდამო მმართველები არ სურს. ეს არის ძირითადი გზავნილი.
ჩიტაშვილი ამბობს, რომ საქართველო პოლარიზებულია და ამაზე ქვეყანაში არსებული ტელევიზიებიც კი მიუთითებენ.
მარინე ჩიტაშვილი: "ამ კვლევის მიხედვით გამოჩნდა, რომ ქვეყანაში ტელევიზიების ნახევარი ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს ხელისუფლების მხარდაჭერას და სამი ტელევიზია, რომლებსაც საკმაოდ მცირე მაუწყებლობის არეალი აქვთ, ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავენ და საზოგადოებაც ასეა დაყოფილი, თუმცა კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ოპოზიციური არხების ხელმისაწვდომობა ნაკლებია და ამიტომაც აუცილებელი იყო "მასთ ქერის" პრინციპის დანერგვა, რომ ადამიანებს ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. კიდევ უფრო მეტიც, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მნიშნელოვანია რომ "მასთ ქერის" პრინციპი არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელდეს."
ის დასძენს, რომ "საერთოდ საზოგადოებრივი კვლევები ადეკვატურია და ახლოს არის სინამდვილესთან კონსოლიდირებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც სიტყვის თავისუფლების გამო სხვა საფრთხე არ ემუქრებათ. სხვა შემთხვევაში კვლევის ადეკვატურობის ალბათობა მცირდება. არ არსებობს კვლევის ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მოგვცემს გარანტიას, ის რაც კვლევაშია მოცემული, აუცილებლად ასე მოხდება. ეს კვლევა არაფრის გარანტიას არ იძლევა."