კახა კალაძე:

კახა კალაძე: "ახალაია გორში მიტინგს ვერ დაარბევს"

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები, კახა კალაძე და ნინელი ჭანკვეტაძე გორის რაიონის სოფლებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ. მათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა რამდენიმე სოფელში პროვოკაცია მოუწყვეს და მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას შეეცადნენ. გვესაუბრება "ქართული ოცნების" წევრი კახა კალაძე:

- ბატონო კახა, გავრცელდა ინფორმაცია გორის რაიონის რამდენიმე სოფელში თქვენსა და ხელისუფლების მომხრე ჯგუფს შორის დაპირისპირების შესახებ. რა მოხდა, ვინ დაგიპირისპირდათ?

- პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც ყოველთვის ნასვამები არიან, როცა ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრას ვმართავთ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენელი იყო ნასვამი, იქცეოდნენ აგრესიულად და არ ერიდებოდნენ ქალებსა და ბავშვებს. რამდენიმე ფიზიკურად ზემოქმედებდა ადამიანებზე. ნაციონალები ცდილობდნენ, ჩვენთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ არ გაუვათ ეს მეთოდები.

- რომელ სოფელში მოხდა დაპირისპირება?

- ძალადობრივ მოქმედებას და პროვოკაციებს ნაციონალები გორის რაიონის თითქმის ყველა სოფელში მიმართავდნენ - სოფელ ახალდაბიდან და შინდისიდან დაწყებული, ნიქოზით დამთავრებული. ნიქოზში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მინდიაშვილმა, რომელიც ნასვამი იყო, ჩვენი შეხვედრის ჩასაშლელად დაიხმარა და საჩხუბრად გამოიყვანა ცოლი, დედა და ძმის ცოლი. მოსახლეობა ამ ბანდას თვითონვე დაუპირისპირდა. მიშას და "ნაციონალურ მოძრაობას" რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები და იმიტომაც მიმართავს ასეთ მეთოდებს.

"ომის შემდეგ მე ბედნიერი გავხდი." - ამბობს ნაციონალების მხარდამჭერი ქალბატონი ირმა პაპუნაშვილი. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ფოტო. სიუჟეტი იხ. palitratv.ge

- ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთი ქალბატონი ირმა პაპუნაშვილი ამბობს, მე ომის შემდეგ გავხდი ბედნიერიო. საინტერესოა, ეს ქალბატონი ომმა როგორ გააბედნიერა?

- წარმოუდგენელია, ადამიანისთვის, რომელიც საომარი მოქმედების ზონაში ცხოვრობს, ომს ბედნიერება მოეტანა. ეს სიტყვები ან ანგარებით არის ნათქვამი და ამ სისულელის თქმისთვის ნაციონალებისგან ფინანსურად არის დავალებული, ანდა ეს ქალბატონი ვერ არის სრულ ჭკუაზე. ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უსახლკაროდ დარჩა ასეულობით ათასი ადამიანი და როცა "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი ამბობს, ომმა ბედნიერება მომიტანაო, რომელ სინდის-ნამუსზეა ლაპარაკი? აი, ასეთი ფსიქიკის ადამიანები აკრავს გარს "ნაციონალურ მოძრაობას". აი, ეს არის სულ მიშა და მისი მხარდამჭერი მცირე ჯგუფი.

ან როგორ შეიძლება გორის რაიონის სოფლის მოსახლეობა "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერდეს მხარს? სოფლებში, სადაც არ არის წყალი, გაზი და გზები საშინელ მდგომარეობაშია, არა აქვთ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არანაირი ხელშეწყობა ხელისუფლებისგან, არა აქვთ სამუშაო და აქვთ ომისგან გავერანებულ-გაპარტახებული სახლ-კარი, როგორ შეიძლება ნაციონალებს მხარდაჭერა ჰქონდეთ?! პროვოკატორების იმ მცირე ჯგუფში, რომელიც ქართლში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგვახვედრა, არიან ან ნაციონალებთან მომუშავე, ანდა მათი ოჯახის წევრები. ასეთები კი ძალიან ცოტაა. არანაირი მხარდაჭერა ქალაქ გორში და გორის რაიონის სოფლებში "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს.

- 15 ივლისს გორში მხარდამჭერების იმ რაოდენობას თუ ელოდებით, რამდენიც სხვა ქალაქებში გამართულ აქციებზე იყო?

- კვირას, 15 ივლისს, გორში ძალიან ბევრ მხარდამჭერს ველოდებით. რაც უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, ეს მაინც მოხდება.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორში "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მიტინგი, შესაძლოა, ახალდანიშნული შს მინისტრის, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაარბიონ. თუ არის ბიძინა ივანიშვილი სათანადოდ დაცული?

- ახალაია გორში მიტინგს ვერ დაარბევს! საქართველოში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ მონიტორინგს და ამ პროცესებში დიპლომატიური კორპუსიც აქტიურად არის ჩართული. ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება დაცულია და მკაცრად კონტროლდება. ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ნაციონალების დღეები დათვლილია და ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.