“წინასაარჩევნოდ ე.წ. დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყანაში სამწუხარო რეალობა შექმნა. ის ზეწოლა კი, რაც საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“-ის ჟურნალისტებზე ხორციელდება, ქვეყნის ტრაგედიაა,” - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას „მე-9 არხის“ პროდიუსერი, ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი:
- იმით, თუ რა დღეში აგდებს ხელისუფლება ადამიანებს და რა სიბინძურეებსაც აკეთებინებს, სახელმწიფოს სახე ჩანს. ხალხს ადამიანური სახე აქვს დაკარგული და ამისთვის პასუხი მათ უნდა მოვთხოვოთ, ვინც დავალებებს იძლევა. სხვათა შორის, მხოლოდ ახალ-ახალი “ზონდერბრიგადები” კი არა ჩნდებიან, არამდ, ფიზიკური ძალადობის ნაცვლად, ზეწოლის აქამდე არნახულ, რაღაც გაუგებარ ხერხებს იგონებენ და “ფსევდო ჟურნალისტები” უკვე საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“-ის გარდაბნის კორესპონდენტს დასდევენ, უცნაურ შეკითხვებს უსვამენ და ამით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. ამ ადამიანებს მწვანე მაისურები აცვიათ და ზედ „კკინფო.ნეტ“ აწერიათ... ისინი კი, ვინც ზესტაფონის ბიუროს ჟურნალისტ ეკატერინე დუგლაძეს ერთი კვირის განმავლობაში დასდევდნენ, თავს „მედია ჯგუფის“ წევრებს უწოდებდნენ. ეს ადამიანები ძალიან მძიმე სანახავები არიან და მათი საქციელი არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება. ყველაფერი ეს სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული ბოროტი ქმედება!
- ამ “ფსევდო ჟურნალისტების” წინააღმდეგ “ინფო 9”-მ, როგორც ვიცი, განცხადება პროკურატურაში შეიტანა...
- საერთოდ, თუკი გაცხადებული კრიმინალია, პროკურატურამ საქმე თავად უნდა აღძრას, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი რამ არ მომხადარა. ამ ჯგუფების მიერ ჩადენილია დანაშაული, მაგრამ თავიანთ ბრიგადას ხომ არ დასჯიან? “ინფო 9”-მ და, დამოუკიდებლად, ეკატერინე დუგლაძემაც სარჩელი შეიტანეს და პროკურატურა იძულებული იქნება, იმ პირების ვინაობა დაადგინოს, ვინც ჟურნალისტებს დასდევენ, თუმცა მათი ნაწილის ვინაობა ჩვენთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს - ამ “ზონდერებში” ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია ამოცნობილი.
- ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “მე-9 არხს” თითქოს ჟურნალისტები და საინფორმაციო გადაცემის წამყვანები ტოვებენ. ითქვა ისიც, რომ მათ თითქოს არხის საინფორმაციო პოლიტიკა არ მოსწონთ...
- გარწმუნებთ, ნათია ლაზაშვილი, თამთა სანიკიძე და გოგი ახალკაცი, რომელთა წასვლაზეც გაავრცელეს დეზინფორმაცია, არსად მიდიან. “მე-9 არხი” ერთ ჟურნალისტსაც არ დაუტოვებია! ის შეშფოთება კი, რაც ამ ინფორმაციის გავრცელებამ საზოგადოებაში გამოიწვია, მახარებს, რადგან როგორც ჩანს, მაყურებელს უკვე უყვარს “მე-9 არხი” და ღელავს, რომ იქედან ვინმე არ წავიდეს. სხვა არხებისგან განსხვავებით, “მე-9 არხზე” ზეწოლა არაა, მაგრამ ასეთი ცრუ ინფორმაციებით უნდათ, ხალხს ნდობა შეურყიონ.
- ქალბატონო ლუბა, ასეა თუ ისე, “მე-9 არხი” და “ინფო 9” ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება და ასეთ დროს ობიექტურობის შენარჩუნება არცთუ ადვილია...
- არ მესმის, როგორ შეიძლება, სუბიექტური იყო, როცა მიდიხარ, იღებ ადამიანის გაჭირვებას და საიტზე უკომენტაროდ დებ? “მე-9 არხი”, “ინფო 9”, “კავკასია” და “მაესტროც” იცავენ ჟურნალისტურ სტანდარტებს - აშუქებენ ორივე მხარეს და კრიტიკულები რეალობიდან გამომდინარე არიან, თუმცა იგნორირებას არც მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებს უკეთებენ და ზომიერად აშუქებენ.
- ობიექტური მედია კარგია, მაგრამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ოპოზიციას საერთაშორისო თანადგომა სჭირდება, თუმცა როგორც ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმა ცხადყო, უცხოეთის ინფორმირება სათანადოდ ვერ ხდება - ევროსაბჭოში სააკაშვილის ლობისტებმა უფრო იხმაურეს...
- სააკაშვილი ხელისუფლებაშია. ნებისმიერი დასავლური სახელმწიფო კი, ანგარიშს ხელისუფლების პოზიციას უწევს და თუ ქვეყანაში ძალიან მწვავე კონფლიქტი არ გაჩნდა, კონფრომტაციის გაღრმავებას არ მიესალმება, თან ბუზიდან სპილო გააკეთეს - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სააკაშვილის ლობისტებმა იაქტიურეს, მაგრამ არა - ისე, როგორც “ნაცმოძრაობას” სურს, წარმოაჩინოს. ის, რომ ამ თემაზე დებატები გაიმართა, უკვე მიღწევაა, რადგან ამას ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა. ევროპარლამენტში იაქტიურეს “სახალხო პარტიის” წარმომადგენლებმა (ამ პარტიის წევრია “ნაცმოძრაობა”) და ის ტყუილები გაიმეორეს, რითიც ხალხს აქ აბრუებენ. სერიოზულ პოლიტიკოსებს კი, როგორც თინა ხიდაშელმა თქვა, საკმარისად აქვთ ობიექტური ინფორმაცია.
- ქალბატონო ლუბა, გულწრფელად მითხარით, როგორც მოქალაქე, არ თვლით, რომ “ქართული ოცნების” სუსტი რგოლი საგარეო პიარია? თინა ხიდაშელს ფაქტებით უნდა ეხმაურა ევროსაბჭოში, რომელიც, დამეთანხმეთ, მრავლადაა - მასობრივი დაყადაღებიდან დაწყებული ჟურნალისტებზე ძალადობით დამთავრებული...
- როგორც ვიცი, ქალბატონი თინა აქტიურად აწვდის მსგავს ფაქტებს საერთაშორისო საზოგადოებას და უცხოეთში, თუ საშუალება აქვს, მედიის მძიმე მდგომარებაზეც საუბრობს. რაც შეეხება ამ დებატებს, კარგად არ ვიცი, არ მინახავს ის აჟიოტაჟი, რაც სახელისუფლებო მედიის მხრიდან მოჰყვა, არ ვუყურებ “რუსთავს 2”-სა და “იმედს”, “გლობალ ტი-ვი” მაქვს, რომელთანაც ამ ორმა ტელევიზიამ თანამშრომლობა გაწყვიტა.
- გასაგებია რომ ჟურნალისტები არაპოლიტიზირებულები, ობიექტურები უნდა იყვნენ, თუმცა ხომ გაქვთ პოლიტიკური სიმპათია?
- ჟურნალისტი, პროდიუსერი ვარ და, თავისთავად, მხარე ვერ ვიქნები. ასევე, არ მაქვს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება, თუმცა როგორც მოქალაქეს, რა თქმა უნდა, მაქვს პოლიტიკური სიმპათია, რომელსაც არჩევნებში დავაფიქსირებ. ისე კი, წინასაარჩევნო მძიმე გარემოს გამო ძალიან ვწუხვარ, ქართული პოლიტიკური სივრცე თანდათან იხლიჩება და იმის მაგივრად, რომ არჩევნებამდე ნორმალურ, ჯანსაღ გარემოში მივაღწიოთ, ყველაფერი ნელ-ნელა ემსგავსება ბრძოლას წესების გარეშე, განსაკუთრებით, ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ღიად ჩადის ისეთ მიუღებელ რამეებს, რომ იმის რესურსი, პროცესები კეთილგანწყობილად განვითარდეს, აღარ რჩება. მე, როგორც საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ძალიან შეშფოთებული ვუყურებ ამ მოვლენებს და ძალიან არ მინდა, რომ ჩემს სამშობლოში საქმე ისევ კონფრომტაციასა და დაპირისპირებამდე მივიდეს!
- არჩევნების მოახლებასთან ერთად, ჟურნალისტებზე ძალადობა, ალბათ, უფრო გახშირდება... როგორ უნდა დავიცვათ თავი მოძალადეებისგან?
- პროცესები სწორედ აქეთ მიდის, მით უმეტეს, თუ გადავხედავთ საკადრო ცვლილებებს, უკეთესის მოლოდინი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს.
რაც შეეხება აგრესიაზე რეაქციას, ვნახე, თუ როგორ გააგდო გორის ერთ-ერთი სოფლიდან მოსახლეობამ, როგორც შემდეგ გაირკვა, პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა - ხალხმა მას მკაცრად უთხრა, რომ ჟურნალისტს უხეშად არ უნდა ექცეოდეს. როცა ხალხი ჟურნალისტის მხარესა, ჟურნალისტი კი, - ხალხის, ეს ძალიან დიდი ძალაა და მიხარია, რომ დღეს საქართველოში ასეთი მედია არსებობს, მით უფრო მაშინ, როცა პოლიცია თავის მოვალეობას არ ასრულლებს და ხალხის მხარეს არაა!