შეცვალა თუ არა შს მინისტრად ბაჩო ახალიას დანიშვნამ “ქართული ოცნების” გეგმები, როგორ “მოიპარა” “მაესტრომ” “რუსთავი 2”-ის პირდაპირი ჩართვის სიგნალი, მართლა აპირებს თუ არა ხელისუფლება ზუგდიდში “ოცნების” აქციის დაშლას, იქნება თუ არა ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი და რა სკანდალურ ინფორმაციების ახმაურებს ეკა ბესელია
ევროსაბჭოში საქართველოს საკითხებზე გამართულმა დებატებმა ქართულ პოლიტიკაში დიდი ვნებათა-ღელვა გამოიწვია - “ნაციონალები” გამარჯვებას ზეიმობენ, “ქართულ ოცნებაში” კი ირწმუნებიან, რომ მმართველმა გუნდმა და ე.წ. ნაციონალურმა არხებმა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს. ყველამ, ვინც პოლიტიკურ პიარ-თამაშებში მეტ-ნაკლებად ერკვევა, უწყის, რომ ევროსაბჭოსა და მსგავს გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ლობისტური კომპანიები მუშაობენ. გავრცელებული მოსაზრებით, სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა და-ძმებმა პიარ-ტექნოლოგიები კარგად იციან და ამას, სხვა თუ არაფერი, ერთი ფაქტიც მოწმობს: რამდენიმე დღის წინ, ახლადდანიშული პრემიერი ვანო მერაბიშვილი “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ჩაერთო. ჩართვის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია “მაესტრომ” გაავრცელა კადრები, რომელიც ზემოხსენებულ ჩართვამდე მერაბიშვილისა და სააკაშვილის საუბარს ასახავდა. ჩანაწერში სააკაშვილი ამბობს, რომ ევროსაბჭოში “ქართულ ოცნებას” “დედა უტირეს”. როგორც “ტელევიზიონშჩიკები” ამბობენ, ერთ ტელევიზიას მეორის პირდაპირი ჩართვის სიგნალის “მოპარვა” მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი პირდაპირი ჩართვის ზუსტი კოორდინატები ეცოდინება. მოკლედ, არსებობს მოსაზრება, რომ “მაესტროს” “რუსთავი 2”-ის პირდაპირი ჩართვის სიგნალი იმ მოტივით “დააჭერინეს”, რომ სააკაშვილ-მერაბიშვილის “არაოფიციალური” დიალოგი ეთერში მოხვედრილიყო, ანუ ამ ნაბიჯით “ნაციონალებმა” საიმისო ფონი შექმნეს, რომ თითქოს ევრსობაჭო მათი ''ფანია”... ყოველივე ამის ფონზე, ცხადია, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: ცუდად ხომ არ მუშაობს “ქართული ოცნების” ის ჯგუფი, რომელსაც ევროსტურქტურებთან, მათ შორის, ევრო-ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან აქვს კავშირი? “ოცნებაში” ამ მიმართულებას, როგორც ამბობენ, “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი კურირებს... დადგება თუ არა თინა ხიდაშელის პასუხიმსგებლობის საკითხი ევროსაბჭოში შემქნილი უხერხულობის გამო? - ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ უცნობია. ასევე, უცნობია, დადასტურდება თუ არა “ნაციონალურ” კულუარებში მოარული ხმა, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი, რომელსაც ელჩობის ვადა ამოეწურა, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მრჩევლობას აპირებს. სხვათა შორის, თავის დროზე ივანიშვილის მრჩევლობა საფრანგეთის ყოფილ ელჩსაც უწინასწრამეტყველეს, თუმცა ეს ცნობა არ გამართლდა... კულუარებში მოარულ ინფორმაციებსა და იმის შესახებ, თუ რა პროვოკაცია შეიძლება მოუწყონ ბიძინა ივანიშვილის რეპერ ვაჟს, ბერას, “ქართული სიტყვა” პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წევრს, იურისტ ეკა ბესელიას ესაუბრა. სხვათა შორის, კულუარებიდან გამოჟონილი ხმით, გამორიცხული არაა, რომ “ოცნებამ” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად სწორედ ეკა ბესელია დაასახელოს...
- ეკა, მოდი, საუბარი ევროპარლამენტში გამართული დებატებით დავიწყოთ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას” ევროპარლამენტარებმა “დედა უტირეს სტრასბურგში, დედა აგინეს, „იმენა“ ბოლომდე შეჯდა ყველა“. ამ ინფორმაციაში რა არის სიმართლე და რა - სიცრუე?
- უდაოდ, დიდი სირცხვილია, რომ ქვეყნის სახე და პირველი პირი ამ ტერმინოლოგიით მეტყველებს და შინაგანი კულტურა არ ჰყოფნის, რომ აზრი სხვაგვარად გამოხატოს... ესაა ამ ხელისუფლების სახე - ასე აზროვნებს და ფიქრობს. რაც შეეხება “დედის გინებას”, რა უხარია სააკაშვილს, მართლა არ მესმის, სახალხო პარტია, რომლის წევრიც “ნაცმოძრაობაა”, დითირამბებს რომ უმღერებს და დაიცავს, ეს ბედნიერებას როგორ უნდა ანიჭებდეს? მან ხომ იცის, რომ ევროსაბჭოს საქართველოსთან დაკავშირებით ზედიზედ რამდენიმე ძალიან კრიტიკული რეზოლუცი აქვს მიღებული, სადაც საუბარია დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობაზე, პოლიტიზირებულ სასამართლოზე, ციხეებში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, ე.წ. ელიტურ კორუფციაზე, საპროცესო შეთანხმების მახინჯ ინსტიტუტსა და ბევრ სხვა რამეზე... სიმართლე ისაა, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილ მმართველობის სისტემას ევროპა და თეთრი სახლიც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. ამ კრიტიკას ზოგჯერ დიპლომატიური ენით ფუთავენ, ზოგჯერ კი, ყველაფერს ღია ტექსტით ამბობენ.
- ეს მესმის, მაგრამ ფაქტია: ევროპარლამენტში, ქართულ ოპოზიციაზე საუბრისას, “რუსულ ფული“ ახსენეს და ამას რითი ხსნი, ან ევროპარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა რატომ უთხრა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ პოლიტიკაში ოლიგაქრის ყოფნა კარგი არაა?
- ყველას აქვს უფლება, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდეს და თუ ვინმე ასე ფიქრობს, რა მოხდა? იქნებ, არც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ამ დაუნდობელ პოლიტიკაში ყოფნა და ამაზე ბევრჯერ უთქვამს, მაგრამ ის ქვეყნის გადასარჩენად მოვიდა და ეს პათეტიკა კი არა, რეალობაა: ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდა, სასწორზე დადო და ამის დაუნახაობა როგორ შეიძლება?! ბატონი ბიძინა, „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, პოლიტიკაში ფულის გასაკეთებლად და დოვლათის დასაგროვებლად არ მოსულა. გავიხსენოთ, თუ როგორები მოვიდნენ ''ნაციონალები'' ხელისუფლებაში და დღეს რა სიმდიდრეს ფლობენ, ქვეყანა კი, უკიდურესად გააღატაკეს.
- ეკა, „ნაციონალთა“ გამდიდრების გზებზე კი არა, იმაზე გკითხე, თუ რატომ ახსენეს ევროპარლამენტში ქართული ოპოზიციის მისამართით „რუსული ფული“... ისე, ზოგი თვლის, რომ ევროპარლამენტში ივანიშვილისა და სააკაშვილის დასავლელ ლობისტებს შორის გამართული ბრძოლა „ოცნებისთვის“ სავალალოდ დამთავრდა...
- სავალალოდ სააკაშვილისთვის დასრულდა.
- დარწმუნებული ხარ?
- დიახ... სააკაშვილის ქცევისა და ავტორიტარული მმართველობის გამო, საერთაშორისო საზოგადოების თვალში ზიანი ქვეყანას ადგება. ამ წლების განმავლობაში ლობისტებს ვის ფულს უხდის სააკაშვილი?
- ვის ფულს უხდის?
- ხალხის. ბიძინა ივანიშვილი კი, საკუთარ ფულს ხარჯავს, რომ ქვეყანას უშველოს. განსხვავების დანახვა მართლა ასე რთულია? „იმედის“ სიუჟეტებს რომ ვუყურებ, სწორედ ესაა საბჭოთა კავშირში დაბრუნება და საბჭოთა პროპაგანდა. 21-ე საუკუნეში ასეთი სიუჟეტების მომზადება სირცხვილია!
- კონფიდენციალური მოსაზრებით, „ნაცმოძრაობამ“, ლობისტების დახმარებით, ევროდეპუტატები მოისყიდა. შენ თუ გსმენია ამის შესახებ და, საერთოდ, ამ მოარული ხმის დასასაბუთებლად არსებობს თუ არა იურიდიული გზა?
- ბევრი რამ მსმენია... ვანო, ალბათ, გახსოვს, რამდენჯერ გამოქვეყნდა ხელისუფლების მიერ ლობისტების დაქირავებაში გადახდილი მილიონების შესახებ. რომელი ქვეყნის პრეზიდენტი გაბედავს იმის მესამედს, რასაც სააკაშვილი საკუთარ ხალხს უბედავს? გასდის და ჰგონია, რომ ყველაფერი უკვალოდ იკარგება, მაგრამ მისი ქმედებები უსამართლობის განცდას რომ იწვევს, ეს ხომ ილექება და სადღაც გროვდება?! ევროპის სახალხო პარტიის წევრი რომ არის „ნაცმოძრაობა“, ეს ხომ ყველამ ვიცით? ლობისტები რომ ჰყავს ევროპასა და დასავლეთში, ესეც არაა ახალი, მაგრამ ის, რომ ევროსაბჭო ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე მსჯელობდა და მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს იხილავდა, ეს ხომ, თავისთავად, საერთაშირისო აღიარებაა? ვინც მაცივარსა და სარეცხ მანქანაზე ლაპარაკობს, ეს მისი პრობლემაა. ისინი მდარე ფაქტებით შეჰყავთ შეცდომაში, მაგრამ პროგრესული და ჯანსაღად მოაზროვნე ევროპა ძალიან კარგად ფლობს რეალურ ინფორმაციას.
- აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ევროდებატები საქართველოში განხორციელებულ „პოლიციურ კარუსელს“ დაემთხვა. როგორც ამბობენ, ამ კარუსელმა „ოცნება“ ერთობ დააბნია...
- ვერ დაგეთახმები, რომ დაგვაბნია... დასაბნევი მათ აქვთ, ვისაც ჰგონიათ, რომ დააწინაურეს და ამ დროს ჩამოაქვეითეს. მათ ჰგონიათ, რომ მწვერვალზე არიან, მაგრამ ამ დროს გაწირეს...
- ვის გულისხმობ „დაწინაურებულ და ზენიტში მყოფ განწირულებში“?
- ეს ხელისუფლებაში მყოფთ ეხებათ და საკუთარ თავებს, ალბათ, ამოიცნობენ. სააკაშვილი არავის ენდობა. ძალოვან შტოს ახალაიების ოჯახს აბარებს, მაგრამ ეს ძალინ ცუდად დასრულდება... თუ ახალაიებს ჰგონიათ, რომ საააკშვილის ერთგულება საქართველოს ერთგულებაა, ჯობია, მათ ვინმე ახლობელმა ისე შემოულაწუნოს, როგორც ერთ ფილმშია, რომ რეალობაში დააბრუნოს. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოსვლა სახიფათოა, ან როგორ შეიძლება, ოჯახის სამ წევრს სამ ძირითად უწყებაში წამყვანი პოსტი ეკავოს? ეს ხომ სახელისუფლებო კორუფციაა! კორუფცია მხოლოდ პოლიციელის მიერ ფულის აღება კი არა, საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტი და ინტერესთა გადაკვეთაც კორუფციაა. თუ შს სამინისტროში ახალიას მოსვლა ვანო მერაბიშვილის რეკომედაცია იყო, მაშინ შსს-დან მერაბიშვილის კადრები რატომ გარბიან? ამაზეა ნათქვამი, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო... ისე, ისიც მაინტერსებს, ოჯახებში წინასწარ დაწერილი სცენარით სტუმრობაა სიდუხჭირის შესწავლა? ხომ არ შეიძლება, ხელისუფლების მართვის სტილი სულ პოლიტიკური სპექტაკლების გამართვა იყოს? ეს რა უბედურებაა? „ნაციონალებს“ ვინმემ უთხრას, რომ ხალხი ბრიყვი არაა და ამ სისულეების არ სჯერა!
- ხალხი, მართლაც, ბრძენია. ჰოდა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში დიდი ხანია, დადის ხმა, რომ ვანო მერაბიშვილი, ადრე თუ გვიან, შესაძლოა, „მეოცნებე“ გახდეს. ამ ხმის გავრცელებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ბიძინა ივანიშვილმა აწ უკვე პრემიერი მერაბიშვილი რამდენჯერმე დადებით კონტექსტში ახსენა. ამ ფონზე, მერაბიშვილის გაპრემიერება მისი დაწინაურებაა თუ დაქვეითება, მით უმეტეს, ქართული სახელისუფლებო პრაქტიკით, პრემიერი ძალოვანებს ვერ აკონტროლებს და, პრაქტიკულად, ეკონომიკური გუნდის მინისტრია. ამასთან, ამბობენ, რომ ახალაიასა და მერაბიშვილის კარგი ურთიერთობა არ აქვთ და შს მინისტრად ბაჩო ახალიას დანიშვნა სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა...
- ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის მორიგი ავანტიურაა და არ მჯერა, რომ შს მინისტრად ახალიას დანიშვნა სააკაშვილს მერაბიშვილმა ურჩია და თუ ასეა, მაშინ მერაბიშვილმა ახალაიას საქმიანობაზეც აიღოს პასუხისმგებლობა, რაც, არ მგონია, მთლად სასიამოვნო იყოს. არ ვიცი, ბოლოს „მეოცნებეთა“ შორის ვინ აღმოჩდება, მაგრამ ცხადია: ,,ქართული ოცნება“, მართლაც, მთელ საქართველოს შეკრავს და ბიძინა ივანიშვილი ამ დიდი ერთობისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.
ისე, ვანო, მართალი ხარ: პრემიერი ძალოვანებს ვერ აკონტროლებს... სააკაშვილს, როგორც ჩანას, სურს, რომ არჩევნები პოლიციის ძალით ჩაატაროს, მაგრამ იკითხოს, ეს პოლიციას სურს? ერთდროულად გინდოდეს, რომ პოლიციას, პატრიარქის მერე, ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეს და თან მას, ოპონენტების გასანაგდურებლად, პოლიტიკურ სადამსჯელო იარაღად იყენებდე, სიბეცე და მიუღწეველი ამოცანაა. იმ პოლიციას, რომელსაც `მიშა, მიშა~-ს აყვირებ, შენი სიყვარული და ნდობა როგორ ექნება? ყველამ კარგად იცის, რომ ხალხს სააკაშვილი არ უყვარს და პრეზიდენტისადმი ხალხის განწყობას „ჩადგმით“ გაადაგილებული რამდენიმე აქტივისტის კივილი არ განსაზღვრავს, მაგრამ ცდილობენ, უნიჭოდ შემქნილ ვირტუალურ სამყაროში გვაცხოვრონ. იქნებ, თვითონაც დაიჯერეს იმ ტყუილის, რასაც ყოველდღიურად თხზავენ?!
არჩევბების წინ ვის ხელშიცაა პოლიცია და სპეცრაზმი, ის ფლობს მთავარ ბერკეტს, მაგრამ მინდა, ის, ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება, ხალხს დაუპირისპირდეს, გავაფრთხილო: ისტორიას არ ახსოვს საკუთარ ხალხზე გამარჯვებული ხელისუფლების გადარჩენა, ეს ჭეშმარიტებაა და ვიდრე დროა, ამაზე დაფიქრდნენ!
- ეკა, არ ვიცი, ეს გაფრთხილება კონკრეტულად ვის ეხება, მაგრამ არის თუ არა ბაჩო ახალაია „ქართული ოცნებისთვის“ სერიოზული თავის ტკივილი და დილემმა თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თვის წინ, ირაკლი ალასანიამ ახალაიები არაფორმალური ბანდფორმიერებების შექმნაში ამხილა, ანუ რა პროვოკაციებს უნდა ელოდონ „ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები შს ახალი მინისტრისა და მისი გუნდისგან?
- ვითარებას რეალურად შევხედოთ: ხალხი, დიდი შეკრებების დროს, ძალინ მოწესრიგებული და მშვიდია, მაგრამ ხელისუფლებაა ულტრარადიკალი და აგრესიულად იქცევა. ახალაია „ოცნების“ თავის ტკივილი კი არა, ქვეყნის ზიანია - ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მას აკრიტრიკებს და არჩევნების წინ ძალოვან უწყებაში მინისტრად ასეთ მოხელეს რომ ნიშნავ, ეს ხომ საერთაშორისო საზოგადოების აზრის უგულებელყოფაა? საერთოდ, მმართველი ან დემოკრატი უნდა იყოს, ან დიქტატორი. სააკაშვილმა მეორე გზა აირჩია, მაგრამ ქართველი ხალხი ასეთ მმართველს ვეღარ მოითმენს! ირაკლი ალასანიამ ის თქვა, რაც დაინახა და, როგორც მოქალაქე, სწორად მოიქცა. სააკაშვილის გუნდი ძალაუფლების გადარჩენას უკონტროლო და საშიში ნაბიჯებით ცდილობს და იმას აღარ ფიქრობს, ყველაფერ ამას რა მოჰყვება.
- ცალკეული „მეოცნებეები“ ირწმუნებიან, რომ „ნაცმოძრაობის“ რღვევა დაწყებულია და „ოცნებას“ მხარდამჭერები მაღალჩინოსანებშიც ჰყავს. თუ ასეა, რატომ ვერ მიიღეთ ინფორმაცია მოსალოდნელი სამთავრობო კარუსელის შესახებ, ან სულაც, ეს კარუსელი იმიტომ ხომ არ დატრიალდა, რომ „ნაცმოძრაობამ“ „ოცნებასთან“ ურთიერთობაში შენიშნული ჩონოვნიკები გაანეიტრალა?
- შეუქცევადი პროცესია დაწყბეული... მთავარი ინფორმაციის მიღება კი არა, ისაა, რომ ამ სამთავრობო ცვლილებით სააკაშვილმა ქვეყანაში კრიზისი აღიარა. სად ხდება, რომ ერთი და იგივე ადამიანი განათლებას, პოლიციას, ჯარს, გზებსა და ეკონომიკას ხელმძღვანელობდეს? იქნებ, ვუნდერკინდები გვყავს ხელისუფლებაში და ვერ გაგვიგია?! დრო აღარ ითმენს, ხალხს ცვლილებები სწყურია. არჩევნები კი, უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ის უბედურება, რაც ''ნაცმოძრაობამ'' მოიტანა, დასრულდეს. არჩევნების დღეს ყველამ გადავდოთ ყველაფერი და ეს ერთი დღე ქვეყნის გადარჩენას მივუძღვნათ! ასეთი საპასუხისმგებლო აქამდე ჩატარებული, მგონი, არც ერთი არჩევნები არ ყოფილა...
- ეკა, რა ამის პასხუია და, არის თუ არა „ოცნების“ ბირთვში ისეთი ადამიანი, რომელზეც ხელისუფლებას სკანდალური კომპრომატები აქვს?
- ასეთი არავინ მეგულება. საერთოდ, ხელისუფლება ისეა კომპრომენტირებული, რომ ყველას რეიტინგი, ვისაც თავს ესხმის, იზრდება.
- ჩვენში დარჩეს და, საინტერესოა, სააკშვილის ხელისუფლების ყოფილი აღმასრულებლები თუ ელჩები „ოცნების“ სახეები როგორ ხდებიან? დავიჯერო, ეს შეკითხვები შენ არ გაქვს? როგორც ვიცი, რაიონებში ხალხი სწორედ ასეთ შეკითხვებს გისვამთ ხოლმე...
- ადამიანი იმით კი არ უნდა შევაფასოთ, სად მუშაობდა.
- აბა, რითი უნდა შევაფასოთ?
- იმით, თუ როგორ ასრულებდა თავის მოვალეობას და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ყველგან შეიძლება იყო ღირსეული... თუ შეკითხვები ჩდება, მათ პასუხიც უნდა გაეცეს.
- ჰოდა, მიპასხუე: „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით, როცა ივანიშვილმა წილები ვაჟს გადაუფორმა, „ოცნების“ ადვოკატებმა დაუშვეს თუ არა შეცდომა, რომ ამის შესახებ ეროვნულ ბანკს მყისიერად არ აცნობეს?
- ამ საკითხზე ბანკის იურისტებმა ძალიან კარგად იმუშავეს და ყველაფერი სწორედ ის გააკეთეს, რაც კანონით ევალებოდათ, მაგრამ ის, რასაც კონტროლის პალატის ბრალდება ეყრდნობა, კანონი არაა. კონტროლის პალატაში ათას ისეთ სისულელეს აკეთებენ, იურისტმა რომ არ უნდა იკადროს. მოკლედ, უკანონობას ჩადიან და, ვანო, შენც დაიჯერე, რომ ეს კანონში წერია? პატიოსანი ადამიანი, ალბათ, იფიქრებს, აბა, მაკონტროლებელი ორგანო ხომ არ მოგვატყუებსო, მაგრამ უბედურებაა, რომ ის, ვინც უკანონობას უნდა აკონტროლებდეს, უკანონობას თავად ჩადის, ვინც უნდა ასამართლებდეს, ისაა უსამართლო და ვინც უნდა განსჯიდეს, თავადაა განსასჯელი. „ნაციონალებმა“ ერთი დიდი, შეშლილი, უსამართლო და ბოროტი სისტემა შექმნეს და ეს უნდა შევცვალოთ. რეგიონებში ხალხი ყოველ დღე უსმენს და უყურებს სახელისუფლებო ტელევიზიებით ათას ტყუილსა თუ ცილისწამებას და ეს ხომ საკუთარი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულია? „ქართუ-ბანკსა“ და ,,ქართუ-ფონდიდან“, წლების განმავლობაში, საქართველოს უამრავ მოქალაქესა თუ უწყებას მიუღია გადამრჩენი დახმარება. ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ამ დახმარებას ჟანგბადივით აწვდიდა და დღეს გახდა საშიში, მისი ფული კი, - რუსული? შენს ხალხს რომ ეხმარები და სასიცოცხლო ძალას აძლევ, ესაა საბჭოთა კავშირში დაბრუნება? საბჭოთა კავშირში ეს ბატონები დარჩნენ თავიანი მენტალიტეტითა და მართვის სტილით!
- სხვადასხვა წყაროს ვერსიით, ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ზუგდიდის აქციის დასარბევად ემზადება. ამის შესახებ შენც გაქვს თუ არა ინფორმაცია და თუკი ზუგდიდში აქციის დარბევა, მართლაც, მოხდა, ამის საბაბი რა შეძლება გახდეს, ან აქციის დარბევა ხომ არ გამოიწვევს არჩევნების გადადებას - სააკაშვილი ქვეყანაში საგანგებო სიტუაციას გამოაცხადებს...
- ხელისუფლება თავის სტრატეგიას პროვოკაციებზე აგებს და უნდა, ზუგდიდი თავისი ბოროტი ზრახვების ადგილად აქციოს და ამით შეურაცხყოფს ზუგდიდსა და მთელ სამეგრელოს, რომელიც თავის წარსულითა და ისტორიით ღირსეულია. ნურავის ჰგონია, სამეგრელო „მიშისტების“ რეგიონია. სამეგრელო ღიად არ გამოხატავს, მაგრამ იქაური მოსახლეობისთვის ის, რაც ხდება - უკანონობა, უსამართლობა, ამდენი გაუბედურებული და დაჩაგრული ოჯახი, პატიმარი, უმუშევარი - მიუღებელია... სამეგრელო თავის სიტყვას არჩევნებზე იტყვის! პროვოკაციებს მოსახლეობა კი არა, „ნაცმოძრაობის“ „ზონდერები“ დავალებით აწყობენ. რას იზამს სააკაშვილი? - ამ ავანტიურიზმის ამოცნობა უმადური საქმეა, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით უნდა ვიმოქმედოთ და „ქართული ოცნების“ ლიდერს მივყვეთ, ბიძინა ივანიშვილი სწორად მიდის ამ რთულ პოლიტიკურ ლაბირინთებში და იცის, რასაც აკეთებს. მას სამშობლოსთვის მხოლოდ სიკეთე უნდა!
- ეკა, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდ, „ვარდების რევოლუციის“ წინ, სააკაშვილის გარემოცა თუნდაც ყველაზე ნაკლებტირაჟიანი გაზეთის წარმომადგენელთან შეხვედრას არ გაურბოდა. ეს შენიშვნა შენ არ გეხება, მაგრამ „მეოცნებეები“ მუდმივად დაკავებულნი არიან. რა ხდება, ივანიშვილის გარემოცვა მხოლოდ მისდამი ლოიალურად განწყობილ ჟურნალისტებს სწყალობს და უხერხულ შეკითხვებს გაურბის?
- არა, ვანო, „ქართულ ოცნებაში“ ჟურნალისტებს არავინ გაურბის, პირიქით, ყველა ეძებს სივრცეს, საიდანაც შეიძლება, რომ ხალხს ხმა მივაწვდინოთ. ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, შენთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა.
- მადლობა... ახლა, გულზე ხელი დაიდე და ისე მითხარო, ოღონდ თუ იცი, რომ ბოლომდე გულახდილი არ იქნები, არ მიპასუხო: კოალიციაში „პარადი“, მართლაც, თინა ხიდაშელსა და გია ხუხაშვილს მიჰყავთ?
- კოალიციას ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომელსაც მხოლოდ უფლება კი არ აქვს, არამედ, შეუძლია, პროცესები წარმართოს და, ხანგრძლივი დათათბირების შემდეგ, გადაწყვეტილებები მიიღოს! ბევრ რამეს ჰყვებიან და ამბობენ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ „ქართული ოცნების“ მუშაობა გუნდურ მმართველობაზეა აწყობილი.
- ეს შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილსაც დავუსვი და, ეკა, შენც უნდა გკითხო: ხალხს ახალი სახეები უნდა, „ოცნებაში“ კი, ისევ ის ძველი სახეები აქტიურობენ, ვინც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხან ხელისუფლებაში არიან, ხან - ოპოზიციაში. თუ გაინტერსებს, ახალ სახედ ვის ვთვლი, გეტყვი, მაგალითად, ირაკლი ღარიბშვილს, თეა წულუკიანს...
- ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან ახალი და ძალიან კარგი სახეა მანანა კობახიძე, ზურა აზმაიფარაშვილი, ელისო ჩაფიძე და კიდევ ბევრი სხვა და ეს მახარებს. საერთოდ, ყველაფერს დრო სჭირდება და იმედი მაქვს, ყველა ღირსეული ადამიანი უფრო მეტად გამოჩდება.
- ...შენთან ექსკლუზიურ კულუარულ ხმას გადავამოწმებ: როგორც „ნაციონალებთან“ დაახლოებულმა პერსონებმა მითხრეს, არსებობს მოსაზრება, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი შესაძლოა, ივანიშვილის მრჩეველი გახდეს...
- ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.
- რატომ?
- ასეთი ინფორმაცია არ მაქვს...
- არც იმის შესახებ გსმენია, რომ თურმე, ბერას გატაცება იგეგმებოდა?
- არა, არ მსენია...
- ბოლოს, ეკა, როგორც გავიგე, ფოთში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნები. ადასტურებ?
- ის, თუ რომელ რაიონში ვიქნები „ქართული ოცნების“ მაჟრიტარი, მალე გაირკვევა. სადაც ამ ბრძოლას ვჭირდები, იქ ვიქნები. მზად ვარ, მივეხმარო სამგერელოს და ჩავერთო ძალიან რთულ ბრძოლაში. ასევე, მზად ვარ, ძალიან ღირსეულ ნაძალადევს ვუქომაგო. სხვათა შორის, ახლა `ნაცმოძრაობის~ ყოფილმა კოორდინატორმა თქვა ის, რასაც 4 წლის წინ ვამტკიცებდი, რომ 2008 წელს გაყალბდა ნაძალადევის ოლქში არჩვენები და მერაბ სამადშვილმა მომპარა ხმები: მხოლოდ ერთ უბანზე 60 ხმა გაყალბდა, ნაძალადევის ოლქში სულ ასამდე უბანი იყო და ეს იმას ნიშნავს, რომ სამადაშვილი არჩეული დეპუტატი არაა! 2008 წელს თბილისში ყველაზე დრამატული არჩევნები სწორედ ჩემს ოლქში იყო. მეც ბოლომდე ვიბრძოლე და ყველა იმ ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც მოვიდა და ხმა უნაგაროდ მომცა. ასეთი კი, 20 ათასზე მეტი ადამიანი იყო... დეპუტატი პროპორციული სიით მაინც გავხდი, მაგრამ ვანო, გახსოვს, ამ გაყალბებული და სამარცხვინო პარლამენტის წევრობაზე უარი ვთქვი. ეს ზნეობრივი არჩევანი იყო და ამ ნაბიჯით დღემდე ვამაყობ! ამის მერე ჩემმა ოჯახმა უმძიმესი რეპრესიები გადაიტანა, მაგრამ ეს იმად ღირდა, რომ მაქვს უფლება, ჩემს ხალხს თავაწეულმა ველაპარაკო და ვუთხრა: ყველამ უნდა გავუძლოთ ამ განსაცდელს და ერთად გავიმარჯვებთ! ოქტომბრის არჩევნები ჩვენი შანსია!