"ქართულმა ოცნებამ~ ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში შეიტანა - თავდაპირველად ოპოზიციის შეცდომა იყო ის, რომ ვფიქრობდით, თავად როდის ექნებოდათ დასავლეთში რეაგირება ხელისუფლების დარღვევებზე. ამიტომაც ბევრ რამეზე უარს ვამბობდით. ახლა ყველაფერზე ვრეაგირებთ. დასავლეთისგან სერიოზული ზემოქმედებაა სააკაშვილზე. მაგალითს მოგიყვანთ: ამას წინათ ქუთაისში ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს წყალი მიასხეს, ერთი წლის წინ ამ ბავშვებს დაგვისისხლიანებდნენ", - აცხადებს ქუთაისში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხელისუფლების წევრთა უმრავლესობა შინ წავა, უმცირესობა - ალბათ, ციხეში"
"ერთი და ორი წლის წინ ჩვენს აქტივისტებს გადაუვლიდნენ, დაიჭერდნენ ან ისე დაგვიხოცავდნენ, როგორც შარშან, 26 მაისს, ახლა კი მათი მთავარი სადამსჯელო ორგანო კონტროლის პალატაა. "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ ხელისუფლების ყველა ქმედება გაითვალისწინა და პრევენციაზეც გვაქვს ნაფიქრი. ქართველი საზოგადოებისა და "ქართული ოცნების" სტრატეგიული ამოცანაა, ხელისუფლებას არჩევნებით მოვუგოთ. ივლისი და აგვისტო კრიტიკული თვეები იქნება, ხელისუფლება შეეცდება, ქუჩაში გამოგვიყვანოს და მერე პროცესები არიოს. სააკაშვილი, ფაქტობრივად, უკვე ჭკუაზე აღარ არის. ამაზე ბევრს ეცინება, მაგრამ კი არ უნდა გაგვეცინოს, თავზარდაცემული უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომლის მარტო სახლში დატოვებაც აღარ შეიძლება ასანთით ხელში. ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მათი ერთადერთი ჭკვიანური ნაბიჯი ის იქნება, თუ დემოკრატიულ არჩევნებზე წავლენ და დათმობენ ხელისუფლებას. ეს არის მათი ფიზიკურად და მორალურად გადარჩენის შანსი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.
"თუ დემოკრატიული არჩევნებით წავლენ, ხელისუფლების წევრთა უმრავლესობა შინ წავა, უმცირესობა - ალბათ, ციხეში. ამას სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტს და არა გამარჯვებული გუნდი. ერთი ან ორი კაცი კი ფსიქიატრიულში უნდა წავიდეს. ხვდებით, ვისზეც ვამბობ. "ნაცებს" ჯერ უნდა მოვუგოთ და მერე ვაჩვენოთ, როგორ იქცევიან ღირსეული ადამიანები. იმასაც ვაჩვენებთ, როგორ შენდება ქვეყანა, რომ საქართველოს უსაშველო არაფერი სჭირს. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა სამი მილიონი კაცის ბედნიერად ცხოვრება?! მეცხრე წელია "ნაციონალური მოძრაობა" მართავს ქვეყანას, კაპიკი არ ჩაუდევს სოფლის მეურნეობაში და ახლა უნდა მომატყუოს, რომ აწი ჩადებს? მაგრამ დღეს ამას ამბობენ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა თქვა. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო დაზღვევაზე ილაპარაკა, ჯერ დასცინეს, მერე გამოვიდა სააკაშვილი და ჩვენც ასე ვაპირებთო..." - განაგრძობს მაჟორიტარობის კანდიდატი.
"მიუხედავად იმისა, რომ ნერვების დიდი ომია, ამ საქმეს არჩევნებამდე მივიყვანთ. შესაძლოა, სააკაშვილი სამხედრო პროვოკაციაზეც წავიდეს. თუმცა, ამაშიც საკმაოდ შეზღუდულია მისი შესაძლებლობები და თუ ასეთ ავანტიურაზე წავა, არ გამოვრიცხავ, ფიზიკური განადგურება დაემუქროს. არ ვიცი, საიდან იქნება ეს საფრთხე, მაგრამ გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა, ჯანზე ვეღარ დარჩეს. ეს გაითვალისწინონ მათ, ვინც პირადად იცნობს სააკაშვილს. შუა და ქვედა რგოლების "ნაცებს" მივმართავ: ფრთხილად იყავით, რადგან თქვენი ლიდერი ჯანზე ვერ არის და შარში არ გაგხვიოთ! ნუ გადაჰყვებით სააკაშვილს, თქვენ მისი ვალი არ გადევთ! ჭკუაზე აღარ არის მიშა, ვერ ატყობთ, კაცი ამომხტარია ტანსაცმლიდან?! კაცი თავის გარემოცვაში კაცსაც სცემს და ქალსაც. სააკაშვილი ყველაზე სახიფათო მათთვის არის, ვინც ახლოს ჰყავს, აბა, ჩემთვის კი არა", - ამბობს რესპონდენტი
"მთავარი შეცდომები წინ აქვს ხელისუფლებას და ჩვენც ორიენტირებული ვართ, რომ ვითარება მაქსიმალურად გაშიშვლდეს. დღეს პოლიტიკური ინიციატივა `ქართული ოცნების~ ხელშია. ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატობა დიდი პატივია ჩემთვის, რადგან ქუთაისში გაივლის ფრონტის ხაზი. ქუთაისს ასაღებდნენ როგორც ნაცმოძრაობის მომხრე ქალაქს, მაგრამ 10 ივნისის მერე ვეღარ არიან გუნებაზე. იმსხვრევა ნაცმოძრაობის მითი, რომ რეგიონები მხარს უჭერენ. ქუთაისში უკვე სხვანაირად იქცევიან პოლიცია და მიშას მომხრეები. "გზაში არიან" უკვე, ჩვენკენ მოდიან. მოდით, ჩემო კარგებო! გაშლილი ხელით გხვდებით. ყველა გადმოდით საქართველოს მხარეს. დღეს ფასეულობათა დაპირისპირებაა. ჩვენ რისთვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა, მათ ამის გამო სძულთ. ეს თემურლენგს და მურვან ყრუს არ გამოუვიდათ და მიშა ვინ არის? `ნაცები~ ქართველებს არ იცნობენ. ყველა ვითარებიდან გამოვსულვართ და აქედანაც გამოვალთ. წვეთი სისხლი არ დაიღვრება, მაგრამ ოფლის დაღვრა მოგვიწევს. სააკაშვილს რომ გავუშვებთ, ქვეყანა ფეხზე უნდა დავაყენოთ და ამისთვის არის დაბადებული ბიძინა ივანიშვილი", - დასძენს გუბაზ სანიკიძე.