"ვფიქრობ, შემოდგომაზე კონფრონტაცია კიდევ უფრო გამწვავდება, თუმცა მაინც ვიმედოვნებ, რომ ძალისმიერი მეთოდები შეიძლება შემცირდეს. უკვე მოწმენი ვართ, რომ დაყადაღების ამ გაუთავებელმა პროცესმა და ივანიშვილის ქონებად გამოცხადებული აქტივების აუქციონზე გაყიდვის თემამ საერთაშორისო ფინანსური წრეების ყურადღება მიიპყრო. სავარაუდოდ, ეს ყურადღება თავისებურად იმოქმედებს მათზე, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არსებობდა საფუძველი, რომ სააკაშვილს ეჭვი შეჰპარვოდა მერაბიშვილში".
"ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად, მისი ძმის კი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამ ნამდვილად გააჩინა იმის საფრთხე, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ ძალადობრივი მეთოდების მეტად ასამოქმედებლად ემზადება, მაგრამ ახალაია არ არის ის ფიგურა, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. სწორედ ამის იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ხელისუფლება საერთაშორისო კონტექსტს გაითვალისწინებს. სააკაშვილს სხვა გზა არც აქვს, დასავლეთთან საურთიერთო ხიდების საბოლოოდ განადგურება სააკაშვილისა და მის გარშემო შეკრებილი პოლიტელიტისთვის ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს. დღეს მას საქართველოს მოსახლეობის იმგვარი მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, როგორიც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჰქონდა, იქნებ არც გაეთვალისწინებინა დასავლეთის თვალსაზრისი, მაგრამ დღეს სააკაშვილის ავტორიტეტი მოსახლეობაში ძალიან დაბალია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მერაბიშვილის გაპრემიერება ერთგვარად რევერანსია რუსეთის წინაშე, რომლის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთანაც ვანო მერაბიშვილს საკმაოდ კარგი კავშირები აქვს, რადგანაც ვერ ვხედავ მოტივს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან ამგვარი პოლიტიკური თამაში დაიწყოს. საქმე ის არის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას თავისი პრობლემები აქვს, მათგან უმთავრესია შიგა სახელისუფლებო სიმტკიცის შენარჩუნება. სააკაშვილს თუ ვინმეზე შეიძლება ჰქონოდა ეჭვი, მიღალატებსო, ეს, უპირველესად, სწორედ მერაბიშვილი იქნებოდა. ამიტომაც ეს ცვლილება ხელისუფლების მთლიანობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ნაბიჯს ჰგავს და არა რუსეთისადმი რევერანსს", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
"ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში რა ურთიერთობა იყო ივანიშვილსა და მერაბიშვილს შორის. გამახსენდა ერთი ინტერვიუ, რომელშიც პირდაპირ ჰკითხეს მერაბიშვილს - ივანიშვილი რუსეთის აგენტიაო? და მან ამ საკითხზე მსჯელობას საერთოდ აარიდა თავი. მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი პოლიტიკოსი ამგვარ მსჯელობას შეკითხვის გარეშე იწყებს. თანაც, ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების მიხედვით, მათ საკმაოდ საფუძვლიანი კავშირები ჰქონდათ ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, არსებობდა სერიოზული საფუძველი იმისთვის, რომ სააკაშვილს ეჭვი შეჰპარვოდა მერაბიშვილში. რაც შეეხება ხელისუფლების შიგნით ერთიანობას, ერთი ზოგადი კანონი არსებობს - რაც უფრო ძლიერია ფიგურა, მით უფრო იოლად იღებს გადაწყვეტილებას, გადადგას პირველი პირის საწინააღმდეგო ნაბიჯები. გავიხსენოთ, ვინ იყვნენ ნაპოლეონის ღალატის მოთავეები - ფუშე და ტალეირანი. ამგვარი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად იყო მერაბიშვილი, თანაც მას გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია, რაც ნამდვილად არ ახასიათებს ახალაიას", - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.
"ზუსტად შენიშნეთ - "თავისუფლების ინსტიტუტი" ჯერჯერობით ნამდვილად ჩრდილშია. შეიძლება ეს ერთგვარი პოლიტიკური ფანდია და მალე ამ გუნდის გააქტიურებაც ვნახოთ, თუმცა მაინც მგონია, რომ სააკაშვილიც აღარ არის მიჯაჭვული ამ ჯგუფზე ისე, როგორც ადრე იყო. ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს ბევრ საკითხზე, არადა, "თავისუფლების ინსტიტუტი" სწორედ გადაწყვეტილებების "მანქანა" იყო. ჩემი აზრით, დღეს სააკაშვილისთვის ეს "მანქანა" აუცილებელი აღარ არის. სააკაშვილის თამაშის სტილი მეტად საინტერესოა, ის ხშირად საკმაოდ გაუთვლელ სვლებს აკეთებს, მხოლოდ ინტუიციას ენდობა, შესაბამისად, სულაც არ იცის, ესა თუ ის სვლა რა შედეგს მოუტანს. მიმაჩნია, რომ ეს სამთავრობო გადაადგილებები არ არის ბოლომდე გათვლილი, მან ეს გააკეთა ერთიანობის შესანარჩუნებლად, მაგრამ კიდევ რისთვის გამოიყენებს ამ გადაადგილებებს, სამომავლოდ შექმნილი ვითარება გვიჩვენებს"- დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "როგორ შეაფასებთ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის უკვე საჯაროდ გამოტანილ მონაცემებს?" - პასუხობს:
"კვლევა საკმაოდ ვრცელია, ამიტომაც მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შევჩერდები, უპირველესად ვიტყვი, რომ გარკვეული მონაცემები და კითხვის დასმის ფორმა სერიოზულად მაეჭვებს. მაგალითად, რამდენიმე შეკითხვაა დასმული ლაზიკას თაობაზე, მაშინ, როცა კონტროლის პალატის მოქმედებების შესახებ კითხვარში ერთი კითხვაც არ არის. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ? კითხვარის შედგენისას ხომ არ იყო ტენდენციურობა? ვფიქრობ, ბევრი რამ პოლიტიკური პარტიების რეიტინგების გასაჯაროების შემდეგ გამოჩნდება. მნიშვნელოვანი შედეგია, რომ კითხვაზე: "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, წახვალთ თუ არა არჩევნებზე?~ - წინა კვლევებთან შედარებით გაცილებით მეტი ადამიანი იძლევა დადებით პასუხს, მათმა რიცხვმა გამოკითხულთა 75% შეადგინა. ვფიქრობ, ეს ივანიშვილის ფაქტორით არის გამოწვეული".
"კითხვას: "ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს, დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშვილის ამგვარ მოწოდებას?~ და მიღებულ პასუხებს - დადებითი პასუხი 27%-მა გასცა, 53%-მა _ უარყოფითი, 19%-მა კი ჯერ არ იცის, როგორ მოიქცევა - დიდად არ ვენდობი, ვფიქრობ, კითხვა მაინცდამაინც კორექტულად ვერ არის დასმული, საზოგადოებაში არსებული შიშის ფაქტორიც არ არის გათვალისწინებული. ამაზე მეტყველებს იმ ადამიანთა საკმაოდ დიდი პროცენტი, რომლებიც ამბობენ, რომ არ იციან, რას იზამენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქუჩაში გამსვლელი ადამიანების რიცხვი, 27% - ნამდვილად არ არის ცოტა, თუმცა მიმაჩნია, თუ საჭირო შეიქნა, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებით გაცილებით მეტი ადამიანი გამოვა. დაახლოებით იგივე შემიძლია ვთქვა კითხვაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას შეეხება, რასაც კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% უჭერს მხარს, 36% წინააღმდეგია, 27%-მა არ იცის, ხოლო პასუხზე უარს აცხადებს 3%. ჯამში, 30%-ის აზრი არ ვიცით, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს ისევ და ისევ იმაზე, რომ ადამიანები შიშის გამო ან საერთოდ არიდებენ ამგვარ კითხვას თავს, ან გულწრფელად არ პასუხობენ" - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.