თბილისისა და სამეგრელოს შედეგები არჩევნების ბედს გადაწყვეტსო_ ასეთი განწყობა აქვს დღეს ,,ქართულ ოცნებას'' და ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნას შემხვედრი ნაბიჯით ხვდება. ამ ნაბიჯისა და მცხეთა-მთიანეთში დაანონსებული ახალი სტრატეგიის შესახებ ,,ვერსიას'' ეკა ბესელია უამბობს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კენჭს ნაძალადევში იყრის მაჟორიტარ კანდიდატად. რატომ ელის სამეგრელოში არჩევნების სცენარის დრამატულ განვითარებას, რეალურად, რომელ მაჟორიტარულ ოლქში დაასახელებს კოალიცია მაჟორიტარობის კანდიდატად და რა პარალელს ავლებს ვანო მერაბიშვილსა და ყოფილი პარტიის ლიდერ, ირაკლი ოქრუაშვილს შორის _,,ვერსიის'' კითხვებს ეკა ბესელია პასუხობს:
_ პრემიერი ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის 1000-ლარიან ბარათებს 1000-ლარიან ,,სარგებლიან'' ვაუჩერებს უპირისპირებს. შემიფასეთ სამთავრობო გუნდის ცვლილებები და როგორ უპასუხებს კოალიცია ხელისუფლების გამოწვევას?
_ მაგათ ხომ მეტი ფანტაზია აღარ ჰყოფნით, თითქოს, ყურს ლამაზად ესმის, ,,მეტი სარგებელი ხალხს'', მაგრამ ეს კარტი უკვე გაჭრილია. დისბალანსი დადებულ და შესრულებულ დაპირებებს შორის იმდენად დიდია, ხელისუფლება მოსახლეობას ვერანაირი მოქარგული დევიზებით ვეღარ მოისყიდის, მით უმეტეს, როცა ივანიშვილისნაირი კონკურენტი ჰყავს. ,,ნაციონალები'' რვა კი არა, რვაჯერ რვა წელი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ივანიშვილს მაინც ვერ დაეწეოდნენ. ბუნებრივია, ეს ცვლილებები საარჩევნოდ გაკეთდა. ფაქტია, მერაბიშვილი და ახალაია სააკაშვილის წინააღმდეგ ისედაც არ იმუშავებდნენ და მთელი გუნდის ყულაბაში თავიანთ შენატანს მაინც გააკეთებდნენ. საქმე იმაშია, ვინ უფრო იოლად მართვადი იქნება კრიტიკულ სიტუაციაში. როგორც ჩანს, ახალაია გაცილებით კარგად დასამუშავებელი მასალაა სააკაშვილის ხელში, ვიდრე _ მერაბიშვილი. ეს ერთი ფაქტორი. მეორე _ არ მჯერა ამ რიცხვების, მაგრამ მერაბიშვილის მინისტრობის დროს შს სამინისტროს ეს ყბადაღებული მაღალი რეიტინგები, შესაძლოა, ნევრებისმომშლელი აღმოჩნდა სააკაშვილისთვის. მიშას ძალიან აღელვებს ის, რომ მის გუნდში ვიღაც მასზე მაგარია. ეს ის ძალიან სახიფათო მიჯნაა, რომელთან მიახლოებას სააკაშვილი არავის პატიობს.
_ ახლა ირაკლი ოქრუაშვილთან ავლებთ პარალელს?
_ კი, ოქრუაშვილზე მაქვს საუბარი, რადგან მასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება სწორედ ამ თემიდან დაიწყო. ეს მეორე ფაქტორია, რამაც შეიძლება, მიხეილ სააკაშვილს გარკვეული ცვლილებების აუცილებლობა დაანახა.
_ ეს მინიშნებაცაა, რომ შეიძლება, მერაბიშვილმა ოქრუაშვილივით დაამთავროს?
_ არ არის გამორიცხული, მაგრამ აქ კიდევაა მესამე ფაქტორი _ მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი ხდება მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერობისთვის ემზადება, ანუ მერაბიშვილი რამდენიმეთვიანი პრემიერ-მინისტრია, თუ იბრძოლებს, რათა ეს სტატუსი არჩევნების მერეც შეინარჩუნოს? არის კი ვანო ის ფიგურა, ვისაც სამთვიანი ვადით დანიშნავენ? მე ასე ნამდვილად არ მგონია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2004 წლიდან ის ერთი და იგივე სამინისტროს ხელმძღვანელია. ყველა ამ არგუმენტის გამო, ჩემი აზრით, მერაბიშვილს ეტაპობრივად იშორებენ. ამის პარალელურად, ძლიერდება ახალაიების კლანი. არჩევნების წინ კი შს მინისტრის ხელში გაცილებით ძლიერი ბერკეტები, პოლიცია და მისი ქვედანაყოფებია, ვიდრე _ პრემიერის. ცხადია, ვანოს ექნება მცდელობა, შსს-ში გავლენა შეინარჩუნოს, თუმცა რყევები, რაც უწყებაში დაიწყო და გაგრძელდება, ხელისუფლებისთვის უბრალოდ დამანგრეველი იქნება.
_ როცა სამეგრელო საარჩევნოდ ყველაზე ,,ცხელ'' რეგიონადაა გამოცხადებული და ფრთიან ფრაზად დადის, რომ ზუგდიდი ახალაიების კლანის ხელშია, ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნაში რამე მინიშნებას ხედავთ?
_ ახალაიას ახალი პოსტი პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს სამეგრელოში. ამავდროულად, ის ერთადერთი მინისტრია, ვისზეც დასავლეთი ღიად აცხადებს, რომ საეჭვო რეპუტაციის ადამიანია. შესაძლოა, სხვა მინისტრებზეც იგივეს ფიქრობდნენ, მაგრამ არც ერთ სხვა ფიგურაზე ისე ღიად არ საუბრობენ, როგორც ბაჩო ახალაიაზე. ეს შეშფოთება იმ განცხადებებსა და შეფასებებში ჩანს, რაც დასავლურ მედიაში კეთდება. არც ის დაგვავიწყდეს, რომ მისი მამა, როლანდ ახალაია ოლქის პროკურორია და, რეალურად, სამეგრელოს რეგიონს მთლიანად განკარგავს. ეს ,,ასლანიზმის'' ერთგვარი მოდერნიზებული ფენომენია _ ახალიას მამა სამეგრელოს ფეოდალივით იქცევა. ამ დროს, არის ინფორმაცია, რომ ბაჩოს ძმა, დათა ახალაია, შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროში წავიდეს, ანუ ძმა ერთ-ერთ ზედა რგოლში ჩაანაცვლოს, ოღონდ არა მინისტრის სკამზე. ერთი სიტყვით, კლანი ძლიერდება და სწორედ იმიტომ, რომ სამეგრელო არჩევნებზე საჯილდაო ქვა იქნება, ოპოზიცია-ხელისუფლებას წინ უშეღავათო ბრძოლა ელით. ვფიქრობ, ყველაზე დრამატული და დაძაბული შეჯიბრი სწორედ სამეგრელოში გაიმართება. ალბათ, სამეგრელოს რეგიონის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება თუნდაც ,,ქართული ოცნების'' მაჟორიტარებისთვის.
_ ცენტრი დედაქალაქიდან თქვენც გადაიტანეთ, ოღონდ სამეგრელოში?
_ თბილისს, ბუნებრივია, თავისი უნივერსალური მნიშვნელობა ექნება, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება დედაქალაქს პირწმინდად წააგებს და ამას უკვე შეგუებულია. ის განწყობა, რასაც დედაქალაქი არჩევნების დღეს აჩვენებს, მათ შორის, 2008 წლის არჩევნებზეც, როცა გამარჯვება ოქმებშიც ოფიციალურად გაფორმდა, რეგიონებსაც უნდა გადაედოს.
_ მაგრამ რაში ჩანს, რომ ხელისუფლება თბილისში დაგნებდათ _ არჩილ გეგენავა, ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, მერაბ სამადაშვილი და მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები გვანან შეგუებულებს?
_ ზუსტად ამ ჩამონათვალის გამოა ხელისუფლება დამარცხებას შეგუებული. სამადაშვილს აღარავინ აირჩევს ნაძალადევში მეოთხე ვადით, სულ რომ ანგელოზი იყოს, მით უმეტეს, არ არის! მაგალითად, გიორგი ბარამიძე, ბებიაჩემისდროინდელი კადრია. უკაცრავად, მაგრამ ეგ ადამიანი მოქალაქეთა კავშირიდან არ მოდის? არ მაინტერესებს მისი ასაკი, ხომ მაგ პერიოდის პოლიტიკოსია და ესენი ლაპარაკობენ ახალ სახეებზე? ერთი მხრივ, ამ კანდიდატების დასახელება დანებების, მეორე მხრივ, იმის ნიშანია, რომ მმართველ გუნდს რესურსი აღარ აქვს და არც ახალი სახეები ჰყავს!
_ ისე საუბრობთ, უნდა დააზუსტოთ, თბილისში, ნაძალადევში, სამადაშვილის კონკურენტი თქვენ იქნებით თუ სხვა ვინმე?
_ სამადაშვილი ახლაც ისევე წააგებს არჩევნებს, როგორც წინაზე, ოღონდ, ეს ამჯერად ოქმებში ჩაიწერება.
_ წინა ოქმებში თქვენ წინააღმდეგ მისი გამარჯვება რომ ჩაიწერა, ამიტომ გეკითხებით.
_ ამჯერად, ყველაფერი სხვანაირად იქნება. ვინ იქნება მისი კონკურენტი, ამას ჩვენ მალე დავასახელებთ.
_ თქვენ არ იყრით კენჭს ნაძალადევში და სამეგრელოზეც იმიტომ ამახვილებთ ყურადღებას, რომ კოალიციაში გეგმები შეიცვალა? თან, სამეგრელოში ყოველდღე ახალი ინციდენტი ხდება და ალბათ, ირაკლი ალასანია ,,ვითარების გარდატეხას'' მთელი კამპანიის მანძილზე მარტო ვერ გასწვდება.
_ ირაკლი ალასანია ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ, რასაკვირველია, ის მთელ სამეგრელოს ვერ ეყოფა! ახალაიების პარპაშსა და თარეშს სამეგრელოში ხელი ერთად უნდა შევუშალოთ. ამიტომ, ვფიქრობ, სამეგრელოში კენჭისყრა გაბედული და რისკიანი გადაწყვეტილებაა. ,,ქართული ოცნების'' ახალი სტრატეგია არის სწორედ ის, რომ მაჟორიტარობის უფრო ძლიერი კანდიდატები რეგიონებში გადანაწილდებიან. ვისაც გული ერჩის და თავი ამ საქმისთვის ემეტება, ვფიქრობ, მძიმე რეგიონებში მაჟორიტარობას უნდა დათანხმდეს. ასეთად სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი მიგვაჩნია. ეს სამი რეგიონი ხელისუფლებას საკუთარი ხმების ბეღელი ჰგონია. ჩვენც ყველა წინა არჩევნებზე კონცენტრირებულები დედაქალაქში ვიყავით, ახლა კი ყველას მოვუწოდებ, ეს გაბედული და რისკიანი ნაბიჯი გადადგას.
_ გამაგებინეთ, თქვენ გადადგით და ,,დრამატულ'' სამეგრელოში მიდიხართ, თუ ,,პირწმინდად მოგებულ'' თბილისში რჩებით?
_ მზად ვარ, წავიდე ყველაზე რთულ რეგიონში. მე ადრეც ვესაუბრე ბატონ ბიძინას და მოგვიანებითაც გვქონდა ამ თემაზე საუბარი. სადაც ჩათვლის პოლიტიკური გუნდი, რომ ჩემი შესაძლებლობები უფრო უკეთ იქნება გამოყენებული, მინდა თუ არა, და მომწონს თუ არა, იქ უნდა წავიდე, ამიტომ ჩემი წარმომავლობითა და გვარის ,,ია''-ზე დაბოლოებით თუ ვიმსჯელებთ, კენჭს, ალბათ, სამეგრელოში ვიყრი. ამისთვის მზად ვარ იმიტომ, რომ საჭიროა.
_ ისე, ივანიშვილის კიდევ ერთი საინტერესო სტრატეგია იკვეთება _ ვინც აქამდე მაჟორიტარად დასახელდა, ან ივანიშვილის პარტიის წევრია, ან ზეპარტიული სახე, ხელოვანი, ექიმი, მსახიობი... ჯერ გამონაკლისი მხოლოდ ,,ფორუმელი'' გუბაზ სანიკიძეა. რა ხდება, მილიარდერი სხვებს არ ენდობა?
_ ეს, უბრალოდ, დამთხვევაა. სტრატეგია არის ის, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები მაჟორიტარულ ოლქებში გავლენ. შესაძლოა, აქ პარტიულობა განმსაზღვრელი სულაც არ იყოს. ეს, ალბათ, უფრო დამთხვევაა, რომ ჯერჯერობით, სხვა პარტიები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი.
_ თქვენ თვითონ გჯერათ ასეთი დამთხვევების?
_ ხდება-ხოლმე. მინდა გითხრათ, დიდ ოჯახში ყველაფერი რიგზეა! ივანიშვილის სიბრძნე ისაა, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქს შესაბამისი კანდიდატურა გამოუძებნა. ბევრი კანდიდატურა სიახლე იქნება და ზოგიერთ გვარს ხალხი იმ ოლქში გაიგონებს, სადაც, შეიძლება, არც ელის. კამპანია არ იქნება სტანდარტული და მოულოდნელობების ეფექტით გაგრძელება.
_ არჩევნებზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ ბოლო დღეებია, კოალიცია ვა-ბანკზე მიდის. თუ აქამდე თუნდაც უკანონო კანონებს ემორჩილებოდით, ახლა პოზიცია შეიცვალეთ და ჯარიმებს არ იხდით. ხალხის ნაწილს რჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი ქუჩაში გასვლას აპირებს. ასეა?
_ კოალიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილის ავანტიურაზე აგებულ სტრატეგიას არ გაჰყვეს. ეს სტრატეგია პირდაპირ ვითარების დაძაბვისკენაა მიმართული. ვცდილობთ, ამ ყველაფერს მშვიდი და აკადემიური საარჩევნო კამპანია დავუპირისპიროთ, სულ ცეცხლის ჩახშობის რეჟიმში ვართ, შეტევაზე კი არჩევნების დღეს გადავალთ! ეს ნიშნავს, რომ ყველა კანონიერი და ლეგიტიმური საშუალებით დავიცავთ არჩევნების შედეგებს. რაც შეეხება ჯარიმების გადაუხდელობას, ხელისუფლება ულტრარადიკალურად იქცევა, ამიტომ ხალხს მოწონს ჩვენი გადაწყვეტილება ჯარიმის არგადახდის შესახებ.
_ და რა მოდის ,,არ გადავიხდის'' შემდეგ?
_ ,,არ გადავიხდის'' შემდეგ, ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებასა და სააკაშვილის დამარცხებას. ჩვენ მუდმივად ვუხსნით მოსახლეობას, რომ ამ რეჟიმში იმიტომ ვარ, რათა პროცესებმა ქუჩაში არ გადაინაცვლოს. როგორც ჩანს, სააკაშვილს არჩევნები არ უნდა, რადგან მარცხის ეშინია. ჩვენ კი მხოლოდ ის გვინდა, პროცესები არჩევნებამდე მივიყვანოთ, რომლის შედეგები სააკაშვილისთვის სილის გალაწუნება იქნება. აბა, ჩვენ მეორე ლოყასაც ხომ ვერ მივუშვერთ?
_ აქამდე ისე ჩანს, რომ ასეც იქცევით.
_ ერთი კარგი გამონათქვამი არსებობს _ ხშირად, კონფლიქტიდან გაცლა გამარჯვების ტოლფასია. ვფიქრობ, ახლა სწორი ეს სტრატეგიაა. სააკაშვილი მუდმივად რადიკალურ ნაბიჯებს დგამს და ქუჩისკენ გვიბიძგებს. ჩვენი გეგმაა, ბოლომდე ამ გზით მივიდეთ არჩევნებამდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, შედეგების დათმობასა და თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ.
_ რა გამოდის, ,,ბოღმას იგროვებთ'' და არჩევნებზე უნდა ამოანთხიოთ?
_ ბოღმა უკვე დააგროვა ხალხმა ამ 8 წლის განმავლობაში და სააკაშვილს ოქტომბერში გასცემს პასუხს, როცა 5-იანს არ შემოხაზავს.