ოქროს უნიტაზის ხიბლი

ოქროს უნიტაზის ხიბლი

”ბახი თავის მოსწავლეებს სთხოვდა მიდგომოდნენ ინსტრუმენტულ ხმებს, როგორც პიროვნებებს, ხოლო მრავალხმიან ინსტრუმენტულ ნაწარმოებს, როგორც საუბარს ამ პიროვნებებს შორის. თანაც მოითხოვდა, რომ ყველა მათგანს თავის დროზე ელაპარაკა და თუ არაფერი ჰქონდა სათქმელი, სჯობდა ჩუმად ყოფილიყო და თავის რიგს დალოდებოდა” (ეიზენშტეინი)

მთავრობასთან ერთად ხშირად მიწევს ყოფნა. თითქმის ყოველდღე. ერთად ვცურავთ ვაკის აუზზე.

ერთად ვცურავთ, ერთად ვიხდით და ვიცვამთ. პირადად მე იქ, გასახდელში, არაერთხელ დამისკვნია - მცირეოდენ განსხვავებას თუ არ ჩავთვლით, ყველანი ერთნაირები ვართ - ჩინიანებიც და უჩინონიც.

მაგრამ ეს მხოლოდ გასახდელში. აუზიდან გამოსვლის შემდეგ კი მთავრობა სხვანაირად იქცევა ხოლმე. ზოგიერთს აქ ხვდება დიდი შავი ჯიპი, საიდანაც გადმოსული დაცვის ბიჭი კარს უხსნის და ელოდება - სანამ ”პიჟამოიანი მინისტრი” ფეხს აწევს და შავ მანქანაში შეძვრება.

საშინლად მაინტერესებს, როგორ ამართლებენ ამ მიზანსცენას. რა ვნებაა ეს - იცოდე, რომ ათასი კაცი გიყურებს, როგორ უჭირავთ შენთვის მანქანის კარი და ეს გსიამოვნებდეს, მოგწონდეს ”ზევიდან ქვევით ყურება” და ძალაუფლების დემონსტრირება. რა ტრავმამ განაპირობა ეს მამაძაღლობა? და როგორ შეიძლება კაცი, რომელსაც ასეთი ტრავმები აქვს, რაღაცას მართავდეს?
სეა
არადა მეორე, ამის საპირისპირო ვნებაც ხომ არსებობს? სურვილი, იგრძნო თავი ისეთად, როგორიც სხვაა, ცოტა ხნით მაინც დატოვო, მიაგდო შენი პერსონა და სხვას შეუერთდე? ვიღაც ამ გრძნობას სიყვარულს ეძახის, ვიღაც თანასწორობის ეროტიკას. ეიზენშტეინი, საერთოდ, ექსტაზს უწოდებდა, მისი კოლეგა, რუსული კინოავანგარდის ყველაზე დაუფასებელი რეჟისორი, ლევ კულეშოვი კი ამბობდა, კინოკამერას უყვარს მხოლოდ და მხოლოდ ის მსახიობი, რომელსაც პირდაპირი მზერა აქვსო.

ეს პირდაპირი მზერა ლაკმუსია. თუკი ადამიანს პირდაპირ ყურება შეუძლია, იგი არც კარს დაუჭერს ვინმეს და არც სხვას მოსთხოვს ასე მოემსახუროს. თანაც, არასამუშაო საათებში, სახალხოდ.

რა ვიცი, ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არასდროს შევმცდარვარ ადამიანების მზერებში. ბოლოს და ბოლოს თავს კინემატოგრაფისტად მივიჩნევ და ასე კარგად არც არაფერი მისწავლია ცხოვრებაში.

ვაცლავ ჰაველის პირადი მდივანი, რომელსაც ზოგჯერ ”ჰაველის მრჩეველსაც” უწოდებენ, ვლადიმირ ჰანზელი, გასულ კვირაში ჩეხეთში ”წითელი ზონისთვის” გადავიღეთ (ვაცლავ ჰაველზე ვამზადებთ გადაცემას). კარლოვი ვარის კინოფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც მისი ცოლის, დოკუმენტალისტის, ფილმს აჩვენებდნენ.

ეს კარლოვი ვარი, თავისი გაუთავებელი კიბეებით და ციცაბო ბილიკებით, ჯოჯოხეთია ჩემი კუნთებისთვის. ძლივს მივაღწიე იმ ადგილამდე, სადაც გადაღება დაგვინიშნა - სასტუმრო ”ბრისტოლთან”. ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ აქ ორი ”ბრისტოლია”, ერთს ”ბრისტოლი” ჰქვია, მეორე სასტუმროს - ”ბრისტოლ პალასი”. დაგვირეკა, თქვენ ”პალასთან” ხართ, შეგეშალათ, მაგრამ ჯანდაბას თქვენი თავი, მე თვითონ მოვალო. სრულიად ბუნებრივად მივიჩნიეთ მისი გადაწყვეტილება. მანქანით მოიყვანენ ალბათო, დაასკვნა ჩემმა პროდიუსერმა.

რამდენიმე წუთში მოვიდა. ფეხით ამოიარა ციცაბო აღმართი დაახლოებით 60 წლის კაცმა, ზურგჩანთით, ”სანდლებით” და პირდაპირი მზერით... ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, ფესტივალზეც ვისაუბრეთ ცოტა, ვურჩიეთ, აუცილებლად ენახა კრისტიან მუნჯიუს ”ბორცვებს მიღმა”, რომელსაც მეორე დღეს აჩვენებდნენ კონკურსგარეშე პროგრამით.

მუნჯიუს ფილმზე ბილეთები გაყიდული აღმოჩნდა. არადა ორი საათით ადრე მივედით კინოში. მოლარემ გვითხრა, შესასვლელთან სპეციალური რიგია. ადგილები თუ დარჩა, ხალხს შეუშვებენ და იქიდან სცადეთ შესვლაო. სხვა რა გზა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ”ბორცვებს მიღმა” უკვე ნანახი მქონდა კანში, ძალიან მინდოდა წლის საუკეთესო ფილმი ”ზონელებსაც” ენახათ.

სეანსის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჰანზელიც მოვიდა. ხელი დავუქნიე, მაგრამ არ ვიცი, ვერ დამინახა თუ მოერიდა რიგის დარღვევა. დადგა ”უბილეთოების რიგში” თავისი ზურგჩანთით. მერე კინოდარბაზის სტაფმა იცნო, გამოელაპარაკნენ. სკამი მიუტანეს და ასე დასვეს, რიგში.

დარბაზში ჩვენც შევაღწიეთ და ჰანზელმაც. ვუყურებდი კრისტიან მუნჯიუს ფილმს ძალაუფლების პერვერსიულობაზე და ვლადიმირ ჰანზელზე ვფიქრობდი... ჰანზელზეც და ვაცლავ ჰაველზეც, რომლის დაკრძალვაზე პრაღელმა კოლეგებმა მითხრეს, ისე მოკრძალებულად და სადად დაემშვიდობა ჩეხეთი, რომ მარტო ამის გამო წამოგივიდოდა ცრემლიო... ვფიქრობდი ჰაველის ძმაზე, რომელიც - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი ჩეხეთში - მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს (ივან ჰაველიც გადავიღეთ ”ზონისთვის”)... ულოფ პალმეც გავიხსენე. მერე მიხეილ სააკაშვილი, შევარდნაძეზე რომ ქილიკობდა, მისმა დაცვამ ქუჩები გადაკეტა და ხალხს პრობლემები შეუქმნაო და, რა თქმა უნდა, ის მინისტრები, აუზზე რომ დადიან ჩემთან ერთად გრანდიოზული შავი ჯიპებით... ასე, ფიქრში, ის სცენა გამახსენდა, შარშანწინ რომ გათამაშდა ჩემს თვალწინ სტოკჰოლმის ერთ პარკში, რომელიღაც უფასო როკ-კონცერტზე. ლუდისგან სრულიად გათიშული შვედები, ბარბაც-ბარბაცით დგებოდნენ დახლთან კიდევ ერთი კათხა ლუდის საყიდლად. ზოგი, იქვე, ხესთან შარდავდა კიდეც, მაგრამ... რიგს მკაცრად იცავდა. პირველად ვნახე მთვრალების რიგი! მობარბაცე კაცების კარგად ორგანიზებული რიგი...

ამიტომაცაა, რომ შვედებმა დაიმსახურეს ულოფ პალმეს მსგავსი ხელისუფალი.

ვაცლავ ჰაველი დაიმსახურეს ჩეხებმა - შრომისმოყავრე და ”სადა” ჩეხებმა... ასე რომ დავცინოდით პრაღაში ”ესთეტი ზონელები”, ეს რანაირად იცვამენ, როგორი უგემოვნო ხალხიაო.

ჩვენ კიდევ... ჩვენ, ეტყობა, დავიმსახურეთ ეს მარაზმი - ფეოდალი-ხელისუფალი, რომელსაც ან ოქროს უნიტაზზე ჯდომა უყვარს, ანდა, უბრალოდ, სიამოვნებს, როცა თავის ვნებაზე ათამაშებს ქვეყანას... პირდაპირ არასდროს იყურება და ზევიდან დაგვცქერის.

რაც მთავარია, ჩვენ, ეტყობა, დავიმსახურეთ იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელსაც მოსწონს ზევიდან რომ უყურებენ და ფულის ჩამოყრას ჰპირდებიან.

არადა ამ მამაძაღლობისგან განთავისუფლება ადვილზე ადვილია - რიგში დგომა და პირდაპირ ყურება უნდა ვისწავლოთ!