მშვიდობით, ბას! ვივა, ამერიკა!

მშვიდობით, ბას! ვივა, ამერიკა!

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა დაასრულა საქართველოში მოღვაწეობა, ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება და ოპოზიცია ხშირად უკმაყოფილო იყო მისით. პირველი "ცხელ გულზე" ცხვირს უბზუებდა, შენი ადგილი იცოდეო(!), მეორე საყვედურობდა, დემოკრატიის ფლაგმანი, როგორც საჭიროა, ისე არ ლანძღავ ხელისუფლებასო. ელჩი კი თავის დიპლომატიურ გამოსვლებში დიპლომატიურად მიანიშნებდა, ამერიკა ამერიკაა, მაგრამ თქვენ ნაქნარს და საკეთებელს, თვით ამერიკაც ვერ დამალავს და გააკეთებსო. 
აი, ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ამხელდა დამალულს და როგორ აკეთებდა თავის საკეთებელს ამერიკა. 
"ჩეკერესა" და "უოთერგეითის" სკანდალებს შორის ინტერვალი 20 წელია. 1952 წელს ამერიკის 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, მაშინ ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო რესურსის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს. "თავაშვებულმა" (ნიქსონის სიტყვებია) ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ორი შვილის მამამ თავის გოგონებს ნანატრი კოკერ-სპანიელი, სახელად "ჩეკერე", ხაზინიდან აღებული ფულით უყიდა. ნიქსონმა უარყო ბრალდება და განაცხადა: "ყველაფერი სიცრუეა, ძაღლი საერთოდ არ მიყიდია, ის ბავშვებს აჩუქეს. სულაც არ ვაპირებ გადადგომას, ნურავინ იფიქრებს, რომ ასე ადვილად დავნებდები". მართლაც, არ გადადგა და 8 წლის თავზე პრეზიდენტის სავარძელს წაეპოტინა. ამჯერად, დამარცხდა. ამერიკელმა ხალხმა მუდამ გულჩათხრობილ, შეუზღუდავი ძალაუფლების მოყვარულ და აგრესიულ ნიქსონს ახალგაზრდა და მომხიბვლელი ჯონ კენედი ამჯობინა. პრეზიდენტობაში ხელმოცარულმა კალიფორნიის შტატის გუბერნატორად გახდომა სცადა, მაგრამ იქაც დამარცხდა. ახლა კი მართლა დანებდა. "ამიერიდან ვერასოდეს იხილავთ გალახულ ნიქსონს", - გამოუცხადა "საძულველ" პრესას და განზე გადგა. როგორც აღმოჩნდა, დროებით. 1968 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა განაცხადა, რომ არ სურდა პრეზიდენტობაზე მეორედ კენჭის ყრა. ვიეტნამში გაჭიანურებული ომი როგორც ჭაობი, ისე ითრევდა ამერიკულ სამხედრო მანქანას და, შესაბამისად, ეკონომიკას. ქვეყანას ანტისაომარი მანიფესტაციები და რასობრივი მღელვარება აზანზარებდა. ასეთ ვითარებაში ქვეყნის პრეზიდენტობას მხოლოდ ნიაქსონის ტიპის პოლიტიკოსი თუ მოინდომებდა. მოინდომა და გახდა კიდეც. 

სამხედრო კარიერიდან მოყოლებული (საზღვაო ქვეითი იყო), მეგობრები და თანამშრომლები "გვარიან ნაბიჭვრად" მოიხსენიებდნენ. არა იმის გამო, რომ ვინმე დააბეზღა ან ვინმეს გოგო წაართვა, მიზნის მისაღწევად ყველანაირ ხერხს იყენებდა და ამას ძალზე ტლანქად, "ულამაზოდ" აკეთებდა, რაც პოლიტიკაში, მით უფრო, ამერიკაში, ძლიერ მნიშვნელოვანია (ცნობისთვის: მთელი ისტორიის მანძილზე ამერიკელებს არ აურჩევიათ მელოტი პრეზიდენტი). პრეზიდენტი გახდა, ვიეტნამის ომიდან ამოაძვრინა ქვეყანა და მთვარეზეც დაადგმევინა ამერიკელ ასტრონავტს ფეხი. 1972 წელს მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი. ინაუგურაციამდე 4 თვით ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია. უსიამოვნო კითხვებს ჩვეულ სტილში უპასუხა, გაღიზიანებულმა ყველაფერი უარყო, რაც კი დანაშაულში მის თანამონაწილეობას ეხებოდა. დანაშაული კი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო იყო. 17 ივნისს, ღამით, ხუთი პირი ვაშინგტონში მდებარე სასტუმრო "უოთერგეითის" შენობაში შეიპარა, სადაც ნიქსონის მოწინააღმდეგე დემოკრატიული პარტიის კანდიდატის საარჩევნო შტაბი იყო მოწყობილი. ისინი შემთხვევით შენიშნა მოხუცმა შავკანიანმა დარაჯმა, რომელიც შენობას ამოწმებდა, ოფისში შეპარულები მძარცველებად ჩათვალა და პოლიციას გამოუძახა. 

"მძარცველები" დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი ნიქსონის საარჩევნო შტაბის აგენტები იყვნენ და დემოკრატების ოფისში მოსასმენ მოწყობილობას ამონტაჟებდნენ.

ასე შედგა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური სკანდალი, რომელსაც "უოთერგეითის სკანდალი" დაერქვა და შტატების ისტორიაში უპრეცედენტო შედეგით დასრულდა, – ამერიკის პრეზიდენტი გადადგა. 
რიჩარდ ნიქსონს მოწინააღმდეგის შტაბში მომხდარ ინციდენტთან პირდაპირი კავშირი ვერ დაუმტკიცდა, თუმცა, მოწმეთა ჩვენებებისა და ჟურნალისტების მიერ გამოჩხრეკილი ფაქტების საფუძველზე შეიქმნა სენატის კომისია, რომლის სხდომებს, როგორც "რეალითი შოუს", ისე ადევნებდა თვალს მთელი ამერიკა. მაღალჩინოსან პოლიტიკოსთა "თავები" პანტაპუნტით ცვიოდა. ციხეში გაისტუმრეს თეთრი სახლის კონსულტანტი, რომელსაც მოსმენების ტექნიკური ორგანიზება დაუმტკიცდა. ნიქსონმა უარი განაცხადა გამოძიებისთვის გადაეცა თანაშემწეებთან თავისი საუბრების აუდიოჩანაწერები. გენერალურ პროკურორს კი მოსთხოვა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა პროკურორი, რომელმაც 
პრეზიდენტს ჩანაწერების გამოძიებისთვის გადაცემა მოითხოვა. გენერალურმა პროკურორმა პრეზიდენტის ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა და თანაშემწესთან ერთად გადადგა. პოსტი დატოვა ვიცე-პრეზიდენტმაც. წრე თანდათან იკვრებოდა. ნიქსონმა სააპელაციო სასამართლოში იჩივლა, მაგრამ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უმაღლესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტს უფლება არ ჰქონდა, არ შეესრულებინა პროკურორის მოთხოვნა.

აუდიოჩანაწერები მოისმინეს. მასზე ნიქსონი, "უოთერგეითში" დემოკრატების საარჩევნო შტაბში შეჭრილი პირების დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პრეზიდენტის აპარატის უფროსთან საუბარში მსჯელობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ცსს-სა და გფბ-ს ხაზით ხელი შეუშალონ ძიებას.

ამ ჩანაწერების მოსმენის შემდეგ ნიქსონის თავგადაკლულმა მომხრეებმაც კი ხელები ჩამოუშვეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსი დააპატიმრეს. ყველაფერი მზად იყო იმისთვისაც, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე გადაწყვეტილება ამერიკის სენატს გადასცემოდა. საქმე აქამდე აღარ მისულა. პროვინციაში დაბადებული ღარიბი კვაკერების შვილი პოსტიდან გადადგა, რითაც უსაფრთხოების გარანტია მოიპოვა. მომდევნო პრეზიდენტმა ნიქსონს "ამნისტია" გამოუცხადა და თანამემამულეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაევიწყებინათ ეს "გრძელი ნაციონალური კოშმარი", რომელიც, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა. "ჩვენი კონსტიტუცია მუშაობს. ჩვენი დიადი რესპუბლიკა და მისი მთავრობა ემორჩილება კანონებს და არა ცალკეული ადამიანების ნება-სურვილს", - განაცხადა ჯერალდ ფორდმა.

ამერიკის პრეზიდენტმა პოსტი დაკარგა და კინაღამ ციხეში უკრეს თავი იმის გამო, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგის შტაბში ჩამწერი აპარატურის დამონტაჟება მოისურვა.