ჯაბა ჯიშკარიანი ახალ

ჯაბა ჯიშკარიანი ახალ "კმარას" ქმნის?

"არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიძლება "კმარას" ტიპის მოძრაობა შეიქმნას, რომელსაც სათავეში უკვე კარგად გამოწრთობილი ჯაბა ჯიშკარიანი ჩაუდგება. ჯაბა ჯიშკარიანს საპროტესტო აქციების, მიტინგებისა და მანიფესტაციების გამართვის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ხალხის ფულს ხარჯავს დამსჯელი პოლიციური ბატალიონის სპეცდანიშნულების დანაყოფების აღჭურვაში, რათა შემდგომ ისინი საკუთარ შეურაცხყოფილ ხალხს გაუსწორდნენ. ჯიშკარიანის აზრით, დანაშაულებრივმა ხელისუფლებამ საკადრო ცვლილებებით მოსახლეობას პირდაპირ მიანიშნა, რომ მის ხელთ არსებული ყველანაირი ხერხებით ეცდება გააყალბოს და დაუპირისპირდეს საქართველოს მოსახლეობას, რაც ნიშნავს საკუთარი ხალხისთვის ომის გამოცხადებას", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ჯაბა ჯიშკარიანი ახალ "კმარას" ქმნის?

"ჩვენ, ისევე როგორც უამრავი ახალგაზრდა, მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა დავდგეთ ჩვენი სამშობლოს და ღირსების დასაცავად. პრეზიდენტი სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ერიდებოდა ახალაიების კრიმინალური კლანის წინ წამოწევას, ხოლო დღეს ძალოვანი უწყებების მთლიანი ნაწილი სწორედ მათ ჩააბარა. ჩვენ სრულიად გაცნობიერებული გვაქვს ის, თუ როგორ ემზადება ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, არ შევეგუებით", - განაცხადა ჯიშკარიანმა, რომელიც თვლის, რომ საზოგადოებრივი და ახალგაზრდობის აქტივობა "დაამთავრებს ხელისუფლების ისტერიას". "ჩვენ ვხსნით დროებით ოფისს, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა, გაწევრიანდეს. მოვუწოდებ საქართველოს ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, რათა დაიცვან საკუთარი არჩევანი და თავიანთი თავისუფალი მომავალი", - თქვა ჯიშკარიანმა, რომლის განმარტებით, განახლებული ძალებით აპირებენ "მობილური ჯგუფების შექმნას, რომლებიც მოქალაქეების უფლებებს სიცოცხლის ფასად დაიცავენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"სამოქალქო ფრონტი" ხელისუფლების შესაცვლელად ახალგაზრდებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ამ მიზნით ორგანიზაციამ გუშინ მობილიზება გამოაცხადა და ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას მოუწოდა, მათ მოძრაობაში გაერთიანდნენ", წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "სამოქალაქო ფრონტი" საარჩევნოდ "მობილურ" ჯგუფებს ქმნის / ჯაბა ჯიშკარიანი: "სააკაშვილის ყველა ზონდერმა უნდა იცოდეს, რომ თუ ჩვენს მეგობარს სცემს, ადეკვატურ პასუხს მიიღებს".

"გაცნობიერებული გვაქვს, როგორ ემზადება ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად და გააყალბებს კიდეც, ამაში ეჭვი არ მეპარება, რასაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არ შევეგუებით. გუშინ გამოვაცხადეთ დროებითი ოფისის მისამართი - რუსთაველის 14, სადაც მოხდება იმ მსურველების აღრიცხვა, ვინც თავისი ქვეყნის დაცვას აპირებს. მობილური ჯგუფების შექმნა იმისთვის არის საჭირო, რომ ყველა ახალგაზრდამ იცოდეს, სად უნდა მივიდეს, სად დადგეს და რა იქნება მისი გასაკეთებელი. გაცნობიერებული გვაქვს, რომ ძლიერი ბრძოლა მოგვიწევს, საჭიროა შეიქმნას ალტერნატიული ძალა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ნებისმიერი გზით ოპონირებას გაუწევს. როგორც ისინი დაგვიპირისპირდებიან,. ჩვენც შესაბამის ოპონირებას გავუწევთ - ერთი კაცის იმედად დარჩენა, ბატონი ბიძინა მყავს მხედველობაში, არ შეიძლება, ყველა ერთმანეთის და იმ პროცესის გვერდით უნდა დავდგეთ, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ბოლოს და ბოლოს სააკაშვილის რეჟიმის მმართველობა ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. ჩვენი ხმები ჩვენვე უნდა დავიცვათ და არა ამერიკამ ან რომელიმე ქვეყანამ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯაბა ჯიშკარიანი.

"ეს მობილური ჯგუფები სპეციალურად არჩევნების დღისთვის იქმნება. თუ სააკაშვილი არჩევნებს გააყალბებს, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა დავდოთ ოქმები და დავამტკიცოთ, რომ ქართველს ხალხს სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" არ აურჩევია. ამ მოძრაობის შექმნა თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ემსახურება და ჩვენ არ მივცემთ სააკაშვილს არაკანონიერი გზებით მოქმედების საშუალებას. ყველა ოქმს ჩამოვიტანთ, ერთად შევკრავთ და ხმებს დავითვლით, რამდენმა მისცა ხმა სააკაშვილს და რამდენმა მისცა მეორე მხარეს. ძალიან მეეჭვება, რომ დღეს ქვეყანაში "ნაციონალურ მოძრაობს" 5%-ზე მეტი მხარს უჭერდეს. ამ ადამიანებს ჩაუტარდებათ სათანადო მომზადება, ეს იქნება სხვადასხვა ფაქტების ვიდეოგადაღება, თუ უბნებზე მობილიზება. ჯგუფები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე იქნებიან და არ მისცემენ ხელისუფლებას იმის საშუალებას, ჩვენი მხარდამჭერები სცემონ", - განაგრძობს "სამოქალქო ფრონტის" ლიდერი.

"დაფინანსებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. მომზადების რეჟიმში ვართ. ოფისიც კი დროებით გვაქვს აღებული რუსეთაველის 14-ში. ვეძებთ წყაროებს, თუ საიდან უნდა მოვიძიოთ თანხები. როგორც კი მოვიძიებთ, აუცილებლად გაგაცნობთ. ვის შეუძლია ჯგუფში შემოსვლა, ამისთვის კრიტერიუმი არ გვაქვს. ნებისმიერ მსურველს მივიღებთ, ვინც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას მოისურვებს. განათლების დონით და წარსულით ადამიანების გამორჩევა არ მოხდება... არ ვაპირებთ ხელისუფლების პროვოკაციაზე წასვლას. ეს ჯგუფები არჩევნებისთვის იქმნება და კოორდინირებულად ვიმოქმედებთ. სააკაშვილის ყველა ზონდერმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის ჩვენს მეგობარს სცემს, იქვე ადეკვატურ პასუხს მიიღებს. ვიღაცებმა გვირტყან და ჩვენ თავი დავუხაროთ, მგონია, დანაშაულია. ჩვენ თავის დახრას არ ვაპირებთ", - დასძენს ჯაბა ჯიშკარიანი და შეკითხვას - "ხომ არ მოყვება ამ ჯგუფის შექმნას უფრო მეტი წინააღმდეგობა ხელისუფლების მხრიდან და ხომ არ გამოიწვევს ეს ახალგაზრდების დაჭერას?" - პასუხობს:

"არც ეს არის უცხო ჩვენთვის, მაგრამ არ ვაპირებთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე წასვლას. ჩვენ თავით ვმუშაობთ და არა მუშტებით. ყველა ის ძალადობრივი აქტი, რასაც ის ჩვენ მიმართ ჩაიდენს, მისი აღსასრულის დღისკენ მიახლოებული ნაბიჯი იქნება".