საარჩევნო მარათონები, პროგრამები, დაპირებები, პოლიტიკური პაექრობა თუ უბრალოდ ბედი. დაბედების ტრადიციებმა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც იპოვა დასაყრდენი და რაც ჩვენ აქამდე საარჩევნო ომის მოგება გვეგონა, თურმე მიხეილ მაჭავარიანისეული განმარტებით რომ ავხსნათ, სიებში "ძველი ნაციონალების" ყოფნის ფაქტორით და მათი სახეების დაბედებით ყოფილა განპირობებული.
"კაიფეხიანები" "ნაციონალებმა" არც ახლა დაივიწყეს და თუნდაც თანამდებობის დატოვების ხარჯზე სიაში მაინც ძველი სახეების ჩასმა და დასაქმება გადაწყვიტეს.
მაჟორიტართა სიაში საპატიო ადგილებს იკავებენ არჩილ გეგენავა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე, ყოფილი პროკურორი დავით საყვარელიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, ვიცესპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, ანდრო ალავიძე, ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, მერაბ სამადაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, კახაბერ ოქრიაშვილი, ნაულ ჯანაშია.
რამდენიმე დღის უკან სიაში ლტოლვილთა და განსახლების უკვე ყოფილი მინისტრის კობა სუბელიანის ჩასმაც გადაწყდა. სამინისტროში ვერა, თუმცა იქნებ პარლამენტში მისი მუშაობა ეფექტური აღმოჩნდეს. კულუარული ინფორმაციით საპარლამენტო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს ცეზარ ჩოჩელიც.
ჭრელ პოლიტიკურ გარემოში აქამდე განსჯისა და ქილიკის საგნად სიებში არსებული ძველი, პოლიტიკით დაპურებულ-გამდიდრებული ხალხის სიჭარბე იყო. პარტიათა საარჩევნო სიები სექსუალურად და ფინანსურად მომწიფებულების, მონოპოლიურ ბიზნესში ჩართული მილიონერებისა და შევარდნაძის გუნდიდან განარქივებული პოლიტიკოსებით დაკომპლექტდა.
ძალიან დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში ნაციონალების "კაიფეხიანი" გამარჯვება დაბედებული კანდიდატები.
მანამ სანამ ქართული ოცნება და სახელისუფლებო პარტია ერთმანეთს "შევარდნაძის მუმიებით" სიების დაკომპლექტებაში ადანაშაულებენ, თვალი გადავავლოთ ნაციონალური მოძრაობის სიის წევრებს. მაჟორიტარ დეპუტატთა "უკვდავ კორპუსში", საპატიო ადგილს იკავებს არჩევნებზე ნაციონალების სალბუნი და გაყალბების ოსტატად წოდებული მიხეილ მაჭავარიანი. ბოროტი ჭორები იმასაც ამბობენ, რომ მასავით არავის გამოსდის არჩევნებზე გაყალბებული შედეგების ლეგიტიმაცია და გათეთრებაო.
ყველას ახსოვს პარლამენტში და მის გარეთ ატეხილი ხმაური კოლექტიურ ქვითრებთან დაკავშირებით. ამ ინიციატივის მხარდამჭერთა მოწინავე რიგებს დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ანდრო ალავიძე იკავებს. ინტეგრირებული ქვითარი, რომელიც ასე ტვირთად დააწვა მოსახლეობას და ნაგავსაც კი მრიცხველის დაწვის მიხედვით ითვლიან, ნაციონალების მიერ ერთხმად იყო მხარდაჭერილი. სავარაუდოდ, კვლავ კენჭს იყრის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი და ხუთგზის მაჟორიტარი, პარლამენტში მრავალპარტია და მრავალპატრონგამოცვლილი აკაკი ბობოხიძეც, ამჯერად ისევ მშობლიურ ხონში. ამავე სიაში კულუარებში სურსათის მაფიოზად წოდებულ არჩილ გეგენავასაც შეხვდებით. გეგენავა მთაწმინდელების მაჟორიტარობისთვის თურმე დიდი შემართებით ემზადება. ვიცე პრემიერ-მინისტრობის რბილ და თბილ სავარძელზე უხდება უარის თქმა გია ბარამიძეს. ბარამიძე იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა თავის მოღვაწეობის პერიოდში, რომ თბილისის ისტორიულ, ძველ უბანში, ბარათაშვილის ხიდის მხრიდან, პრეზიდენტის რეზიდენციის ასასვლელთან ვიღაცამ სახლი 1,80 ლარად "მიჰყიდა". ასეთივე ყისმათით გამოირჩევა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, მან ომამდე წეროვანის ტერიტორიაზე ის მონაკვეთი შეიძინა, სადაც ომის შემდეგ დევნილთა საცხოვრებლები აშენდა. კაპიკებად ნაყიდი მიწა რამდენიმე თვეში ბატონმა ჩოჩელმა 25 მილიონ ლარად მიჰყიდა სახელმწიფოს. იმასაც ამბობენ, რომ გუბერნატორმა ჩოჩელმა 2008 წლის აგვისტოში, გაგანია რუსეთ-საქართველოს ომის დროს ახალგორის რაიონიდან იქ მცხოვრებთა უსაფრთხო ადგილას გადმოყვანის ნაცვლად, მისი მრავალრიცხოვანი ნახირი გადმოარეკინა. ჩოჩელს სეპარატისტულ რეჟიმთან ფარულ თანამშრომლობაშიც ადანაშაულებენ, თუმცა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი სკამზე მყარად ზის და პერიოდულად, არჩევნებისას "ნაციონალების" საარჩევნო ყულაბის მსხვილი დონორიცაა.
არჩევნებზე ერთ-ერთი იმედი გაყალბების დარგში, კუდ-ის წარმომადგენელი ვაჟა ლილუაშვილი იქნება. ის იყო შევარდნაძის გუბერნატორის ლევან მამალაძის პროტეჟე, რომელსაც გივი თარგამაძე მამალაძის მეჯინიბეს ეძახდა...
სიის წარმომადგენელია მოსკოვიდან ჩამოყვანილი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნაულ ჯანაშია. ცნობილი ფაქტია, რომ ის პრეზიდენტის დიდი მხარდაჭერით და მეგობრობით სარგებლობს და ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ე.წ. ტრადიციულად ყურმოჭრილი მაჟორიტართა კორპუსის წარმომადგენლებისაგან ძალზე განსხვავებული პიროვნებაა და სააკაშვილს ყველაფერში ბრმად არ ეთანხმება. ნაულ ჯანაშიამ გაბედა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ პარლამენტში ნაციონალებისაგან ერთხმად მხარდაჭერილი კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვა, სხდომას შეგნებულად არ დაესწრო და ეს ალბათ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადგან მან მარტვილის რაიონის სოფელ დიდ ჭყონში 2011 წელს წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი საკათედრო ტაძარი ააშენა. მოკლედ, ნაულ ჯანაშია ნაციონალების მაჟორიტართა კორპუსში იშვიათი გამონაკლისია და სამწუხაროდ ის საარჩევნო მარათონის საერთო სურათში ვერაფერს ვერ ცვლის.
გავრცელებული ხმების მიხედვით მთელი ყურადღება ნაციონალურ მოძრაობას რეგიონებზე აქვს გადატანილი და პრეზიდენტი სააკაშვილიც სწორედ რეგიონებზე ამყარებს დიდ იმედებს, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებზე. გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაციაც იმასთან დაკავშირებით რომ სააკაშვილს ალიევისთვის ბაქოში ყოფნისას შეუთავაზებია, რომ თუ მხარს დაუჭერდა ის "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე და ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობა ხმას მისცემდა, სანაცვლოდ კულტურულ ავტონომიას მივანიჭებთო.
არჩევნებისთვის საგანგებო მუშაობის რეჟიმში არიან გადასული ნაციონალები და ამ "რთულ ბრძოლაში" მხოლოდ "ბობოლა" ნაციონალებზე კეთდება აქცენტი.
ნაც. მოძრაობიდან გამოსული ხმების მიხედვით სერიოზული დაპირისპირებაა ადგილების გადანაწილებისათვის. ახლო მომავალში ზოგიერთ რაიონში გამგებლების მოხსნა და მათი კუდის წარმომადგენლებით ჩანაცვლებაცაა დაგეგმილი.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ძალთა გადანაწილებისათვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში შევიდა, თუმცა ჯერ ოქტომბრამდე დრო ისევ რჩება, ამიტომ სანამ პარტიულ-მაფიოზური გაყალბების სქემების ამოქმედების დრო მოვა, ასე დარაზმული "კაიფეხიანები" ერთობლივი ძალებით განაგრძობენ ქვეყნის თავისუფლების დაცვას, დემოკრატიის განმტკიცებას, საზოგადოების განვითარების ხელშეწყობასა და ხალხისათვის "მეტი სარგებლის" მიცემას.