"სპორტსმენები ათასი პროცენტით უჭერენ მხარს. ამ კაცმა სპორტი გადაარჩინა"
ოლეგ იაძე: "ხელისუფლებამ ვინც გადაიბირა, მოყვრები ჰგონია?! ზურგს უკან დედას აგინებენ..."
ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ზურაბ ზვიადაურის განცხადებით, ახმეტაში სახელი შეუცვალეს მისი სახელობის სპორტულ დარბაზს და კედლებიდანაც ჩამოხსნეს მისი ფოტოები. ზვიადაური აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა პოლიტიკაში წასვლის პირველივე დღიდან დაიწყო. მანამდე კი ურეკავდნენ და სთხოვდნენ გადაწყვეტილება შეეცვალა. დაშინების მიზნით, მისი მეგობრებიც კი გაათავისუფლეს სამსახურებიდან. მსოფლიოს ერთგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, სამბისტი უშანგი კუზანაშვილიც პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს ხელისუფლებას.
"19 მაისს, საქართველოს სახელით, კიდევ ერთხელ ვიასპარეზე სამბოს ევროპის ჩემპიონატზე მოსკოვში და მეხუთედ გავხდი ჩემპიონი. საქართველოში რომ დავბრუნდი, დახმარება ვთხოვე ფონდ "ქართუს". 28 მაისს საქველმოქმედო პრემიის სახით პირად ანგარიშზე ჩამირიცხეს 10.000 დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში, ეს მოხდა ჩემსა და ფონდ "ქართუს" შორის ქველმოქმედების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. თანხა გაიცა "სპორტული საქმიანობისა და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად." რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება, ეს ფაქტი ჩემს მოსყიდვად ვერ ჩაითვლება, რადგან ფონდი "ქართუს" მხრიდან ეს თანხა ჩემთვის წლების მანძილზე გაწეული ერთ-ერთი მორიგი დახმარება იყო და არა პირველი შემთხვევა.
"ქართუ" 2007 წლიდან ყოველთვიურად 1.500 ლარს მირიცხავს და ასეთ დახმარებას საზოგადოების არაერთი დამსახურებული წევრი იღებს. ვერ გამიგია, რატომ არის "ქართუდან" ჩემთვის ჩარიცხული თანხა ქრთამი და ძიუდოში ევროპის ჩემპიონის, დედოფლისწყაროელი ზაზა კედელაშვილისთვის - არა. "ქართუს" ქველმოქმედებით კედელაშვილიც სარგებლობს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წევრია. რატომ არ ინტერესდებიან კედელაშვილით?! არც კრივის ეროვნული ფედერაციისთვის ჩარიცხული თანხებით ინტერესდებიან, რომლის თავმჯდომარეც პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილია და სხვა მრავალი ამგვარი ფაქტით".
"მინისტრი დამემუქრა, ხელფასს მოგიხსნი, კოჭებს დაგამტვრევ, თქვენი დღეები დათვლილიაო... შელაპარაკებას სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ჩემი თავმოყვარეობა და კაცობა მაქვს. ვდგავარ კაცების და საქართველოს გვერდით" - აცხადებს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი, რომელსაც პოლიტიკური მოტივაციის გამო მტრობა გამოუცხადა სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა.
ევროპის სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, "სპორტის რაინდის" წოდების კავალერი, ღირსების ორდენოსანი ოლეგ იაძე:
- გიგი უგულავამ რომ ქრთამები გასცა, ეგ მოიკითხონ და უშანგი კუზანაშვილს თავი დაანებონ. ჩემი გაზრდილია ეს ბიჭი და კარგად ვიცნობ, როგორი ღირსეული ადამიანიცაა. 22 წელი სამბისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყავი და გასულ წელს პოლიტიკური შეხედულებების გამო გამათავისუფლეს თანამდებობიდან. 2008 წელს ევროპის ყველა ჩემპიონს უგულავამ 30-30 ათასი დოლარი გადასცა. მაშინ თბილისს ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავდა ახალგაზრდებს შორის - ლევან ნახუცრიშვილი, სამბისტი. მე, როგორც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და უფროსმა მწვრთნელმა მივწერე წერილი, რომ ლევანი პრემიის გარეშე დარჩა. მიპასუხეს, - მხოლოდ თბილისელებზე გაიცემა პრემიები მერიიდანო. არადა, ლევანი თბილისელია, ის ხალხი კი, ვისაც უგულავამ პრემიები მისცა, თბილისელები არ არიან. მსოფლიო ჩემპიონი ჩემ გამო დასაჯეს. მე და ჩემი ნაკრები, უშანგი კუზანაშვილი და სხვა სპორტსმენები, ზონდერებად ვერ გამოგვიყენეს და ამის შემდეგ დაგვიწყეს ბრძოლა...
- ხელისუფლება გაიძულებდათ ზონდერბრიგადებში ყოფნას?
- ძალოვანი სპორტის ყველა სახეობიდან ბევრი მიჰყავდათ...
- ზაზა კედელაშვილზე რას იტყვით?
- ზაზა საუკეთესო სპორტსმენია, კარგი ძიუდოისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში რომ ჩადგა, ავტორიტეტი დაუკარგა ხელისუფლებამ. ამათ ხომ არანირი ადამიანური თვისებები არ გააჩნიათ, მათთვის ჩვეულებრივი ამბავია კოლეგის კოლეგასთან, მეგობრის მეგობართან დაპირისპირება. მაგალითად, ახმეტაში ზურაბ ზვიადაურს ალექსი დავითაშვილს უპირისპირებენ. ალექსი შესანიშნავი პიროვნებაა, მაგრამ ადრე ციხეშიც ჰყავდათ და ახლა სურთ, რომ ზვიადაურის წინააღმდეგ ამუშაონ. ამას სახელი არ მოეძებნება, ეს არის უზნეობა, არაადამიანობა. სამწუხაროდ, ბევრი სპორტსმენი ჰყავთ ასე შეცდენილი და გაფუჭებული.
ახლა ითქვა, ზვიადაურის სახელი გადაარქვეს სპორტდარბაზსო, რა გასაკვირია?! ნონა გაფრინდაშვილსა და ლევან თედიაშვილსაც ხომ არაფრად აგდებენ. საგარეჯოს სპორტის დარბაზში ვინც ლევანის სურათის ჩამოხსნა სცადა, აგინეს და ისევ დააკიდებინეს... ზვიადაურით ერთ დროს სააკაშვილი ამაყობდა და მეგობარიც კი უწოდა. ახლა მოღალატე და მტერია?! ვინც გადაიბირეს, ისინი მოყვრები ჰგონიათ?! ზოგიერთის ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებში მუშაობენ, ან ბიზნესი აქვთ და ამის გამო ემორჩილებიან ხელისუფლებას, თორემ ზურგს უკან დედას აგინებენ. ბიძინა ივანიშვილს სპორტსმენები ათასი პროცენტით უჭერენ მხარს. ამ კაცმა სპორტი გადაარჩინა. ივანიშვილი იყო, ყაზარმებს რომ უშენებდა თავდაცვის სამინისტროს და დღეს რუსეთის კაცია?! სირცხვილია ამაზე ლაპარაკი!
ღირსების ორდენი მომანიჭა შევარდნაძემ, 32 ორდენის კავალერიდან ერთადერთი მე არ მივედი მასთან. მიმაჩნდა, რომ შევარდნაძე ქვეყნის მტერი იყო, ამათ კი შევარდნაძეს გადაუჯოკრეს!