პოლიციურ რეჟიმში მერაბიშვილი აღმოჩნდა საკმაოდ ძლიერი ფიგურა, რაც მოულოდნელი იყო მათთვის, ვინც მანამდე იცნობდა მას... ამ ცვლილებისთანავე გაჩნდა კითხვა, მერაბიშვილი უფრო გაძლიერდებოდა თუ უფრო დასუსტდებოდა? აქ ორი შესაძლო სცენარი იყო. პირველი - ის გაძლიერდებოდა თუ შეინარჩუნებდა კონტროლს შს სამინისტროზე. მეორე - პოლიციას სათავეში ჩაუყენებდნენ ისეთ პიროვნებას, რომელიც ყველა საყრდენს გამოაცლიდა მერაბიშვილს. გათამაშდა მეორე სცენარი - პოლიციაში დანიშნეს ბაჩო ახალაია, ეს ადამიანი არის დიდოსტატი შინაგანი წმენდის. რაც მან ციხეებში და თავდაცვის სამინისტროში გააკეთა, ამის შემდეგ კიდევ უფრო სერიოზული წმენდა აქვს ჩასატარებელი პოლიციაში. ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი იყო უტიაშვილის წასვლა. ვიცნობ მას ძალიან კარგად, ჩემი სტუდენტი იყო - შოთა ნამდვილად არ გახლდათ დამსჯელი უწყების ხელმძღვანელი, მაგრამ წარმოადგენდა იდეების გენერატორს", - აცხადებს ექსპერტი ლადო პაპავა გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვანო რაც მეტს ილაპარაკებს, მით მეტი პრობლემა შეექმნება, თუ აქამდე სააკაშვილი უნდა ყოფილიყო სამხიარულო ფიგურა, ახალ მერაბიშვილიც გადაინაწილებს ამ ფუნქციას...".
"როცა ივანიშვილმა გააკეთა გარკვეული მოწოდებები მომავალ ეკონომიკურ პროგრამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ თქვა, ეს არის პოპულიზმი და სისულელე, ქვეყანას დაანგრევს "ქართული ოცნებაო". ახლა საჭირო იყო მეორე მხრიდან ვიღაცას ეთქვა მსგავსი რაღაცა - ამათ იფიქრეს, მოდი, ეს თქვას იმან, ვინც შეაქო ივანიშვილმა, ანუ ივანიშვილს დაუპირიპირდეს მერაბიშვილი. "ნაციონალების" ეს დაპირებები სასაცილოა თუ მაინც და მაინც ხალხმა უნდა იცინოს, იცინოს არა სააკაშვილზე, არამედ მერაბიშვილზეო. საინტერესო რა არის იცით? როგორც შს მინისტრს, მერაბიშვილს შეეძლო დუმილი - საერთოდ, დუმილი არის ძალიან კარგი ფორმა, რომ საკუთარი თავი ჭკვიანად წარმოაჩინო... შესანიშნავი ფრინველია ბუ, რომელიც სიმბოლურად სიბრძნის გამოხატულებაა, მართლა ბრძენი კი არ არის, გამომეტყველება აქვს ასეთი, სანამ დაიჩხავლებს... ჰოდა, ახლა მერაბიშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი ჩუმად ვერ იქნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.
"მას სხვა გზა არ აქვს - ამის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებსაც უნდა ელაპარაკოს. თავისი დაპირებებიც უნდა გააპიაროს, ხალხსაც უნდა შეხვდეს. ამიტომ ვანო რაც მეტს ილაპარაკებს, მეტი პრობლემა შეექმნება. ვიმეორებ, თუ აქამდე სააკაშვილი უნდა ყოფილიყო სამხიარულო ფიგურა, ახლა მერაბიშვილიც გადაინაწილებს ამ ფუნქციას. სხვათა შორის გილაურსაც ჰქონდა ბრიყვული გამოთქმები - შეგახსენებთ 2008 წლის ბიუჯეტს, როცა მან პროექტი წარმოადგინა, ამტკიცებდა, რომ ინფლაცია ატამმა გამოიწვიაო - "რა ატამი, რი ატამი?". კიდევ ერთი მომენტი: მერაბიშვილის გაპრემიერებით სააკაშვილი ელაქუცება რუსეთს. თვითონ ვანომ მოუბოდიშა ქართულ მედიას, აქამდე არ გწყალობდითო. ის ძალიან კარგად თანამშრომლობდა რუსულ მედიასთან და რუსებიც ამას აღიქვამდნენ კარგად, ხშირად ლაპარაკობდნენ რეფორმირებულ პოლიციაზე. გავიხსენოთ, ორიოდე თვის წინ პარლამენტში მისულმა მერაბიშვილმა ხმამაღლა თქვა, ფულს სუნი არ უდისო და იქვე დაუმატა, რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს რუსული კაპიტალი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მე ვნახე სამთავრობო საიტი და იქ არავითარი ინფორმაციები არ დევს. ბოლო ინფორმაციები დათარიღებულია 2011 წლით, გილაურის დოკუმენტებიც არ დევს. ის რაზეც თვითონ ილაპარაკეს, არანაირ პროგრამას არ წარმოადგენს, ეს არის ისევ და ისევ მოწოდებები, დაპირებები და სადღეგრძელოები. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, 2004 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობას არასოდეს ჰქონია დაწერილი პროგრამა. სულ იყო მოწოდებები, სურვილები, ისევ სადღეგრძელოები. ყოველივე ამას პლაგიატობაც დაემატა - კერძოდ, ბევრი რამე ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, ოღონდ ყველაფერი გამრავლებულია ოთხზე. თუ ივანიშვილმა თქვა, სოფლის მეურნებობისთვის ყოველწლიურად იქნება გამოყოფილი ერთი მილიარდი ლარი, მთავრობა გაიძახის ოთხ წელიწადში იქნება ოთხი მილიარდიო. აშკარად დაგვცინიან, ხუთი მილიარდი მაინც ეთქვათ... აქამდე მთავრობას და სააკაშვილს ციფრები აინტერესებდათ იმისთვის, რომ გაეყალბებინათ სურათი. ამიხსნას მერაბიშვილმა, სად არის ის 10-პუნქტიანი გეგმა, ოქტომბერში რომ ატეხეს ერთი ამბავი? ან თებერვალში სააკაშვილმა 5-პუნქტიან გეგმაზე რომ ილაპარაკა, რატომ აღარავინ ახსენებს?", - ამბობს ლადო პაპავა.
"თუ ვანო მოიგებს არჩევნებს, ანუ ყველაზე კარგად გააყალბებს, მაშინ ის ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ხდება. თუ ვერ მოიგებს, მაშინ განწირულია. სხვათა შორის, ამ დღეებში მქონდა შეხვედრა ერთ ამერიკელ ექსპერტთან, საკმაოდ მაღალი რანგის მოღვაწესთან. ასაკოვანი კაცია და ის ყოველთვის იყო დაახლოებული მაღალ ეშელონებთან. მან პირდაპირ მითხრა: ჩვენთვის საქართველო სულ სხვა რამ არის, ვიდრე აზერბაიჯანი ან სომხეთი, ამერიკელებს იმდენი თანხები გვაქვს აქ ჩადებული დემოკრატიის განვითარების კუთხით, არც ერთ შემთხვევაში არ მოვითმენთ, რომ სააკაშვილი დარჩეს ხელისუფლებაში, ეს ნიშნავს ამერიკული დემოკრატიის ხელყოფასო. ამაზე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ წავალთ, გინდა ობამა დარჩეს თეთრ სახლში და გინდა რომნი შევიდეს არჩევნების შემდეგ, სააკაშვილს არავინ აპატიებს იმ თანხების გაფლანგვას, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის გამოიყო, დიახ, გაფლანგვად ჩავუთვლით, თუ ის დარჩება ხელისუფლებაშიო", - დასძენს ლადო პაპავა და შეკითხვას - "ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა", პასუხობს:
"რა თქმა უნდა, კარგია და სწორედ ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს".