სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს "ბურჯი" სამართალდამრღვევად ცნო და კომპანიის საბანკო ანგარიშები და ქონება დააყადაღა. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ კომპანია მისი კუთვნილი ასეულობით ავტო-სატრანსპორტო საშუალებით "ქართული ოცნების" წევრებს ემსახურება. ამავე ტრანსპორტით ხდება კოალიციის აქციებზე ხალხის გადაადგილებაც.
"ქართულ ოცნებაში" ამას პოლიტიკური ტერორის მორიგ რაუნდად აფასებენ.
7 ივლისს საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა - სასამართლოს განაჩენის მიხედვით, შპს "ბურჯს" ჯარიმის სახით 8 644 640 ლარის გადახდა დაეკისრა. კომპანიის ადვოკატი სასამართლოს ტენდენციურობაში ადანაშაულებს.
ადვოკატ მერაბ ბარბაქაძის თქმით, სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები მტკიცებულებად არ ცნო. ადვოკატი აცხადებს, რომ დოკუმენტებით "ბურჯის" უდანაშაულობა მტკიცდება.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, შპს "ბურჯმა" 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს ემსახურება.
"ამ ფაქტს ერთხელ უკვე მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად შპს "ბურჯმა" 2012 წლის 1-ელი იანვარიდან 28 ივნისამდე პერიოდში კვლავ შეიძინა 54 ერთეული (8.644.630 ლარის ღირებულების) ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 30 ავტობუსი, 7 სატვირთო ფურგონი, რომლებიც კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს უფასოდ ემსახურებიან.
ამ ავტომანქანებით ხდება, როგორც პარტიის წევრების მომსახურება, ასევე კოალიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ადამიანების გადაყვანა, რაც იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს.
შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს "ბურჯის" სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებს და ქონებას.
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება დასადასტურებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს "ბურჯი" დაფუძნებულია ოფშორულ ზონაში და საქართველოში მისი უშუალო ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია.
"კომპანია მილიონობით დოლარის დაფინანსებას იღებს, როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისაგან, ასევე, კახა კობიაშვილისგან. საბანკო გადარიცხვებში პირდაპირ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კუთვნილი ოფშორული კომპანია სრშთეფ უტეუკზკშთუთ დშქშეუვ-ის მეშვეობით ზემოთ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად სოლიდური თანხები შპს "ბურჯს" მიმდინარე წლის 5 ივნისსაც ჩაურიცხა.
შპს "ბურჯმა" კი თავის მხრივ, თვალთმაქცური სქემის საფუძველზე მიღებული დაფინანსება ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური კოალიციის საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენა", - ნათქვამია განცხადებაში.
იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც "ბურჯს" ჯარიმის სახით 8 644 640 ლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შპს "ბურჯის" ადვოკატმა მერაბ ბარბაქაძემ განაცხადა, სასამართლომ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და არგუმენტები, რომლებიც მათი გამამართლებელი გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა.
მისი თქმით, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ კონტროლის პალატის სარჩელს და როგორც მოსალოდნელი იყო, არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.
ბარბაქაძის განცხადებით, ბრალდება, რომლის მიხედვითაც შპს "ბურჯი" "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს სატრანსპორტო მომსახურებას უსასყიდლოდ უწევდა, არ შეესაბამება სიმართლეს - რეალურად, კომპანია იღებდა საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას და ამის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და ქვითრები არსებობს.
ადვოკატის განცხადებით, დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც კი ჯარიმა არაადეკვატურია, რადგან ის განსაზღვრულია არა გაწეული მომსახურების საფასურის, არამედ მანქანების საერთო ღირებულების ათმაგი ოდენობით.
იურისტი აცხადებს, რომ ამ ჯარიმის დაკისრების შედეგად კომპანიას რეალურად აღარ ექნება არანაირი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. ამასთან, მისი თქმით, დაყადაღდა ამ კომპანიის ანგარიშები, რაც დამატებითი შეზღუდვაა და ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ რეალურად შპს "ბურჯი" შეწყვეტს ფუნქციონირებას.
მოგვიანებით ბრიფინგი გამართა კომპანიის იურისტმა ალა კახნიაურმაც, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიის მიერ მიწოდებულ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში ჩაამატა ფურცელი, სადაც "ბურჯის" მიერ გაწეული ხარჯების რაოდენობა და "ქართული ოცნების" ოფისების მისამართებია მოცემული.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, კომპანიამ ეს ოფისები გაარემონტა, თუმცა იურისტ კახნიაურის თქმით, ეს არარეალურია.
კერძოდ, კახნიაურმა აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახური 2012 წლის ივნისიდან ითხოვდა "ბურჯისგან", რომ მიეწოდებინა 2012 წლის 1 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია, თუმცა უწყებას ამის უფლება არ ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ სამსახური აწარმოებს კომპანიების პარტიებთან ურთიერთობის მონიტორინგს და არა სრულიად კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს.
"ჩვენი აღნიშნული განმარტება აუდიტის სამსახურმა ისე მიიჩნია, რომ მოთხოვნაზე უარი ვუთხარით და საქმე სასამართლოს გადასცა, რის შემდეგაც "ბურჯმა" სწრაფი ტემპით დაიწყო ამ დოკუმენტაციის გადაღება და აუდიტის სამსახურისთვის წარდგენა.
"2012 წლის 25 ივნისს მომზადდა იანვრის საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც სიმცირის გამო დაინომრა ნაწილობრივ. სულ წარდგენილ იქნა 1051 გვერდი, თუმცა დოკუმენტში ერთი ფურცელი ჩაამატეს.
"29 ივნისს, როცა კომპანიის დირექტორი, ნოე ქინქლაძე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, მეც დავესწარი პროცედურას. ნათია მოგელაძემ უსაყვედურა ნოე ქინქლაძეს აღურიცხავი დოკუმენტაციის წარდგენის გამო და დაავალა ადგილზე დაენომრა იგი.
"მოგელაძე დაჟინებით ითხოვდა ყველა ნომრის ხელმოწერით დამოწმებას, ვინაიდან აღნიშნული პროცედურა ტარდებოდა უკვე მათ უწყებაში და მათთვის წარდგენილ დოკუმენტებზე. მე აზრად არ მომსვლია, რომ აუდიტის სამსახურში ვინმეს შეეძლო ზედმეტი დოკუმენტი ჩაედო, თუმცა შევცდი", - განაცხადა ალა კახნიაურმა, რომლის თქმითაც აუდიტის სამსახურში დოკუმენტაციის ნუმერაციის აღრიცხვა დასრულდა არა 1051-ით, არამედ 1052-ით და სწორედ ეს 1 ფურცელი იყო ჩამატებული.
როგორც კახნიაური ამბობს, ეს აუდიტის სამსახურში გააპროტესტა, რაც ვიდეოჩანაწერშიც არის ასახული. ადვოკატი მოითხოვს ამ ვიდეომასალის სრული ვერსიის გავრცელებას.
ბრიფინგზე დოკუმენტაციაში ჩამატებულ ფურცელზე დაფიქსირებული მონაცემების არარეალურობაზე ისაუბრა კომპანიის დირექტორმა ნოე ქინქლაძემაც, რომლის თქმით, ამ მონაცემების მიხედვით, ქარელის ოფისის რემონტის ღირებულება 60 452 ლარია, გურჯაანის - 40 000 ლარამდე, თერჯოლის - 62 486, ხონის - 4 4563 ლარი, მარტვილის - 88 541 ლარი.
"ამ ფასად, რაც რემონტშია დაფიქსირებული, თითოეულ რეგიონში შესაძლებელია მინიმუმ 2 შენობის საკუთრებაში შეძენა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მონაცემები არის არარეალური", - აღნიშნა ქინქლაძემ.
დღის განმავლობაში "შპს" ბურჯთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი იმართებოდა. სასამართლომ კომპანიას მორიგი ჯარიმა დააკისრა, რომელმაც შპს "ბურჯი" 2 373 475 ლარით დააჯარიმა.
მასთან ერთად დაჯარიმდა შპს "მენეჯმენტ სერვისიც". "ბურჯს" ბრალი "ქართული ოცნების" სასარგებლო სარემონტო სამუშაოების სახით უკანონო პოლიტიკური შემოწირულობის განხორციელებაში ედებოდა.
როგორც კომპანიის ადვოკატმა ალა კახნიაურმა პროცესის დაწყების წინ განაცხადა, შპს "ბურჯი" "ოცნების" ოფისებში სარემონტო სამუშაოებს კერძო კომპანიის შპს "მენეჯმენტ სერვისის" დაკვეთით აწარმოებდა და მას პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არანაირი უშუალო შეხება არ ჰქონია.
ადვოკატის მტკიცებით, კომპანია იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, რისი დამადასტურებელი ყველა ოფიციალური დოკუმენტი არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ კომპანიების ადვოკატმა კახნიაურმა აღნიშნა, რომ პროცესზე მათ მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება და არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
მისი თქმით, მოსამართლე მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჩივრით ხელმძღვანელობდა. კახნიაურის ინფორმაციით, კომპანიებმა დაკისრებული თანხა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. ასევე, მათ აქვთ უფლება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
კომპანიები საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამასთან "ბურჯი" სააპელაციოში საქალაქო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს, როდესაც სასამართლომ კომპანიას 8 644 640 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
"მთელი კვირა" სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, რათა პასუხი ახალ ბრალდებებზე გაეცათ, თუმცა კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ, რადგან შაბათ-კვირა დაემთხვა. პრესცენტრის ხელმძღვანელის ფატი მამიაშვილის თქმით ყველა დამატებით კითხვას პასუხს ორშაბათსვე გასცემენ.
საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში კი "მთელ კვირას" განუცხადეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
"თუ განცხადებას გავავრცელებთ, მას აუცილებლად მოგაწვდით. ახლა კი მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - გვითხრა პრესსპიკერმა ქეთი ბასილაშვილმა.
"ბურჯის" დაყადაღებას "ოცნებაში" პოლიტიკურ დევნად აფასებენ. კოალიციის წევრი, იურისტი ეკა ბესელია ამბობს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური ტერორი კიდევ უფრო გაძლიერდება.
"შპს "ბურჯის დაყადაღება არის უკანონო, იმიტომ, რომ ამ კომპანიას რა ოპერაციებიც "ქართულ ოცნებასთან" აქვს განხორციელებული, არის კანონიერი და ყველა პროცედურის დაცვით შესრულებული", - ამბობს ბესელია "მთელ კვირასთან" საუბარში, რომლის თქმითაც ეს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების კიდევ ერთი ფაქტია.
"სამწუხაროდ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ ხორციელდება და შეუძლებელი გახდა ამ ფაქტებზე სამართლიანი რეაგირება. სასამართლოები "ნაციონალური მოძრაობის" დავალებებს ასრულებენ და მხარეთა მტკიცებულებებს არ განიხილავენ.
"ანგარიშების შეჩერებები და დაყადაღებები მმართველი გუნდის მხრიდან არის პოლიტიკური ტერორი და აბსოლუტურად უკანონო ქმედებები", - აცხადებს ბესელია.
იურისტი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას კიდევ ელოდება.
"როგორც ჩანს ეს არის პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა, რომელიც ყველაზე მასშტაბურ სახეს სწორედ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში იღებს", - აცხადებს ეკა ბესელია.