ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში პირდაპირ მითხრეს, რომ სააკაშვილი გახდა უკვე პრობლემა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში პირდაპირ მითხრეს, რომ სააკაშვილი გახდა უკვე პრობლემა

"ხშირად მითქვამს ჩემი ამერიკელი მეგობრებისთვის და ბოლო ვიზიტის დროსაც ვუთხარი, რომ ის, რასაც თქვენ ყურში ჩასჩურჩულებთ სააკაშვილს, საკმარისი არ არის, საჭიროა უფრო მკვეთრი და ხისტი გზავნილები, რადგან ის ყველაფერს ატრიალებს ისე, როგორც თავად, როგორც თავდ სურს-მეთქი. ამის პასუხად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში პირდაპირ მითხრეს, რომ სააკაშვილი გახდა უკვე პრობლემა, ის უნდა წავიდეს, რადგან მიუღებელი იქნება ნებისმიერ სხვა პოსტზე ხელისუფლებაში - ოღონდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცივილიზებული გზებით და უმტკივნეულოდ", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თედო ჯაფარიძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თედო ჯაფარიძე: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში პირდაპირ მითხრეს, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს, რადგან ის მიუღებელი იქნება ნებისმიერ სხვა პოსტზე ხელისუფლებაში.

"ერთ-ერთმა ჩემმა თანამოსაუბრემ საქართველოში არსებული სიტუაცია შეადარა სახლში გამართულ წვეულება, სადაც ერთ-ერთი სტუმარი დათვრება და ცდილობს, ყველაფერი დალეწოს, მასპინძლები ცდილობენ, მოეფერონ მას, რომ მშვიდად შეუმჩნევლად გაიყვანონ და სახლი დანგრევას გადაარჩინონ - მისი აზრით, სააკაშვილი სწორედ ამ მთვრალ სტუმარს ჰგავს, ამიტომ ჰილარი კლინტონის ღიმილი და იუსტიციის სახლზე თუ ბათუმის სასტუმროებზე კმაყოფილი საუბარი, დიპლომატიური ეტიკეტის და დასავლური კულტურის ნაწილია, მეტი არაფერი! ის, რისი თქმაც აუცილებელი და საჭირო იყო, ქალბატონმა კლინტონმა სწორედ ამ გაღიმებული სახით უთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს. სააკაშვილმა და ბოკერიამ რამდენიც უნდა თქვან, რომ ყურადღებას არ მიაქცევენ თეთრი სახლის განცხადებებს და სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას, ასე არ არის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თედო ჯაფარიძე.

"ყველა შეხვედრაზე, რომელიც მქონდა უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში, ვნახე ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ საქართველოზე და მათ, რა თქმა უნდა, დეტალურად იციან რა ხდება საქართველოში. ამერიკაში შევხვდი საქართველოს მომავალ ელჩს ბატონ რიჩარდ ნორლანდს. ის არის უაღრესად ინფორმირებული ადამიანი, იმდენად დეტალური ინფორმაცია აქვს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომ გაკვირვებული დავრჩი. მან ზუსტად იცის საქართველოს რაიონებში არსებული წინასაარჩევნო მდგომარეობა , თუ რა ხდება ზუგდიდში, თელავში და ა.შ. ამიტომ, მერწმუნეთ, აშშ-ის მთავრობა, ევროკავშირი და მთლიანად დასავლეთი, როგორც არასდროს, ისეთი ყურადღებით მოეკიდებიან საქართველოში არჩევნების სათანადო დონეზე ჩატარებას", - განმარტავს რესპონდენტი.

"შეიძლება მერაბიშვილსა და სააკაშვილს შორის მართლაც აქვს გარიგებას ადგილი - მოდი, ვანო, ახლა შემდეგ გახდი პრემიერი. ამით შევასრულებთ ამერიკელების ოცნებას - შევინარჩუნებთ სტაბილურობას და მერე ისევ მე გავხდები პრემიერიო. ჯერ ერთი, ამისთვის საჭიროა ჩატარდეს არჩევნები და გაიმარჯვოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რასაც მე გამოვრიცხავ, მაგრამ დავუშვათ, ასე მოხდა. ბატონ მერაბიშვილს ვერ შევადარებთ ჯეფერსონს, ვერც პუტინს, მაგრამ ის არის საკმაოდ გამოცდილი ადამიანი. გამოცდილებასთან და ძალაუფლებასთან ერთად ჩნდება ამბიცია. თუ მერაბიშვილი უზრუნველყოფს არჩევნებში გამარჯვებას და გააკეთებს ყველაზე მძიმე საქმეს, მერე განა ასე ადვილად დაუთმობს პოსტს სააკაშვილს? ახლა სააკაშვილი და მერაბიშვილი რაღაცებს თვლიან ქაღალდზე - ვინ დარჩება და ვინ წავა, ვინ უნდა დაიჭირონ, ან კიდევ ვინ უნდა გამოუშვან ციხეებიდან და ა.შ. ეს არის პოლიტიკური მაქინაციების და შულერობის სფერო. ეს გეგმები დაწერილად დარჩება, რადგან საზოგადოებამ უკვე ირწმუნა, რომ არჩევნების ბედს ხელისუფლება კი არა, ხალხი გადაწყვეტს", - დასძენს თედო ჯაფარიძე.

"ამ არჩევანს ვერც ჰილარი კლინტონის ღიმილი (რომელიც ჯერ ერთი უფრო საქართველოს ეკუთვნის, ვიდრე პირადად სააკაშვილს ან მერაბიშვილი), ვერც ევროპარლამენტში გაკეთებული "გამანადგურებელი" განცხადებები და ვერ ვერავითარი შიდა პოლიტიკური მაქინაციები წინ ვერ აღუდგება. სწორედ ამ ლეგიტიმური გზით არჩეულ პიროვნებას დარჩება პრიზად ჰილარი კლინტონის ღიმილი! ეს პიროვნება, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი იქნება" - დაასკვნის თედო ჯაფარიძე.