"სააკაშვილის საქციელი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩზე ერთი შეხედვით შეიძლება კეთილშობილურ ჟესტადაც ჩაითვალოს. ლუკაშენკო დიქტატორია თუ არა, მაინც ადამიანია და ბავშვთან ერთად იყო ჩასული ჩემპიონატზე. როდესაც ყველამ მიატოვა, სააკაშვილი გვერდით დაუჯდა და პარტნიორობა გაუწია; მეორე მხრივ, სააკაშვილის ეს ჟესტი შესაძლოა გზავნილია რუსეთისთვის. სააკაშვილის განცხადება გავიხსენოთ, რომ რუსეთის ჯარი საქართველოდან უფრო მალე გავა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია; რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს. საგულისხმოა კლინტონის ნაქები და მოწონებული გილაურის თანამდებობიდან გათავისუფლებაც და პრემიერად მერაბიშვილის დანიშვნაც, რომელიც ერთადერთია ქართველ პოლიტიკოსებს შორის, რომელსაც მყარი კავშირები აქვს რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ლუკაშენკოს ამბავიც რუსეთისთვის განკუთვნილ გზავნილებს ეხმაურება" - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ლობისტების ომი საქართველოსთვის" / `ივანიშვილი კრიზისისას ბევრად ძლიერია, ვიდრე ყოვედღიურობაში" / "ყველაფერი რომ დაუყადაღონ და ოფისებიდან გამოყარონ "ქართული ოცნების" წევრები, შინ იმუშავებენ და შედეგი მაინც კარგი ექნებათ, რადგან კარგი მენეჯერი ჰყავთ".
"კავკასიაში მიმდინარე პროცესებში მხოლოდ დასავლეთი და რუსეთი არ არიან ჩართული. ამ პოლიტიკურ თამაშებში თურქეთი, ირანი და ისრაელიც მონაწილეობენ. მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს არჩევნებზეც. ჩემთვის დღემდე გამოცანაა და ვერ მომიძებნია ახსნა, რატომ თმობს საქართველოს ხელისუფლება პოზიციას ყველა მეზობელთან საზღვრისპირა რეგიონებში? გარდა თურქეთისა, რატომ გადმოსწიეს სხვა მეზობელ ქვეყნებთან არსებული საზღვრები უკან? რუსეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან საზღვრები იცვლება და როგორც ჩვენ გვინდა, ისე არა. ვეჭვობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაღაც ისეთი აქვს გაკეთებული, რაღაცების გამო იძულებულია, დაუთმოს კავკასიელ მეზობლებს. მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი მყარდება, ძალთა გადალაგება მიმდინარეობს. ამ პროცესში ყველა ქვეყანას თავის ნიშა აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მე საქართველოს ადგილს ვეღარ ვხედავ. საქართველომ 2008 წლის მერე ფუნქცია დაკარგა, დაკარგა მეზობლებთან ხმამაღლა ლაპარაკის უფლებაც. ეს უბედურებაა! 2008 წლამდე საქართველო მიაჩნდათ ელმავლად, რომელსაც დასავლურ დემოკრატიულ სივრცეში უნდა გაეყვანა რეგიონის ქვეყნები - აზერბაიჯანი და სომხეთი. 2008 წლის მერე საქართველოს ელმავალი რელსებიდან გადავიდა და ჩიხში დგას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ვფიქრობ, ეს არ მოხდებოდა მესამე ძალის ჩაურევლად და ეს ძალა არის რუსეთი. არ ვამბობ, რომ ვანო მერაბიშვილი რუსეთის აგენტია, მაგრამ მისი დანიშვნა არის რუსეთისთვის განკუთვნილი გზავნილი. ვანოსთვის უფლებები რომ არ გაეზარდათ, ვიფიქრებდი, რომ არ ენდობოდნენ და შს სამინისტროს ჩამოაშორეს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები ვანო მერაბიშვილმა უნდა ჩაატაროს და შედეგზეც მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. მიხეილ სააკაშვილი ვანოს ასეთ მდგომარეობაში აყენებს, - არჩევნები უნდა მოიგო, ამაზეა დამოკიდებული შენი ბედიო. ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული ჯგუფები - თავისუფლების ინსტიტუტი, პროკურატურა, ახალაიები თუ სხვა ყველა - შეეცდებიან, რაც შეიძლება თავიანთთვის მომგებიანად ჩაატარონ არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი შეეცდება, ძლიერი სახელისუფლებო ვერტიკალი შექმნას, შიდა ბრძოლები მაინც იქნება და დაპირისპირების ხარისხიც გაიზრდება. ვანო მერაბიშვილი აქამდეც ატარებდა არჩევნებს, მაგრამ პასუხისმგებელი პრეზიდენტი იყო, ამ არჩევნებზე კი მხოლოდ ვანო იქნება ყველაფერზე პასუხისმგებელი. ამასთან, გვერდით ეყოლება პირები, რომლებიც მის ყველა ნაბიჯს დიდი ინტერესით დააკვირდებიან, რომ რამე არ შეეშალოს", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ხელისუფლება ცდილობს მიიღოს მაქსიმალური გარანტიები თავისი მეგობრებისა და იმ ყოფილი პარტნიორებისაგან, რომლებიც კავკასიურ სივრცეში მოთამაშეებად ითვლებიან. დაგეგმილი იყო, რომ კლინტონს სააკაშვილი ჯერ ჯგუფთან ერთად უნდა შეხვედროდა, მერე პირისპირ, მაგრამ ჯგუფთან ერთად შეხვედრისას ისეთი რამ მოხდა, სახელმწიფოს მინისტრს სააკაშვილი პირისპირ აღარ შეხვდა, - პრეზიდენტი გადარეული გავარდა სადღაც და მერე გამოცხადდა პრესკონფერენციაზე. ჩემთვის ეს იყო იმის ნიშანი, რომ მან ვერ მიიღო კლინტონისაგან იმ ტიპის გზავნილი, რასაც ელოდებოდა. ასევე უცნაურია მიხეილ სააკაშვილის ბაქოში ვიზიტის შეწყვეტაც ვითომ წყალდიდობის გამო. სავარაუდოდ, ის ალიევთან იმისთვის ჩავიდა, რომ მისი შუამავლობის ან საარჩევნო გარანტიები მოეპოვებინა, მაგრამ, ვფიქრობ, ვერ მიიღო სასურველი პასუხი. გვაქვს ინფორმაცია, რომ ანალოგიური გზავნილები იყო თურქეთსა და სომხეთშიც და იქაც არ დახვდათ ისეთი ვითარება, როგორიც სააკაშვილს მოეწონებოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვექტორი ოპოზიციის მხარეს გადაიხარა. ახლა ვითარება 50/50-ზეა. ყველა ყველაფერს აკვირდება. არავინ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას", დასძენს მამუკა არეშიძე.
"რაც შეეხება "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლას - ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 6 თვეა, რაც ვაკვირდები ივანიშვილის ფსიქოტიპს და მივხვდი, ამ კაცმა როგორ იშოვა ამხელა ფული, ის კრიზისული ვითარების მართვის კარგი მენეჯერია; კრიზისისას ბევრად ძლიერია, ვიდრე ყოველდღიურობაში, როდესაც განსაკუთრებული არაფერი ხდება. მისთვის ტრაგედია არ არის ანგარიშების დაყადაღება და ბანკის გაყიდვა. რაც უფრო მძიმეა ვითარება, მით მარჯვედ მართავს. ივანიშვილს სულაც არ "ვათეთრებ", იმას ვამბობ, რაც არის. ყველაფერი რომ დაუყადაღონ და ოფისებიდან გამოყარონ "ქართული ოცნების" წევრები, შინ იმუშავებენ და შედეგი მაინც კარგი ექნებათ, რადგან კარგი მენეჯერი ჰყავთ", - აცხადებს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "ბიძინა ივანიშვილის დეპორტაციასა და მის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე საუბრები სულ უფრო გახშირდა" - პასუხობს:
"დეპორტაცია არ არის დიდი საშიშროება. პოლიტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც დეპორტაციის შემდეგ ადამიანის რეიტინგი ასჯერ გაზრდილა და პროცესები იმ გზით წასულა, როგორც დეპორტირებულს უნდოდა. ცხადია, არსებობს ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხეც. თუ ხელისუფლება ამას მოინდომებს, კილერს კი არ დაიქირავებს პისტოლეტით ხელში. სულ სხვა ტიპის იარაღს გამოიყენებს და როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს ივანიშვილის გარემოცვამაც იცის".