"ვიღაცამ" გაბედა და...

ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს!

გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა, რომელშიც, ავტორის სიტყვებით, ფარულად ჩაწერილი ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ჰყვებოდა იმის შესახებ, რომ თბილის მერი გიგი უგულავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხშირად ხმამაღლა ელაპარაკებოდა და ზოგჯერ უყვიროდა კიდეც, საზოგადოება შოკში ჩააგდო. მართალია, დედაქალაქის მერმა "გასაფრენად გახაზირებული ანგელოზის" როლი შეითავსა და ყველაფერი უარყო, მაგრამ ვერაფერი დააკლო საზოგადოების განწყობას საკუთარი პერსონისადმი. ამ განწყობის პათოსი კი მისთვის არცთუ სასიამოვნო მოსასმენია, რადგან მრევლის საეკლესიო წესებში განსწავლულობას და სასულიერო იერარქისადმი მორჩილებას რომ თავი დავანებოთ, აქ საქმე ელემენტარულ ნდობას ეხება, რომლის დეფიციტსაც ქართველი ხალხისგან ბატონი უგულავა მწვავედ განიცდის.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდმა ამ საკითხზე ოფიციალური განმარტებისგან თავი შეიკავა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა დავიწყებას მიეცემა. გასაგებია, რომ უაღრესად მლოცველი და ყველას (მათ შორის მისი მაძაგებელის) დიდსულოვნად მოსიყვარულე პატრიარქი მამაშვილურად შეუნდობდა თუნდაც პირადად მასთან ქედმაღლურად მოქმედ ადამიანს და ცალსახად აირჩევდა მიტევების ფორმას. გაუგებარი ის არის, თუ როგორ აძლევს უფლებას ნებისმიერი ადამიანი (თუნდაც მაღალჩინოსანი), მოწიწების გარეშე მიეახლოს ერის სულიერ მამას და უზრდელურად ხმა აღიმაღლოს მის წინაშე.

კვანძი ძალიან სახიფათოა და ის რომ ადრე თუ გვიან გაიხსნებოდა, ცხადზე ცხადი იყო. ხმები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი ხალხის უანგარო სიყვარულს და უღირსი ხერხებით ცდილობს ამ ავტორიტეტის დაკნინებას, დიდი ხანია საზოგადოებაში ვრცელდება. ხელისუფლების ზოგიერთ წევრს შესაძლოა საპატრიარქოს კარიბჭე და ეკლესიის წმინდა საკურთხეველი პარლამენტის ან მერიის მისაღები ჰგონია, მაგრამ ავიწყდება, რომ ეკლესიის საჭეთმპყრობელი უფლის მიერ ხელდასხმულია და მასთან ჩინოვნიკური ტერმინოლოგიით არ უნდა ილაპარაკო. გაკვირვებას იწვევს ხალხში გავრცელებული ხმები იმის შესახებაც, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ეპისკოპოსებს "ძმაკაცობით” და ზედმეტად გაშინაურებული ურთიერთობების ხაზგასმით მოიხსენიებენ: "ეს ჩემი კაცია და ის იმის". საეკლესიო იერარქებისადმი ასეთი მიდგომაც არ არის ბევრისთვის უცხო ხილი. მოკლედ რომ ვთქვათ, ზოგიერთმა ძალიან ცუდად შეაჩვია ენა სასულიერო პირებს და ცდილობს მრევლსაც ამ აგდებული სითამამით გაუხედნოს ყური.

თბილისის მერს, წესით და რიგით, მეუფე სერაფიმეს სიტყვებზე საჯარო კომენტარი არც უნდა გაეკეთებინა. ის უნდა მისულიყო საკუთარ სულიერ მოძღვართან, მასთან ერთად ხლებოდა მეუფეს და სინანულის ღრმა განცდით, პირად საუბარში გაერკვია ის გაუგებრობა, რაშიც აღმოჩნდა. "უგულავამ მაინცდამაინც განხეთქილების გზა არჩია, გამოვიდა და "ჯოჯოხეთის კართან მდგომი"(!) (მისივე სიტყვებია) მეუფე ცილისმწამებლად ისე შერაცხა, რომ არც კი დაფიქრებულა, რამხელა ტრავმას აყენებდა მის მრავალრიცხოვან მრევლს.

წეღან ნდობა ვახსენეთ და, რასაკვირველია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ეკლესიას ენდობა. ამდენად, მეუფე სერაფიმეს სიტყვები, მით უმეტეს, რომ მისი უტყუარობა ბევრმა მოძღვარმაც დაადასტურა, მრევლმა ირწმუნა. ან კი რა საფუძველი ჰქონდა ხალხს მეუფისადმი უნდობლობის?

რაც შეეხება ხელისუფლებისადმი ნდობას და მით უფრო ეკლესიასთან (რომლის თხოვნასაც ამ ქვეყნის მმართველნი თითქმის არასოდეს ითვალისწინებენ და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს!) ურთიერთობის საკითხში, ამ მხრივ საზოგადოებას თავისი დამოკიდებულება აქვს და არც გაემტყუნება. რომელი ერთი გავიხსენოთ? რელიგიის შესახებ გახმაურებული კანონი თუ რიყეზე, ასი ათასი მოწამის წმინდა ადგილას ბუდა-ბარის მშენებლობა (პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, რომ ეს არ გაეკეთებინათ); დავითგარეჯას იდუმალებით მოცული და მიტაცებული ტერიტორიების ნაწილი თუ აზიზიეს მეჩეთის აგების მცდელობა საპატრიარქოს ნების საწინააღმდეგოდ; ბაგრატის ტაძრის აღდგენის დროს საპატრიარქოსთან ერთად დამტკიცებულ გეგმაში "შემთხვევით” შემოპარებული", ქართული ხუროთმოძღვრებისთვის სრულიად შეუფერებელი ლიფტი და შუშებიანი არქიტექტურა თუ სიონის მხარდამხარ კაზინოს წამოჭიმვა...

კიდევ რამდენი გავიხსენოთ? არ ავიწყდება ქართველობას ფერიის მთაზე ეკლესიის საძირკვლის ნგრევის ფაქტი და ამის მერე, თავდაყირა რომ დადგე, ვერაფრით დააჯერებ, რომ თავგადაკლული მორწმუნე ხარ (არც ის ავიწყდება ხალხს, რომ ამ ფაქტის მერე, ხელვაჩაურის გამგებელს კაბინეტის ჭერი თავზე ჩამოემხო და ამის მერეც ჯიუტად გაიმეორა, რომ მართალი იყო, როდესაც ეკლესიის საძირკველი მოშალა(?!))...

ხალხში ჯერაც არ მინელებულა აღდგომის ღამეს ეპისტოლეს კითხვისას "შემთხვევით” გამოტოვებული" მონაკვეთი, სადაც პატრიარქი გულისტკივილით მიგვითითებდა, რომ საქართველოში, როგორც არასდროს(!) უზნეობამ იმძლავრა და დასტურად მოჰყავდა ზემოთ ნახსენები ბუდა-ბარის და კაზინოს მშენებლობის ფაქტები. გავრცელებული ინფორმაციით, "ვიღაცას” გულზე ეკლად დაესობოდა" დედაქალაქში არსებული სიწმინდეების გვერდით ცოდვის ბუდეების მხილება და ხალხის გულისწყრომის თავიდან ასაცილებლად, იმ "ვიღაცამ" გაბედა და აღდგომის ღამეს ეპისტოლედან თვითნებურად ამოაგდო (როგორც სტუდია გნს აცხადებს, ესეც ჩვენი ყოფილი სტიქაროსანი მერის სინდისზეა) მამხილებელი საბუთი(?!)...

ამის შემდეგ ძალიან იოლია დაიჯერო, რომ ასეთი თავგასული ხალხი ყველაფერს იკადრებს და მათ შორის თვით უწმინდესის შეურაცხყოფასაც (თუმცა ამით საკუთარ თავს ამხელენ და შეურაცხყოფენ)!

აუცილებლად უნდა ითქვას ერთიც: ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ჩვეულებრივი მოკვდავებისგან დაცვას არ საჭიროებს, რადგან მას თავად უფალი იცავს და ვინც იცის, რას ნიშნავს სიტყვები - "უფალს მინდობილი", მისთვის ნათელია ყველაფერი. მასზე ზეწოლა და მისი შეშინება წარმოუდგენელია და ამას ვერავინ მიაღწევს ვერასდროს(!). მასზე უანგაროდ მლოცველთ და თქვენ წარმოიდგინეთ, მტრებსაც კი(!) მისი იმედი აქვთ, რადგან მშვენივრად უწყიან, რომ ჩვენს პატრიარქზე მიმტევებელი ადამიანი დღეს ძნელად მოიძებნება დედამიწის ზურგზე, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მის ამ სათნო თვისებას მშვენივრად იყენებენ და იმდენად უთამამდებიან, რომ საერთოდ კარგავენ რიდს ერის სულიერი მამის მიმართ.

ყველამ კარგად დაიმახსოვროს: საქართველოში დღეს ერთადერთი და უპირობო ავტორიტეტი ჩვენი უწმინდესი პატრიარქია, მილიონობით მორწმუნეს ის საკუთარ თავზე მეტად უყვარს და ვერავის აპატიებს ქართველი კაცი მის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას, მით უმეტეს ყვირილს. გამგებმა გაიგოს!

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ტალახი, სასულიერო პირების მისამართით ნასროლი, მსროლელებს უბრუნდებათ და ამით უფრო მაღლდება საპატრიარქოს ავტორიტეტი, ეს უზნეო კამპანია მაინც გრძელდება და რით შეიძლება დასრულდეს ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ მყოფი დედა-ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, უკვე შეუნიღბავი(!) ბრძოლა, ყველას, მით უფრო ბატონ გიგი უგულავას, როგორც სასულიერო სემინარიის ყოფილ სტუდენტს და საქართველოს პატრიარქის სტიქაროსანს, სხვაზე უკეთ უნდა მოეხსენებოდეს. რაც შეეხება წმინდა სინოდის წინაშე ყვირილს, ეს ისეთი დამღაა, რომელსაც უგულავა (სატელევიზიო აღიარებისა და მონანიების გარეშე) სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს!