ახალაიადან შაშკინამდე

ახალაიადან შაშკინამდე

საქართველოს მთავრობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად, ქვეყნის სამხედრო უწყებაშიც გამოიცვალა ხელმძღვანელი. ”მკაცრი ხელის” ბაჩო ახალაიამ გზა დაუთმო განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინს, თუმცა ამ გადაადგილებით ე.წ. “ახალაიას ხაზი”, როგორც ჩანს, არ შეიცვლება. სამხედრო უწყებაში ინსტიტუციონალური მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე იზრუნებს ბაჩო ახალაიას ძმა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დათა ახალაია, რომელიც კვირის ბოლოს დიმიტრი შაშკინის მოადგილედ დაინიშნა.

ბაჩო ახალაიას გადაყვანამ სამხედრო უწყებიდან შინაგან საქმეთა მინისტრად, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ადამიანი გაახარა თავდაცვის სამინისტროში.

ყოველკვირეულ გაზეთ “კვირის პალიტრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს ერთ-ერთი რესპონდენტი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ბაჩო ახალაიას მმართველობას კოშმარივით იხსენებს.

დისციპლინის განმტკიცება და არმიის მოდერნიზება

“მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მისი კლანური მმართველობის, ჩამშვებთა ინსტიტუტის შემოტანისა და სხვა უამრავი მიზეზის გამო ერთ-ერთ ბატალიონში ამბოხება მზადდებოდა, მაგრამ ბუნტისთავების განეიტრალება მოახერხეს. უფრო სწორად, ცოტა ხნით, უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადეს.”

ძნელი სათქმელია, მართლა მზადდებოდა თუ არა რაიმე ამბოხება ქართულ ჯარში, მაგრამ ხელქვეითების ფიზიკური შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება ის გავრცელებული სტერეოტიპია, რაზეც ბაჩო ახალაიას ხსენებაზე ხშირად საუბრობენ ქართული საზოგადოების ნაწილში. ერთი წლის წინ ქართული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას მკვლელებიც კი უწოდა და ისინი ოფიცერ სერგო თეთრაძის მკვლელობაშიც დაადანაშაულა:

"ჩვენ, როცა ვჩერდებით და გაჩუმებული ვართ, ჩვენ, ძალაუნებურად, ვხდებით ასეთი დანაშაულის თანამონაწილე. იგივე სერგო თეთრაძის საქმე. ადამიანი, რომელიც შპიონომანიით შეპყრობილმა სააკაშვილმა და თავდაცვის უწყებამ დააპატიმრა და ცემით მოკლა“.

სერგო თეთრაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი, 17 სექტემბერს სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოგვიანებით სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს. ერთი კვირის შემდეგ ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. სამხედრო უწყებას ოპოზიციის წარმომადგენლის ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. საერთოდაც, ბაჩო ახალაიას არ უყვარდა საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობა. იგი ამ მხრივ ყველაზე უფრო მეტად გამოირჩეოდა თავისი წინამორბედი იმ 5 მინისტრისაგან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ 8 წლიანი მმართველობის დროს ხელმძღვანელობდნენ საქართველოს სამხედრო უწყებას.
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობა არც ყოფილა ბაჩო ახალაიას მთავარი პრიორიტეტი. ყოფილ მინისტრს საააკაშვილმა რკინისებური დისციპლინის განმტკიცება და არმიის მოდერნიზება დაავალა.

ბაჩო ახალაიამ თავდაცვის მინისტრობის სამი წლის განმავლობაში სამხედრო უწყებაში მართლაც შექმნა მკაცრი სამხედრო დისციპლინა და უწყების მმართველობას დაუქვემდებარა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი დიდი და პატარა საწარმოები, რომელთა ბაზაზე სამხედრო კონსტრუქტორებმა რამდენიმე ჯავშანმანქანა თუ ჯავშანტარნსპორტიორი, უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი შექმნეს და ძალიან გაახარეს ქვეყნის მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არც ორდენებს იშურებდა და არც ქების სიტყვებს სამხედრო უწყების ხელმძღვანელებისათვის.

“ჩვენ დავიწყეთ ჩვენი წარმოების აწყობა და აღმოჩნდა, რომ უმაღლესი მათემატიკა არაფერი არ არის. უბრალოდ, უნდა კარგი ორგანიზება. სახელმწიფომ აიღო ქარხანა [საავიაციო] მთლიანად კონტროლის ქვეშ, ეს და სხვა ქარხნები“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და დასძინა, რომ შესაძლებელია „ყუმბარმტყორცნების გამოშვებაც, ავტომატებისაც, ნაღმმტყორცნებისაც და დარწმუნებული ვარ, კარგად თუ ვიმუშავებთ, ავაწყობთ საჰაერო სისტემასაც.“

მამის და ძმის აჩრდილი

ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს დაწყებული წარმატებული საქმეების გაგრძელება, ისევე როგორც მის მიერ საკადრო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება ახლა უკვე დიმიტრი შაშკინს მოუწევს. ახალსა და ძველ თავდაცვის მინისტრებს ის აერთიანებთ, რომ ორივე ახლო წარსულში სათავეში ედგა სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს. თუმცა, როგორც გაზეთი “კვირის პალიტრა” წერს, შაშკინის დანიშვნას მაინც ძალიან გაუხარებია თავდაცვის სამინისტრო, სადაც როგორც ზემოთ ითქვა, ბევრს არ მოსწონდ ბაჩო ახალაიას და მისი გარემოცვის მართვის უხეში სტილი. მაგრამ მავანთა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. “შაშკინის მოადგილედ დათა ახალაიას დანიშვნამ ცხადყო, თუ ვის ეკისრება მთავარი ფუნქცია”, - აცხადებს გაზეთ “კვირის პალიტრის” რესპონდენტი, რომელიც ფიქრობს, რომ სამხედრო უწყებაში ახალი მინისტრის მოსვლით ახალი საკადრო წმენდა დაიწყება.

თავდაცვის მინისტრი შაშკინი მართლაც რთულ მდგომარეობაშია. მან ან უნდა განაგრძოს არმიის მკაცრი ხელით მართვა, ანდა უნდა გახსნას სამინისტროს კარები საზოგადოებისა და მედიისათვის, აქციოს იგი ანგარიშვალდებულ სამოქალაქო ოფისად. ამ საქმეში კი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დათა ახალაია, შაშკინისათვის ვერ იქნება იდეური თანამებრძოლი. დღემდე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს სხვა პროფილი ჰქონდა. იგი ეძებდა, სდევნიდა და აპატიმრებდა სახელმწიფოს მტრებს და მათთან გაიგივებულ რეჟიმის ოპონენტებს. დათა ახალაიას ბიოგრაფიის ყველაზე დიდ “შავ ლაქად” კი “გაერთიანებული ქართული ბანკის” თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მისი ხელქვეითების მონაწილეობა ითვლება, რის გამოც 2006 წელს დათა ახალაიამ თანამდებობა დატოვა. თუმცა იგი გადადგომის შემდეგაც განაგრძობდა კუდ-ის მართვას და დღესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული კლანის წევრად ითვლება. ბაჩო და დათა ახალაიების მამა, როლანდ ახალაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორია, რომელსაც საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რეგიონის ფაქტობრივ მმართველად მოისხენიებენ.