"ახალ მინისტრებს ვურჩევ, მაინცდამაინც გრძელვადიან დანაშაულებს ნუ დაგეგმავენ!"

"პრემიერ-მინისტრად უფრო არტისტული და ორატორული ნიჭის მქონე ადამიანი უნდა დაენიშნათ. ეს იქნებოდა ჭკვიანური გადაწყვეტილება, რადგან მიშას "გულისამაჩუყებელი" გამოსვლების შემდეგ, ვანო საზოგადოებაზე შესაბამის ეფექტს ვერ მოახდენს, მით უმეტეს, არჩევნების წინა პერიოდში", - აცხადებს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი და "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინიციატივებს - ოთხი წლის განმავლობაში ყველა ოჯახისთვის ათასლარიანი ვაუჩერის დარიგებასა და ჯანმრთელობის დაცვისთვის ბიუჯეტიდან მილიარდების გამოყოფას, დაგვიანებულად მიიჩნევს, რაც შედეგს ვერ გამოიღებს.

- უჭირს ხელისუფლებას და ეს უკვე ყოველდღე ჩანს. ერთადერთი მყარი სტრუქტურა შსს იყო და ვანოს წასვლის შემდეგ ესეც მოირყევა, რაშიც მთავარ როლს "ახალაია მრისხანე" ითამაშებს. რაც შეეხება მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმებს, ბატონი ვანო ზღაპრებს გვიყვება, თუ სააკაშვილის არ გჯერათ, იქნებ მე მაინც დამიჯეროთო.

- თქვით, რომ ეს ინიციატივა დაგვიანებულია. რატომ?
- იმიტომ, რომ ოპოზიციის ლიდერმა, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, საქართველოს მოსახლეობას უფასოდ დავაზღვევთო. არადა, მაშინ მთავრობის მომხრეებმა დიდი ამბავი ატეხეს, როგორ შეიძლება, ეს კომუნიზმიაო. მაშინ კომუნიზმი ყოფილა, ახლა კი დემოკრატია და ქვეყნის გადარჩენის პროგრამაა. მე მივესალმებოდი ამ ინიციატივებს, ამისთვის გამოყოფილ 3 ან 4 მილიარდს, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება საქართველოს ბიუჯეტში. როგორც უმუშევრობას არ ეშველება უმუშევართა სიის ჩამოწერით, ისე არ ეშველება საქართველოს ბიუჯეტს და მით უმეტეს იმ პრობლემებს, რომლებზეც მერაბიშვილმა ისაუბრა. ეს წინასაარჩევნო პროპაგანდაა.

- შეიქმნა კონკრეტული სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელადაც პაატა ტრაპაიძე დანიშნეს...
- მინისტრების "შექმნა" უმუშევრობას ვერ შველის, ამიტომ პაატა ტრაპაიძის დანიშვნას სერიოზულად ვერ განვიხილავ. ეს არის საბავშვო ბაღის ბავშვების მინისტრობანას თამაში... ჩვენ რომ მივმართოთ მოსახლეობას, ფულს მოგცემთო, მოსყიდვა იქნება, მერაბიშვილისგან კი ეს ძალზე პატიოსან და სამართლიან დაპირებად მიიჩნევა.

- ბატონო ლევან, თქვენი აზრით, როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება ვანო მერაბიშვილი?
- ჯერჯერობით ძალიან არასერიოზულ და უტიფარ განცხადებებს აკეთებს, შემდეგ კი, ვნახოთ, რა იქნება. თუ მანაც თავისი პორტფელი ამოიჩარა იღლიაში, მაშინ ჩათვალეთ, რომ ხალხთან მისი საუბრის მცდელობაც კი წარუმატებელი იქნება. ამ საქმეში მიშა დახელოვნებულია და ვანო ვერ აჯობებს. სააკაშვილს ორატორობის მეტი ნიჭი აქვს. ვანო მერაბიშვილსაც აქვს ბევრი ტალანტი, მაგრამ მსახიობისა და ორატორულ ნიჭში მაინცდამაინც შემჩნეული არაა.

- იმ ძველ მინისტრებზე რას იტყვით, რომლებსაც ახალი სამინისტროები ჩააბარეს?
- ბაჩო ახალაიაზე იმ ხალხს უფრო მეტი აქვს სათქმელი, ვისაც მის სტრუქტურაში უმუშავია, მაგრამ მასაც, შაშკინსაც და ვანოსაც ვურჩევთ, ძალიან გრძელვადიან დანაშაულებს ნუ დაგეგმავენ, რბილად რომ ვთქვათ, შეიძლება ვერ მოასწრონ. მათი წამმზომი ჩართულია და ამას პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" ოქტომბერში ქართველ საზოგადოებასთან ერთად დაუმტკიცებს.