რეგიონებში

რეგიონებში "ინფო 9"-ის ჟურნალისტებზე ზეწოლა ფართოვდება.

"ივანიშვილის სააგენტო "ინფო 9"-ის ჟურნალისტებზე ზეწოლა ხორციელდება - როგორც ფსიქოლოგიური ხასიათის, ისე ფიზიკური. სააგენტომ ამ დროისთვის მხალოდ სამი ფაქტი გაახმაურა, თუმცა მისი ხელმძღვანელის თქმით, ზეწოლის კიდევ რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული. სააგენტოს უფროსი აცხადებს, რომ თუკი აუცილებლობა მოითხოვს, ყველა ფაქტს გაახმიანებენ. ამ ეტაპზე კი რეაგირებას მხოლოდ ზესტაფონელ ეკა დუგლაძის ფაქტზე ითხოვენ, რომელსაც რამდენიმე თვეა, შვიდი მამაკაცი ხუთი კამერით დასდევს და არაკორექტულ კითხვებს უსვამს აშკარად ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ჟურნალისტი: ”მიკროფონსა და კამერას ხელს ურტყამდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ხელი მეც გამარტყა" - რეგიონებში "ინფო 9"-ის ჟურნალისტებზე ზეწოლა ფართოვდება.

"მსგავსი ხასიათის ზეწოლა განხორციელდა გარდაბნელ კორესპონდენტ ნინო ბასიშვილზეც. 4 ივლისს სააგენტოს გორელ ჟურნალისტ რეზო ნადირაძეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მედიაექსპერტი ია ანთაძე ჟურნალისტებზე ზეწოლის გახშირებას რეგიონებში ჟურნალისტების მომრავლებას უკავშირებს. საიაში კი ამბობენ, რომ ნადირაძის ფაქტით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. პროკურატურის პოზიცია კი უცნობია, რადგან პრესსამსახური არ პასუხობს. "რასაც ე.წ. "მედიაჯგუფები" და მათ უკან მდგომი ადამიანები ჩადიან, იმას ჟურნალისტიკა არ ჰქვია - სს კოდექსით ეს დანაშაულია", - აცხადებს "ინფო 9"-ის უფროსი მანანა ელიაშვილი. მისი თქმით, ეკა დუგლაძის დევნის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი შეაქვთ. მისი თქმით, ასეთი სხვა ფაქტებიც არსებობს, მაგრამ მათ გაგრძელება აღარ მოჰყოლია და ამიტომ მისი გახმაურება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"სააგენტოს გარდაბნელი კორესპონდენტი ნინო ბასიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ჰყვება, რომ გარდაბანში "ქართული ოცნების გახსნაზე იყვნენ. ამ დროს მასთან რომელიღაც გადამღები ჯგუფი "მიიჭრა" და დაკითხვა მოუწყო - "კითხვები, რა თქმა უნდა, პროვოკაციული იყო. აინტერესებდათ, ვინ გვაფინანსებდა, რაზე ვმუშაობდით და ა.შ. ჩვენ თავი ავარიდეთ დაძაბულობას და გადასაღებად წავედით, შენობიდან გამოვედით, ისევ უკან გამოგვყვნენ. მოგვიანებით ეს ჟურნალისტები ჩვენმა მეორე გადამღებმა ჯგუფმა შენიშნა და ამის შემდეგ ჩამოგვშორდნენ", - ამბობს ჟურნალისტი. "ინფო 9"-ს გორელი კორესპონდენტი კი გვიყვება, რომ გადაღება დაუშალეს, როდესაც ეს არ შეასრულეს, მაშინ ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ მოერიდნენ, კამერაზე ხელი აუკრეს და თავად ჟურნალისტს ხელითაც შეეხნენ", - დასძენს გამოცემა.

"სოფელ წედისის მოსახლეობამ გვთხოვა, მათი პრობლემებით დავინტერესებულიყავით. სოფელში სასმელი წყალი არ ჰქონდათ და ამის გაშუქებას გვთხოვდნენ. შემდეგ სოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და აქცია მოაწყო, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებდით. ამ დროს ორი უცნობი ადამიანი მოგვიახლოვდა და გვთხოვა, გადაღება შეგვეწყვიტა. უარის მიღების შემდეგ ისინი ძალადობაზე გადმოვიდნენ, მიკროფონსა და კამერას ხელს ურტყამდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ხელი მეც გამარტყა", - ამბობს რეზო ნადირაძე. მისივე თქმით, ადგილობრივებმა ერთ-ერთი მათგანი ამოიცნეს - პოლიციელი სოფელ ატენიდან სამსონ ვანიშვილი...” - წერს სტატიის ავტორი.

"საია-ს იურისტი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ დუგლაძისა და ბასიშვილის შემთხვევაში ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, თუმცა დასძენს, რომ ჟურნალისტებს ვინც დასდევს, მათაც აქვთ უფლება, გამოხატონ თავისი აზრი. "თუმცა როცა ეს ყოველივე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, შესაძლებელია ნელ-ნელა გამოიკვეთოს დანაშაულის ფაქტები. რა კადრებიც ვნახე და იმის ფონზე, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში არ გრძელდება, დანაშაულად ვერ ჩაითვლება. მაგრამ საქმე იქითკენ მიდის, რომ მალე ეს დანაშაულებრივ ქმედებად დაკვალიფიცირდება", - ამბობს ნათია კაპანაძე, რომლის შეფასებით, როდესაც საქმე ფიზიკურ ძალადობას ეხება ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას, მაშინ სამართალდამცველებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ", - დასძენს სტატიის ავტორი.