"მერაბიშვილის მთავრობა ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილთან საუბარი ამ მოწვევის პარლამენტის მუშაობის შეფასებით დავიწყეთ, რომელსაც 3 თვეში ახალარჩეული საკანონმდებლო ორგანო შეცვლის.

- პარლამენტის მუშაობით სრულად კმაყოფილი მაშინ ვიქნებით, როცა მთელი ქვეყანა იქნება წარმატებული და ამ პროგრესით თითოეული მოქალაქე, ოჯახი ისარგებლებს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მყარი ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით ევროპული ტიპის ქვეყანა ვართ, თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო აღარ არის ღარიბი სახელმწიფოების რიცხვში. რაც შეეხება ამ პარლამენტის მუშაობას, 4 წელი ისტორიისთვის ძალზე მოკლე მონაკვეთია, მაგრამ მაინც არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, მათ შორის, საკანონმდებლო. საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რომელიც 2010 წელს მივიღეთ, საფუძვლიანად შეცვალა ლანდშაფტი ქართულ პოლიტიკაში, ანუ დღეს პრეზიდენტობა აღარ არის ერთადერთი სამიზნე, რისთვისაც ყველა პარტია იბრძვის და რასაც რევოლუციები, დაპირისპირებები მოჰყვებოდა ხოლმე. დღეს ყველა პარტია ცდილობს, ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვოს, ხელისუფლებაში რომ მოვიდეს. მომავალში პარლამენტი იქნება ხელისუფლების მთავარი წყარო. ქუჩის აქციები კი თანდათან უკანა პლანზე ინაცვლებს, მან მიმზიდველობა დაკარგა, რაც პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ წაადგება. კარგია, როცა პარტიები ამომრჩეველზე, პარლამენტზე ფიქრობენ და არა ქუჩაზე. შედარებით წარუმატებლობად შეიძლება შეფასდეს ის, რომ ბევრი რეფორმა ჯერ დაუსრულებელია, უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, შეიქმნა ათასობით სამუშაო ადგილი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რადგან გაცილებით მეტი ადამიანი დღემდე უმუშევარია, სიღარიბესა და გაჭირვებას ებრძვის. ამიტომაც იქმნება დასაქმების სამინისტრო. ბევრი რამ არის გასაკეთებელი სოფლის მეურნეობაში, რომელიც ძალზე რთული სფეროა, რადგან შედეგი სახელმწიფოს აქტივობის გარდა, კერძო სექტორის ინტერესზეა დამოკიდებული. საბანკო სექტორმა უფრო დაბალპროცენტიანი სესხები უნდა გასცეს და მაშინ მივაღწევთ სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.

- თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დიდი ხანია დაიწყო აქტიური საარჩევნო კამპანია.
- არა მხოლოდ ჩვენ, ყველა პარტია ადრე ჩაერთო საარჩევნო მარათონში, რაც იმ საკონსტიტუციო ცვლილებების დამსახურებაც არის, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. პოლიტიკური ძალები გააქტიურდნენ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, მართავენ შეხვედრებს, მხარდამჭერებს პარტიაში აწევრებენ, ამას ჩვენც ვაკეთებთ, ჩვენი ოპონენტებიც, ამიტომ გარე თვალისთვის ჩანს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე გაჩაღებულია, სინამდვილეში, ოფიციალურად ის არჩევნების თარიღიდან 60 დღით ადრე გამოცხადდება.

- თუ აქვს ყველა პარტიას კამპანიის თანაბარ პირობებში წარმოების საშუალება? თქვენი ოპონენტები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი მწვავედ გაკრიტიკებენ...
- ჩემი აზრით, ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას თავისუფლად აწარმოებენ, შეხვედრებსა და დემონსტრაციებს მართავენ, სატელევიზიო არხებიც აქვთ, მათთვის ახლა "მასთ ქერის" პრინციპიც შემოვიღეთ, რა შეზღუდვაზეა ლაპარაკი? ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ ჩვენი კანონმდებლობა მკაცრად კრძალავს ამომრჩევლის მოსყიდვას, არავის აქვს უფლება, დემოკრატია სარეცხ მანქანებთან, ტელევიზორებთან გააიგივოს. რას ნიშნავს, როცა წინასაარჩევნოდ ბარათებს არიგებ და მოსახლეობას ეუბნები, რა საჩუქარიც გინდა, ჩაწერეო?! ამას პოლიტიკური კორუფცია ჰქვია, ამომრჩევლის მოსყიდვა ან მოსყიდვის მცდელობა.

- თუმცა, გახმაურდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლისათვის ცხვრებისა თუ ღვინის დარიგების, სუფრის გაშლის, უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტები.
- შესაძლოა, რაღაც გადაცდომა ყველა მხრიდან იყოს, ამაზე კანონმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ვიღაცამ, უნებლიეთ, შესაძლოა ამომრჩეველს 50-თეთრიანი წვენი დაალევინა, მაგრამ ამის 600-ევროიან სარეცხ მანქანასთან შედარებაც არ შეიძლება.

- რაც შეეხება "მასთ ქერის" პრინციპს, რატომ მიიღო ხელისუფლებამ მისი გატარების გადაწყვეტილება მხოლოდ კომპანია "გლობალ კონსალტინგის" ანტენების დაყადაღების შემდეგ? ამასთანავე, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ამ პრინციპმა წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გამოცხადებამდე და არჩევნების დღის შემდეგაც უნდა იმოქმედოს. მისაღებია თქვენთვის ეს რეკომენდაცია?
- "გლობალ ტივის" ანტენები ამ პროცესთან დაკავშირებული არ არის, ამ ანტენების დარიგება ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა იყო. ენ-დი-აის რეკომენდაციის საპასუხოდ ვიტყვი, რომ სწორედ იმის გამო, რომ რეგიონებში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შედარებით შეზღუდულია, ვიდრე დედაქალაქში, შემოვიღეთ "მასთ ქერი" და კერძო კომპანიებს, მიუხედავად მათი კომერციული ინტერესებისა, დავაკისრებთ ყველა სატელევიზიო არხის ტრანსლირება. გარკვეულწილად, ეს კერძო საკუთრებაში ჩარევაა, რასაც სხვა შემთხვევაში, ოპოზიცია აქტიურად აპროტესტებს ხოლმე. რაც შეეხება "მასთ ქერის" მოქმედების ვადის გახანგრძლივებას, ჩვენ ისედაც საკმარისად ვერევით 2 თვის განმავლობაში კერძო კომპანიების საქმიანობაში. ჩვენი ამოცანა ამომრჩევლის მაქსიმალური ინფორმირებაა და არა საარჩევნო პროცესზე დაკვირვება. მოსახლეობის განწყობა კი საბოლოოდ, არჩევნების დღეს გამოჩნდება.

- რით არის გამოწვეული ის სამთავრობო ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ ახლახან განახორციელა?
- ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და რუსეთი მის პარალელურად ჩრდილოკავკასიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნის ჩატარებას აპირებს. ასე რომ, საქართველო ძალზე სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას როგორც ეკონომიკის, ისე ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით და სწორედ ეს მთავრობა, გუნდი პრემიერ-მინისტრ მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ღირსეულად უპასუხებს ყველა გამოწვევას.