ნიკა გილაური სააკაშვილის მთავრობიდან ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად წავიდა. როგორც ამბობენ, მისი ქონება რამდენიმე ასეულ მილიონს ითვლის... იმასაც ამბობენ, რომ გილაურს გაუმართლა, პრემიერობა სააკაშვილის მთავრობის ყოფნა-არყოფნის ზღვარზე რომ დატოვა... "ვარდების ხელისუფლების" რიგით მეხუთე პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პოლიტიკურ-ჩინოვნიკური გზა ზურაბ ჟვანიამ გაუკვალა, კარიერას საპარტნიორო ფონდში გააგრძელებს. მერაბიშვილი-გილაურების ბიზნეს-ძალოვანი კლანი, როგორც ეტყობა, დაიშლება. სააკაშვილმა საჭადრაკო დაფაზე ფიგურები ისე გადაადგილა, რომ პოლიტიკურ მეგობრებს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. ნაციონალურ მთავრობაში ახალი რეალობა დადგა...
ამ დრომდე ნიკა გილაურის სახელს უკავშირდებოდა ენერგეტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. სწორედ გილაური აკონტროლებდა "ენერგო პროს", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას", გაერთიანებულ ელექტროენერგეტიკულ სისტემას - "საქროსენერგოს", "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" (ყოფილი საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი) და ა.შ. ამ მიმართულებით კი მრავალმილიონი პროექტები ხორციელდებოდა და ხორციელდება დღესაც და გილაურის წილიც, შესაბამისად, სოლიდური იყო. ის ამ ყველაფერს უახლოესი გარემოცვით აკონტროლებდა. მაგალითად, "ენერგო პროს" აღმასრულებელი დირექტორი იოსებ ნატროშვილი გილაურის უახლოესი მეგობარი და ნათელ-მირონია. მისი ბავშვობის მეგობარია "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორიც...
გილაური კომფორტულად მუშაობდა ენერგეტიკის მინისტთან, ალექსანდრე ხეთაგურთანაც, რადგან ხეთაგურმა კარგად იცის ხელისუფლებაში ყოფნისათვის საჭირო თამაშის წესები. ამ ნიჭის წყალობით, ხეთაგურიც უმდიდრეს ადამიანთა კატეგორიაში გავიდა....
რაც შეეხება საბანკო სექტორს, ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ ერთ-ერთ ყველაზე პრივილეგირებულ და წარმატებულ "საქართველოს ბანკს" სწორედ მისი ძმა, ირაკლი გილაური ხელმძღვანელობს. "საქართველოს ბანკთან" კი, თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესია დაკავშირებული, ისევე, როგორც ყველა სამთავრობო სტრუქუტურა და ამ ბანკის გავლენის მასშტაბი განუზომლად დიდია.
ასეა თუ ისე, 37 წლის ნიკა გილაურმა იმდენად სოლიდური ქონება დააგროვა, რომ შეუძლია მთელი ცხოვრება მშვიდად გაატაროს. მართალია ექს-პრემიერის ქონებრივი დეკლარაცია მის ქონებას რეალურად არ ასახავს, მაგრამ "პირWელი" სააკაშვილის ხელისუფლების რიგით მეხუთე პრემიერის 2008-2011 წლების ფინანსურ დეკლარაციას მაინც შემოგთავაზებთ.
2008-2011 წლებში საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სახელფასო ანაზღაურების სახით 465 980 ლარი აიღო.
როგორც "პირWელის" მიერ ყოფილი პრემიერის 2008, 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციების შედარებისას აღმოჩნდა, გილაურმა 2008 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ხელფასის სახით - 113 800 ლარი აიღო, 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პრემიერის თანამდებობაზე – 73 789 ლარი, 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე - 126 241 ლარი, ხოლო 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში გილაურმა 152 150 ლარი გამოიმუშავა.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", 2008-2011 წლების დეკლარაციებში ცარიელია.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, 2008 წელს ნიკა გილაურს "საქართველოს ბანკში" ორი საბარათე და ერთი საკრედიტო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელთაგან ერთ საბარათე ანგარიშზე ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 0 ლარი, მეორეზე კი - 6 861,60 ლარი ირიცხებოდა. რაც შეეხება საკრედიტო ანგარიშს, პრემიერს 30 000 დოლარიან საკრედიტოზე დეკლარაციის შევსების მომენტში 23 582,02 დოლარი ჰქონდა დარჩენილი. გარდა ამისა, პრემიერს საბარათე ანგარიში "თიბისი ბანკშიც" ჰქონდა გახსნილი, რომელზეც არაფერი ერიცხებოდა.
უკვე 2009 წლის დეკლარაციის თანახმად, ნიკა გილაურს "საქართველოს ბანკში" ორი საკრედიტო და ერთი სახელფასო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, მაგრამ არცერთზე არანაირი თანხა არ უფიქსირდებოდა.
რაც შეეხება 2010 წლის ფინანსურ დეკლარაციას, გილაურს "საქართველოს ბანკში" გახსნილი ორი სახელფასო ანგარიშიდან ერთზე ნაშთის სახით - 4 833,35 აშშ დოლარი (კრედიტი), მეორეზე კი 6 000 აშშ დოლარი (დებეტი) ერიცხებოდა. გარდა ამისა, პრემიერს "საქართველოს ბანკში" საკრედიტო ანგარიშიც ჰქონდა გახსნილი, მაგრამ თანხა არ უფიქსირდებოდა.
2011 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, გილაურს "საქართველოს ბანკში" ორი საკრედიტო და ერთი სახელფასო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, თუმცა დეკლარაციის შესაბამის გრაფაში ნაშთის სახით არანაირი თანხა არ ფიქსირდება.
გილაურების უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2008-2011 წლების დეკლარაციას თუ ვენდობით, პრემიერს და მისი ოჯახის წევრს – მეუღლე მარინა შამუგიას, საკუთრებაში არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნიათ.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) დეკლარაციის შესაბამისი გრაფა როგორც 2008, 2009, 2010, ისე 2011 წელსაც ცარიელია.
ამასთან, 2008-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, გილაურის ოჯახის არცერთი წევრი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა.
ასვეე, არც პრემიერ-მინისტრს და არც მის მეუღლეს 2008-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.
დეკლარაციას თუ ვენდობით, 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და ასევე 2010 და 2011 წლის ანალოგიურ პერიოდებში გილაურებს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღიათ.
ასევე, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა (წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე) როგორც 2008, 2009, ისე 2010 და 2011 წლებში ცარიელია.
ნიკა გილაურის ოჯახი მეუღლის, მარინა შამუგიას და შვილის, მარი გილაურისგან შედგება.
ცნობისთვის, ნიკა გილაურის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
2001 წელს დაინიშნა "საქართველოს ტელეკომში" ფინანსურ კონსულტანტად.
2002 წელს მუშაობდა ესპანური კონსორციუმის "იბერდროლას" საქართველოს ენერგობაზრის მენეჯმენტ-კონტრაქტორად, ფინანსურ კონსულტანტად.
2003 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა ირლანდიური კომპანია ი-ეს-ბი-იში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მენეჯმენტ-კონტრაქტორად, ფინანსურ მაკონტროლებლად.
2004-2007 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.
2007 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრად.
2009 წლის 6 თებერვლიდან 2012 წლის 30 ივნისამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.