ზაქარია ქუცნაშვილი:

ზაქარია ქუცნაშვილი: "ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, გარდა ერთისა - არ უსვრია!"

პირველ ივლისს მცხეთაში გამართულ ხალხმრავალ აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატად "ქართული ოცნების" წევრი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი დაასახელა. ბატონ ზაქარიასთან ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილის დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანის შესახებ საუბრით დავიწყეთ:

- ბატონო ზაქარია, სასამართლომ დააყადაღა ბიძინა ივანიშვილის წილი (100%) "ქართუ ჯგუფსა" და "ქართუ ბანკში", აგრეთვე, "პროგრეს ბანკში" (21,7%). 5 ივლისს ეს წილები გასაყიდად აუქციონზე გააქვთ. თუ არსებობს ამ პროცესის შეჩერების სამართლებრივი გზა? 
- ხელისუფლების ამ მოქმედებამ, შესაძლოა, ივანიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს. ერთ ისტორიას გავიხსენებ: როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს, მისმა ძმამ გადაწყვიტა, კენჭი ეყარა არჩევნებში და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კენედების ოჯახი დაწყევლილი ვართო. იგი საზოგადოების მხრიდან სიბრალულს ელოდა. სინამდვილეში მოხდა პირიქით: განცხადების შემდეგ კენედების ოჯახს საზოგადოებამ ზურგი აქცია. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა: ყველა ვხედავთ, რომ ქონებადაყადაღებული ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, დაყადაღებული ქონება ფიზიკურ პირს - ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის. "ქართუ ბანკი" ეკუთვნის "ქართუ ჯგუფს". მათ ჰქონდათ ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღების უფლება, და არა "ქართუ ბანკისა" და "ქართუ ჯგუფის".

- რა სამართლებრივი გზა არსებობს, რომ შეჩერდეს აღსრულება და აუქციონზე "ქართუ ბანკის", "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" წილები არ გაიყიდოს?
- კანონით შეუძლებელია ეს ქონება გაიყიდოს, რადგანაც ჩვენ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ. მათ, ნაცვლად ფიზიკური პირის ქონებისა, დააპატიმრეს იურიდიული პირის ქონება. თუ სამართლის ენაზე ვსაუბრობთ, მაშინ არ შეიძლება ერთი პირის ჯარიმა გადაახდევინო მეორე პირს.

- დაყადაღება ხომ არ შეუშლის ხელს ბანკების მუშაობას?

- წილების დაყადაღება ბანკს მუშაობაში ხელს არ უშლის. ხელისუფლებას კი შეიძლება ჩაფიქრებული ჰქონდეს, გაყიდოს ეს აქციები და ხელში ჩაიგდოს ბანკის მართვის სადავეები. აი, ეს არის, სავარაუდოდ, მათი მიზანი.

- "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თიანეთის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად დაგასახელათ. როგორ ფიქრობთ, გაქვთ გამარჯვების შანსი?
- ორი რამის მცოდნედ მივიჩნევ თავს: ქართული სამართლის და არჩევნების. მე არა მარტო თიანეთში ვგეგმავ არჩევნების მოგებას, არამედ ვაპირებ, როგორც საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელი, დავეხმარო სხვა მაჟორიტარ დეპუტატებს, თავიანთ რაიონებში მოიგონ არჩევნები. 

- "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობა ამბობთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებთ. რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
- ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, გარდა ერთისა - არ უსვრია. ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება საარჩევნო საკითხებთან და მთავარი აქცენტი გავაკეთეთ მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევაზე და არა ისე, როგორც ამას ხელისუფლება პროპორციული სიების მიმართ აკეთებდა. პროპორციული სიით გასულ ადამიანებს ყველა იცნობდა, მაჟორიტარებს კი - არავინ. შესაბამისად, რეგიონებიც მიტოვებული იყო. ჩვენ ისეთ ადამიანებს ვარჩევთ მაჟორიტარებად, რომლებსაც კარგი ავტორიტეტი აქვთ თავიანთ რაიონებში და აუცილებლად გაიმარჯვებენ.