ბაჩო ახალაია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად მეგის ქარდავას დანიშვნას ითხოვს?!

ბაჩო ახალაია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად მეგის ქარდავას დანიშვნას ითხოვს?!

შიდა ქართლის, მცხეთის, კახეთისა და იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსებმა თანამდებობები დატოვეს. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი შოთა ხიზანიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, "საერთოდ, როცა ახალი ხელმძღვანელი მოდის, ყველა წერს თავისი ნება-სურვილით განცხადებას... ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია." მათი გადაყვანა სხვადასხვა უწყებებსა თუ სამსახურებში ხდება.

ამასთანავე, ხიზანიშვილი ამტკიცებს, რომ "სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებიათ. არც ერთი თანამშრომელი სამსახურიდან არ წასულა."

როგორც "ფორ.გე" იტყობინება, ბაჩო ახალაიამ მინისტრად დანიშვნის შემდეგ პირველივე თათბირზე თანამშრომლები ასე გააფრთხილა: "მე მაქვს ჩემი პრინციპები, რომელსაც არ ვღალატობ. ვისაც აწყობს, დარჩეს, ვისაც - არა, თავისუფალი ხართო."

რაც შეეხება კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსს - კახა გიგოლაშვილს, ის კახეთში მთავარ სამმართველოს 2011 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ექსპრემიერ ნიკა გილაურის ბრძანებით, გიგოლაშვილი ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასა და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სუამის ეროვნული უწყებათაშორისი ჯგუფის წევრიც იყო.

როგორც შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა "რეზონანსს" უთხრა, სამმართველოს უფროსები კახეთში, შიდა ქართლში, მცხეთასა და გურიაში შეიცვალა.

"მათ ადგილას ზოგან მოადგილეები დაინიშნენ, ზოგან კი სხვა დეპარტამენტებიდან გადმოვიდნენ. ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია. რა გაგიკვირდათ?" - იკითხა ხიზანიშვილმა.

შეკითხვაზე, მინისტრმა ისინი სამსახურიდან გაუშვა, თუ საკუთარი ნება-სურვილით დაწერეს განცხადება, ხიზანიშვილის პასუხი ასეთია:

"საერთოდ, როცა ახალი ხელმძღვანელი მოდის, ყველა წერს თავისი ნება-სურვილით განცხადებას. შემდეგ ზოგი რჩება თანამდებობაზე, ზოგი - არა. ყველა, ვინც არ დარჩა, სხვადასხვა თანამდებობებზე გადანაწილდა."

პრესსამსახურის უფროსისვე ცნობით, "არც ერთი ადამიანი სამსახურიდან გაშვებული არ არის. ანუ სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებიათ. არც ერთი თანამშრომელი სამსახურიდან არ წასულა. დათხოვნა, როგორც ასეთი არ მომხდარა, რადგან ისინი გადანაწილდნენ სხვადასხვა სამსახურში."

გუშინვე სააგენტო "ივერონმა" გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს კახეთის სამმართველოს უკვე ყოფილი უფროსი კახა გიგოლაშვილი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. თავად ახალაიას მოადგილედ კი აჭარის კუდის უფროსი თემურ პატარიძე.

იმერეთის სამხარეო სამმართველო დატოვა ზაზა გონგაძემ, რომელიც ალეკო სვინტრაძემ ჩაიბარა.

ცნობისთვის, პატარიძის გვარი ქართველი სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციაში - "ენვერის" საქმეში ფიგურირებს. როდესაც სამართალდამცველებმა შეიარაღებული ძალების 6 ქართველი მფრინავი, რუსეთის 4 მოქალაქე და ბიზნესმენები დააკავეს. მათ რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებოდათ ბრალად.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალაიას გუნდში შესაძლოა მისი ახლო მეგობარი, ოპოზიციური სპექტრის მიერ "ზონდერბრიგადების" ხელმძღვანელად და "შავი სამუშაოს" საუკეთესოდ შემსრულებლად წოდებული გიორგი უდესიანი აღმოჩნდეს.

ყოფილი სპორტსმენი სხვადასხვა დროს სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა, კერძოდ მერიაში, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. ის ახალაიების ახლო მეგობარია.

"დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელი კახა მიქაია ამბობს, რომ მისი კონფიდენციალური ინფორმაციით, ბაჩო ახალაია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად მეგის ქარდავას დანიშვნას ითხოვს.

"უშუალოდ ბაჩო ახალაიას მოთხოვნაა, რომ კუდ-ის უფროსად მეგის ქარდავა დაინიშნოს. დააკმაყოფილებს თუ არა სააკაშვილი მის მოთხოვნას, ეგ უკვე ჩემთვის უცნობია. შემიძლია გითხრათ, რომ აქ ნაციონალების მხარდამჭერები და ახალაიების მამა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი პროკურორი როლანდ ახალაია არანორმალურად გახარებულები არიან და იმუქრებიან, "ქართულ ოცნებას" სამეგრელოში არ გავაჭაჭანებთო",- განუცხადა "ივერონს" კახა მიქაიამ.

თუმცა, უკვე ისიც არის ცნობილი, რომ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კრიმინალური პოლიციის უფროსი ერეკლე კოდუა ემზადება.

ყოველივე ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მოწოდებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ დღის განმავლობაში აპირებდა, მაგრამ არ გამართლდა.

"რეზონანსი" ცდილობდა აღნიშნული ინფორმაციების ხიზანიშვილთან გადამოწმებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.