"ნელსაცხებლებით" შეზავებული ნიგვზიანი ბადრიჯანი
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მიამიტურად ვფიქრობ, - აი, ახლა კი ატყდება განგაში დედაენის დაბინძურების გამო, დღეს თუ არა, ხვალ მაინც, ხვალ თუ არა, ზეგ მაინც ... თქვენც არ მომიკვდეთ, - დღემდე ისე მოვაღწიეთ, რომ ენის სიწმინდე ვერა და ვერ იქცა საყოველთაო საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგნად. უკვე რამდენი მთავრობა და პარლამენტი ("სიტყვიერ ომში ინგრევიან პარლამენტები" - გალაკტიონი) გამოვიცვალეთ, დედაენის სიწმინდისათვის კი ვერცერთმა მოიცალა.
საოცარი პარადოქსია, რომ სიტყვის თავისუფლებამ სავალალოდ დააკნინა დედაენა, რადგან მასმედიაში "თავისუფლად" გადმოინთხა არაპროფესიონალიზმი და უწიგნურობაც. სწორედ ამან ათქმევინა აწ უკვე მთაწმინდის ბინადარ დიდ თანამედროვე მწერალს ოთარ ჭილაძეს მწარე სიმართლე "წერა-კითხვის უცოდინარი ჟურნალ-გაზეთების" თაობაზე, რომელნიც "მასმედიურად აფიქსირებენ ფაქტებს"...
თუ მეტი არა, ორი ათეული სტატია მაინც მექნება გამოქვეყნებული ენის სიწმინდის თაობაზე ზოგადად, და, კერძოდ, ბეჭდურ და ელექტრონულ მასმედიაში; სულ ამაოდ, ვითარება კიდევ უფრო მძიმდება... ერთმანეთშია ალუფხული: ქართული ენისათვის სრულიად შეუფერებელი, უფუნქციო უცხო სიტყვები, თუმცა მათი თარგმნა მშობლიურ ენაზე არამცთუ შესაძლებელია, აუცილებელიც არის; აგრეთვე, უკვე მოყირჭებული ჟარგონი, ბარბარიზმები, უხეში გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები და ა.შ. და ა.შ., - რომ აღარაფერი ვთქვათ სტილზე, ხშირად ცინიკურ ღლაბუცს რომ წააგავს.
დაუდევარი დამოკიდებულება დედაენის მიმართ, გაღარიბებული ლექსიკა და, უბრალოდ, მიუტევებელი შეცდომები ყველაზე თვალსაჩინოდ ტელეეკრანიდან "ფიქსირდება".
როგორ მოვთხოვოთ სკოლის მოსწავლეს მართლწერა, როცა პოპულარულ გადაცემას "შუა დღე" (უნდა იყოს "შუადღე") ეწოდება, ახალი ყოველდღიური გადაცემის ანონსში კი "ყოველ დღე" მართლაც ყოველდღე გვეჩხირება თვალში.
მიკვირს, რომ ტელევიზიის რაგინდარა არხის მესვეურები ერთხელაც არ შეწუხებულან კრიტიკის უქონლობის გამო. მათი გადაცემები საფუძვლიანად, სისტემატურად, გამოწვლილვით რომ შეეფასებინოს ან გაეკრიტიკებინოს ვინმეს, არ მოგვსწრებია. ეს კი კარგს არას უქადის ქართულ ტელევიზიას.
გამართული, სწორი ქართულით მეტყველება ცისფერ ეკრანზე წესად უნდა დამკვიდრდეს და არა იშვიათობად.
არადა, რას არ მოისმენს კაცი! ამიტომაც, ვითმინე, ვითმინე და ვეღარ მოვითმინე. მხოლოდ უახლეს მასალას გთავაზობთ.
საჯარო მოხელე (განათლების სფეროდან) ზარზეიმით გვამცნობს: ჩვენმა მასწავლებლებმა ირლანდიელ, ჰოლანდიელ და შვეციელ მასწავლებელთა შორის გაიმარჯვესო (ქართული განმარტებითი ლექსიკონი: შვედები - შვეციის მკვიდრი მოსახლეობა); მეორეს, ეროვნულ უმცირესობათა მიერ სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლებისათვის საჭიროდ მიაჩნია, რომ ქართულის მასწავლებლები "დაატრენინგონ". უცხო ენათა "მცოდნე" ტელეჟურნალისტების მიერ მრავალგზის განმეორებული ბათუმის "პიაცას მოედანს" (ანუ, "მოედნის მოედანს" - იტალ. პიაზზა - მოედანი), ისიც დაემატა, რომ მისი "ვიზიტორები" სკოლის ბავშვები იყვნენ; ზესტაფონში მშენებარე სავაჭრო სახლს, თურმე, "თაღოვანი არკა" ექნება (ანუ "თაღოვანი თაღი", რადგან არცუს ლათინურად სწორედ თაღს ნიშნავს); ოჯახური ძალადობის ამსახველი ესტონური წიგნის "პუბლიცისტიკას" (ცხადია, "პუბლიკაცია" უნდა იყოს), თურმე ჩვენში დიდი მნიშვნელობა ენიჭება; "ივენთ ჰოლში" ჩატარებული კონცერტის მონაწილენი "ტალანტურები" ყოფილან, მით უმეტეს, რომ "ყველა ამას იძახიან"; სარკოზი ლიბიის კონფლიქტში მაშინ ჩარეულა, როცა აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა "უკანა" ლიდერი იყო. მრავალწლიანი სარედაქციო და ლიტერატურული საქმიანობის მიუხედავად, ეს "სამაგალითო" ფრაზა ვერა და ვერ "ვთარგმნე": "უკანა" - რიგითობას ნიშნავს თუ რუსული გამოთქმის - "задним числом" - უხეირო კალკია, ამის გამოცნობა მკითხველისთვის მიმინდვია.
ბათუმის დელფინარიუმში აღტაცებული რუსი ტურისტის ნათქვამი ჟურნალისტმა ასე "გადმოაქართულა": ქალბატონის აზრით, ეს "ასობები ყველაზე ახლოს არიან ადამიანთანო!"
რუსული ან ინგლისური სიტყვების ქართულ ტექსტში უცერემონიო ჩართვა თითქმის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა: მუდამ მოჩქარე "ცნობად ტელეფეისებს" მწირი ლექსიკური მარაგიც აბრკოლებს და, ბოდიში და, - მწირი განათლებაც. ზემოხსენებულ ფრაზაში არც მეტი და არც ნაკლები, - სამი შეცდომაა: ქართულ ტექსტში რუსული სიტყვის ჩართვა; რუსული სიტყვის - "особь" - რაც ამ შემთხვევაში სახეობას, განსაკუთრებულ ინდივიდს ნიშნავს, - რაობის არცოდნა; მის ნაცვლად კი სულ სხვა მნიშვნელობის სიტყვის ("особа" - პიროვნება, პერსონა) ხმარება. რას წარმოიდგენდა ინტელიგენტურად მოსაუბრე ტურისტი, რომ მისი ნათქვამი ასეთ მეტამორფოზას განიცდიდა? ან ტელემაყურებელმა რა დააშავა, ასეთი "ქართულით" რომ ვესაუბრებით.
რადგან რუსულზე მიდგა საქმე, ისიც ვთქვათ, რომ ერთ-ერთ თოქ-შოუში ტაეპების "Поэтом можешь ты не быть. но гражданином быть обязан" - ავტორად ნეკრასოვის ნაცვლად ტურგენევი დასახელდა.
ახლახანს, საინტერესო გადაცემის ერთადერთი რესპოდენტი ამაგდარი ტელეჟურნალისტი, "ოქროს ფრთის" მფლობელი და რადიო-ტელევიზიის "ოქროს ფონდის" დიდი მოამაგე, ლიტერატორი ლამარა კიკილაშვილი გახლდათ. მან მადლიერებით მოიხსენია ირაკლი ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი), რომელმაც საკავშირო არქივში მოიძია "ოქროს ფონდის" ერთ-ერთი მშვენება, პაოლო იაშვილის ლექსის - "მაგიდა - ჩემი პარნასი" - ჩანაწერები და პოეტის ქალიშვილს მედეა იაშვილს გადასცა. ტელეწამყვანმა რატომღაც საჭიროდ მიიჩნია განემარტა "უბირი" ტელემაყურებლებისათვის: ირაკლი ანდრონიკაშვილი, წარმოშობით ქართველი, ლექსებს რუსულად წერდაო... ირაკლი ანდრონიკოვი მართლაც იყო რუსულენოვანი მწერალი: პროზაიკოსი, ლიტერატურის მკვლევარი, ტექსტოლოგი, გამომცემელი, ე.წ. ზეპირი მოთხრობების უბადლოშემსრულებელი ესტრადაზე (ბრწყინვალე სატელევიზიო ციკლიც ჰქონდა) და ა.შ., მხოლოდ პოეტი არ ყოფილა!
ჩვენს "რეიტინგულ" ტელეარხებზე ლიტერატურული გადაცემები ფაქტობრივად აღარ არსებობს, მით უმეტეს გამაკვირვა განცხადებამ, - დღეს "მწიგნობრივი შოუ" გვექნებაო, თუმცა მისი ნახვის ხალისი სიტყვა "მწიგნობრივმა" დამიკარგა.
ერთი მხიარული თოქ-შოუს სიმპათიური წამყვანები დიდხანს არკვევდნენ, რას ნიშნავს "ფურირემი", ბოლოს დაასკვნეს, რომ ფურირემი მამალი ირემია, "თვალსაჩინოებისათვის" კი დასძინეს, - ბემბის მამასავითო... ამოცანა გვეკითხება: ნეტავ ხარირემი ვისი მამაა, მარტო შვლის ნუკრის?
ერთი ტელედიქტორი ვერა და ვერ შეელია ასეთ ფორმებს: ჩვენი კორესპონდენტი "მოგიყობათ", რეკლამის შემდეგ "მოვყობით", ამის შესახებ ხვალ "მოგიყობით" და მისთანანი.
"ვინები არიან თქვენს ანსამბლში?" - ცნობისმოვარე ჟურნალისტს შეკითხვის ასეთი ფორმა მისაღები ჰგონია...
"ნიღბებს მარტო კარნავალებზე კი არ იყენებენ, არამედ ზოგადადო", გვამცნობს მავანი და მავანი ტელეკორესპონდენტი.
ერთ-ერთი უსაშველოდ "ყვითელი" პერიოდული ორგანოს რედაქტორი ტელეკრანიდან გვეტრაბახება, - რედაქციაში ძალიან "კრეატივი" ადამიანები გვყავსო (უნდა იყოს "კრეატიული").
რიყეზე ჩატარებული საბავშვო აქციის დადებითი როლი ასე ფასდება: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პატარებისათვის გახდება ცნობადი ჩვენი ანიმატორები... გვიჯობს, კარგი ანიმაციური ფილმები შევურჩიოთ პატარებს, "ანიმატორების არაცნობადობას" კი როგორმე გადაიტანენ. საბავშვო გადაცემის სხვა მესვეური მიზნად ისახავს "ინფორმირება გაუკეთოს ბავშვებს"...
მოზრდილთათვის განკუთვნილი ინფორმაციით, ფიროსმანის "დაჭრილი ჯარისკაცი", მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნდა იყოს დახატული, მერე რა, რომ ნიკალა 1918 წელს არის გარდაცვლილი; ფილიპინების სანაპიროზე კი, გაუგებარი მიზეზით, რამდენიმე ათასი თევზი "გარდაცვლილა"...
ერთ დროს ვეუბნებოდი მეგობრებს, ტელევიზიაში ყველაზე კარგი მოქართულე ესპანელი მზარეული მანუელია-მეთქი; მართლაც რომ სამაგალითოდ მეტყველებდა. ამ ბოლო დროს მომრავლდა ე.წ. კულინარიული გადაცემები, სწორედ ერთ-ერთ მათგანში შეაზავეს კერძი "ნელსაცხებლებით" (ანუ "სანელებლებით").
რატომღაც, ფუძისეული "ი" გაიგივებულია სახელობითი ბრუნვის ნიშანთან: ხშირად ამბობენ, - "ჟიურმა" (ფრანგ. jury), "რაგბმა" (ინგლ. rugby); ასეა საკუთარ სახელებშიც: მასტროიანმა, მარინეტმა, ფელინმა და მისთ. (უნდა იყოს: ჟიურიმ, რაგბიმ, მასტროიანიმ, მარინეტიმ, ფელინიმ და სხვ.).
მე კი გავბედე ყველაზე რეიტინგული, ფლაგმანური და ძლევამოსილი არხების გაკრიტიკება, მაგრამ "შედეგზე არა ვარ ორიენტირებული