ახალქალაქში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ "ქართული ოცნების" წევრი და ამ ორგანიზაციის ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი გოგა ჟვანია გვესაუბრება:
- ყველასთვის ცნობილია, რომ ახალქალაქი ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რაიონია და შევარდნაძის თუ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებისთვის საარჩევნო ხმების ყულაბა იყო. დღეს კი ახალქალაქში ხელისუფლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ გამოჩნდა ალტერნატიული ძალა - "ქართული ოცნება", რომელიც ხელისუფლებას კონკურენციას გაუწევს არჩევნებში, რეალურად იზრუნებს ადამიანებზე და მოსახლეობას ყოფით პირობებს გაუუმჯობესებს. როგორც კი დაინახა ხელისუფლებამ, რომ არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში მის მიმართ ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა, უმკაცრეს ზომებს მიმართა - რეპრესიების მანქანა აამუშავა. გეორგ მხჩიანი, რომელმაც კერძო საკუთრება "ქართულ ოცნებას" მიაქირავა - რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა.
- რას ედავებიან მხჩიანს სამართალდამცავები?
- მათი მტკიცებით, "ქართული ოცნებისთვის" მიქირავებული ფართობი ეკუთვნის არა მხჩიანს, არამედ მელიქ რაისიანს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება და მასზე გამოცხადებულია ძებნა. მელიქ რაისიანი იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. 2004 წელს "ნაციონალური მოძრაობის" სიით გახდა დეპუტატი. როცა რაისიანმა გადაწყვიტა "ქართულ ოცნებაში" გაწევრება და არჩევნებში მონაწილეობა, ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა.
- კონკრეტულად რა ზემოქმედება განხორციელდა მელიქ რაისიანის წინააღმდეგ და რა დანაშაულისთვის იძებნება?
- როგორც კი გადაწყვიტა მელიქ რაისიანმა, საპარლამენტო არჩევნებში კენჭი ეყარა "ქართული ოცნების" სახელით, ის დაიბარა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანმა და მოუწოდა, უარი ეთქვა არჩევნებში "ქართული ოცნების" სახელით მონაწილეობაზე. ხოლო როდესაც რაისიანმა კატეგორიული უარი განუცხადა, პრობლემები შეუქმნეს - რაისიანი თავისი ოჯახის საქმეებზე საქართველოდან გაემგზავრა და როგორც კი საზღვარი გადაკვეთა, მასზე ძებნა გამოცხადდა. იგი დღესაც უცხოეთშია და ვერ ახერხებს ოჯახში დაბრუნებას.
- რას ედავებიან მხჩიანს და რა კავშირი აქვს მას ძებნილ მელიქ რაისიანთან?
- მას შემდეგ, რაც გეორგ მხჩიანმა მოგვაქირავა ოფისი და თვითონაც გაწევრდა "ქართულ ოცნებაში", მას ახალქალაქის პოლიციის უფროსი პეტროსიანი დაემუქრა, თუ "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნება, დაგაკავებთო. პოლიციის უფროსმა მუქარა შეასრულა და მხჩიანი ახალქალაქში "ქართული ოცნების" ოფისის გახსნისთანავე დააკავეს. გეორგ მხჩიანს ედავებიან, რომ ოფისი, რომელიც მან "ქართულ ოცნებას" მიაქირავა, თითქოს მისი არ არის და ის მელიქ რაისიანს ეკუთვნის. მელიქ რაისიანმა თავის მეგობარს რომ მიანდო ქონების განკარგვა, თურმე ეს დანაშაული ყოფილა. მივმართავ საქართველოს პროკურატურას: მეც მაქვს უძრავი ქონება, ვენახები, რომლის განკარგვაც მეგობრებისთვის მაქვს მინდობილი და თუ ეს კანონდარღვევაა, ოფიციალურად ვაცხადებ ამ "კანონდარღვევის" შესახებ და მეც დამაპატიმრონ. ნაციონალური ხელისუფლების აზრით, არც მელიქ რაისიანია თურმე ამ ქონების მეპატრონე და მას არ ჰქონდა უფლება, ამ ქონების განკარგვა მხჩიანისთვის ეთხოვა და, მით უმეტეს, ფართობი "ქართული ოცნებისთვის" მიექირავებინა. მოკლედ, ხელისუფლების უკანონობას ახალქალაქსა და სრულიად საქართველოში საზღვარი არა აქვს.
- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება ახალქალაქში მოვლენები?
- ის, რაც ადრე იყო, აღარ განმეორდება. ნაციონალები ვერ შეძლებენ ახალქალაქის რაიონში არჩევნების გაყალბებას. ამ რეჟიმის მსხვერპლნი - გეორგ მხჩიანი და მელიქ რაისიანი, თავიანთ ქალაქში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ და მოსახლეობა მათ მიმართ დაწყებულ რეპრესიებს აღშფოთებით შეხვდა, შედეგად, "ქართული ოცნების" რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა. ხელისუფლების ნებისმიერი ძალისმიერი მოქმედება ამომრჩეველზე, კიდევ უფრო აძლიერებს მისი შეცვლის აუცილებლობას. არც ქართველს და არც არაქართველ მოსახლეობას არ სჭირდება მოძალადე და უსამართლო ხელისუფლება!