რას ჰყვებიან მინისტრების ცვლილების შესახებ თანამშრომლები
"ბაჩოსთვის იქნება ძალიან ძნელი მუშაობა, შენარჩუნებაც კი იმ დონის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, განავითარებს და დაამტკიცებს, რადგან პოლიციაში გატარებული რეფორმა არის მტკიცე”, - ასე ვანო მერაბიშვილმა ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ მთავრობასა და საზოგადოებას მიმართა და დასძინა, რომ მინისტრის შეცვლა არაფერს შეცვლის და ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ მას ჰყავს პოლიციის ინსტიტუტი, რომელიც არნახულად განვითარდა და თითოეული ქართველისთვის საამაყოა. თუ რამდენად ძნელი იქნება ბაჩო ახალაიასთვის შსს-ს მინისტრობა, ძალიან მალე გაირკვევა, რადგან პირველივე დღეებში ინტერნეტსაიტებზე და პირად საუბრებში ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები სამინისტროში მიმდინარე რესტრუქტურიზაციაზე ლაპარაკობენ. დიმიტრი შაშკინის დათა ახალაიას მოადგილედ დანიშვნამ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო ძველი მინისტრის წასვლით გახარებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
გიორგი, 34 წლის, შსს-ს თანამშრომელი:
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა თანამშრომელს დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ისინი ჩვენგან პროფესიონალიზმს ითხოვდნენ სტაბილური ანაზღაურების, ჯანდაცვისა და პრივილეგირებული სოციალური მდგომარეობის სანაცვლოდ და პირადად მე და ჩემი თანამშრომლები თავს არ ვზოგავდით. ახალი მინისტრის მოსვლიდან რამდენიმე დღეში დეპარტამენტის უფროსმა გამოგვიცხადა, ახალაიამ თათბირზე გაგვაფრთხილა, მე მაქვს ჩემი პრინციპები, რომელსაც არ ვღალატობ, ვისაც აწყობს, დარჩეს, ვისაც არა, თავისუფალი ხართო. მე მივდივარ და თქვენ რას იზამთ, თავად გადაწყვიტეთო. რამდენიმე დღეში თითქმის ყველამ ერთნაირი განცხადება დავწერეთ, ”საკუთარი სურვილის საფუძველზე ვწყვეტ შსს-თან თანამშრომლობას. გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი თხოვნა”... არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ ჩვენთან რამდენიმე კაცმა სამსახური დატოვა.
ლევანი, 24 წლის, შსს-ს თანამშრომელი:
- ოცმეთაურმა დაგვიბარა და გაგვაფრთხილა, რომ არჩევნებისთვის განსაკუთრებულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ამასთან, ”ზემოდან” სპეციალური დავალება მოვიდა, მინიმუმ 5 კაცი ან სასურველია მეტის პირადობის მოწმობა, მისამართი და საცხოვრებელი კოორდინატები მიგვეტანა, რომლებიც მმართველ პარტიას გარანტირებულად მისცემენ ხმას. ამ დავალების შესრულების შემთხვევაში - ბონუსების დაწერით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გათავისუფლებით დაგვემუქრნენ. ჩემი ოჯახის წევრები ჩემი სამსახურის გამო უნდოდათ თუ არა მაინც ამათ აძლევენ ხმას, მაგრამ მათ გარდა ახალი მხარდამჭერების მოგროვებას გვავალებენ. ჩემს დავალებას, რაც სპეცრაზმს ეხება, პირნათლად ვასრულებ, მაგრამ პროპაგანდის ნიჭი არა მაქვს. არადა, ბანკიდან დიდი სესხი გამოვიტანე. არ ვიცი, რა გზას დავადგე. ერთი-ორმა ახლობელმა კი მითხრა, წაიღე ჩემი მონაცემები, თუ რამეში გამოგადგება და ოქტომბერში რასაც ვიზამთ, ჩვენი საქმეაო, მაგრამ იმის მეშინია, ისინიც რამე შარში არ გავხვიო. სხვა სამსახურის ალტერნატივა რომ მქონდეს, ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი.
ლაშა, 37 წლის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი:
- ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, ჩემს საქმეს ვაკეთებ. არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ თანამშრომლებს უკანონოდ ათავისუფლებენ. ნებისმიერ უწყებაში მოქმედებს წესი, რომლის თანახმადაც მინისტრის შეცვლისას ყველა ყოფილი თანამშრომელი გადადის კადრების განყოფილების დაქვემდებარებაში და მათ უფლებამოსილებას ავტომატურად უჩერებენ. მინისტრისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, თანამშრომლების ხელახლი წესით დამტკიცება ხდება. კანონით ასეა და ვის რატომ გაუკვირდა, არ ვიცი. ამ პროცედურას ერთი კვირის განმავლობაში ოპერატიულად, თანამიმდევრულად ატარებენ და უწყების პარალიზებას არ იწვევს.
ედიშერი, 43 წლის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი:
- მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მისი კლანური მმართველობის, ჩამშვებთა ინსტიტუტის შემოტანისა და სხვა უამრავი მიზეზის გამო ერთ-ერთ ბატალიონში ამბოხება მზადდებოდა, მაგრამ ბუნტისთავების განეიტრალება მოახერხეს. უფრო სწორად, ცოტა ხნით, უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადეს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ახალაიას ამერიკასთან დაახლოებულ და საქმის მცოდნე მინისტრად წარმოაჩენდა. რაკი თეთრი სახლის ადმინისტრაციამ კვალიფიციურ და შეიარაღებული ძალების წარმატებაზე ორიენტირებულ მინისტრად დაასახელა, ამიტომ ბევრს უთმენდნენ და უთმობდნენ. მისი წასვლა ნამდვილი ზეიმი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც შაშკინი გამოირჩევა თანამშრომლების მიმართ ლმობიერებით, მაგრამ ახალაიაზე უარესი რა იქნებაო, ამბობდნენ, მაგრამ ჩვენი სიხარული ხანმოკლე გამოდგა, - შაშკინის მოადგილედ დათა ახალაიას დანიშვნამ ცხადყო, თუ ვის ეკისრება მთავარი ფუნქცია (ისე, ამბობენ, რომ დათას ახალაიას კუდ-ის უფროსად აღადგენენ). ეს იმას ნიშნავს, რომ კადრების განკარგულებაში აყვანა აღარ არის საჭირო, პირდაპირ გვითხრეს, რომ საკუთარი სურვილით დავწეროთ განცხადება ან სულაც სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე დავტოვოთ სამსახური. დარჩებიან მხოლოდ ბაჩო ახალაიასთან დაახლოებული პირები. თუმცა, ეს არ ეხება მის მარჯვენა ხელს, მეგის ქარდავას, ასევე, რამდენიმე ბატალიონის უფროსსა და სპეცრაზმის ბატალიონის ხელმძღვანელს.