ათი ვანო რომ დანიშნონ პრემიერ-მინისტრად, სააკაშვილი მაინც განწირულია

ათი ვანო რომ დანიშნონ პრემიერ-მინისტრად, სააკაშვილი მაინც განწირულია

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება რეჟისორი და მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი.

_ ბატონო სოსო, ივანიშვილის კოალიციაში შემავალი ოპოზიციის ერთი ნაწილი მუდმივად აცხადებს, რომ არჩევნები ხალხმა არჩევნებამდე უნდა მოიგოს, რათა მანამდე ხელისუფლებას საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი დავათმობინოთ. ერთის მხრივ, ეს, ალბათ, სწორი სტრატეგიაა, მაგრამ რამდენად ადეკვატურად ახორციელებს ოპოზიცია ამ ყველაფერს? არჩევნებამდე სულ რაღაც სამთვე-ნახევარი დარჩა.

_ ადეკვატურად განხორციელებაში, ალბათ, აქტიურობას გულისხმობთ, დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიცია საკმარისად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კიდევ არ იცის, რა ხდება და რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს, იმიტომ, რომ ხელისუფლება, ასე თუ ისე, მაინც ახერხებს ამ ყველაფრის გარკვეულწილად შენიღბვას...

მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც პირადად მე მიმდინარე პროცესებში ჩავერთე და უშუალო შეხება მაქვს წინასაარჩევნო ციებ-ცხელებასთან, ყოველდღიურად, ყოველწამიერად ვრწმუნდები, რა დონის თახსირებთან და გარყვნილ, უხერხემლო, უტიფარ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ეს არის ყოველგვარი სინდის-ნამუსისგან გარეცხილი, უჯიშო და უჯილაგო ხალხი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ უკანალი არ ააწევინო სკამიდან. ახლა ნახეთ, რა ხდება, კანონი ხომ ტანზე შემოიკერეს, საარჩევნო სიებზე დაიწყეს ნადირობა. იქ ისეთი საოცრებები გააკეთეს, რომ, ფაქტობრივად, უკვე განაღდებული აქვთ ყველაფერი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, თუ ამ სიებით ჩატარდა არჩევნები, მოსახლეობის ასმა პროცენტმა, თვითონ «ნაცმოძრაობის» წევრებმა და აქტივისტებმაც რომ შენ მოგცენ ხმა, მაინც წაგებული ხარ. ვერც დამკვირვებლები შეუშლიან ხელს და ვერც ოპოზიცია, ვინაიდან, როგორც გითხარით, ამ სიებითა და საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლებამ უკვე გააკეთა თავისი გასაკეთებელი.

_ გამოდის, რომ არჩევნები არჩევნებამდე, ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას მოუგია?

_ ამ საარჩევნო სიებით, რა თქმა უნდა, ასეა. ხომ ადევნებთ თვალს, რა ხდება: ერთი კონსტიტუციაში არ ჩაუწერიათ, ჩვენ უნდა ვიყოთ უსასრულოდო, თორემ სხვა დანარჩენი გაინაღდეს ყველაფერი. როგორ გინდა, ახლა ამათ თავიანთი წესებით ეჭიდავო? არ მიდის ეს კაცი ცოცხალი თავით, ხომ ხედავთ.

_ ბატონო სოსო, პესიმისტურად ხართ განწყობილი?

_ პესიმიზმი და ხელის ჩაქნევა სააკაშვილმა თავისკენ მოიკითხოს, მე რას ვამბობ: ამათი საარჩევნო სიებით გამარჯვება შეუძლებელია. პესიმიზმი იყო მანამდე, როცა ხალხს აღარაფრის სჯეროდა, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა: საზოგადოებაში რწმენა მატულობს, მოსახლეობას იმედი მიეცა.

მეორე მხრივ, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენ ახლა განცხრომას არ უნდა მივეცეთ. არ გვაქვს ამის არც საშუალება და არც უფლება, იმიტომ, რომ მთავარი იწყება სწორედ ახლა. ბევრს ჰგონია, რომ ივანიშვილის გამოჩენით პოლიტიკურ ასპარეზზე ყველაფერი გადაწყდა და, სულ რომ გარეთ არ გავიხედოთ, ხელისუფლება თავისით დაემხობა. ეს არ მოხდება, რეჟიმები ასე იოლად არ მიდიან და არ თმობენ ძალაუფლებას. ჩვენ თავად თუ არ დავდექით ჩვენი საქმის, ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, გამარჯვება ციდან არ ჩამოგვივარდება...

თავის მხრივ, სადამკვირვებლო მისიებზეც ბევრი იქნება დამოკიდებული, საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება აქ მიმდინარე პროცესებს, არ მეთანხმებით?

_ მე არ ვიცი, ესენი რას აკვირდებიან და საერთოდ, რას აკეთებენ, მაგრამ შედეგში არ აისახება ეს ყველაფერი. საქმე მანახეთ ამათი გაკეთებული. იგივე საერთაშორისო საზოგადოება რომ ახსენეთ, შეშფოთებისა და უაზრო რაღაც რიტორიკის გარდა, მოგისმენიათ მათგან რამე ნორმალური? ტიპური ავტორიტარული რეჟიმი გვაქვს სახეზე, კაცი ლამის იმპერატორად ეკურთხოს და ტაშს უკრავენ, ამ დროს პრობლემა რა ყოფილა: რუსეთში ქსენია სობჩაკს ფული წაართვეს თურმე... არავინ არაა ჩვენი პატრონი და არავის ვაინტერესებთ.

რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიებს, რამდენი ამომრჩეველიცაა დღესდღეობით საქართველოში, იმდენივე დამკვირვებელი რომ ჩამოიყვანო და სათითაოდ ყველა მოქალაქეს კუდში სდიონ, შედეგი იქნება ნული. რატომ, იცით? _ იმიტომ, რომ არ აინტერესებს მას შენი არჩევნები; ჩამოვა, საუკეთესო სასტუმროში იცხოვრებს, კარგს შეჭამს, დალევს, გაივლის, გამოივლის, დაწერს დასკვნას და მერე სულ არ აინტერესებს შენი საქართველო?! ვის რაში სჭირდები, თუ ძმა ხარ, მეტი საქმე არ აქვს ახლა იმ ევროპელს და იმავე ამერიკელს, რომ შენი რაღაც წვრილმანი პრობლემების გამო, რომელიც ზღვაში წვეთიც არაა გლობალურ პრობლემებთან შედარებით, თავი აიტკიოს.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, თქვენი აზრით, რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ ხელისუფლების მოქმედება შეიზღუდოს?

_ მთავარი ბერკეტი ვართ ჩვენ _ საზოგადოება. მეტი ამათ არავის და არაფრის ეშინიათ. აქედან გამომდინარე, დადგება ხალხი? ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება თავისთავად შეიზღუდება, თუ არა და ყველაფერზე წავლენ _ დაიჭერენ, დაარბევენ, დახოცავენ და მაინც დარჩებიან. ფეხებსაც ვერავინ მოჭამთ ამის გამო.

2007 წლის 7 ნოემბერს ხომ იდგა ხალხი? 2009-ში კი ოთხი თვე რუსთაველი გადაკეტილი იყო. რა მივიღეთ შედეგად?

_ მაშინ სხვა ვითარება გვქონდა. გახსოვთ, ხალხიც და ოპოზიციაც ამაყობდა იმით, რომ ფანჯარა არ ჩაგვიმტვრევია და ფოთოლი არ ჩამოგვიგდია. ამ დროს სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა.

ნახეთ, რა ხდება ევროპაში, საფრანგეთი ავიღოთ. საკმარისია, ხელისუფლებამ ოდნავ ძალა გამოიყენოს, მანიფესტანტები პირდაპირ იერიშზე გადადიან, დაულეწავი არ რჩება არაფერი; ახლა ვინმე იტყვის, რომ ფრანგებს ვინმეზე ნაკლები პატივისცემა აქვთ კანონის მიმართ? ამით იმის თქმა მინდა, რომ, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ქვეყანაში ყველა საკითხი, ყველა პრობლემა მშვიდობიანად და ცივილიზებულად წყდებოდეს, მაგრამ, როცა სხვა გზა არ არის და ხელისუფლება პირდაპირ მუშტი-კრივზე გადადის, უნდა იბრძოლო კი არა, თავზე უნდა დაამხო ამ ნაძირალებს ყველაფერი. მაშინ ექნება ხელისუფლებას კანონის პატივისცემა და ხალხის შიში. თუ არა და, ძალადობა იქნება ყოველთვის და ვიაროთ ასე ნაცემ-ნატყეპებმა, თავლაფდასხმულებმა...

საზოგადოების მხრიდან «ნაცმოძრაობა» რა წინააღმდეგობასაც უნდა წააწყდეს, სახელისუფლო პროპაგანდა ამას ყოველთვის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამიტომ ხომ არ ჯობია, ოპოზიციამ პროვოკაციებისგან თავი მაქსიმალურად დაიზღვიოს და ძალადობას ძალადობითვე არ უპასუხოს?

_ პროვოკაციაზე ერთი რაღაც მახსენდება: მე, ლუკა კურტანიძე და მერაბ შათირიშვილი გელათიდან რომ მოვდიოდით, გამოვიარეთ ერთი კილომეტრი და მერაბი გვეუბნება, ახლა შეიძლება, ვიღაცამ გააჩეროს, მოგვაძახოს, თქვე ასეთებო, თქვე ისეთებო, სად მიდიხართ და გავარდესო. მერე-მეთქი? _ პროვოკაციას არ ავყვეთო. ცოტაც რომ გამოვიარეთ, კიდევ გაგვაჩერა და ისევ იმავეს გვეუბნება. მერე მე ვუთხარი: ეგ რა გამოდის, დაჩინჩლულებმა ვიაროთ თბილისამდე? არ ავყვეთ კი არა, დავახრჩობ, ვინც უნდა იყოს-მეთქი. ახლა ამას რატომ გიყვებით, პროვოკაციის არაყოლას აზრი აქვს მაშინ, როცა ამით რაღაცას იგებ, როცა თავს იზღვევ გარკვეული საფრთხისგან, მაგრამ როცა იცი, რომ, თუ გაჩუმდები და ხმას არ ამოიღებ, დედა გაქვს ნატირები შენც და შენს ქვეყანასაც, რას ჰქვია, პროვოკაციას არ ავყვები! უნდა გადაუარო სულ ყველას, ვინც წინ დაგიდგება. რომელ დათმობაზეა საუბარი... მერე იძახოს, რამდენიც უნდა, ჯონ ბასმა, არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებულიო.

გასულ კვირას «ენდიაიმ» მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ძირითადად ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკურ ლიდერებს შორის დიალოგი არ არსებობს, რა აზრის ხართ ამაზე და, საერთოდ, ამ ორგანიზაციის საქმიანობაზე საქართველოში?

_ ამ ნავაროს რომ ვუყურებ, დაუნის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ თქვენც იცით და მეც, რომ ის, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენს. ნავარო ერთი პატარა გოშიაა, რომელსაც იმას ალაპარაკებენ, რაც უნდათ, სინამდვილეში კი აქ გაცილებით უფრო დიდი ძალები დგას მთელი პროცესების უკან. აი, ზუსტად იმ ძალებს უნდა ებრძოლოს ქართველი ხალხი, თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ და ეს ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო. ისე არა, რომ გამოვიდეთ, ერთი-ორი კვირა ან ერთი თვე ფეხები ვაბრახუნოთ და მერე ბატკნებივით გავისუსოთ, თუ ვიწყებთ, უნდა დავიწყოთ. ყველამ თავისი წილი პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე და, თუ ეს არ მოხდება, თუ შემდეგ ვინც იქნება ხელისუფლებაში, უწინარესად, ამით არ დაიწყებს, ჩვენ მივიღებთ ათჯერ უფრო საზიზღარ მთავრობას.

თქვენი აზრით, რა დონეზე შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და რა ფორმით?

_ მარტივად შევხედოთ ამ ყველაფერს, დემოკრატიაზე რომ გვაქვს პრეტენზია? ჰოდა, მოდი, პატივი ვცეთ კანონს, კონსტიტუციას, ნუ დაიწყებენ ახლა ზოგიერთები საუბარს, ის ხომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია, როგორ შეიძლება მისი ასე იოლად გასამართლებაო... მთავარსარდალი კი არა, ბანდიტი და სისხლისმსმელია, რატომ უყურებთ იმ პოზიციიდან, რომ პრეზიდენტია. რა, თავისი ქვეყნის პირველი პირი არ იყო ჩაუშესკუ? იგივე მუბარაქი ან ბენ ალი? სააკაშვილს ჯიბეში ჩაისვამდა ერთიც და მეორეც, მაგრამ სად არიან ახლა? ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასე რომ, როცა საუბარია კონკრეტულ დანაშაულებზე, ამდენ მკვლელობაზე, გატაცებაზე, წამებაზე და კიდევ უამრავ საშინელ ფაქტზე, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია, იქ საერთოდ არ უნდა იყოს ლაპარაკი იმაზე, უნდა დადგეს თუ არა პასუხისმგებლობის საკითხი, დადგეს კი არა, ნემსის ყუნწში უნდა გააძვრინო ეს არაკაცები, ოღონდ ხაზს ვუსვამ: რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა ფორმით შეიძლება გასამართლება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ვინც ჩაიდინა, იმ ხალხზე არაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ ეს უკვე სასამართლოს საქმეა, მაგრამ წვრილმანი ხულიგნები რომ არიან, იგივე ზოგიერთი რიგითი პოლიციელებისა და ზონდერების სახით, მათთვის მე მაქვს ასეთი სასჯელი მოფიქრებული: შევყაროთ ეს ადამიანები ერთად სადმე, ტრიალ მინდორზე, სასურველია სტადიონზე, მოვიყვანოთ ქალები და ძალიან ნაზად, მსუბუქად ამ არამზადებისთვის პანღური ამოვარტყმევინოთ. ამის შემდეგ უნდა მოიკვეთონ ეს ჭიტლაყამორტყმული ნაძირლები და მერე, ვინც ამათ მიესალმება, წყალს მიაწვდის ან დაელაპარაკება, ყველა უნდა იქნეს შეჩვენებული. აი, ამით უნდა აგრძნობინო თითოეულ იმ მონა ჯალათს, ვინც ამათ სამსახურშია, რომ მათი ადგილი არ არის ამ ქვეყანაში და საზოგადოებაში, თორემ თავისით ამ არაკაცებს ასი წელი არ ეყოფათ აზრზე მოსასვლელად. პირიქით, ეს ხალხი უკვე იმდენადაა შეშინებული და შოკირებული, რომ ლამის ჩაისვარონ, ამიტომ სააკაშვილის იქით ახლა გზას ვერ ხედავენ; ესაა მათი ერთადერთი ხსნა და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, სამარეში ჩაჰყვებიან ხელისუფლებას...

ეს, რასაც თქვენ ამბობთ, სამართლებრივი დასჯა არ გამოდის.

_ სამართლებრივ დასჯაზე არც ვსაუბრობ, კანონით კანონის მცოდნეებმა გაასამართლონ და გამოიტანონ განაჩენი. მე მხედველობაში მყავს ის ხალხი, რომელსაც არც ისე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ციხეში ჩაისვას, მაგრამ, ამავე დროს, მაინც ბევრი რამ გააფუჭა. ჩემი აზრით, ეს ადამიანებიც უნდა დაისაჯონ და თანაც სამაგალითოდ, იმიტომ, რომ ამ 20 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ძალიან ბევრი უსამართლობა მოხდა ქვეყანაში, რაზეც პასუხი არავის უგია, ეს თუ არ დასრულდა, უსამართლობას მიეცემა ისეთი სახე, რომ დაუსჯელობის განცდა ქრონიკულ დაავადებასავით შეეყრება თითოეულ ჩვენგანს და მერე უკვე ძალიან ძნელი იქნება, გაარკვიო, ვინ რა დააშავა და ვის რა პასუხი უნდა მოეთხოვოს. ხელისუფლებისთვის ეს იდეალური ვარიანტია.

_ მერაბიშვილის გაპრემიერებაზე რა აზრის ხართ, რას ნიშნავს, თქვენი აზრით, ეს ყველაფერი?

_ რამდენიმე ვერსია შეიძლება განვიხილოთ. ერთი: მოგეხსენებათ, დიდი ხანია, საუბრობენ იმაზე, რომ მერაბიშვილი ძველებურად ვეღარაა «ნაცმოძრაობის» სხვა წევრებთან და, შესაძლოა, მისი დაწინაურებით ეს ეჭვები გაფანტეს; მეორე: აქამდე თუ საუბარი იყო მერაბიშვილის ფორმალურ შინაგან საქმეთა მინისტრობაზე, რეალურად კი ხელისუფლების მთავარ საყრდენზე, ახლა ოფიციალურად განუმტკიცეს ამ ადამიანს ძალაუფლება და ჩააბარეს მმართველობის სადავეები; მესამე: შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი არ მიდიოდა ისეთ რაღაცებზე, რაც სააკაშვილს სურდა, ამიტომ მის ადგილას უფრო მორჩილი ადამიანი სჭირდებათ. ვინ შეიძლება იყოს ასეთი, მოდი, ამაზე ჯერ ნუ ვისაუბრებთ, მაგრამ, თუ ეს ვერსია სიმართლესთან ახლოსაა და თუ ახლა შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა ახალაია, ჩათვალეთ, რომ ამას «ნაცმოძრაობაში» სერიოზული რყევები მოჰყვება.

რაც შეეხება შაშკინის კანდიდატურას, ის თუ დანიშნეს, ეს მხოლოდ ფასადური ცვლილება იქნება... ასე თუ ისე, საბოლოოდ ეს ე. წ. საკადრო გადაადგილებები მაინც იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება პანიკაშია.

სააკაშვილმა უკვე აღარ იცის, რა ქნას და, ფაქტობრივად, ახლა თავს იმშვიდებს ამ ჩანაცვლებებით; ხან ვანო შეცვლის ვიღაცას, ხან _ ბაჩო და ჰგონია, რომ ამით რამეს მიაღწევს, მაგრამ წასულია ამათი საქმე. ერთი კი არა, ათი ვანო რომ დანიშნონ იმ თანამდებობაზე, განწირულია ეს ხალხი საბოლოოდ...