სინოდი ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღებას ითხოვს

სინოდი ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღებას ითხოვს

წმინდა სინოდმა ხელისუფლებას ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღება სთხოვა, ამასთანავე, არსებული AD ბარათი ანტიქრისტეს ბეჭდის შემცველად არ სცნო. გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ ჟურნალისტებს წმინდა სინოდის შეკრების განჩინება გააცნო, სადაც ელექტრონული ბარათების საკითხიც იქნა განხილული.

 "წმინდა სინოდი აცხადებს, რომ სადღეისოდ წარმოდგენილი AD ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია.

"მაგრამ რადგანაც ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ შესაძლებელია, დაშვებულ იქნეს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები."

მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირის თავმჯდომარის, ავთანდილ უნგიაძის თქმით, უნდა არსებობდეს ალტერნატივა და ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება.

"ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ელექტრონული ბარათების აღება, უნდა ჰქონდეთ საშუალება, აიღონ ჩვეულებრივი პირადობები", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში უნგიაძე.

"ე.წ. შვ ბარათი ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს, პიროვნულ თავისუფლებას, წესდება კონტროლი ადამიანზე და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ, მომავალში ადამიანის მართვა იყოს შესაძლებელი. გვინდა, რომ იყოს ისეთი პასპორტები, როგორებიც აქამდე.

"საბერძნეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში ეკლესიამ ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შექმნა მოითხოვა და ხელისუფლებამ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

"სიტუაცია რომ არ გამწვავდეს, ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება, რომ ჩვენი, მორწმუნეთა თხოვნა დააკმაყოფილოს", - გვითხრა უნგიაძემ.

4 ივლისს საპატრიარქოში ალტერნატიული პირადობის მოწმობების შექმნის მოთხოვნით 30 000 ხელმოწერა შეიტანეს. ხელმოწერათა შეგროვებას ორგანიზებას ანჩისხატის მომლოცველთა კრებული უწევდა რომლის ხელმძღვანელი, ზაზა ნანობაშვილი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ადამიანებს არჩევანის უფლება დააკარგვინეს.

ზაზა ნანობაშვილი: "ადამიანებს დააკარგვინეს არჩევანის უფლება. მათ ფაქტობრივად, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ ამ ბარათების გარეშე. ჩვენ ვითხოვთ, იყოს ალტერნატიული პირადობის მოწმობები. მსგავსი რამ ევროპაში უკვე დანერგილია.

"საბარათო სისტემაზე გადასვლა ადამიანს თანდათან უფლებებს აკარგვინებს. არის მცდელობა, გააუქმონ ფული და ბარათი იყოს მისი შემცვლელი.

"ევროპაში და მთელ მართლმადიდებლურ ქვეყნებში მიღებულია სინოდალური გადაწყვეტილება და გამოსულია კანონებიც სახელმწიფო დონეზე, რომლებიც იცავს ამ კუთხით ადამიანის უფლებებს. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა საერთოდ გააუქმა ელექტრონული პირადობები.

"ალტერნატიული საბუთი, ოღონდ საიდენტიფიკციო ნომრის გარეშე, შემოიღეს მოლდოვეთში, იგივე მოხდა უკრაინაში, საბერძნეთში, სერბეთსა და ბულგარეთში.

"საქართველო ერთადერთია, სადაც ელექტრონულ პირადობებს ალტერნატივა არ აქვთ და მგონი, ჩინეთში აპირებენ ახლა მსგავსი რამის განხორციელებას. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში არსებობს ელექტრონული პირადობების ალტერნატივა.

"ეს ბარათი არის ყიდვა-გაყიდვის საშუალება. ყიდვა-გაყიდვა კი აპოკალიფსის იმ ნაწილს უკავშირდება, სადაც წერია, რომ ვერც იყიდი მის (ბარათის) გარეშე და ვერც გაყიდი.

"დღეს მეტროთი ბარათის გარეშე ვერ ისარგებლებ, ასევე ბარათს არ აქვს ალტერნატივა პენსიების აღების დროს. 20-მდე ევროპულ ქვეყნაში ვარ ნამყოფი და ამ ქვეყნებში თუ რამე დაიშვა, ისეთი, უალტერნატივო და მხოლოდ ბანკომატზე ან ელექტრონულ ბარათზე ხარ დამოკიდებული ამა თუ იმ ოპერაციის შესრულებისას, ამას სწრაფადვე იურისტების განგაში მოჰყვება ხოლმე.

"ჩვენთან, მეტროში საბარათო სისტემა როცა დაუშვეს, ხმა არავინ ამოიღო, იგივე მოხდა პენსიებზეც. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს აჩვევენ ამას. ნელ-ნელა მივდივართ იქით, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალებას ცოტა ხანში საბართო სისტემაზე გადაიყვანენ. ბარათზე იქნება მიმაგრებული ადამიანი და მისი საშუალებით გაკონტროლდება ის მთელი ცხოვრების მანძილზე.

"ის, რომ აპოკალიფსის მიხედვით ეს არის ანტიქრისტიანული, სხვა საკითხია, ამ თემას ათონის მამები განიხილავენ. ფაქტი ისაა, რომ ადამიანის უფლებები ილახება და ღვთითბოძებული ნება იბღალება.

"ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები და ვითხოვთ ალტერნატიული პირადობის მოწმობის შექმნას. 30 000 ხელმოწერა გუშინ შევიტანეთ საპატრიარქოში და დღეს რაიონებიდან კიდევ 4 000 ხელმოწერა ჩამოვიდა.

"ელექტრონული პირადობის მოწმობა ანტირეკლამაა თვითონ ამერიკის. რადგანაც პროდუქტი არჩევით უნდა შეიძინო. შენ რომ რაღაც პროდუქტის მოხმარებას მაიძულებ, ეს პროდუქტი თავისთავად შინაგანად დაწუნებულია."

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა 2011 წლის აგვისტოდან დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბარათზე მოთავსებულია ორი ელექტრონული მატარებელი.

პირველ მათგანზე დატანილია პირის პერსონალური მონაცემები, ხოლო მეორე მათგანი განკუთვნილია სხვადასხვა სახის სერვისის მისაწოდებლად.

ამასთანავე, პირადობის მოწმობაზე შესაძლებელია ყველა სხვა ბარათის ინტეგრირება, რომელიც გაიცემა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მიერ. შესაბამისად, მოწმობის მფლობელს აქვს უფლება, მხოლოდ ერთი ბარათით ისარგებლოს.