ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებაზე თვალსაზრისს მწერალი, ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ჭაბუა ამირეჯიბი გამოხატავს.
- ბატონო ჭაბუა, როგორ დაახასიათებდით ქვეყანაში მიმდინარე, თუმცა ჯერ კიდევ ოფიციალურად გამოუცხადებელ წინასაარჩევნო კამპანიას?
- სამწუხაროდ, კამპანია, რომელსაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება მიერეკება, მხოლოდ საკუთარი არჩევნებისწინა ისტერიული სამზადისია. ხელისუფალი, ვინც არჩევნები ძალაუფლების დაკარგვისთვის გამოიყენა, კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა და რამ უნდა გვაფიქრებინოს, რომ სააკაშვილი გამონაკლისია?! მიაქციეთ ყურადღება - თანამედროვე საქართველოს ხელმძღვანელობა ყველაფერზე მიდის, რომ ძვირფასი პრეზიდენტი და მისი მრავალრიცხოვანი ამალა შეუნარჩუნოს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც კარგად ხედავს არსებული ხელისუფლების "წინასაარჩევნო" ფანდებს. მე დარწმუნებული გახლავართ, რომ, თუ საჭიროდ ჩათვლის სააკაშვილი, სისხლისღვრასაც არ მოერიდება.
- რა მნიშვნელობა ექნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორია დღეს ქართველი ხალხის განწყობა?
- სწორედ იმის გამო, რომ ქართველი ერის ძირითადი ნაწილი ადამიანური კანონ-სამართლის უგულებელმყოფელი მთავრობის წინააღმდეგია, ძალაუფლების მპყრობელი მხარე გამოიყენებს საკუთარ მსახურთა ხმებს და ამისათვის მას წააქეზებს არსებული გარემოება, რომ მოსახლეობის მთავრობის მორჩილი ნაწილი, ლუკმაპურის დაკარგვის შიშით, არსებული ხელისუფლების კანდიდატებს მისცემს ხმას. ეგ არის, უმრავლესობა მაინც ივანიშვილის მხარეს დარჩება. სააკაშვილმა, მიუხედავად საკუთარი თავის ქებისა და გაუთავებელი ტრაბახისა, ამომრჩევლის კეთილგანწყობა ვერ გაინაღდა და პირიქით, რაც ჰქონდა, ისიც დაკარგა თავნება, გაუმართლებელ ღონისძიებათა წყალობით. ციხეები უდანაშაულო, ანუ ხელისუფლების მიერ, მისი მოქმედებით გამოწვეული "დამნაშავეებით" არის გამოტენილი. მოვიყვან მაგალითს: სააკაშვილის ხელისუფლებას, სხვა მრავალთა შორის, საოცარი ნიჭისა და მამულიშვილობის მფლობელი მწერალი მერაბ რატიშვილი დღემდე ციხეში ჰყავს გამომწყვდეული შეთითხნილი ბრალდებით. მიუხედავად ამ ამბებისა, საქართველოს მოსახლეობა "ქართული ოცნების" ხელმძღანელობით საქართველოს აწმყო-მომავლის გამარჯვებას მისცემს ხმას, რაც კანონზომიერი იქნება და რაც განაპირობებს იმავე მერაბ რატიშვილისა და სხვა მამულიშვილთა შესაძლებლობას, თავისი ნიჭი და შესაძლებლობები ქართველი ერის აწმყოსა და მომავალს მოახმარონ.
ჩვენი პრეზიდენტის მიმდინარე აქტივობა სახელმწიფოს მშენებლობისა და სხვადასხვა სიახლეების დანერგვაში, პირადად მე, მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს, ბატონ ბიძინა ივანიშვილის "ჯიბრით" წარმოებულ ღონისძიებებად მიმაჩნია. სად იყო სააკაშვილი ივანიშვილის პოლიტიკურ ჰორიზონტზე გამოჩენამდე? თუმცა, არც ის გამორჩენია ღონისძიებათა ციკლიდან, რომ საქართველოს მოსახლეობას ზოგი ღონისძიებით რაიმე ავნოს. დასასრულ, მინდა, ვთქვა: გმადლობთ, ბატონო ბიძინა!