პრემიერ მერაბიშვილს შს სამინისტროდან თავისი გუნდი მიჰყავს

პრემიერ მერაბიშვილს შს სამინისტროდან თავისი გუნდი მიჰყავს

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ისევ ვანო მერაბიშვილის გვერდით იქნება. საუბარია იმაზეც, რომ ახალი პრემიერი შს სამინისტროდან საკუთარ გუნდს პრემიერ-მინისტრის აპარატშიც გადაიყვანს და ამ გუნდში ყოფილი მოადგილე, მისივე თანაქალაქელი ამირან მესხელიც უკვე მოიაზრება.

შს სამინისტროში კი მერაბიშვილის გუნდს ახალი მინისტრის, ბაჩო ახალაიას გუნდი ჩაანაცვლებს. სამინისტროში მინისტრის ყველა მოადგილეს, ეკატერინე ზღულაძეს, შალვა ჯანაშვილს და გიორგი ლორთქიფანიძეს, ასევე სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერილი აქვთ. კულუარებში საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლებმა მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის შესახებ შეიტყვეს, რომ ახალიას დანიშვნას რამდენიმე სამსახურის უფროსი უარყოფითად შეხვდა, ამიტომ მათ შსს-ში მუშაობის გაგრძელება აღარ სურთ.

შოთა უტიაშვილი "რეზონანსთან" საუბარში ადასტურებს, რომ ის ისევ ვანო მერაბიშვილთან იქნება, თუმცა უაყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შსს-ში საკადრო ცვლილებები მინისტრის ბაჩო ახალაიათი შეცვლას უკავშირდება.

"ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა საკუთარი ნებით დავტოვე. სხვებმა რატომ დატოვეს თანამდებობები ან სად მიდიან, ვერ გეტყვი, ამაზე კომენტარი პრესსამსახურმა უნდა გააკეთოს. ჩემი გადაწყვეტილება ახალი მინისტრის მოსვლას და მით უმეტეს, მის პიროვნებას არანაირად არ უკავშირდება. ახალ სამსახურში გადავდივარ და ზუსტად სად, ამას მალე გაიგებთ... კი, ვანო მერაბიშვილთან ვიქნები, ამიტომაც წამოვედი და აქ არანაირი კითხვა არ უნდა ჩნდებოდეს... " - ამბობს უტიაშვილი და არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სამმართველოს უფროსებმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერეს: "სამმართველოს უფროსები განცხადებას თუ წერენ, არ ვიცი. ვინ თქვა ეს?!"უტიაშვილმა არ ისურვა საუბარი იმაზე, შეხვდა თუ არა ახალაიას დანიშვნას უარყოფითად სამინისტროს რამდენიმე სამსახურის უფროსი.

ის ამბობს: "შსს სამინისტროზე მე უკვე კომენტარს არ გავაკეთებ, ახალ სამსახურს მიმართეთ..."

მან ასევე არ ისურვა საუბარი იმაზე, რა იგულიხმა საქართველოს ახალმა პრემიერმა, როცა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ახალაიას "გაუჭირდება იმ დონის შენარჩუნება, რაც შსს-შია".

"არა, არა, არ ვიცი... ნახვამდის," - განაცხადა უტიაშვილმა და ტელეფონი გათიშა.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მის ფარგლებში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მონაწილე იყო. ვინ დაიკავებს უტიაშვილის ადგილს ქართულ დელეგაციაში, ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისათვის, საკადრო ცვლილებების შემდეგ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ხელმძღვანელის პოსტი დატოვა ბაჩო ახალაიას ძმამ დათა ახალაიამ. როგორც "ფორ.გე" წერს, არაოფიციალური წყაროს ცნობით, ირაკლი კოდუამ, შესაძლოა, სოდ-ის უფროსის თანამდებობა დაიკაოს. ის ამჟამად კრიმინალური პოლიციის უფროსია. თუმცა კოდუას და ბაჩო ახალაის ერთმანეთთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არა აქვთ და ამდენად, მათი ერთ სტრუქტურაში მუშაობა ძნელად წარმოსადგენია.