თავიდან იქნება "ცრუ დაპირებები, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ცხოვრება საამური გახდება", შემდეგ კი თუ ნახეს, რომ არჩევნებს აგებენ, პირდაპირ რეპრესიებზე გადავლენ - "შეეცდებიან ან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ, ან არჩევნები "ოცნების" გარეშე ჩაატარონ" - ასეთ აპოკალიპსურ პროგნოზს აკეთებს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, მთავრობის კანცელარიის აპარატის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და ხელისუფლების საარჩევნო სცენარების შესახებ "რეზონანსი" პეტრე მამრაძეს ესაუბრა.
"რეზონანსი": ბოლო დღეების მოვლენებმა, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე საზოგადოებაში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თქვენი აზრით, მაინც რას შეცვლის მერაბიშვილის გაპრემიერება?
პეტრე მამრაძე: დღეს საქმე გვაქვს მწვავე სისტემურ კრიზისთან. ბოლო დღეებში მომხდარზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავტორიტარული მმართველობა. მმართველი ჯგუფების ინტერესები სრულ წინააღმდეგობაშია მოსული ხალხის ინტერესებთან.
მათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ ძალაუფლებას ასე მარტივად არ დათმობენ, რადგან იციან, რომ ციხეში აღმოჩნდებიან. აქედან გამომდინარე, დარჩენილ დროში, ანუ არჩევნებმადე, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. საქართველოში პრემიერ-მინისტრს არავითარი წონა არ ჰქონდა ხელისუფლებაში. ახლა სწორედ მერაბიშვილს ჩაბარდა ქვეყნის პირდაპირი მართვა და პასუხისმგებლობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეჟიმი უნდა გადარჩეს.
"რ": ანუ თქვენ არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ მერაბიშვილს მის გუნდში აღარ ენდობიან და ამიტომ მოხდა ეს ცვლილება?
პ.მ: ეს არის სისულელე. ამ ეტაპზე ხელისუფლებას არ სცალია ნიუანსებისათვის - ვინ ვისი კაცია, ან ვინ ვის ენდობა.
"რ": მმართველ გუნში ერთობა აღარ არისო, ესეც ნიუანსია?
პ.მ: მმართველ გუნდში დღეს სრული ერთიანობაა, რომელიც განპირობებულია დანაშაულის ფაქტორით. გუნდში არის სულისკვეთება - ან შევიკვრებით და გადავრჩებით, ან ყველანი წავალთ ციხეში.
"რ": მაშინ რაზე მიანიშნებს ის, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები ერთმანეთის მიყოლებით თანამდებობს ტოვებენ?
პ.მ: ესეც იმიტაციაა. იმდენი ინფორმაცია აქვთ ერთმანეთთან გაცვლილი და ისე უგებენ ერთმანეთს, რომ ურჩევნიათ ერთად იყვნენ. არც უტიაშვილი და არც სხვა მაღალჩინოსნები უმუშევრები არ დარჩებიან, ისინი ახლა ალბათ მთავრობის კანცელარიაში სჭირდებათ.
"რ": თქვენ ბრძანებთ, რომ დარჩენილ პერიოდში ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაინც რა ვარიანტები შეიძლება იხილებოდეს?
პ.მ: "შოლტი და ნუგბარი". დარჩენილ თვეებში ხალხს "ოქროს კოშკებს" შეჰპირდებიან. გამოიყენებენ ყველა დარჩენილ რესურსს, თუნდაც ეს ახალი ობლიგაციების გამოშვებით და ახალი ვალების აღების ფასად დაუჯდეთ. პირველი ვარიანტი იქნება ის, რაც გითხარით - ცრუ დაპირებები, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ცხოვრება საამური გახდება.
შემდეგ დაიწყებენ შეფასებას, რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ, აიღებენ თუ არა ნახევარს, ან შეძლებენ თუ არა თავისი შექმნილი ოპოზიციის გაყვანას პარლამენტში. ყველაფერ ამას გაანალიზებენ, თუ მიხვდებიან, რომ უმრავლესობით ვერ მოვლენ, ან ივანიშვილმა შეიძლება გაიმარჯოს, მაშინ "ოცნების" მიმართ სიხისტეს გამოიჩენენ. არ არის გამორიცხული რეპრესიები არჩევნებამდე დაიწყონ. ივანიშვილს და მისი კოალიციის წევრებს დააბრალებენ "სამშობლოს ღალატს" და "კრემლის აგენტობას", ჩაატარებენ ჩხრეკას, ამოიღებენ იმას, რასაც თვითონ ჩადებენ, ყოველგვარი მტკიცებელებების გარეშე. შეეცდებიან ან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ, ან არჩევნები "ოცნების" გარეშე ჩაატარონ.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, ვთქვათ არჩევნები გააყალბეს და გამოაცხადეს, რომ მოიგეს. რა თქმა უნდა, ხალხი ფეხზე დადგება და მასობრივი პროტესტიც დაიწყება, მაშინვე დაიწყებენ დაპატიმრებებს და არ არის გამორიცხული, ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების სცენარი აამოქმედონ. ეს არის მათი მიზანი და ამ მიზნისთვის არის დანიშნული პრემიერ-მინისტრად მერაბიშვილი.
"რ": მერე ამას რა მოჰყვება?
პ.მ: საბოლოო ჯამში, ამას მოჰყვება რეჟიმის ჩამოშლა, გააჩნია რა დროში და რა მსხვერპლის ფასად. ამ რეჟიმს დიდი დრო არ უწერია, რადგან ისინი ვერანაირი რეფორმებით ქვეყანას სოციალური და ეკონომიკური კატასტროფიდან ვერ გამოიყვანენ.